პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლიტერატურული კანონი

საგანმანათლებლო პოლიტიკის ჭრილში

ნაციონალური ლიტერატურა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საგანმანათლებლო პრაქტიკაში დედაენის სწავლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სხვადასხვა გამოცდილებაში პრიორიტეტულია ენის საკომუნიკაციო ფუნქცია ან მისი როლი კოლექტიური იდენტობის ფორმირების პროცესში. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის შესავალში აღნიშნულია, რომ “…სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება”. ქართულის საგნობრივი კონცეფციიდან ვლინდება, რომ ნაციონალური ლიტერატურის პოლიტიკა და სწავლების ძირითადი სტრატეგიები, უმთავრესად, მიმართულია პიროვნების პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების განვითარებისკენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ლიტერატურის და მწერლის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში შორდება საზოგადოების დამოძღვრის ფუნქციას და “ერის სულიერი წინამძღოლის” მისიას. მეორე მხრივ კი, ეს ფაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც რეაქცია უახლოეს საბჭოთა წარსულზე, რეჟიმის დომინანტ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებზე, რადგან ლიტერატურის დიდაქტიკური ბუნების შესახებ მსჯელობა იგივდება აღნიშნული სისტემის ბუნდოვან, სტერეოტიპულ ჰუმანიტარულ მიდგომებთან და მის მესვეურთა მენტორულ რიტორიკასთან. სინამდვილეში, რაც უფრო ვუპირისპირდებით კონკრეტულ სისტემას, მით უფრო მეტად ვხდებით მისი ნაწილი, რადგან თავისუფალი მიდგომის შესაძლებლობას ვკარგავთ. ამ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში ნაციონალური ლიტერატურის კურიკულუმებში მოიაზრება ლიტერატურის საშუალებით როგორც ზოგადსაკაცობრიო იდეალების, ასევე დემოკრატიული ღირებულებების განვითარება. საგნობრივ კონცეფციასა და სახელმძღვანელოებში აირეკლება ის სამოქალაქო ფასეულობები (ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, რასობრივი თანასწორობა, შემწყნარებლობა, კანონის უზენაესობა და სხვ.), რომლებიც თანამედროვე საზოგადოების განვითარებისთვის და მისი თითოეული წევრის მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფასეულობებისა, ლიტერატურის სწავლების სტრატეგიები უნდა იყოს დაკავშირებული სახელმწიფოს კულტურულ პოლიტიკასთან – უნდა წარმოაჩენდეს ნაციონალურ ლიტერატურას არა ფრაგმენტულად, არამედ საფუძვლიანად, როგორც დამოუკიდებელსა და თვითმყოფადს და ამასთანავე, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. შესაბამისად, საგნობრივი კონცეფცია უნდა სთავაზობდეს პედაგოგებს, ასწავლონ ქართული ლიტერატურა სინქრონულ და დიაქრონულ ჭრილში. დღესდღეობით სახელმწიფო სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს, ამ თვალსაზრისით, სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მათ ნებაზეა დამოკიდებული, დაიცავენ თუ არა ქრონოლოგიურ პრინციპს, რაც, არცთუ უსაფუძვლოდ, არაერთხელ გამხდარა ემოციური განსჯისა და ვნებათაღელვის საგანი. 

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სასკოლო და საუნივერსიტეტო კურიკულუმები ეყრდნობა ლიტერატურულ კანონს, რაც ახლო დგას კულტურული კაპიტალის გაგებასთან და ნაკლებად უკავშირდება ლიტერატურული “კლასიკის” ცნებას. ეს იმ სავალდებულო თუ სასურველი ავტორების ნაწარმოებთა ნუსხაა, რომლებიც სკოლებში ისწავლება, ან დამხმარე ლიტერატურის სახით მოსწავლეებს თავისუფალ დროს საკითხავად ეძლევათ. კანōნē (საზომი) – ბერძნული სიტყვაა და V საუკუნიდან აღნიშნავს სანიმუშოს[1]. XVIII საუკუნიდან ლიტერატურულ კანონად მიიჩნევა იმ ტექსტების ერთობლიობა, რომლებსაც საზოგადოება ღირებულ ნაწარმოებებად მიიჩნევს. ლიტერატურის კანონიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ლიტერატურათმცოდნეები, სასკოლო თუ საუნივერსიტეტო საზოგადოებები და მედიის წარმომადგენლები. სასკოლო პრაქტიკაში კანონის შემუშავება სხვადასხვა მექანიზმის მუშაობაზეა დამოკიდებული. პროფესიულ საზოგადოებებში, ან მოქალაქეებს შორის ტარდება სპეციალური გამოკითხვები და შემუშავდება ერთი ან რამდენიმე ლიტერატურული კანონი. დემოკრატიული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელია რამდენიმე პარალელური კანონის თანაარსებობა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამგვარ კანონებს ადგენენ განსხვავებული საზოგადოებები და უნივერსიტეტები (ჰარვარდის კლასიკა, იელის სტუდიები და სხვ). კანონიკური ნაწარმოების გარშემო, როგორც წესი, არსებობს კრიტიკული ლიტერატურა, ესეები, სამეცნიერო ნაშრომები და სხვ. ლიტერატურული ნაწარმოების კანონიზაციის პროცესი უნდა ემყარებოდეს არა ლიტერატურათმცოდნის გემოვნებას, ან რეჟიმის პოლიტიკურ კონიუნქტურას, არამედ ტექსტის მხატვრულ და კონცეპტუალურ მახასიათებლებს. 

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ მათ გარკვეულ ნაწილში ლიტერატურის კურიკულუმში განსაზღვრულია სავალდებულო ავტორებისა და ნაწარმოებების ნუსხები. მაგალითად, საბერძნეთის სასკოლო პრაქტიკაში სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალს ადგენს პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესურა. ნაციონალური ლიტერატურული კანონის სიაში პრიორიტეტულად მოიაზრება და დიდი ადგილი ეთმობა თანამედროვე ბერძნულ ლიტერატურას. განსაზღვრულია ისიც, რომ ამ ნუსხაში 10% უნდა ეთმობოდეს მსოფლიო ლიტერატურულ კანონს. იტალიაში ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში თავად სკოლის მასწავლებლები იღებენ მონაწილეობას. ლატვიური გამოცდილება საგანმანათლებლო სისტემის ბენეფიციარებს სთავაზობს არა სავალდებულო, არამედ რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალს. ამ მხრივ საინტერესოა უნგრეთისა და ბავარიის კურიკულუმები, სადაც სახელმძღვანელოს ავტორებს თავისუფლება ენიჭებათ მწერლებისა და მათი ნაწარმოებების არჩევის თვალსაზრისით, თუმცა მათ უნდა დაიცვან ჩარჩო, რომლის მიხედვით განსაზღვრულია, თუ რამდენი ნაწარმოები უნდა შეირჩეს სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდების (უნგრეთი) ან ჟანრების (ბავარია) შესასწავლად. 

ლიტერატურული კანონის არსებობას ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც მასში არ აისახება, ერთი მხრივ, უმცირესობების ინტერესები, მეორე მხრივ კი – სკოლის მოსწავლეების ასაკობრივი ინტერესები. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი 1980-90-იან წლებში გააკრიტიკეს ტრადიციული კანონი, როგორც კონსერვატორული წარმონაქმნი, რომელიც მეტ რეპრეზენტაციულობას საჭიროებდა. პოსტ-კოლონიალისტები და ფემინისტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მათი აზრით, ლიტერატურული კანონი, უმთავრესად, თეთრკანიანი მამრობითი სქესის ბურჟუების ლიტერატურულ პროდუქციას წარმოადგენდა. თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ლიტერატურული კანონის დადებით მხარეებზე, უპირველეს ყოვლისა, მოვიაზრებთ, რომ მას იდენტობის ფორმირების, კულტურის გაგებისა და ღირებულებათა განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. 

ლიტერატურული კანონი ორ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება – პოლიტიკურსა და პედაგოგიკურს. როგორც აღვნიშნეთ, გარდა იმისა, რომ მოქნილ, დინამიკურ კანონში უნდა წარმოჩინდეს კულტურაში ჩართული უმცირესობების თანამონაწილეობა, ის, ასევე, მორგებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესებსა და ასაკობრივ მზაობას. ტექსტები არ უნდა კარგავდეს აქტუალობას და არ უნდა აღიქმებოდეს უსიცოცხლო ძეგლებად. ეს ხელმისაწვდომობა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ნაწარმოებებში ასახული პრობლემები პიროვნულ გამოცდილებასთან დააკავშირონ. ამ მხრივ მნიშნვნელოვანია ისიც, რომ კურიკულუმში გარკვეული ადგილი ეთმობოდეს თანამედროვე ავტორების ლიტერატურულ ნაწარმოებებს – იმ ტექსტების გაგებას, რომლებიც თემატურად და პრობლემურად ახლო დგას მოსწავლეთა თანადროულ სოციო-კულტურულ გარემოსთან. 

ქართული ლიტერატურული კანონი, ტრადიციულად, იაკობ ხუცესის შუშანიკის წამებით იწყებოდა და სრულდებოდა მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძისა და მათი თანამედროვე მწერლებისა და პოეტების შემოქმედებით, უმთავრესად, ნაციონალური ნარატივებით. ლიტერატურული კანონი პირველად გადაიხედა XX საუკუნის ბოლოს, ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პერიოდში (სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს რამდენიმე ნაწარმოები: “კოლხეთის ცისკარი”, “გვადი ბიგვა” და სხვ.), მეორედ კი – 2000-იანი წლების დასაწყისში, განათლების რეფორმის გატარების დროს. 

2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცდა სავალდებულო ნაწარმოებთა ჩამონათვალი, რომელიც უნდა შეადგენდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტების 60%-ს. ამ დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა პროფესიული საზოგადოება – განათლების სფეროს ექსპერტები, ლიტერატურათმცოდნეები, მასწავლებლები. საკითხების საფუძვლიანი განსჯისა და ლიტერატურული ტექსტების ემპირიული მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული ახალი პროგრამა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ძველ ლიტერატურულ კანონს, თუმცა საყურადღებოა, რომ მას დაემატა ტექსტები მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურიდან (ჯემალ ქარჩხაძის, ნუგზარ შატაიძის, რევაზ ჭეიშვილის, გურამ დოჩანაშვილისა და სხვათა შემოქმედება). ამ პრეცენდენტმა საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ სამომავლოდ სავალდებულო ლიტერატურის სია კიდევ უფრო “გაახალგაზრდავდეს”. 

ქართულის საგნობრივ პროგრამაში წარმოდგენილია სავალდებულო ლიტერატურის ნუსხის მხოლოდ ერთი ვარიანტი. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ჩამონათვალი უნდა შეადგენდეს სახელმძღვანელოს ტექსტების მხოლოდ 60%-ს, შესაბამისად, დარჩენილი 40% ავტორების შეხედულებებისა და ლიტერატურული გამოვნების მიხედვით შეივსება. პროფესიულმა საზოგადოებამ სავალდებულო ნუსხაში წარმოდგენილი ტექსტები ისე შეარჩია, რომ არ დარღვეულიყო ისტორიული, სტილისტური, ჟანრობრივი ბალანსი. პროცესში ჩართული ექსპერტები თითოეულ ნაწარმოებს სწორედ ამ პრინციპით არგებდნენ სავალდებულო პროგრამას. ამავეს ვერ ვიტყვით საბჭოთა პერიოდის ქართულ ლიტერატურულ კანონზე, რაც, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიდა რეჟიმის კულტურულ და საგანმანათლებლო კონიუნქტურას. როგორც ნიკო ბერძენიშვილისა და კანდიდ ჩარკვიანის მოგონებებიდან ირკვევა, საქართველოს ისტორიის ახლებურ წაკითხვას საბჭოთა საგანმანათლებლო პოლიტიკისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ სტალინი პირადად ეცნობოდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს და შესწორებები შეჰქონდა მასში. 

1934 წელს მწერალთა საკავშირო ყრილობაზე მალაქია ტოროშელიძის სიტყვაში პირველად გაიჟღერა იმ გზავნილებმა ქართული ნაციონალური ლიტერატურის ღირებულების შესახებ, რომლებმაც ცხადად წარმოაჩინა საბჭოთა კულტურული პოლიტიკის ახალი მიმართულება. საქართველოს ეკისრებოდა მისია, შეექმნა მითი საბჭოთა კავშირის ისტორიის სიძველის შესახებ. ამ პერიოდში სტალინის მეთვალყურეობით ქართული ნაციონალიზმის იდეა ფუნდამენტურად გადამუშავდა. 

ქართულ ლიტერატურაში ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მოდური გახდა ისტორიული რომანის, სატრფიალო და პატრიოტული ლირიკის ჟანრები. პირველი მათგანი ფეხს უწყობდა რეჟიმის იმ მოწოდებას, წაეხალისებინა ისტორიის ახლებური წაკითხვა და მხატვრული გამონაგონის სინამდვილისგან დაშორება. ავტორის თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში, უპასუხისმგებლო მიდგომა რეალური პერსონებისა და ფაქტების მიმართ ისტორიის ფალსიფიკაციას განაპირობებდა[2]. ლირიკის ზემოაღნიშნული ჟანრები კი ერთგვარი სახელმძღვანელო იყო საბჭოთა მოქალაქეებისთვის კონფორმიზმსა და პათეტიკაში. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, საბჭოთა ლიტერატურული კონიუნქტურა ნაციონალურ და სენტიმენტალურ ნარატივებს შორის მერყეობდა. ეს კი დაკავშირებული იყო ე.წ. “ქართული სუფრისა” და ლიტერატურული საღამოების საბჭოურ ტრადიციასთან, სადაც პოეზია სადღეგრძელოებისა და დეკლამაციის სახალხო პრაქტიკებისათვის იყო განწირული. 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართული საბჭოთა ლიტერატურული კანონი მწერლების, როგორც გარკვეული მითოსური გმირების კანონი უფრო იყო, ვიდრე ტექსტების. დღესდღეობით ცხადი ხდება, რომ ის სტერეოტიპები, რის საშუალებითაც საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეები ახლიდან “კითხულობდნენ” ქართულ ლიტერატურას, საბჭოთა საგანმანათლებლო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. კანონიკური მწერლები რომელიმე ერთი ნიშნით იყვნენ კანონიზებულნი, მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი – დედაენის ავტორი, ილია ჭავჭავაძე – ერის მამა, აკაკი წერეთელი – სახალხო მგოსანი, ვაჟა-ფშაველა – თვითნაბადი სტიქიური ნიჭი და მისთ. ამ სტერეოტიპების მიღმა კი იჩქმალებოდა მწერლების შემოქმედებითი ბიოგრაფიები – იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის განმანათლებლური, ლიბერალური და დემოკრატიული ნააზრევი, ვაჟა-ფშაველას განათლება, მისი ფილოსოფიური გატაცებები და მთარგმნელობითი გამოცდილება. სასკოლო სახელმძღვანელოებში ცისფერყანწელებიც წარმოდგენილნი იყვნენ ნაციონალური ნარატივებით. შეგნებულად იყო დავიწყებული მათი მოდერნისტული ტექსტი. ცხადია, არ იწერებოდა სამეცნიერო ნაშრომები, სადაც აისახებოდა აღნიშნულ მწერალთა თემატური, მოტივური და პრობლემური სიახლოვე მსოფლიო ლიტერატურასთან, რაც საშუალებას მისცემდა მასწავლებელს, ქართული მწერლობა გაეაზრებინა მსოფლიოს ლიტერატურული მემკვიდრეობის კონტექსტში. 

მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ბარიერები დაიძლიოს. ქართული ლიტერატურის სასწავლო პროგრამაში სახელმძღვანელოების ავტორებმა და მასწავლებლებმა უნდა შემოვიტანოთ მეტი სიცხადე და აქამდე ტაბუდადებული თემების გარშემო წარვმართოთ კვლევები და დისკუსიები. ქართველი მწერლების, განსაკუთრებით კი, წმინდანად შერაცხილი მწერლების ლიტერატურული ნაწარმოებები უნდა მივიღოთ არა როგორც საკრალური ტექსტი (გარდა აგიოგრაფიული მწერლობისა, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ლიტურგიკული დანიშნულება აქვს), არამედ როგორც გარკვეული სოციო-კულტურული გარემოს თუ პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილი. 

პოსტ-მოდერნული პერიოდის მოზარდებისთვის ღიმილისმომგვრელია ის პათეტიკა, რაც ჯერ კიდევ თან ახლავს ლიტერატურის შესახებ მსჯელობას ქართულ სასკოლო პრაქტიკაში. ინფორმაციულ ეპოქაში ქართულის კურიკულუმმაც ფეხი უნდა აუწყოს აქტუალურ ტენდენციებს. მწერლების დემითოლოგიზება, ტექსტების ანალიზისას კონკრეტული მეთოდური ინსტრუმენტების გამოყენება და მთლიანად პროცესის სეკულარიზაცია ხელს შეუწყობს ამ პოლიტიზებული და უცნაური ჰუმანიტარული პრაქტიკების მემკვიდრეობისგან თავის დაღწევას. 

ნაციონალური ლიტერატურის ახლებურად წაკითხვა თანამედროვე სკოლაში ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, ნაციონალური ლიტერატურის იდეის გარშემო მუდმივ მსჯელობას, დროის სოციო-კულტურულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. და ბოლოს, ლიტერატურის სწავლება მოზარდებში მარადიული ზნეობრივი და სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებას უნდა ისახავდეს მიზნად.

[1] ლიტერატურული კანონის შესახებ ვრცლად იხ. ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ლევან ცაგარელის “ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი”.
ონლაინ წყარო: levantsagareli.files.wordpress.com/2008/04/sesavali-91.doc

[2] სტალინის კულტის გავლენა ქართულ ნაციონალიზმზე. საბჭოთა წრსულის კვლევის ლაბორატორია. ზაალ ანდრონიკაშვილი. დისკუსიის მასალები განთავსებულია ვებ-წყაროზე:
https://www.scribd.com/doc/53064153/სტალინი-და-ქართული-ნაციონალიზმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი