სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ფერის გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე

ალბათ, არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ ფერი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ადამიანისთვის. ყველას თუ არა, ადამიანების უმრავლესობას გვაქვს ჩვენი საყვარელი ფერები, უპირატესობას ვანიჭებთ რომელიმე კონკრეტულ ფერს და შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულებაც კი გვქონდეს სხვა ფერის მიმართ. ფერი ხშირად უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ჩვენთვის არა მხოლოდ ტანსაცმლის, აქსესუარების, ცალკეული ნივთების შერჩევისას, არამედ ინტერიერის მოწყობის დროსაც.

ფერის როლი ბავშვთა ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არ არის, რომ ის ერთადერთი პირველი მახასიათებელია, რომლის ამოცნობასაც პატარა იწყებს. ფერებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბავშვის გუნება-განწყობასა და ქცევაზე. ცნობილია, რომ ზოგიერთი ფერი ამშვიდებს და ღიმილს იწვევს მასში, ზოგი კი აღაგზნებს და აშინებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის როგორც ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ასევე მის ინტელექტზე. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს, რომელთა პიროვნული მახასიათებლები ჩამოყალიბების პროცესშია. ცნობილია, რომ ტანსაცმლის ფერსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემომცველ გარემოში წარმოდგენილ ფერებზე, შეუძლია დააქვეითოს, ან პირიქით – აამაღლოს ბავშვის თვითშეფასება, გააუმჯობესოს, ან გააუარესოს მისი მდგომარეობა, გუნება-განწყობა, დამოკიდებულებები გარშემომყოფებთან.

სიცოცხლის პირველ წელს ბავშვისთვის ფერი შერწყმულია საგნების სხვა მახასიათებლებთან

და არ გამოიყოფა, როგორც გარემომცველი სამყაროს დამოუკიდებელი თვისება. ჩვილები დაბადებისთანავე არ იძენენ ფერების გარჩევის უნარს. ახალშობილებს შეუძლიათ მხოლოდ ორი ფერის – თეთრისა და შავის აღქმა, მაგრამ როგორც კი პატარა დაახლოებით ორი თვის გახდება, თეთრ და შავ ფერს ემატება წითელიც. შემდეგი ფერი, რომლის გარჩევასაც ბავშვი შეძლებს, იქნება ყვითელი და მისი ელფერები. 2-დან 4 წლამდე ბავშვის თვალისთვის ყველაზე სასიამოვნოა ღია ვარდისფერი, მოყვითალო მოცისფრო და მოლურჯო ფერები. ოთხი წლის ასაკში ბავშვები უკვე ახერხებენ მუქი და ნათელი ფერების განსხვავებას. მათ ლექსიკონში ჩნდება სიტყვები „მუქი“, „ნათელი“. ხუთი წლის ასაკში პატარები, როგორც წესი, უკვე იცნობენ საგნებისა და ბუნებრივი მოვლენების სხვადასხვა ფერებსა და ელფერებს.

საყურადღებოა, რომ ბავშვებს ცალკეულ ფერზე სპეციფიკური რეაქცია აქვთ. არა მხოლოდ ტანსაცმლის და სათამაშოების, არამედ ოთახის კედლებისა და ამ ოთახში განთავსებული სხვადასხვა საგნების ფერიც შეიძლება გახდეს, როგორც დამხმარე, ასევე დამაბრკოლებელი ჩვენთვის ბავშვთან ურთიერთობისას. ბავშვის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული მისი ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. პატარის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სხვა ფაქტორებთან ერთად განსაზღვრულია იმ ფერებით, რომლებიც მის უახლოეს გარემომცველ სამყაროშია. უკვე დაბადების მომენტიდან ბავშვის ემოციები და გრძნობები ყალიბდება იმითაც, თუ როგორ აღიქვამს ის გარშემო არსებულ ფერებს თვალების პირველივე გახელისას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი, მისი აღზრდით დაკავებული უფროსები კარგად ვერკვეოდეთ იმაში, თუ რა გავლენას ახდენს ფერი ბავშვის ფსიქიკაზე, მის ორგანიზმზე, გუნება-განწყობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ პატარის ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ის საკმაოდ დაუცველი და მგრძნობიარეა სხვადასხვა გამღიზიანებლებისა და ნეგატიური ფაქტორების მიმართ. თუმცა, ფერის დახმარებით შესაძლებელია ბავშვის არა მხოლოდ მდგომარეობისა და გუნება-განწყობის, მისი აქტიურობის, არამედ ხასიათის თვისებების შეცვლაც კი.

იმის ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ფერი ბავშვის ფსიქიკაზე, დაგვეხმარება პატარისთვის ტანსაცმლის, ოთახის დეკორის, სათამაშოებისა და ცალკეული საგნების ფერების სწორად შერჩევაში.

ცალკეული ფერების ზემოქმედება ბავშვზე, მის ქცევაზე და ემოციურ მდგომარეობაზე:

  • წითელი ფერი იპყრობს ყურადღებას, ენერგიასა და ლიდერობასთან ასოცირდება. ის ძალიან გამამხნევებელი, აგრესიული ფერიც კია. ბავშვისთვის ის გამაღიზიანებელია. ყველაზე მშვიდ პატარაშიც კი ამ ფერის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს უზომო შფოთვა, მომატებული აქტიურობა, აგზნებადობა, ნევროზულობა და აგრესიულობაც კი. ამიტომ, თუ ბავშვი მეტისმეტად მოძრავი და მოუსვენარია, უმჯობესი იქნება უარი ვთქვათ წითელ ფერზე მასთან მიმართებაში, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი გამოყენება;
  • ვარდისფერი წითლის მოსაზღვრე ფერია, მაგრამ უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. რაც უფრო ახლოსაა ტონი პასტელურ ფერთან, მით უფრო რბილი, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და, პირიქით – რაც უფრო კაშკაშაა ტონი, მით უფრო მეტად აღძრავს ბავშვს ენერგიული მოქმედებისკენ;
  • ნარინჯისფერი მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს ემოციურ სტაბილურობას, გამამხნევებელი ფერია, ენერგიას მატებს ადამიანს, ამაღლებს გუნება-განწყობას. შეუძლია კომუნიკაბელურობის სტიმულირება, აძლიერებს შემოქმედებით აქტივობას, ქმნის თავდაჯერებულობისა და კომფორტის განცდას;
  • ყვითელი ფერი შინაგანი ჰარმონიის, სითბოსა და სტაბილურობის შეგრძნებას იწვევს, ხელს უწყობს კონცენტრაციას, შეუძლია დამამშვიდებლად იმოქმედოს და განწყობა გაუუმჯობესოს ადამიანს. რეკომენდებულია ყვითელი ფერის გამოყენება ბავშვთა ოთახებში რადგან ეს ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, ასევე მხიარულს გახდის პატარას;
  • მწვანე ფერი ბავშვში ცნობისმოყვარეობასა და განვითარების სურვილს აღვიძებს, უმაღლებს გარშემო არსებული სამყაროს შესწავლის სურვილს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. მწვანე ფერის მშვიდი და რბილი ტონები ამაღლებს თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, შთააგონებს გამბედაობას, სიმამაცეს;
  • ლურჯი ფერი დამამშვიდებელია, მას შეუძლია გააღვივოს წარმოსახვა და ინტერესი ახლის მიმართ. თუმცა, მგრძნობიარე ბავშვებში ამ ფერმა შეიძლება ქვეცნობიერი შფოთვის განცდა გამოიწვიოს;
  • ცისფერი მოქმედებს უფრო მსუბუქად, ვიდრე ლურჯი. ის ლურჯზე უფრო ნაზია. ცისფერი ხელს უწყობს მოდუნებას, მოშვებას, სიმშვიდეს. რეკომენდებულია ბავშვის თეთრეულისთვის ნაზი ცისფერი ტონების გამოყენება. ამ ფერს შეუძლია შფოთვის შემსუბუქება და დაძაბულობის განეიტრალება. თუმცა, სიცივისა და გაუცხოების თავიდან ასაცილებლად უკეთესი იქნება ზომიერების დაცვა ამ ფერის გამოყენებისას, განსაკუთრებით ინტერიერში;
  • თეთრი ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს. თუმცა, ამ ფერის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს დაუცველობის განცდა;
  • ნაცრისფერი ზომიერი გამოყენების შემთხვევაში დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა, ამცირებს ბავშვის მოჭარბებულ აქტიურობას და უნერგავს მას თავდაჯერებულობას და საკუთარი ძალების რწმენას;
  • იისფერი ასტიმულირებს ყურადღების კონცენტრაციასა და წარმოსახვას. ამ ფერთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ერთი მხრივ, იისფერი შემოქმედობითობის, ხელოვნების ფერად მიიჩნევა, რომელიც აუმჯობესებს წარმოსახვას და ხელს უწყობს აზროვნებას; მეორე მხრივ, იისფრის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მარტოობის გრძნობა. ბავშვის ოთახისათვის ასეთი ფერის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • სასურველია ელემენტარული ინფორმაციის ფლობა ფერებით თერაპიაზე და ამ ცოდნის გამოყენება ცხოვრებაში;
  • ბავშვი გარემოცული უნდა იყოს ფერების სიმრავლით. თუმცა, მნიშვნელოვანია მათი ზომიერად შერწყმა;
  • თუ ბავშვი დილით, გაღვიძების შემდეგ დაღლილობას გრძნობს, ცუდ გუნება-განწყობაზეა, უმჯობესი იქნება მისთვის მხიარული, ნათელი, თბილი ფერების ტანსაცმლის შერჩევა. მაგრამ, თუ განიცდის ენერგიის მოზღვავებას, ძალიან აქტიური და ზედმეტად აღგზნებულია, შევურჩიოთ ტანსაცმელი ლურჯი, მწვანე, ცისფერი ტონებით. ამავდროულად, შევზღუდოთ წითელი და ნარინჯისფერი, როგორც ტანსაცმლის, ასევე ნივთების რაოდენობა;
  • ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ჭრელი ოთახი არ იქნება შესაფერისი. უკეთესი იქნება შევარჩიოთ ყვითელი, კრემისფერი, ატმისფერი, ღია მწვანე, ასევე ცისფრის დამამშვიდებელი პასტელური ტონები;
  • ცივი ტონები და მოცისფრო მწვანე ფერთა შეხამება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ოთახის ფანჯრები სამხრეთისკენაა მიმართული და კარგად არის განათებული;
  • თეთრი ფერი ასახავს დღის სინათლეს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოთახის განათებას. ამასთან, მას შეუძლია შექმნას ხელსაყრელი ფონი სხვა ფერების აღქმისთვის;
  • შავი ფერი არ არის შესაფერისი ბავშვის ოთახისთვის. ის უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მდგომარეობაზე, აუარესებს მის გუნება-განწყობას. ამ ფერის მცირე რაოდენობა დასაშვებია მხოლოდ დეკორის ელემენტებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის ფსიქიკაზე ფერების სწორად ზემოქმედებით ჩვენ შევძლებთ დადებითი გავლენა მოვახდინოთ მის ემოციურ მდგომარეობასა და ქცევაზე. ცნობილია, რომ სწორად, გონივრულად შერჩეულ ფერებს მეტი სასარგებლო გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, ვიდრე ნებისმიერ წამალს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

მასწავლებლის დღე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“