თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში, უცხო ენის შესასწავლისას სიმღერის გამოყენება ერთ-ერთი ეფექტიანი მიდგომაა განსაკუთრებით კი სწავლების პირველ საფეხურზე. პირველკლასელთა ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, სწავლა უფრო შედეგიანია მაშინ, როცა იგი პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობს და მოსწავლე სწავლობს თამაშით, მოძრაობით და მუსიკით. იტალიური ენა თავის ბუნებრივი მელოდიურობითა და რიტმულობით გამორჩეულია. მუსიკალური ტექსტი ეხმარება მოსწავლეს ბგერების სწორად წარმოთქმაში, სიტყვების დამახსოვრებაში და კომუნიკაციის მნიშვნელობის გააზრებაში.
სტატიის მიზანია წარმოჩინდეს, როგორ შეიძლება მუსიკისა და მოძრაობის ინტეგრირება იტალიური ენის გაკვეთილში ისე, რომ მოსწავლეებმა ბუნებრივად, ინტერესით და ემოციურად ისწავლონ მისალმების და დამშვიდობების აღმნიშვნელი სიტყვები.
სიმღერა “Ciao In Italian” წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივი მელოდია და ჟესტი გადაიქცეს კომუნიკაციური უნარების განვითარებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების ინსტრუმენტად.
საგნობრივი მიზანი – მოსწავლე იყენებს იტალიურ ენაზე მისალმებისა და დამშვიდობების ფორმებს მარტივ კომუნიკაციურ სიტუაციებში.
ინტეგრირებული მიზნები:
- ემოციური და სოციალური უნარების განვითარება (თანამშრომლობა, კომუნიკაცია);
- შემოქმედებითი აზროვნების წახალისება (სიმღერის ინტერპრეტაცია, ვიზუალური ასახვა);
- მოსმენისა და გამოთქმის უნარის დახვეწა;
- კულტურული ცნობიერების გაღვივება (იტალიური კომუნიკაციური ეტიკეტის გაცნობა).
სასწავლო რესურსები
- გამოყენებული რესურსი “Ciao In Italian | Learn Six Different Ways to Say Ciao” — YouTube ბმული
- საკლასო დაფა და პროექტორი
- ვიზუალური ბარათები სიტყვებით (Ciao, Buongiorno, Arrivederci)
- ფერადი ფანქრები და ფურცლები შემოქმედებითი დავალებისთვის
მუსიკის მოსმენამდე
- მისალმება
მასწავლებელი კართან დგას, თითოეულ ბავშვს ეუბნება: “Ciao!” და ხელს უწვდის. ბავშვები ცდილობენ უპასუხონ “Ciao!” საკუთარი ხმით – ზოგი ხმამაღლა, ზოგი მორცხვად, ზოგი სიხარულით.
- ქართული მისალმებების ფორმების გახსენება დღის მონაკვეთების მიხედვით
მასწავლებელი აჩვენებს ოთხ დიდ ფოტოს დღის სხვადასხვა მონაკვეთები სთხოვს მოსწავლეებს გამოიცნონ დღის რომელი მონაკვეთია აღბეჭდილი და სთხოვს მათ გაიხსენონ როგორ ესალმებიან დილას, საღამოს, ღამე და დღის ნებისმიერ დროს ადამიანები ქართულად.
დილა, ამომავალი მზის სურათი → მისალმება -“დილა მშვიდობისა!”
შუადღის სურათი (მზე მაღლა ცაში) → მისალმება – “გამარჯობა!”
საღამო, მზის ჩასვლის სურათი → მისალმება – “საღამო მშვიდობისა!”
ღამე, ცაზე მთვარე ჩანს → მისალმება – “ღამე მშვიდობისა!”
ბავშვები უყურებენ სურათებს და ხმამაღლა ამბობენ შესატყვის მისალმებას.
- იტალიური მისალმებების გაცნობა
მასწავლებელი ეუბნება: “ახლა ვნახოთ, როგორ ამბობენ ამ სიტყვებს იტალიაში!” სატითაოდ აჩვენებს თითოეულ სურათს, მოსწავლეები ამბობენ ქართულად ამ დროს მისალმება როგორ ხდება ქართულად, ხოლო მასწავლებელი ამბობს იტალიურად და მოსწავლეებიც იმეორებან . თითოეულ ბარათს იტალიური სიტყვა:
დილა, ამომავალი მზის სურათი → მისალმება -“დილა მშვიდობისა!” Buongiorno! (ბუონჯორნო)
შუადღის სურათი (მზე მაღლა ცაში) → მისალმება – “გამარჯობა!” Ciao! (ჩაო)
საღამო, მზის ჩასვლის სურათი → მისალმება – “საღამო მშვიდობისა!” Buonasera! (ბუონასერა)
ღამე, ცაზე მთვარე ჩანს → მისალმება – “ღამე მშვიდობისა!” Buonanotte! (ბუონანოტე)
რატომ არის ეს უკეთესი:
ბავშვები ჯერ ქართულად ასახელებენ – ეს ნაცნობია და კომფორტულია.
შემდეგ ხედავენ კავშირს ქართულსა და იტალიურს შორის – იგივე დროის მონაკვეთი, სხვადასხვა ენა.
სურათები ქმნის ვიზუალურ მეხსიერებას.
როცა სიმღერას მოისმენენ, უკვე იციან რას ნიშნავს თითოეული სიტყვა.
ასე გაკვეთილი უფრო სტრუქტურირებული და გასაგებია პირველკლასელებისთვის!
მუსიკის მოსმენა
პირველი მოსმენა – “ვუსმენთ და ვთვლით”
მასწავლებელი ამბობს: “ახლა მოვუსმენთ სახალისო იტალიურ სიმღერას! გადახედეთ ჩვენს ბარათებს და ყურადღებით მოუსმინეთ — დათვალეთ თითებზე, რამდენჯერ გაიგონებთ სიტყვას Ciao.”
ჩართავს ვიდეოს. YouTube ბმული
ბავშვები უსმენენ და ცდილობენ დაითვალონ. პირველი მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ეკითხება:
- “რამდენჯერ გაიგონეთ Ciao?” (ბავშვები პასუხობენ: ბევრჯერ! ძალიან ბევრჯერ! ათზე მეტჯერ!)
- “რომელი სხვა სიტყვა მოისმინეს, რაც ჩვენს ბარათებზეა?” (Buongiorno, Arrivederci…)
- “როგორი იყო სიმღერა — სახალისო? ენერგიული? ნელი?” (ბავშვები იზიარებენ შთაბეჭდილებებს)
მეორე მოსმენა – “ვუსმენთ და ვაყვებით”
მასწავლებელი ეუბნება: ” დაიმახსოვრეთ სიტყვები! ახლა კიდევ ერთხელ მოვუსმენთ, მაგრამ ამჯერად გავიმეოროთ მოძრაობები და ავყვეთ!”
აჩვენებს/იმეორებს მოძრაობებს:
- Ciao – ხელის ქნევა
- Buongiorno – ხელების აწევა ზემოთ, როგორც მზე ამოდის
- Arrivederci – ხელის ქნევა უკან, ნახვამდის
ჩართავს ვიდეოს მეორედ. ბავშვები ყურებენ, უსმენენ და:
- აკეთებენ მოძრაობებს მასწავლებელთან ერთად.
- ცდილობენ თან იმღერონ ან თან თქვან სიტყვები.
- ეხმარებიან ერთმანეთს — თუ ვინმესთვის რთულია, მეგობარი ბავშვი უჩვენებს მოძრაობას.
მასწავლებელი დადის კლასში, აქებს ბავშვებს: “ბრავო! შენ შესანიშნავად ამბობ Ciao! შენ კარგად იმეორებ მოძრაობას!”
მესამე მოსმენა – “ჩვენ ვართ მომღერლები!”
მასწავლებელი ეუბნება: “ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი! ამჯერად თქვენ იმღერებთ იტალიურად! ვიდეო დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენი ხმა უნდა გაისმას ძალიან ხმამაღლა!”
ჩართავს ვიდეოს მესამედ. ამჯერად:
- ბავშვები აქტიურად მღერიან ვიდეოსთან ერთად.
- აკეთებენ მოძრაობებს.
- მასწავლებელი წახალისებს: “უფრო ხმამაღლა! ვინც ყველაზე ხმამაღლა ამბობს Ciao?”
მოკლე დასკვნა:
მასწავლებელი ამბობს: “რა მაგრები ხართ! ახლა თქვენ უკვე იცით იტალიური სიმღერა! დაუკარით ტაში საკუთარ თავს!” (ბავშვები უკრავენ ტაშს).
რატომ არის მესამე მოსმენა მნიშვნელოვანი:
დამოუკიდებლობა — ბავშვები თვითონ მღერიან, აღარ არიან მხოლოდ დამკვირვებლები.
თავდაჯერებულობა — ჯგუფურად მღერიან. უფრო ადვილია და გამბედაობას აძლევს მათ.
ფიზიკური ენერგიის გამოყენება — პირველკლასელებს უყვართ აქტიურობა და მოძრაობები.
დამახსოვრების გაძლიერება — მესამე განმეორება აფიქსირებს მასალას გრძელვადიან მეხსიერებაში.
წარმატების გრძნობა — “ვაუ, მე იტალიურად ვმღერი!”
რეფლექსია და შეჯამება
გაკვეთილი სრულდება ემოციური დიალოგით:
- რა იგრძენით, როცა სიმღერას უსმენდით?
- რომელი სიტყვა დაიმახსოვრეთ ყველაზე მარტივად?
- სად შეიძლება გამოიყენოთ “Ciao”?
გაკვეთილი სრულდება ერთობლივი სიმღერითა და ფერად ბარათებზე დატანილი ემოციებით/სმაილებით.
შეფასება
შეფასება ხორციელდება ფორმატიურად — დაკვირვებითა და მხარდაჭერით:
- მონაწილეობს თუ არა მოსწავლე აქტივობაში;
- იყენებს თუ არა სწორი გამოთქმით მისალმებებს;
- ავლენს თუ არა ინტერესს და პოზიტიურ განწყობას ენისადმი.
შესწავლილი ლექსიკური ერთეულები
იტალიური სიტყვა / ფრაზა | ქართულად | გამოყენების მაგალითი | დიდაქტიკური მიზანი |
Ciao | გამარჯობა / ნახვამდის | Ciao, amico! | უნივერსალური მისალმება და დამშვიდობება |
Buongiorno | დილა მშვიდობისა | Buongiorno, maestra! | ფორმალური მისალმება დილას |
Buonasera | საღამო მშვიდობისა | Buonasera, mamma! | დროის შესაბამისი მისალმება |
Arrivederci | ნახვამდის | Arrivederci, amici! | თავაზიანი დამშვიდობება |
Come stai? | როგორ ხარ? | Ciao, come stai? | დიალოგის ინიციაცია |
Bene, grazie. | კარგად ვარ, გმადლობ. | Come stai? – Bene, grazie! | ეტიკეტის სწავლა |
A presto! | მალე შეხვედრამდე! | Ciao, a presto! | პოზიტიური დამშვიდობება |
დიდაქტიკური მნიშვნელობა – სიმღერით სწავლა ავითარებს არა მხოლოდ ლექსიკურ ცოდნას, არამედ მეტყველებას და მულტიკურტულარიზმს. მოსწავლე ენის სწავლას უკავშირებს ემოციას, მოძრაობას და სოციალურ ინტერაქციას — რაც ქმნის ღრმა და გააზრებული სწავლის გამოცდილებას.
მუსიკის გამოყენება უცხო ენის ადრეულ სწავლების პროცესში ქმნის ინკლუზიურ, ემოციურად მდიდარ გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მექანიკურად, არამედ სიხარულითა და თამაშით. სიმღერა “Ciao In Italian” აერთიანებს ოთხ ძირითად საყრდენს — მოსმენას, მოძრაობას, ემოციასა და კომუნიკაციას — რაც უცხო ენის სწავლის პროცესს აქცევს ბუნებრივ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკად.