„ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ“
ქიაჩელის ქუჩაზე, შინდისფერ კარს მიღმა ერთი საუკუნის წინ დაწყებული ამბავი მერვე კლასელებისთვის განსაკუთრებულ თავგადასავლად იქცა.
ამ წერილში ერთ წიგნზე გიამბობთ, უფრო სწორედ, ერთი ქალაქის ერთ სახლზე, რომლის მაქმანიან, ლურჯ აივნებს, მზენაკრავ შუშაბანდებსა და ფოტო-სურათებიან კედლებს ჯერ კიდევ ტიფლისური დედაქალაქი ახსოვთ.
რა რა და 21-ე საუკუნის თინეიჯერისთვის არც თუ დამაჯერებელი არგუმენტია წიგნის წაკითხვის მიზეზად მარტოოდენ პატრიოტულ მოტივზე საუბარი. „წავიკითხო მხოლოდ იმისთვის რომ ვიცოდე, უშედეგოა“… „რატომ უნდა დავინტერესდე ლამის ორი საუკუნის წინანდელი ამბებით?“… „ჩემხელებს სხვა რაღაცები გვაინტერესებს“… მათი გულწრფელობისთვის თვალის გასწორება არცთუ მარტივი ამბავია, მაგრამ აუცილებელი.
სწორედ მსგავსი შესავალი „აღიმართა“ იმ წიგნის წინ, რომლის გმირები ერთ დროს ჩვენსავით ცხოვრობდნენ ჩვენსავე დედაქალაქში, და ალბათ ვერც კი წარმოედგინათ ათეული წლების შემდეგ, თაობა „ალფა“ თუ გადაშლიდა ნახატ-ხატებად მოთხრობილ მათ ამბებს, ამბის ბოლოს კი საკუთარ ანარეკლებსაც აღმოაჩენდნენ.
წიგნი „რას გვიამბობს სახლი“ (გამომცემლობა „პანდა“) გამოცემისთანავე შევიძინე. სოფო კირთაძის არაჩვეულებრივ ილუსტრაციებს დიანა ანფიმიადის გულხმიანი ტექსტი ენაცვლებოდა, ამბავი კი საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი გახლდათ და გედევანიშვილების ოჯახზე გვიამბობდა. და რადგან ხელისგულისტოლა ჩვენს ქვეყანაში ამბავი არასოდეს ეკუთვნის მხოლოდ ერთ ოჯახს, არც გედევანიშვილების ისტორია ყვებოდა მარტოოდენ მიხეილსა და ანასტასიაზე – წიგნი იმდროინდელი საზოგადოების მისწრაფებებს, მიზნებს, ნატვრებს ასახავდა და მასპინძლობდა ილიას, აკაკის, ვაჟას, ჯავახიშვილს, მარო მაყაშვილს, პირველ პარლამენტარ ქალებს, თავის წიაღში კი ექიმს, რეჟისორსა და მხატვარს ზრდიდა.
მთავარი საფიქრალი ის გახლდათ, როგორ მიმეწოდებინა ეს ამბავი ჩემი თინეიჯერი მოსწავლეებისთვის ისე, რომ ლიტერატურისა და ისტორიული ფაქტების სიმბიოზი ძალდაუტანებლად, გულწრფელად და ხალისით გაეაზრებინათ? ამ საფიქრალმა დიდხანს იწრიალა და საბოლოოდ სწავლა-კეთების სილუეტი გამოიკვეთა.
- დღეს ახალ წიგნს ვიწყებთ, ოღონდ მხოლოდ კი არ წავიკითხავთ, პერსონაჟებს შევქმნით!
- ანუ? – თვალებს წკურავს ანა.
- თერთმეტნი ვართ, ამიტომ თერთმეტი გმირი გვეყოლება!
- ვინ უნდა ვიყოთ? – იოცებს ტასო.
- რომელიმე – ან ილია, ან ვაჟა, ექვთიმე, მარო, ანასტასია, მიხეილი, იქნებ ბარბარე!
ვხედავ – რამდენიმე სახელი ეცნოთ, ზოგ მათგანს პირველად იგებენ.
სანამ წიგნს გადავშლით, ჩემი სახლის ამბავს ვუყვები, ჩემი ბავშვობის შემომნახველზე – მაჟალოსფერკედლებიან სახლზე, რომლის მისაყურადებლად ყოველ წელს ჩავდივართ ნაგრამი და ისიც, დაუსრულებელ თხრობაში ლოცვასავით იმეორებს ჩვენს სახელებს.
შემდეგ მათი სახლების ჯერი დგება:
- როგორია თქვენი სახლი?
- რას გიამბობთ ის?
- ადამიანი რომ იყოს თქვენი სახლი, როგორი იქნებოდა (გარეგნულად/შინაგანად)?
- აასაუბრე შენი სახლი და მოაყოლე ბინადართა ისტორიები.
- შენ რომ სახლი იყო, როგორი იქნებოდი?
- დახატე „სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ“
დავალების მიცემისას მოსწავლეების თვალებში ცნობისმოყვარეობის ნაპერწკლები საინტერესო პროცესის წინა პირობაა და მოლოდინის გამართლება ახლავს. ამჯერადაც ასე მოხდა – ყველამ თავისი მყუდრო საცხოვრისი შექმნა.
ამ დავალების შემდეგ დიანა ანფიმიადის წიგნის ჯერი დგება – A4 ფორმატის ფერადი ყდიდან სანდომიანი სახეები იმზირებიან – მიხეილ და ანასტასია გედევანიშვილები სამ ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად. ამბავი მეცხრამეტე საუკუნის „ტიფლისური“ ფოლორცივით მრავალფეროვანი, მრავალამბიანი და საინტერესოა.
წიგნის უდიდესი ნაწილი ილუსტრაციებს ეთმობა, ტექსტი პერსონაჟივით ჩნდება და სურათ-ნახატების დაწყებულ სათქმელს აგრძელებს. წიგნის ყველა დეტალსა და სიუჟეტს ამჩნევია ავტორისა და ილუსტრატორის დამოკიდებულება ეპოქისა და ადამიანების მიმართ.
წიგნში ნარატიულ თხრობას კომიქსური დიალოგები ენაცვლება, რაც ეპოქის აღქმას უმარტივებს XXI საუკუნის მოზარდს.
მხატვრულ-პროზაულ ტექსტს კი ფურცლის კიდეებზე აღმოჩენილი „ივერიის“ ცნობები ეხმიანება და იმდროინდელ მოვლენებს გვიდასტურებს.
წიგნის მერამდენეღაცა თვალიერების შემდეგ როლები დავითითოეთ და პერსონაჟების უკეთ გაცნობას ვიწყებთ: ანასტასია და მიხეილ გედევანიშვილებს ელენე და ტასო ქმნიან, მარო მაყაშვილი ვერავის დაუთმო ანამ, ვაჟა მე უნდა გავაკეთოო – გიომ, იოანემ – მე ექვთიმე ვიქნებიო, დავითმა ივანე ჯავახიშვილობა იდო თავთ, იაკობი თათამ ძერწა, ბარბარე ჯორჯაძე ჩიხტიკოპითა და ქართული სამზარეულოს წიგნით – ანნამ ითავა, ილიასა და აკაკის შექმნა ყველამ მოვინდომეთ, განსაკუთრებული ხალისით კი გედევანიშვილების სახლი იქმნებოდა.
საოცარი განცდა იღვიძებდა ყოველ ორშაბათს, როდესაც ვიკრიბებოდით და „შემოქმედებით მაგიდას“ ვშლიდით, თითოეული მოზარდი იწყებდა საკუთარი გმირების გათავისებას – შეხვედრის განმავლობაში 11 თინეიჯერი ეცნობოდა პერსონაჟთა ბიოგრაფიებს, ეძებდა ცნობებს მათ შესახებ, უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, იოცებდნენ ქვეყნის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და ევროპულ სტანდარტებზე მეოცნებე ადამიანების შეუპოვარ ამბებს.
წიგნი ნიჭიერი ექიმ-რენტგენოლოგის მიხეილისა და მისი მშვენიერი მეუღლის ანასტასიას ახდენილი პარიზული ოცნებით იწყება. წყვილი ევროპაში მიემგზავრება და შინ ახალი ცოდნითა და გამოცდილებით ბრუნდება. სწორედ მიხეილის წყალობით აღმოჩნდება რენტგენის პირველი აპარატი თბილისში, და ვიდრე ახალგაზრდა წყვილს ქიაჩელის 20 ნომერში სახლი აუშენდება, ვინ თუ არა ილია ჭავჭავაძე ითავებს და საკუთარ ჭერქვეშ გამოუყოფს საცხოვრებელ ბინას ახალგაზრდა ოჯახს. წლების შემდეგ კი სწორედ მიხეილ გედევანიშვილი ითავებს ილიას თხზულებათა გამოცემას.
მალე გედევანიშვილების სახლი იქცა იმ დროინდელი საზოგადო მოღვაწეების შეკრების ადგილად, აქვე უმასპინძლებენ საქართველოს პირველ პარლამენტარ ქალებს, ანასტასია იქნება ერთ-ერთი, ვინც ხმას აღიმაღლებს ქალთა უფლებების დასაცავად. მისივე თაოსნობითა და დაჟინებული მოთხოვნით დაარსდება პირველი ქართული საბავშვო ბაღი.
წიგნში ერთი ოჯახის ისტორიით მოთხრობილი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენები კარგად ასახავს, თუ რა პასუხისმგებლობა ენიჭება მცირერიცხოვანი ერის თითოეულ მოქალაქეს ხელისგულისტოლა სამშობლოს წინაშე. ამ წიგნის წაკითხვის მიზანიც ამ პასუხისმგებლობის გააზრების მცდელობა გახლდათ – წაგვეკითხა, გაგვეცნო და ხელით შეგვექმნა თითოეული პერსონაჟი, ამ შემოქმედებით პროცესში კი გაგვეაზრებინა თითოეული მათგანის როლი საერთო სახლად ქცეული სამშობლოს წინაშე.
პროექტის დასასრულს კი უზარმაზარი მაკეტითა და 10 პერსონაჟით 11 მოზარდთან ერთად აღვმოჩნდით ჯადოსნურ სივრცე „თამაშობანაში“, სადაც გამომცემლობა „პანდამ“ გვიმასპინძლა ავტორთან ერთად.
პროექტის დასასრულს მოსწავლეებს შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვე:
გიო – აუ, მას, ამის შემდეგ წიგნი როგორღა წავიკითხოთ კეთების გარეშე!
ელენე – მთელ სკოლაში მარტო ჩვენ ვიცით ვინ იყვნენ გედევანიშვილები! (ელენეს სიტყვებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა…)
ამ პროქტის დასასრულს გვსურდა გედევანიშვილების სახლ-მუზეუმში სტუმრობა, სამწუხაროდ ვერ შევძელით გაგვეცნო მიხეილისა და ანასტასიას შვილიშვილი ქ. მანანა, წერილის დასასრულს დავურთავ ვიდეო-არქივს, სადაც ის იხსენებს ჯადოსნურ ბავშვობას და გვიამბობს იმ საქართველოზე, რომელზე ოცნებაც თითოეულ ჩვენგანს მემკვიდრეობით ერგო.




