უმრავლესობის ქვეყანა

შარშან გაზაფხულზე, ბევრის აზრით, უცნაური გადაწყვეტილება მივიღე _ ხორცზე უარი ვთქვი. დიდად არასოდეს მიყვარდა. პერიოდულად მანამდეც დამინებებია თავი ხორცის ჭამისთვის _ ორი-სამი თვით, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ რაც უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, ჯობია, არ მიირთვა. ექიმებთან კონსულტაციები გავიარე და მეგობრებს და ახლობლებს გამოვუცხადე, რომ ახალ გასტრონომიულ ეტაპზე გადავედი. სოციალურ ქსელში ხმაური არ ამიტეხავს, არც არავის ველაპარაკები უხორცოდ ცხოვრების სიკეთეებზე, რადგან კვების საკითხები ჩემთვის უაღრესად ინტიმური და ინდივიდუალურია და გარშემომყოფთათვის დისკომფორტის შექმნას მაქსიმალურად ვერიდები. მიზეზებზე და შედეგებზე საუბარს არც ახლა ვაპირებ. საერთოდაც, პირველად ვწერ ჩემი არცთუ ისე ახალი გადაწყვეტილების შესახებ. ვწერ კონკრეტული მიზეზის გამო.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ სასტუმროში მოვხვდი ტრენინგის ჩასატარებლად. კურორტი, რომელზეც გესაუბრებით, იმ ადგილებს შორისაა, სადაც, როგორც წესი, თავმომწონედ „ვჩექინდებით”, ბევრ ფოტოს ვიღებთ, მერე სოციალურ ქსელში ვტვირთავთ, მეგობრები კი კომენტარებს არ იშურებენ და გვეუბნებიან, რომ სამოთხეში ვართ და ისინიც ისურვებდნენ ჩვენს ადგილას ყოფნას.

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სასტუმროს რესტორანში შესულმა აღმოვაჩინე, რომ ყველა ძირითადი კერძი, წვნიანის ჩათვლით, ხორცით იყო დამზადებული. ხმაური არ ამიტეხავს, არც მიჩხუბია. მენეჯერთან მივედი და წყნარად ვუთხარი, რომ მენიუს შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მათი ინტერესები, ვინც ხორცს არ ჭამს. პასუხმა, რომელიც მივიღე, მსოფლიო ვერა, მაგრამ მე ნამდვილად გამაოგნა: „თქვენ რომ ხორცს არ ჭამთ, ჩვენი ბრალი არ არის!”

რა თქმა უნდა, პრობლემას არ წარმოადგენს, ადამიანმა, რომელიმე საღამოს, მშიერმა დაიძინო, ან ხილზე გადაიარო. რა თქმა უნდა, კარგად მომეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სრულფასოვნად ვერ იკვებება და ამ ფონზე, ჩემი უკმაყოფილება, თუკი მას ერთი კონკრეტული მომხმარებლის პრეტენზიად განვიხილავთ, სასაცილოდ ჩანს, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი სხვაა. ის არ ეხება ერთ კონკრეტულ ვახშამს, ჩემს პირად უკმაყოფილებას, ან რომელიმე სასტუმროს არადამაკმაყოფილებელ სერვისს. საქმე ჩვენს დამოკიდებულებებშია, ჩვენს მიდგომებში, ჩვენი გონების მოწყობაში.

ჩვენ ვცხოვრობთ უმრავლესობის ქვეყანაში, რომელიც გზიდან გადახვევას არ გპატიობს, რომელიც არ გპატიობს, თუ ხინკლის წვენს სოკოს სუპი გირჩევნია, რომელიც თავზე გადგას და დაგყვირის, რომ უნდა იკვებო ისე, როგორც სხვები იკვებებიან, ძალით გიდებს თეფზე არასასურველ კერძს, ძალით გაცხოვრებს ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად. ასე ხდება მაშინაც, როცა საკუთარი გადაწყვეტილებებით არავის აწუხებ, მაშინაც, როცა უბრალოდ, შენთვის, მშვიდად ყოფნას ცდილობ და მაშინაც, როცა ძალიან გინდა, პირადი სივრცე არავინ დაგირღვიოს.

რაც საზოგადოდ მიღებულია _ ყველასთვის სავალდებულოა. ასე სჯერათ ჩვენთან და ეს დაჯერებულობა გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობას, ყოველი შემდეგი თაობა კი მას ფართოდ ავრცელებს ყველაფერზე, იქნება ეს რელიგია, პოლიტიკა, სექსუალური ორიენტაცია, წეს-ჩვეულებები და როგორც ირკვევა, კვების რაციონიც კი. ადამიანებს, რომლებიც თავს უმრავლესობას ეძახიან, რატომღაც არასოდეს ერიდებათ, მოგიბრუნდნენ და გითხრან, რომ შენი განსხვავებულობა, შენი არჩევანი, მათი ბრალი არ არის.

დიახ, ჩემი არჩევანი მარტო ჩემია და მის განაწილებას არავისთან ვაპირებ, მაგრამ მე, ჩემი არჩევანითურთ, ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, როგორც ბევრი, ვინც აირჩია განსხვავებული ცხოვრება, განსხვავებულად კვება, განსხვავებულად ლოცვა, განსხვავებულად სიყვარული, ვინც დინების საწინააღმდეგოდ მოკლე მანძილზე მაინც გაცურა, ვინც არჩევნებზე მივიდა და ყველა პოლიტიკური პარტია გადახაზა, და ასე შემდეგ, დაუსრულებლად.

მინდოდა, ამ პოსტით შემეხსენებინა ბევრისთვის (რადგან საკუთარ თავსაც პერიოდულად ვახსენებ, რათა შეცდომებისგან დაზღვეული ვიყო), რომ კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ისევე, როგორც მზე, ყველას თანაბრად გვწვდება (გნებავთ, მოგვეფინება). სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და არა მწვადი, ან რომელიმე სხვა კერძი. მინდოდა, მეთქვა, რომ დედამიწა ბრუნვას მაშინ შეწყვეტს და დანარჩენი პლანეტებიც მაშინ შეგვაქცევენ ზურგს, როცა ყველანი ერთნაირად ვიფიქრებთ, ერთნაირად მოვიქცევით და თუნდაც, გამოვიკვებებით.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ დასრულდა ჩემი თავგადასავალი ზემოთხსენებულ ცნობილ სასტუმროში. არც ისე კარგად, ანუ კუჭის სამდღიანი ტკივილით და საშინელი გადაღლით, რადგან კვების რაციონის ამბებს სხვა უსიამოვნო თავგადასავალიც დაემატა. თუმცა ქართული მომსახურების ამ და სხვა „სიკეთეების” შესახებ სხვა დროს დავწერ, მთავარ თემას რომ არ მოგწყვიტოთ.

ჰოდა, ასე _ მე ისევ განვაგრძობ ჩემს მიკროსამყაროში ცხოვრებას, ჩვეული რიტმით და მენიუთი, რომლის არსებობაც, როგორც უკვე აღინიშნა, არავის ბრალი არ არის.

კომენტარები

comments