ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია საკმაოდ ეფექტური და საინტერესო სასწავლო მეთოდის – ლიტერატურული სასამართლოს შესახებ, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ ფილოლოგები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. მის შესახებ პირველად მეც ჩემი ერთ-ერთი კოლეგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გაკვეთილიდან შევიტყვე. მასწავლებლის მიერ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული, ხოლო მოსწავლეების მიერ შემოქმედებითად და დახვეწილად შესრულებული ეს მეთოდი მაშინვე იქცა ჩემთვის შთაგონების წყაროდ. რატომ არ შეიძლება სასამართლო პროცესები გავმართო ბიოლოგიის გაკვეთილებზეც? დიახ, სასამართლო პროცესები – ბრალდებულების, მოსამართლის, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით, მით უფრო, როცა საბრალდებო საქმეების დეფიციტს ნამდვილად არ ვუჩივით ბიოლოგიის საგანში როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე და არც დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველებაა ღარიბი ამგვარი საკითხებით.
რა მიზანს ემსახურება ბიოლოგიის გაკვეთილში სასამართლო პროცესის ჩართვა? – პირველი, რაც საკუთარი გამოცდილებიდან მახსენდება არის ის, რომ მეთოდი შეიცავს შეჯიბრებისა და როლური თამაშის ელემენტებს, რაც მოსწავლეებში ყოველთვის იწვევს დიდ ინტერესს, ზრდის საგაკვეთილო პროცესში მათ ხალისით მონაწილეობას და უბიძგებს გონებრივი შესაძლებლობების მობილიზებისა და კრეატიული აზროვნებისაკენ.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მეთოდი შეიძლება დაგვეხმაროს როგორც კონკრეტულად ბიოლოგიის სტანდარტით განსაზღვრული ხანმოკლე თუ გრძელვადიანი მიზნების განხორციელებაში, ისე მოსწავლეებში ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, კერძოდ:
- მოსწავლეს უჩნდება ინტერესი ცოცხალი სამყაროს და შესაბამისად, ბიოლოგიის შესწავლის მიმართ;
- მოსწავლეს უყალიბდება გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის მიმართ დამოკიდებულება (მაგალითად, როდესაც ასაბუთებს ბუნებასა და ადამიანისთვის მიკროორგანიზმების მნიშვნელობას, საბოლოოდ იაზრებს მათი მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას);
- მოსწავლე უკეთესად ითვისებს ახალ ბიოლოგიურ ცნებებს და იძენს დარგობრივი ენით ოპერირების უნარს;
- მოსწავლე აცნობიერებს ბიოლოგიის გამოყენებით ასპექტებს და აფასებს მათ მნიშვნელობას საკუთარი კარიერული წინსვლისთვის, ბიზნესის წარმოებისთვის, ჯანდაცვისა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობისთვის (მაგალითად, სოკოების, მცენარეებისა და ცხოველების სასარგებლო მხარედ ზოგიერთი მოსწავლე ასახელებს მათი საშუალებით მცირე ბიზნესის წარმოებას, მომავალი პროფესიის არჩევას და სხვ.);
- მოსწავლე სწავლობს არგუმენტირებულად მსჯელობას, შემოქმედებითად და კრიტიკულად აზროვნებას, საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კამათის კულტურას, ობიექტურად შეფასებას და სხვა.
როდის არის მიზანშეწონილი აღნიშნული მეთოდის გამოყენება? – აუცილებლად ერთი ან რამდენიმე თემის შემაჯამებელ ეტაპზე, როცა მოსწავლეებს უკვე დაუგროვდათ ვრცელი პრაქტიკულ-თეორიული ცოდნა და სათანადოდ იყენებენ ახალ ცნებებსა თუ ტერმინოლოგიას.
რომელ კლასებში შემიძლია ბიოლოგიის გაკვეთილებზე სასამართლო პროცესების გამოყენება? – როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ე.წ. საბრალდებო საქმეები ბიოლოგიაში იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერ კლასში. თუმცა, საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, აქტიურად დაგეგმოთ და განახორციელოთ მე-7 კლასში ყველა თემის ბოლოს. იგი განსაკუთრებით ეფექტური და შედეგიანია დასაწყისში, როცა მოსწავლეები ეცნობიან მიკროორგანიზმებს. საქმე ისაა, რომ ცნება „მიკროორგანიზმი“ სტერეოტიპულად უარყოფით ასოციაციებს იწვევს ადამიანთა უმრავლესობაში. მიუხედავად იმისა, რომ თემის ფარგლებში საკმაოდ ვრცლად მიმოიხილება მიკრობების სასარგებლო თვისებები, თემის ბოლოს მოსწავლეთა ცნობიერებაში მაინც აქტიურ ფაზაში რჩება მათზე უარყოფითი წარმოდგენა და ზიანის მომტანი „დამნაშავის“ პროფილი. სწორედ ამიტომ, „მიკრობების სასამართლო“ პირველი ეფექტიანი პროცესია მოსწავლეთა ცოდნის სამყაროში სტერეოტიპების ნგრევის, სიახლეების დანერგვისა და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაიწყებთ აღნიშნული მეთოდის გამოყენებას, ყოველ მომდევნო ჯერზე მით უფრო გაგიადვილდებათ როგორც თქვენ, ისე თქვენს მოსწავლეებს სასამართლო პროცესების სწორად დაგეგმვა და შინაარსიანად წარმართვა, ამა თუ იმ საგანთან ინტეგრირება თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენება.
„ვინ“ შეიძლება იყვნენ სასამართლო პროცესებში მონაწილე პირები?
ბრალდებული – ჩამონათვალი ვრცელია, სიცოცხლის ორგანიზაციის უმდაბლესი საფეხურიდან უმაღლეს საფეხურამდე, ბიოლოგიური სისტემებითა და მოვლენებით, ჩვენს სხეულში თუ მის გარეთ მიმდინარე პროცესებით.
ბრალდებულის შერჩევისას ეცადეთ არჩევანი შეაჩეროთ ისეთ ბიოლოგიურ ცნებებზე, რომლებსაც:
ა) საზოგადოება უმეტესწილად „დამნაშავედ“ მიიჩნევს და ნაკლებად წარმოუდგენია მათი სიკეთე – ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, ქვეწარმავლები, მწერები, მუტაციები…
ბ) საზოგადოება უმეტესწილად იწონებს და ნაკლებად ფიქრობს მათი მხრიდან ზიანის გამოწვევაზე – მცენარეები, ფრინველები, ძუძუმწოვრები, ვიტამინები, გენები…
მოსამართლე – პასუხისმგებელია სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას წესების დაცვაზე, ისმენს და აფასებს მოსწავლეთა პასუხებს და აკეთებს დასკვნას.
დასაწყისში მოსამართლის როლს ყოველთვის თავად ვირგებ, რათა მოსწავლეები დააკვირდნენ, რა ფორმით ხდება მისაღები პასუხების ჩამოყალიბება და მათი კლასიფიცირება – ბრალის წარდგენად თუ დაცვად. გარდა ამისა, მასწავლებელი გაცილებით ობიექტურია, ვიდრე ნებისმიერი მოსწავლე, ამიტომ მონაწილეებს არ აქვთ მოსამართლის მხრიდან მიკერძოებულობის განცდა, შესაბამისად, აქტიურობენ დიდი მონდომებითა და მოტივაციით.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა პასუხები ლაკონიურად ჩაინიშნოს მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო ადგილას (მაგალითად დაფაზე), რადგან:
- მეთოდს ერთგვარი შეჯიბრების სახე აქვს და იმარჯვებენ ადვოკატები ან პროკურორები იმის მიხედვით, თუ სასამართლო პროცესის დასრულებისას ვის მეტი სასარგებლო ან საზიანო მტკიცებულება ექნება დასახელებული ბრალდებულის შესახებ. ამიტომ ცალ-ცალკე უნდა იქნეს ჩამოწერილი დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობის მქონე პასუხები. შეჯიბრების ჟინი და გამარჯვების სურვილი ხელს უწყობს მოსწავლეების აზროვნების გააქტიურებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავენ და რაოდენობრივად აფასებენ – ახლოს არიან გამარჯვებასთან თუ არა.
- მოსწავლეთა ნაწილი ნაკლებად არის ყურადღებით და იმეორებს სხვების მიერ უკვე გაცემულ პასუხს. ეს კი იწვევს კამათს და დროის ფუჭად დაკარგვას.
აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის შესრულება შეგიძლიათ დაავალოთ მდივან მოსწავლეს, რომელიც ვალდებულია ყურადღებითა და სწორი ფორმით ჩანიშნოს პასუხები.
პროკურორი – ცდილობს ბრალდებული წარმოაჩინოს რაც შეიძლება უარყოფითი კუთხით. მაგალითად, მიკრობების ან მუტაციების გასამართლების დროს საუბრობს მხოლოდ მათ მიერ გამოწვეული სხვადასხვა ზიანის შესახებ.
ადვოკატი – ცდილობს ბრალდებული წარმოაჩინოს რაც შეიძლება დადებითი კუთხით. მაგალითად, მიკრობების გასამართლების დროს საუბრობს მხოლოდ მათ სასარგებლო მნიშვნელობაზე როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანისთვის; მუტაციების გასამართლების დროს წინა პლანზე წამოწევს მუტაციების მნიშვნელობას სიცოცხლის ბიომრავალფეროვნებაში.
როგორ ვარჩევთ პროკურორებსა და ადვოკატებს? – ვარიანტები მრავალფეროვანია: შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასის დაყოფის თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მეთოდები (მაგალითად, შემთხვევითობის პრინციპით, სიის მიხედვით, თქვენი ან მოსწავლეების სურვილის შესაბამისად და სხვ.). პირადად მე, საწყის ეტაპზე, როცა მოსწავლეებს პირველად ვაცნობ აღნიშნულ მეთოდს, მეტ თავისუფლებას ვთავაზობ მათ, კერძოდ – არ გვაქვს მკაცრად განსაზღვრული, თუ რომელი მოსწავლე ვის როლს შეასრულებს. ამ შემთხვევაში, მოპასუხე მოსწავლე თავად ირჩევს პროკურორის როლშია თუ ადვოკატის, ამასთან, მას შეუძლია ერთი სასამართლო პროცესის ფარგლებში როლები ცვალოს. ამგვარი თავისუფალი არჩევანის უფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალ კლასებში, რამდენადაც ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს, სწორად განსაზღვროს თავისი პასუხით დადებითი შეფასება თქვა თუ უარყოფითი, შესაბამისად, აკვირდება და სწავლობს პასუხების კლასიფიცირებას – ბრალს წარადგენს თუ იცავს. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, სჯობს კლასის დაყოფა მკაცრად განისაზღვროს, რათა თითოეულმა მხარემ უკეთ გაითავისოს დაკისრებული მოვალეობა და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის როლს.
შემიძლია თუ არა სასამართლო პროცესის დასასრულ მოსწავლეთა შეფასება? – რა თქმა უნდა, შეფასება ამ შემთხვევაშიც მთლიანი პროცესის განუყოფელი კომპონენტია, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, ისე განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები, რომლებსაც მოსწავლეებს წინასწარ გააცნობთ.
დაბოლოს, ბიოლოგიის გაკვეთილებზე სასამართლო პროცესის გამართვა შეგიძლიათ როგორც სპონტანურად (კლასის განსაკუთრებულად ორგანიზებისა და დამატებითი დროის ხარჯვის გარეშე), ისე წინასწარი დაგეგმვით (მოსწავლეთა ჩაცმულობის, კლასის ორგანიზების, საკლასო ოთახის მოწყობისა და როლების მკაცრად განაწილების გათვალისწინებით). ჯერჯერობით აღნიშნულ მეთოდს აქტიურად ვიყენებ მხოლოდ ბიოლოგიის გაკვეთილებისათვის, მაგრამ ალბათ განსაკუთრებულად, საინტერესო იქნება მისი ინტეგრირება ბიოლოგიასა და სხვა საგანში, მაგალითად, სამოქალაქო განათლებაში.


