სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

კლასიკური მუსიკა უოლტ დისნეის შემოქმედებაში

  მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, სოციო-კულტურული ინფორმაციისადმი მზარდმა ინტერესმა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ წერილობითი ენის საჭიროება უკანა პლანზე გადავიდა. ადგილი დაეთმო ელექტრონულ მედიას, რომლის  განუყოფელი კომპონენტებია ვიზუალური და ხმოვანი (ვერბალური, მუსიკალური, ხმაური) ელემენტები.

მუსიკა უზარმაზარ შესაძლებლობებს აძლევს ბავშვის ფანტაზიას. თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ანიმაციური ფილმები, რომლის   სიუჟეტები ნათელი და მარტივია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მულტფილმები განათლების მთავარი საშუალებაა. მასში  მიმდინარე მოვლენები ხელს უწყობს ბავშვების აღზრდას: აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.

უოლტ დისნეიმ ანიმაციის საშუალებით ჯადოსნური სამყარო შექმნა და  აქცია   მულტიპლიკაცია ნამდვილ ხელოვნებად. მისი მულტფილმების უმეტესობა ავრცელებს მნიშვნელოვან შეტყობინებებს, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რომელთა შორისაა:

  • სიყვარული, მეგობრობა, პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა;
  • ოცნებები, იმედები, მოლოდინები და რეალობა;
  • სიკეთესა და ბოროტებას შორის დაპირისპირება, სამართლიანობა;
  • მშობლებისა და შვილების ურთიერთობა;
  • უფროსების პატივისცემა;

ამ მნიშვნელოვანი საკითხების ბავშვებთან განხილვამ შესაძლოა გააუმჯობესოს მათი კოგნიტური და ქცევითი განვითარება, ნათქვამია ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერის კვლევაში, აშშ.

მკვლევრებმა გააანალიზეს დისნეის 155 ანიმაციური ფილმი, რომელიც შეიქმნა 1937 წლიდან  2020 წლამდე. დისნეის ფილმებში ხშირად წარმოდგენილია  სხვადასხვა კულტურის, რელიგიის, ეროვნებისა და რასის პერსონაჟები. ეს ხელს უწყობს ბავშვებში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ არ ჰგვანან.

დისნეის თანამედროვე ფილმებმა ასევე განავითარეს სიყვარულის კონცეფცია. თუ ადრეული მულტფილმები ფოკუსირებული იყო მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაზე, ბოლო ფილმები, როგორიცაა ,,ცივი გული“, ყურადღებას ამახვილებს დედმამიშვილებს  შორის სიყვარულის ძალაზე . ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვში ემპათიის და თანაგრძნობის განვითარება-ჩამოყალიბებისთვის .

უოლტ დისნეი იყო პიონერი, რომელმაც  მუსიკა გამოიყენა ანიმაციურ ფილმებში. “მოდით, გავაკეთოთ მულტფილმი, სადაც სურათს თან ახლდეს ხმა !” – თქვა დისნეიმ და ეს იყო ახალი ეპოქის დასაწყისი ანიმაციის სამყაროში. მან ჩამოაყალიბა ანიმაციურ ფილმებში კლასიკური მუსიკის გამოყენების ტრადიცია. მისი ანიმაციური ფილმები არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბავშვს ანიმაციის საშუალებით მოასმენინო ლამაზი, კლასიკური მუსიკა.

უოლტ დისნეის და მისი სტუდიის მიერ შექმნილი კლასიკა ადასტურებს მუსიკისა და ანიმაციის შერწყმის მნიშვნელობას, ბალანსისა და ჰარმონიის პოვნას ორ ხელოვნებას შორის. კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა განწყობის შესაქმნელად. უოლტ დისნეის სიყვარულმა კლასიკური მუსიკისადმი, მისი მულტფილმების  ამაღელვებელმა და ლამაზმა ისტორიებმა გვაჩუქა ანიმაციის შედევრები, რომელთა ყურება (და მოსმენა!) დღეს, ათწლეულების შემდეგაც  გვხვიბლავს.

1928 წელს უოლტ დისნეის სტუდიის პირველი ხმოვანი ანიმაციური ფილმის პრემიერა შედგა   თეატრ Universal-ში. ფილმს ერქვა „ ვილის ორთქლმავალი“.

ეს იყო დიდი წარმატება. მულტფილმი იყო შავ-თეთრი, მარტივი და ძალიან მელოდიური. კომპოზიტორი იყო კარლ სტალინგი. ეს მულტფილმი აერთიანებდა უოლტ დისნეის მომავალი ნამუშევრების მახასიათებლებს: სინქრონული ჟღერადობა, მუსიკისა და ანიმაციის სინთეზი.

სერიალი “მხიარული სიმფონიები”  1929 წელს დაიწყო და თითოეულმა სერიამ წარმოადგინა ახალი პერსონაჟები,   სხვადასხვა ამბები მუსიკალური შთაგონებითა და ფანტასტიკით. სტალინგმა შექმნა პარტიტურები  თხუთმეტი წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, რომელსაც მოჰყვა ,,ორთქლმავალი“.  მათ უწოდა  “musical novelty” – მუსიკალური სიახლეები, თუმცა, ფაქტობრივად, ეს იყო ადაპტირებული კლასიკური ნაწარმოებები.

პირველი იყო სიმფონია “ჩონჩხების ცეკვა” 1929 წელს, რომლის იდეაც აღებულია კლასიკური ნაწარმოებიდან  “Danse Macabre”-ფრანგი კომპოზიტორის კამილ სენ-სანსის “სიკვდილის ცეკვა”. ,,ჩონჩხების ცეკვისთვის“ სტალინგმა გამოიყენა არა მხოლოდ სენ-სანსის ნაწარმოებები, არამედ მან ასევე გააერთიანა ედვარდ გრიგის კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოები „ჯუჯების მარში“ თავის   ორიგინალურ თემებთან ერთად. კლასიკური მუსიკა გადამწყვეტი გახდა მთელი ვიზუალური ნარატივისთვის, იდეალურად გადახლართული ნაწარმოებების ჩარჩოებთან.  ხელოვნების ამ ფორმების სინთეზის აპოგეა იყო „ფანტაზია“.

მნიშვნელოვანია  1929 წლის ,,საშინელი ტორეადორი“, რომლის მუსიკა არის ჟორჟ ბიზეს 1875 წლის ოპერის ,,კარმენის“ ადაპტირებული ვერსია და ასევე გადამუშავებული „საგაზაფხულო სიმღერა“,  ფელიქს მენდელსონის საფორტეპიანო ლირიკული ციკლიდან  „უსიტყვო სიმღერა “.

“ჯოჯოხეთის ზარები” 1929 წელს შეიქმნა, რომელშიც გამოყენებულია ედვარდ გრიგის ,, მთის მეფის გამოქვაბულში ” და  გუნოს “თოჯინების დაკრძალვის მარშის” მუსიკა.

“გაზაფხული” 1929 – გამოიყენა ედვარდ გრიგის მუსიკა ,,პერ გიუნტიდან“ “დილა”, ასევე ფრანც ფონ ბლონის “ყვავილების ჩურჩული” და ჟაკ ოფენბახის ,,პარიზული მხიარულება “.

„ღამე“ 1930 –იწყება ბეთჰოვენის მთვარის სონატით.

“მუსიკალური მიწა” 1935 წელი – რიჰარდ ვაგნერის “ვალკირიების გასეირნება”.

,, ფანტაზია“ 1940  –  არის მთავარი ანიმაციური მხატვრული ფილმი, რომელიც გახდა უოლტ დისნეის „სასიყვარულო წერილი“ კლასიკური მუსიკისადმი.

„ფანტაზია“ ნამდვილი მუსიკალური და ანიმაციური შედევრია. მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ფილადელფიის ორკესტრს ლეოპოლდ სტოკოვსკის ხელმძღვანელობით . ფილმმა მიიღო ორი ოსკარი – სტოკოვსკი დაჯილდოვდა “უოლტ დისნეის შემოქმედებაში ვიზუალური მუსიკის ახალი ფორმის დამკვიდრებისთვის”.

ეს არის მულტფილმი შედევრი. საინტერესოა, რომ თავდაპირველად დისნეი გეგმავდა შეექმნა პატარა  ფილმი მიკი მაუსის შესახებ , რადგან იმ დროს ამ პერსონაჟისადმი ინტერესი უკვე განელებული იყო. სწორედ ამ დროს კლასიკური მუსიკალური თემების ვიზუალური განსახიერების იდეა შესთავაზა დირიჟორმა ლეოპოლდ სტოკოვსკიმ. ფინანსური ხარჯების გაზრდის გამო, დისნეიმ გადაწყვიტა გაეზარდა მულტფილმის ხანგრძლივობა.   მიზანი იყო მაყურებელში კლასიკური მუსიკის სიყვარულის გაღვივება.

ომის დაწყებისა და ადოლფ ჰიტლერის  მიერ მიკი მაუსის გამოსახულების მწვავე კრიტიკის გამო, ევროპული გაქირავება მიუწვდომელი გახდა ამერიკული სტუდიისთვის. ომმა რადიკალურად შეცვალა თამაშის წესები – კომპანია იძულებული გახდა, სააქციო საზოგადოება გამხდარიყო, რომელიც გაკოტრების პირას იყო. თუმცა, 1940 წელს ამერიკის ბანკმა  დისნეის ახალი დეველოპერული სესხი მისცა, რადგან, როგორც თავმჯდომარემ ამადეო ჯანინიმ აღნიშნა,-,, მათი ფილმები დროთა განმავლობაში სულაც არ დაკარგავს ღირებულებას. ომის შემდეგ ადამიანებს ხანდახან მოუნდებათ ცოტა ოცნება…“.

აღსანიშნავია, რომ სიმღერები დისნეის მულტფილმებიდან ხშირად ნამდვილ ჰიტად იქცეოდა, ასეთია სიმღერა ,,როცა გსურს ვარსკვლავი“  მულტფილმიდან “პინოქიო” (1947).

უოლტ დისნეიმ 1946 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, შეძლო ულამაზესი მუსიკალური ზღაპრების შექმნა. სტუდიამ შექმნა 15 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სერგეი პროკოფიევის სიმფონიური ზღაპრის- „პეტია და მგელი“– მიხედვით. ზღაპარი ასწავლის ბავშვებს მუსიკალური ინსტრუმენტების ამოცნობას ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებების საშუალებით. ისინი წარმოდგენილია ორიგინალურ პარტიტურაში, რომელთაგან თითოეული განსხვავებული ინსტრუმენტია –  ჰობოი იხვი ხდება,  კატა – კლარნეტი, მგელი -ვალტორნა და ბუზღუნა ბაბუა კი ფაგოტი . პერსონაჟები მხიარულები და მომხიბვლელია, მაგრამ მუსიკა – ამ ზღაპრის გულია. “პეტია და მგლის” დისნეის ვერსია კლასიკურ მუსიკას ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის. მუსიკალური ზღაპარი წარმოადგენს პროკოფიევის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. დიდმა კომპოზიტორმა ფორტეპიანოზე პირადად დაუკრა „პეტია და მგელი“ და დისნეის ამ ნაწარმოების პარტიტურა აჩუქა.

 

,, ბემბი“ –1942

ვიოლინოს  მსუბუქი და დახვეწილი მელოდია, საყვირის წყნარი და მკვეთრი ხმები,  უფრო და უფრო იზრდება და  რბილ მრავალხმიანობაში გადადის . იშლება შორეული ტყის პეიზაჟი, მისი ველური ბუნება, რომელიც  ნისლშია ჩამალული. იგრძნობა უხილავი საფრთხე – დოლის მკვეთრი დარტყმა, ქუხილი! ელვა! ახლა ყველა ინსტრუმენტი ერწყმის ათასობით ბგერის ერთ ნაკადს და გადაიქცევა ნამდვილ მუსიკალურ გრიგალად. შემდეგ, ერთ წამში ყველაფერი ისევ წყნარდება, ქარიშხალი ჩერდება და მზის სინათლის სხივები იმავე შუქსა და ნაზ ნოტებს ასახავს.

ამ ყველაფერმა შექმნა საოცარი კავშირი მუსიკასა და ანიმაციას შორის. თუმცა,  ასეთი შედეგის მისაღწევად დისნეის რთული გზის გავლა მოუწია. მისი მულტფილმების მთავარი პლუსი  კლასიკური მუსიკაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიუჟეტის განვითარებაში.  მთელი მოქმედების მანძილზე ჟღერს მუსიკა, რომელიც  ბავშვს გასაგები, ხელმისაწვდომი ფორმით მიეწოდება.

ანიმაციური ფილმები დიდ გავლენას ახდენს სკოლის ასაკის ბავშვების განვითარებაზე. ერთი მხრივ, ეს არის ნათელი, სანახაობრივი, წარმოსახვითი და მარტივი. თავის საყვარელ გმირებთან შედარებით მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს საკუთარი თავის პოზიტიურად აღქმა, შიშებთან და სირთულეებთან გამკლავება და სხვების პატივისცემა, მულტფილმში მიმდინარე მოვლენები საშუალებას გვაძლევს მათი დახმარებით ავამაღლოთ ბავშვების ცნობიერება, განუვითაროთ აზროვნება და წარმოსახვა, ჩამოვუყალიბოთ  მსოფლმხედველობა.

უოლტ დისნეიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანიმაციური ჟანრის განვითარებაში. მისი ფილმები კულტურულ და სოციალურ ფენომენად იქცა. დისნეისთვის მუსიკა იყო კინემატოგრაფიული პოლიფონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა, რომელიც ხშირად ხდებოდა ფილმის შინაარსის  გასაღები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://link.springer.com/article/10.1007/s10560-021-00799-0
  2. https://kmscubreporter.com/6098/arts-entertainment/walt-disney-life-and-creations/#
  3. https://d23.com/walt-disney-and-the-creation-of-the-character-model-department/
  4. https://www.euppublishing.com/doi/full/10.3366/sound.2018.0117
  5. https://www.britannica.com/biography/Walt-Disney
  6. https://mastsavlebeli.ge/?p=4283
  7. https://mastsavlebeli.ge/?p=21008
  8. https://press.tsu.ge/data/image_db_innova/disertaciebi_fsiqologia/natia_mestvirishvili.pdf

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი