პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შიშისა და ცოდვის პირისპირ

(ზურაბ კანდელაკის რომანზე „უძრავი ქარი“)

ქართული მწერლობის მოზაიკურ სივრცეში გამორჩეულია ზურაბ კანდელაკის შემოქმედება, რომელიც ირეკლავს იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებიც ყოფიერების არსს გამოხატავენ. იგი თავისი რადიოპიესებით, მოთხრობებით, რომანებით ხატავს თანამედროვე სამყაროში გაუცხოებული ადამიანის ცხოვრების ტრაგიზმს. ყურადღებას იქცევს ავტორის თავისებური ხელწერა და ესთეტიკა, ორიგინალური სტილური ძიებები, ეგზისტენციალური პრობლემატიკის ყოფითსა თუ ფილოსოფიურ ჭრილში წარმოჩენა. მისი რომანი „უძრავი ქარი“ მეოცე საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ კატაკლიზმებს ირეკლავს. მწერლისეული დარღვეული თხრობა, ეპიზოდთა ხატვის ფრაგმენტულობა, ლირიკულ და ასოციაციურ ნაკადთა სიჭარბე ქმნის რეალობის ფანტასმაგორიულ განცდას. მისი პერსონაჟები კონკრეტული ეპოქის (მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე) შვილები არიან, იმავდროულად, მათ თავგადასავალში ნებისმიერი დროის ადამიანის ტკივილები იხატება. მხატვრული ტექსტის რევაზ სირაძისეული კვლევის მეთოდს თუ გამოვიყენებთ, რომანი ჯვარსახოვანია. თუმცა ეს ჯვარსახოვნება თხრობაში ვარიაციულად არის წარმოჩენილი. რომანის მხატვრული დრო-სივრცის თხრობის ჰორიზონტალურ მდინარებაში იხატება მთავარი პერსონაჟების დრამატული თავგადასავალი, მათი მატერიალურ-ხორციელი ყოფა, რეალურ სამყაროში განხორციელებული ურთიერთობები, ხოლო თხრობის ვერტიკალურ ჭრილში ავტორი ხატავს პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას (ამ ჭრილში იგი თავისუფლად გადააადგილებს დროსა და სივრცეს და ამ გზით კონკრეტულ პერსონაჟს ადამიანის უნივერსალურ ხატად განაზოგადებს).

რომანის თხრობა ეკლექტურია. ავტორი ხშირად იყენებს ჯოისისეული ცნობიერების ნაკადის ტექნიკას, მთავარი პერსონაჟების ფიქრები, შეგრძნებები, მოგონებები, მოულოდნელი ასოციაციები მუდმივად კვეთს ერთმანეთს და მკითხველს უჩნდება განცდა ერთდროულად „აქ“ და „იქ“ ყოფნისა.

რომანის ძირითადი თემა ცოდვისა და გამოსყიდვის მოტივებს ეფუძნება. მთავარი გმირი იტანჯება ცოდვის შეგრძნებით და ცდილობს, ერთი მხრივ, თავის მართლებას, მეორე მხრივ, დადანაშაულებას. ამგვარად, მწერლის აზრით, ადამიანური ყოფის ტრაგიზმი ის არის, რომ იგი ერთდროულად მსხვერპლიცაა და ჯალათიც. ის გამუდმებით დგას შიშისა და ცოდვის პირისპირ – სწორედ ეს განაპირობებს მის გამუდმებულ შფოთვასა და ხსნის გზის ძიებას.

„ბალახი ვიყო სათიბი, / არა მწადიან ცელობა,/

ცხვრადვე მამყოფე ისევა, /ოღონდ ამცილდეს მგელობა“, –

ვაჟა-ფშაველას ეს სტრიქონები რომანში ირეკლება როგორც განუხორციელებელი ოცნება, რადგან „ცოდვილთა ქვეყანაში ცოდვას ვერ გაექცევი“. ზოგადად, ამ თემას ის ვარიაციულად ამუშავებს მთელ თავის შემოქმედებაში და ამ რომანშიც შთამბეჭდავად წარმოჩნდება, როგორ გადაიქცევა მსხვერპლი ჯალათად და პირიქით. მხატვრული ტექსტის ბახტინისეული „დიალოგურობა“ იმასაც გულისხმობს, რომ დღეს დაწერილ ნაწარმოებში უფრო ადრე შექმნილი ტექსტების ექო გაისმის. „უძრავი ქარი“ გაჯერებულია ამგვარი ექოებით მსოფლიო ლიტერატურიდან, უპირველესად, ბიბლიიდან და „ჰამლეტიდან“. რომანის ინტერტექსტუალური სივრცე გამდიდრებულია ასოციაციებით, პირდაპირი თუ ფარული ციტირებით, გადაძახილებით მსოფლიო კლასიკის ისეთ აღიარებულ მწერლებთან, როგორებიც არიან ჯეიმს ჯოისი, უილიამ ფოლკნერი, ვირჯინია ვულფი, სემუელ ბეკეტი და სხვანი.

რომანი დატვირთულია ალუზიებით, რემინისცენციებით, რომლებიც ტექსტის დროსივრცულ არეალს აფართოებს და კონკრეტულ სახეთა განზოგადებას უწყობს ხელს, ამავე დროს, იმის შეგრძნებასაც იწვევს, რომ არაფერია ცისქვეშეთში ახალი და რომ ამაოა ყოველივე წუთისოფლისეული. ეს ქვეყანა რომ ნებისმიერ დროსა და სივრცეში ცოდვა-მადლის ჭიდილია, ხოლო წლები და რიცხვები – მხოლოდ პირობითი აღმნიშვნელები, კარგად წარმოჩნდება თავების ამგვარ დასათაურებაში: „ამა და ამ წლის ამა და ამ თვის ესა და ეს რიცხვი“. ან: „ამა და ამ წლის ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვზე გაცილებით ადრე“. ან „ამა და ამ წლის ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვის შემდგომ განვითარებული მოვლენები“. ქარი კი, რომანის ერთგვარი უხილავი მთავარი პერსონაჟი, სულხან-საბასეული ნიუანსირებული გრადაციებით ან გალაკტიონისეული იდუმალებით („ქარი არა ჩანს,/ ქარი არა ჩანს,/ მაინც მწვერვალებს ედება ქარი), როგორც წარმავლობის სიმბოლო, თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებით ადამიანის გულის ჭიდილს ერთგვარ თამაშად, ნიღბების განუწყვეტელ ცვლად აქცევს, ცხოვრებას კი დაუსრულებელ კარნავალს ამსგავსებს.

რომანში ფრაგმენტულად შემოიჭრება მე-20 საუკუნის ყველა ის მოვლენა (1907, 1921, 1924, 1937, 1959, 1983, 1990-1991…), რომლებმაც დაღი დაასვა მოაზროვნე ქართველის ცნობიერებას. თხრობას ლაიტმოტივად გასდევს თვალსაზრისი: ცოდვილების ქვეყანაში ცოდვას ვერ გაექცევი! არის თუ არა ზნეობრივი კომპრომისი ამგვარი ფიქრი? ეს თემა ყოველ დროში აქტუალურია. რომანიც არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს. ამ დილემას ადამიანი ინდივიდუალური ძალითა და სინდისით უმკლავდება. „მოციქულთა საქმეში“ მოთხრობილი ამბავი სტეფანეს წამების შესახებ მწერლისთვის მნიშვნელოვანი პარადიგმაა. მისთვის თავსატეხია სახე სავლესი, რომელიც ესწრება სტეფანეს ჩაქოლვას. ამ დროს ის „ჯალათია“, რადგან, მართალია, ქვას არ ისვრის, მაგრამ გულგრილი მონაწილეა მოვლენებისა. ღვთის განგებულებით, სავლე პავლედ იქცა, ქრისტეს მოციქულად, რწმენისთვის წამებულად, რაც მწერლისთვის ჯალათის მსხვერპლად ქცევის მაგალითია: `და გაიყვანეს სტეფანე ქალაქგარეთ და ქვები დაუშინეს…~ `მოწმეებმა თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყეს ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე…~

`ვინ იცის, იქნებ ყველაფერი მაშინ დაიწყო~ – ასე იწყება რომანი და შემდეგ ეს `ვინ იცის~ თხრობას ლაიტმოტივად გასდევს. ამ პოსტმოდერნისტულ რომანში, რომელსაც ლირიკული ტექსტისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა აქვს, მწერალი წარმოაჩენს, როგორ იმსხვრევა დემონურ და ღვთაებრივ ძალთა ჭიდილისას ადამიანი. აქაც, როგორც დოსტოევსკისთან, ეს უშეღავათო ბრძოლა ადამიანის გულში მიმდინარეობს. რომანის კომპოზიციურ სივრცეს აფართოებს `ჰამლეტიდან~ მოყვანილი ციტატები, რომლებსაც გავყავართ უნივერსალურ დროში, რომელშიც არაფერი იცვლება, ერთმანეთს დაპირისპირებული სიკეთე და ბოროტება სხვადასხვა ნიღბით კვლავაც განაპირობებს ადამიანის ცხოვრების ტრაგიზმს. რომანის დასაწყისშივე მკითხველს უჩდება შეგრძნება სიზმრისეული რეალობისა, რადგან მთხრობელს მის ცნობიერებაში არა მთლიანი, ჰარმონიული, არამედ დაფლეთილი, დამახინჯებული სამყაროს სურათი შემოაქვს. თხრობაში შემოიჭრება სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნებით დატვირთული მრავალი სახე, მათ შორის – ლურჯი ზღვა, თეთრი ხომალდი და სხვ.

პირველსავე ეპიზოდში ცოცხლდება XX საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დატრიალებული ტრაგედია, „თვითმფრინავის ბიჭების“ სახელით რომ ჩაიწერა ისტორიაში. მწერალი მომსწრე და მონაწილეა იმ ამბებისა, რომლებმაც საზოგადოება შეძრა. საბჭოთა ჩაკეტილი სივრცის, სატუსაღოს გარღვევა დაისახეს მიზნად ახალგაზრდებმა და თავიანთი ამ გაუგონარი პროტესტით დამყაყებული საზოგადოებრივი ცხოვრება შეანჯღრიეს. ზურაბ კანდელაკისთვის ეს მეტად მტკივნეული და ამაღელვებელი თემაა, რომელსაც მის სხვადასხვა ნაწარმოებში, მათ შორის – პიესაში `სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო~, – ვხვდებით. მწერალი ამ ამბავსაც ერთგვარ მხატვრულ პარადიგმად აქცევს და სხვა ცნობილ პარადიგმებთან აწყვილებს. ამგვარად, სტეფანეს ჩაქოლვა პირდაპირ უკავშირდება თვითმფრინავის გამტაცებელთა „ჩაქოლვას“, გილიოტინაზე თავმოკვეთილ მეამბოხეებს და მომავალში მოსახდენ საზარელ `დასჯებსაც~.

თავისუფლების წყურვილის გამო დახვრეტილი „თვითმფრინავის ბიჭები“ მწერლისთვის საბჭოთა რეჟიმის წამებულნი არიან, საზოგადოების მიერ პირველმოწამე სტეფანესავით ჩაქოლილნი. მას სურს, მკითხველმა ცოცხლად განიცადოს მომხდარი, ამიტომაც ლანდებად ქცეულ გარდაცვლილებს მისტიკურ შუაღამეს ერთმანეთს ახვედრებს და მკითხველს ტრაგიკული მოვლენების თანამონაწილედ აქცევს. წამებულთა სულები შუაღამისას გამოდიან და ადამიანებს ბნელ წარსულს შეახსენებენ.

რომანში გიას პროტოტიპია დახვრეტილთაგან ყველაზე ახალგაზრდა გეგა კობახიძე: `მხოლოდ გიას ჰქონდა იმედი, მხოლოდ ის ფიქრობდა, დაგვინდობენო! ეჰ, შენ რომ გენახა გია… ყვიროდა, ეხვეწებოდა: სულ ერთი წუთი მაჩუქე, ჯალათო!.. სულ ერთი წუთი!.. ერთი წუთიო!.. სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო!.. სულ ერთი წუთი, ბატონო ჯალათო!..“ მთხრობლის წარმოსახვაში ასოციაციურად შემოიჭრება ასეთივე დაუნდობელი დასჯის სცენა: `ერთი წუთიო!.. ასე ევედრებოდა ფრანგ ქალთა შორის ერთ დროს ულამაზესი ჯალათთა შორის უპირველესს – ჟანა დიუბარი, მეფის საყვარელი, სანსონს ევედრებოდა!.. ბრბო კი გაჰყვიროდა: – სიკვდილი მეფის კახპას! სიკვდილი მეფის კახპას!~ რა თქმა, სახარებისეული „ჯვარს აცუ ეგეს“ ალუზიით.

სხვა სიმბოლოთა შორის რომანში ყურადღებას იქცევს სამი გზის სიმბოლიკა, ამ გზების გასაყარზე ხვდებიან ერთმანეთს ცოცხლები და გარდაცვლილები. ერთი სიცოცხლის გზაა, მეორე – სიკვდილისა, მესამე კი – უსულო, ცოდვილი სიცოცხლისა, როდესაც ადამიანი სინდისის ხმას თრგუნავს და ყოველივეს მორჩილად ეგუება. ადამიანის სინდისზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევს, ან არ აირჩევს და გამუდმებით იდგება ამ გზათა გასაყარზე, რომელიმეს არჩევის გაუსაძლის მოლოდინში, ელიოტისეული „ფუტურო ადამიანის“ პერსპექტივით.

ორი ძმის (გამჭვირვალე მინიშნებით – ძმები ივერიელების) ლანდს შიო მკვდართა საუფლოში მიჰყავს სიმართლის გასაგებად. რომანში სიზმარ-ცხადი ერთმანეთში ირევა: `ასეთ ბიჭებს როგორ გასწირავდნენ, მართლა კაციჭამიები ხომ არ არიანო!~ მწერალს სურს, მკითხველმა თვალნათლივ წარმოიდგინოს დაუნდობლად კეფაგახვრეტილი ბიჭის გაოცებული, სიკვდილთან შეურიგებელი თვალები, ამიტომაც შემაძრწუნებელი ნატურალიზმით აღწერს იმ ეპიზოდს, როდესაც ბიჭი ითხოვს, ჭრილობაში ჩაუყონ ხელი. ეს ეპიზოდი მკითხველის წარმოსახვაში სახარების იმ ეპიზოდსაც აცოცხლებს, ქრისტე დაეჭვებულ თომას ჭრილობაში ხელის ჩაყოფას რომ სთხოვს. თომა, ამ შემთხვევაში, საზოგადოებაა, რომელსაც უეჭველ ზნეობრივ ღირებულებებში შეაქვს ეჭვი და ამგვარად ზნედაცემულობას უწყობს ხელს.

მწერალი მოიხმობს „ჰამლეტში~ დატრიალებულ ტრაგედიასაც – გიას შურისძიებისკენ მოწოდება ჰამლეტის მოკლული მამის ბრძანებასავით გაისმის. ელსინორის ტერასაზე მომხდარი შეხვედრის მისტერია სარკული სიმეტრიით დღევანდელობაში გადმოაქვს მწერალს. სტეფანესა და სოფრომის შეხვედრაც ჰამლეტისეული მამა-ძის შეხვედრის პარადიგმის ვარიაციაა: „ამ დროს იყივლა მამალმა და სოფრომმა, მამლის ყივილისთანავე, სასწრაფოდ შეაჩეჩა ხელში ქაღალდების დასტა, – აქ წერია ყველაფერი, აქედან ყველაფერს გაიგებო! `გამიგონია, რომ როდესაც კი განთიადზე მამალი ჰყივის…” (ჰამლეტი) იყივლა მამალმა და ყივილთან ერთად გაქრა ღამე, გაქრა ღამე და გაქრა სოფრომიც!~ ეს ყივილი სახარებისეულ ეპიზოდსაც წამოატივტივებს: პეტრეს მიერé ქრისტეს სამგზის უარყოფას. ამგვარად, მწერალმა საინტერესო ხერხს მიაგნო ტრაგიკული მოვლენების გასაცოცხლებლად.

რომანის მთავარი გმირი შიო ხელოვანია, რეჟისორი, მას შეუძლია სცენაზე გააცოცხლოს გარდასული, ამიტომაც სწორედ მას დაუკავშირდნენ გარდაცვლილნი და `შურისგება~ მოსთხოვეს. ამ შემთხვევაში მთავარი დამნაშავე საბჭოური, ტოტალიტარული რეჟიმია, რომელიც ხელოვანმა ჯერ უნდა გამოააშკარაოს როგორც მკვლელი და შემდეგ დასაჯოს, ბოლო მოუღოს თავისი დაუმორჩილებლობითა და პროტესტით.

აქვს კი ხელოვნებას ასეთი ძალა? თუ ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ცხოვრების გაძლებაში შველის ადამიანს, რომელიც გამუდმებით აწყდება დილემას, კამიუმ ამგვარად რომ ჩამოაყალიბა: ღირს კი სიცოცხლე იმად, რომ კაცმა ბოლომდე განვლოს? შიო სახეა კაცისა, გამუდმებით რომ ჩაესმის სინდისის ხმა და იტანჯება. თუმცაღა მის გვერდით დროდადრო ჩნდება მეგობარი, რომელიც ცდილობს, ისიც იმავე გზას გაუყენოს, რომელსაც საზოგადოება ადგას, რაც იმას ნიშნავს, რომ იცხოვროს ცოდვილივით ცოდვილთა ქვეყანაში, იმ სამარცხვინო გამამართლებელი საბუთით, რომ ცოდვას ვერ გაექცევი.

შიოს ცხოვრებაში ორი დრო მოჩანს, ერთმანეთისგან ისეთივე განსხვავებული, როგორიც ზღვა, ჯერ – კამკამა, მერე – ამღვრეული (სიკამკამე და ამღვრეულობა სოხუმის დაკარგვის ტრაგიკულ მოვლენებს წამოატივტივებს). როცა ზღვა კამკამებდა, მაშინ მასთან იყო ქალი, სახელად ანა, მისი სულის ტოლი, რომელიც ზუსტად გრძნობდა მის გულისცემას. სწორედ მან დაარქვა სტეფანე, რადგან სჯეროდა მისი. სტეფანესავით იქოლებოდნენ საბჭოთა რეჟიმის დროსაც უდანაშაულო ადამიანები, თავისუფლებას არაფერზე რომ არ ცვლიდნენ. მკითხველის წარმოსახვაში გაიელვებს დახვრეტილ და წამებულ ხელოვანთა სახეები.

ჰემინგუეის მოთხრობაში `იქ, სადაც სინათლეა~ პერსონაჟი წარმოთქვამს ლოცვას, რომელშიც „მამაო ჩვენოს“ ადგილას ამბობს სიტყვა „არარაობას“. ამგვარად, არარაობა წარმოჩნდება როგორც ყოველივეს საწყისი და ბოლო „ამიერიდან უკუნისამდე“. არარაობის შეგრძნებით გამოწვეული ტკივილი ტანჯავს შიოსაც, რომელმაც ვერ შეძლო, გამკლავებოდა შიშს, საზოგადოებას და ანასთან ბედნიერად ეცხოვრა. საკუთარი სილაჩრისა და უსუსურობის გამო გამუდმებული ტანჯვისგან, სიცარიელის ტკივილისგან გათავისუფლების წყურვილმა მას რეალობისთვის ფორმა აცვლევინა, ან სრულიად გააქრო: `მე ხომ მხოლოდ ოცნება შემიძლია, ოცნება იმაზე, რაც იყო და რაც თურმე არ ყოფილა!.. ჩემო კარგო, ყველაზე ძნელი ასატანი სიცარიელის ტკივილია! შენ უნდა იცოდე, რა ტკივილია ეს, შენც ხომ გტკიოდა სიცარიელე!~

ამ რომანშიც, როგორც ზურაბ კანდელაკის სხვა ნაწარმოებებში, სიყვარული გადარჩენის ერთადერთი გზაა, სწორედ ის არის ძალა, რომელიც სულს მშვენიერების აღქმის უნარს უნარჩუნებს: `მიაპობს გემი ზღვის ტალღებს – ღვინისფერი ზღვის ტალღებს, ნეტა სად მიდის? სად მივდივართ?! ოცნების გემი! თავისუფლების გემი!“ ჰამლეტისა და ოფელიას პარადიგმული სახეები რომანში ვარიაციულად წარმოჩნდებიან ახალ ვითარებასა და განსხვავებულ დრო-სივრცეში. ეს დრო კი, როგორც აღვნიშნეთ, უპირველესად მეოცე საუკუნის 90-იანი წლების თბილისია, ისეთივე უფერული, დანგრეული და უიმედო, როგორიც მის ქუჩებში მოსიარულე ადამიანი. ამ სივრცეში მარი თითქოს შემთხვევით არის მოხვედრილი. ამიტომაც ჰგავს იგი `ქარის მოტანილს~. ის უფრო სულია, ვიდრე ხორცშესხმული ადამიანი, მთავარი გმირის ის ნაწილი, რომელსაც ოცნება, მშვენიერება არ ეთმობა.

რომანის ზოგიერთი ეპიზოდი აბსურდის ესთეტიკითაა შექმნილი და ამ ესთეტიკისთვის ტიპობრივად ულოგიკოა ადამიანთა ქცევა. ხან კი თითქოს კაფკას სამყაროში ხვდები. ამგვარია განცდა, როდესაც სოფრომი აღწერს თავის დაპატიმრებას და სატუსაღოში გატარებულ დღეებს. რომანში ზედმიწევნითაა აღწერილი, როგორ აწამებდნენ ციხეებში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელსაც ეშმაკი განაგებდა. აქ ადამიანებს სახეს უცვლიდნენ და ასე აბრუნებდნენ ცხოვრებაში, რათა იქ ცოდვილთა შორის ცოდვილივით ეცხოვრათ და არასოდეს მონატრებოდათ ლურჯი, კამკამა ზღვა, ღვინისფერსაც რომ გადაიკრავს, თეთრი გემი და შორეულზე ოცნება: `და იწყებოდა, მაგრამ რა იწყებოდა, ჯორჯ ორუელი მონაგონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მასზე. რას არ ვუყურებდით ეკრანზე – ბოთლზე დასმას და დამშეულ ვირთხას, ვედროში გამომწყვდეულს, რომლისთვისაც თავის დახსნის ერთადერთი გზა ადამიანის ნაწლავებში შეძრომაა. ფრჩხილებში ნემსების გაყრა და გაზით ფრჩხილების დაძრობაც კი ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი გეგონებოდათ“. ერთ-ერთი ჯალათი კი, წამებულის შიშით ფართოდ გახელილ თვალებს რომ დაინახავდა, პათეტიკურად წარმოთქვამდა: `მას გახელილი დარჩა თვალები~. გალაკტიონის ამ კონტექსტში ხსენებაც ამხელს, როგორ ბღალავს დემონური ყოველივე მშვენიერს.

თავისი პრობლემატიკით „უძრავი ქარი“ ეხმიანება ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ცნობილ ნიმუშებს: გრიგოლ რობაქიძის `ჩაკლულ სულს~, ჯორჯ ორუელის „1984“-ს, ალექსანდრ სოლჟენიცინის „არქიპელაგ გულაგს“ და სხვ.

რომანში არის, როგორც ილია იტყოდა, წყევლაკრულვიანი საკითხავები, რომლებსაც პასუხი არ მოეძებნება, რადგან ადამიანი, მიდრეკილი ბოროტისკენ, კვლავაც ბრმაა და კვლავაც იმგვარივე ვნებითა და სისასტიკით აცვამს ჯვარს უფალს, როგორითაც მაშინ, პირველ საუკუნეში. „ვინ უფრო დიდი ნაძირალაა, ის, ვინც საბარგო ავტოს აღმუვლებდა თუ ის, ვინც ლექსებით ქება-დიდებას ასხამდა ამ წყეულ ავტოს? ასეა, ჩემო კარგო, როგორც შექსპირი იტყოდა, საკითხავი, აი, ეს არის!“

რომანის რამდენიმე ეპიზოდში აღწერილია, როგორი ენთუზიაზმით აგებენ პერსონაჟები გილიოტინას, რაოდენ მძაფრია მათი ვნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაჯონ, თავი მოკვეთონ, გაანადგურონ. გილიოტინაც ერთი გამოკვეთილი სიმბოლოა ტოტალიტარული რეჟიმისა. ხელოვანს კი ისღა დარჩენია, ეს ყველაფერი როგორმე მხატვრულ სახეებში მოაქციოს, დახატოს ან სცენაზე დადგას და მაყურებელს თვალი აუხილოს.

რომანში, როგორც აღვნიშნეთ, კომეტასავით ჩაიქროლებენ ჯოისისა თუ შექსპირის ფრაზები და მათი ნათება მკითხველს ქვეტექსტებში ჩაახედებს: „სცენიდან ჭეშმარიტებას მხოლოდ დანიელი უფლისწული ღაღადებდა! `დაჭრილ ირემს ცრემლები სდის…~ მწერალი, როგორც თვითონვე აღნიშნავს, პარალელური მონტაჟის ტექნიკითა და ცნობილი ლიტერატურული ხერხების გამოყენებით წარმოაჩენს შიშის ტყვეობაში მოქცეული ადამიანების გულში შეჭრილი სიცარიელის ტკივილს.

„მე ჰამლეტი უნდა მეთამაშა… დანია საპყრობილეა!.. არა, არა, დანია არა! ჩემი ქვეყანაა საპყრობილე!.. არ მეგონა, სიკვდილს თუ მომისჯიდნენ!.. მამა, მიშველე! სადა ხარ, მამა! მამა!!!“- მკითხველის წარმოსახვაში კი ცოცხლდება ჯვარზე გაკრული ქრისტეს ღაღადისი: „ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე!“ როგორც აღვნიშნეთ, ამ რომანში წელი და რიცხვი პირობითი ცნებებია, რადგან ადამიანი ნებისმიერ დროში ადამიანია, თავისი ანგელოზური და სატანური ბუნებით, ხან ერთი მჟღავნდება მეტად, ხან – მეორე. და თუმცაღა ამ რომანში ანგელოზურის გამოვლენა იშვიათია, პირუტყვულისა და მხეცურისა კი – მრავლად, მკითხველს მაინც რჩება განცდა სიყვარულისა და სიწმინდის გადარჩენისა. `მთელი ჩემი ცხოვრება თავს დამნაშავედ ვგრძნობ, დანაშაულია, რომ ვცოცხლობდი, რომ ვსუნთქავდი, რომ დავიბადე… ღმერთო ჩემო, არადა, არაფერი დამიშავებია!..~ – სწორედ სინდისის ეს მტანჯველი ხმა, დანაშაულის შეგრძნებაა ის იმპულსი, რომელიც მწერალს რომან „უძრავ ქარს“ აწერინებს. რადგან: „მე რა შუაში ვარ“ – არასოდეს არის გამართლებული. ერთი მართალი კაცის მადლმა კი შეიძლება კაცობრიობის ცოდვები გადაწონოს და სამყარო აღსასრულისგან იხსნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი