შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გულახდილი საუბრების ძალა ბავშვებთან

თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი ემოციები, რომლებიც შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც, ვინმეს არ გავუზიარეთ, ხომ გვექნება შეგრძნება, რომ მარტო ვართ ქვეყანაზე და ჩვენი ამბავი არავის აინტერესებს?! ან როგორ გვინდა მოვყვეთ, რა იყო ყველაზე ძნელი იმ ამბებიდან, რაც თავს გადაგვხდა ან რა კარგი დღეები დგას ჩვენს ცხოვრებაში ახლა, როცა კარგი მსმენელი არ გვეგულება ჩვენს სიახლოვეს?! შეიძლება, თამამად განვაზოგადოთ, რომ იშვიათად ხდება, როცა ჩვენთვის მნიშვნელოვან რამეს ვყვებით და არ გვისმენენ და მეტიც, ეტყობათ, რომ არ აინტერესებთ, ან ერთი სული აქვთ, თვითონ დაიწყონ ლაპარაკი და ვინც ლაპარაკობს, იმან დროზე დაამთავროს. თან ეს მსმენელი უბრალო გამვლელი ხომ არ არის – ახლობელია, მეგობარი, ვისაც ენდობი და ვისიც გჯერა, მაგრამ მოსმენა არ შეუძლია, სიტყვა უკვე უამრავჯერ გაგაწყვეტინა და საუბრის სურვილიც დაკარგე.

წარმოიდგინე, ბავშვებიც ასე არიან, როდესაც ჩვენთან საუბარს ცდილობენ და ჩვენ კი, ათასი საქმით დაკავებულები, ხან ფრთხილად და ხანაც უხეშად ვიშორებთ თავიდან, იმიტომ რომ არ გვცალია და ვერ მოვუსმენთ; ან ვუსმენთ, მაგრამ ცალი ყურით, მთელი ყურადღება სხვა საქმეებისკენ გვაქვს მიმართული და მათზე დარდი არ გვასვენებს, როდის მოვასწრებთ. ან ვუსმენთ ცოტა ხანს, მერე კი ხისტად ვაწყვეტინებთ, ან ქადაგებას და მათ დამოძღვრას ვიწყებთ, გვგონია, ეს არის მთავარი, და ისინიც სურვილს კარგავენ, ბოლომდე მოჰყვნენ, რაც აწუხებთ, რა შთაბეჭდილებითაც აივსნენ დღის განმავლობაში და შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოგვეპაროს. ზოგჯერ ისე გადის მთელი დღე, დრო არც კი გვრჩება, რომ შვილებს მოვუსმინოთ და დასაძინებლად მივერეკებით, არადა, რამდენი რამ აქვთ მოსაყოლი ჩვენთვის, რამდენ რამეში შეგვიძლია მათი დარწმუნება, მათი ეჭვების გაქარწყლება, ჩვენი სიყვარულის დადასტურება… არადა, მთელი დღე ისე გავიდა, ამისთვის ვერ მოვიცალეთ.

ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბავშვებსაც სჭირდებათ თავიანთი დღეების გაზიარება, ემოციებზე დაკვირვება და ანალიზი. როცა მათ ყურადღებით ვუსმენთ, ვასწავლით, რომ მათი ემოციები მნიშნელოვანია და ამ ემოციებზე საუბარი კარგია. როგორც კი მათ აქტიურ მოსმენას ვიწყებთ, ისინიც უფრო მოგვეკრობიან, გვენდობიან და ისეთ რამეებსაც გვიმხელენ, რაც ყურადღების მიღმა დაგვრჩებოდა, მოსმენისთვის საჭირო გარემო რომ არ შეგვექმნა, საჭირო დრო რომ არ გამოგვეგლიჯა ყოველდღიურობიდან. ბავშვებს უყვართ უფროსებთან გულახდილი საუბრები, მოსწონთ, როცა ვუსმენთ, მოსწონთ, როდესაც ლმობიერი ვართ მათი ამბების მიმართ და ამბების გაზიარებას იწყებენ.

 

„რამეზე ხომ არ გსურს დღეს საუბარი? საინტერესო რა მოხდა დღეს შენთან? ხომ არ გინდა, რამეს მომიყვე? ხომ არ მოხდა რამე ისეთი, რამაც თავი ცუდად გაგრძნობინა ან პირიქით? სურვილი ხომ არ გაქვს, რაიმე გამიზიარო?” – საუბრის წამოსაწყებად შეგვიძლია ბანალური კითხვებიც დავსვათ და პასუხს მოთმინებით დაველოდოთ.

გულახდილობამდე მისასვლელი გზა კი აქტიურ მოსმენასა და ლმობიერებაზე გადის, როდესაც ამაში ჩვენს შვილებს ვარწმუნებთ, გულახდილობისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცეს ვუქმნით, ისინიც ბევრ რამეს გვიმხელენ. ასეთ დროს შეიძლება ერთი წლის წინ მომხდარი ამბავიც გულისტკივილით გაიხსენონ და მათი გამხნევებაც კარგად გამოგვივიდეს.

აქტიური მოსმენა და ბავშვების გულახდილი საუბრებისთვის ყურის დაგდება მშობლისა და შვილის ურთიერთობას ჟანგბადით ავსებს. როდესაც ბავშვებს ვაგრძნობინებთ, რომ მათი გვესმის, მათი პრობლემები ჩვენთვისაც ნაცნობია და განვიცდით მათ მდგომარეობას, ეს ყველაფერი მათ ჩვენდამი ნდობით აღავსებთ და გულახდილობისკენ უბიძგებთ. ისღა დაგვრჩენია, ყურადღებით მოვუსმინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი