პარასკევი, იანვარი 23, 2026
23 იანვარი, პარასკევი, 2026

სამედიცინო კონსილიუმი – ქეისებით სწავლება

სტატიაში განხილულია, როგორ შეიძლება ენდოკრინული სისტემის სწავლებისას ქეის-სტადის (Case Study)  გამოყენება  და გაკვეთილის გარდაქმნა ინტერაქციულ, კვლევით და არგუმენტაციაზე დაფუძნებულ პროცესად.

ქეისებით სწავლება (Case-based Learning) ბიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან თეორიულ ცოდნას რეალურ ცხოვრებასთან აკავშირებს. ენდოკრინული სისტემის სწავლებისას ეს განსაკუთრებით მუშაობს, რადგან ჰორმონალური დისბალანსი  პირდაპირ აისახება ადამიანის გარეგნობასა და ქცევაზე.სტრუქტურა ხელს უწყობს ცოდნის სიღრმისეულად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მეცნიერული მსჯელობის კულტურის ჩამოყალიბებას.ენდოკრინული სისტემის შესწავლა ხშირად რთულია მოსწავლეებისთვის ტერმინოლოგიის სიმრავლის გამო. ქეის-მეთოდი კი საშუალებას გვაძლევს, მოსწავლე “დიაგნოსტიკოსის” როლში ჩავაყენოთ.

  1. რატომ არის ეს მეთოდი ეფექტური?
  • ასაკობრივი ფსიქოლოგია: მოზარდებს (განსაკუთრებით მე-9 კლასში) აინტერესებთ საკუთარი სხეული და ცვლილებები. რეალური ისტორიები მათში ემპათიასა და ინტერესს აღვიძებს.
  • ეროვნული სასწავლო გეგმა: ხელს უწყობს ფუნქციური უნარების განვითარებას (ანალიზი, მიზეზ-შედეგობრიობა).

ენდოკრინული სისტემის სწავლების მეთოდოლოგიური ჩარჩო :

მასწავლებელი პროცესს  იწყებს  დაკვირვებით, შემდეგ გადადის ანალიზზე, ახსნაზე და ბოლოს არგუმენტაციაზე, მოსწავლე თანდათანობით იძენს უნარს დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დაასაბუთოს საკუთარი აზრი.

ასეთი მიდგომა განამტკიცებს სწავლების აქტიურ, კვლევით ხასიათს და აყალიბებს მოსწავლეს როგორც აზროვნების დამოუკიდებელ სუბიექტს.

  1. მიზნობრივი ორიენტირები
  • ცოდნა: ჰორმონების როლი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.
  • გააზრება: კავშირი ჯირკვლის ფუნქციასა და ორგანიზმის გარეგნულ/ფიზიოლოგიურ მდგომარეობას შორის.
  • ანალიზი: კლინიკური სიმპტომების საფუძველზე ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.

I ეტაპი        

აქტივობა-დაკვირვება,აღწერა, დაჯგუფება

თემა: ენდოკრინული ჯირკვლები

მიზანი: სხვადასხვა ტიპის ჯირკვლების სტრუქტურის ამოცნობა,დაჯგუფება და განსხვავებების დანახვა

მოსწავლეების აკვირდებიან ფოტოებს ,ამოიცნობენ მათზე დატანილ ჯირკვლებს, აჯგუფებენ ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ჯგუფებად.პასუხობენ კითხვებს.

  1. ჩამოთვალეთ ენდოკრინული სისტემის ჯირკვლების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები?
  2. რომელი ჯირკვლებია წარმოდგენილი ვიზულაურ მასალაზე?
  3. რომელ ჯგუფებად დაყავით მოცემული ჯირკვლები?
  4. განსაზღვრეთ მულაჟზე ჯირკვლის დაახლოებითი მდებარეობა?

შედეგი: მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ვიზუალურ აღქმას, აღწერასა და ცოდნის მობილიზებას.

I I ეტაპი

აქტივობა 2 — ანალიზი და ახსნა

თემა: ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქცია
მიზანი: სტრუქტურისა და ფუნქციის ურთიერთკავშირის გააზრება/ქეისის წარდგენა: მოსწავლის ინტერესის გაღვიძება და პრობლემის იდენტიფიცირება.
ფორმატი: წყვილებში ან მცირე ჯგუფებში

ჯგუფები ირჩევენ ქეისების ბარათებს და ახდენენ მასში მოცემული ანამნეზის იდენტიფიცირებას.https://docs.google.com/document/d/1qlVGhErkmH0JBV4_70x1KW0Ivsf3Ybr8/edit?usp=sharing&ouid=116950393428726554398&rtpof=true&sd=true

რჩევა მსაწავლებლისთვის:

 ანამნეზის (ქეისის) სტრუქტურა

კარგი ანამნეზი უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისგან:

  • კონტექსტი (პერსონა): ვინ არის ის? (მაგ. 10 წლის გოგონა, 40 წლის მამაკაცი). ასაკს მნიშვნელობა აქვს ენდოკრინოლოგიაში.
  • ობიექტური ნიშნები: რასაც თვალით ვხედავთ (მაგ. კანის ფერი, სიმაღლე, თვალების ფორმა).
  • სუბიექტური ჩივილები: რას გრძნობს პაციენტი (მაგ. წყურვილი, შიში, დაღლილობა).

მოსწავლე გამოყოფს მთავარ სიმპტომებს მეორეხარისხოვანისგან.

აქტივობა 3 — ახსნიდან არგუმენტაციამდე

თემა: ჰორმონების როლი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში

მეთოდი: “არგუმენტირებული დებატები”
მიზანი: ჰორმონების მუშაობის  მნიშვნელობის გააზრება .

ჯგუფები არჩეული ქეისების მიხედვით პასუხობენ კითხვებე.

  1. აქტივობის არსი: “რა მოხდება, თუ…?”/ ,,როგორი იქნება შენი რეკომენდაციები პაციენტებისთვის?“

მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რომელი ჰომეოსტაზური ბალანსი დაირღვა მათ მიერ განხილულ ქეისებში და რატომ ვერ აღადგინა ორგანიზმმა ის დამოუკიდებლად.რა რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ მოცემული ქეისების მიხედვით -კონკრეტული პაციენტისთვის.

შემდეგ მოსწავლეები აყალიბებენ არგუმენტირებულ დასკვნებს — ახსნიდან გადადიან არგუმენტაციაზე.

აქტივობის შედეგი :

  • მოსწავლემ შეძლო: სიმპტომის მიღმა დაინახა სისტემური დარღვევა.
  • არგუმენტაცია: მოსწავლე იყენებს ტერმინებს: კონცენტრაცია, რეაქცია, კომპენსაცია, უკუკავშირი.
  • გააზრება: ჰორმონი არ არის “კეთილი” ან “ბოროტი” ნივთიერება – ის არის სიგნალი, რომლის სიჭარბეც ან ნაკლებობაც ანგრევს სისტემას.
  • ცოდნის პრაქტიკულ გამოყენება:ბიოლოგიური თეორია აქციოს “ჯანმრთელობის ფორმულად”, რაც ზრდის მის პასუხისმგებლობას საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის მიმართ.

აქტივობა 4: სტრატეგიული დისკუსია(„ენდოკრინოლოგთა  კონსილიუმი: ვინ მართავს სხეულს?“)

მიზანი: კრიტიკული აზროვნება, ჰიპოთეზების შეჯერება და ეთიკური ბიოლოგიური მსჯელობა.

  1. სადისკუსიო საკითხი (პროვოკაციული კითხვა)  – არის თუ არა ადამიანი თავისი ჰორმონების “მძევალი”? (მაგალითად: თუ მოზარდის აგრესია ჰორმონების ბრალია, არის თუ არა ის პასუხისმგებელი თავის საქციელზე?).

დისკუსია რომ “მშრალი” არ იყოს, ჯგუფებს გაანაწილეთ როლები: მაგალითად, “ბიოლოგები” (რომლებიც ამართლებენ ქცევას ჰორმონებით), “ეთიკოსები” (რომლებიც პასუხისმგებლობაზე საუბრობენ)

შედეგი: მოსწავლე სწავლობს არგუმენტირებულად მსჯელობას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და მეცნიერული მსჯელობის წესებს.

. მოსწავლე აანალიზებს ენდოკრინული სისტემის გავლენას ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

საბოლოოდ კონსილიუმის მონაწილეების ავსებენ ოქმს,, ენდოკრინოლოგის სამუშაო ოქმი“-(თანდართული აქვს ქეისებს-იხ.ბმულზე)თითოეული ქეისის მიხედვით .ეს არის ე.წ. “რეფლექსიის” საუკეთესო ფორმა. ექიმის ამპლუაში შესვლა (როლური თამაში) ზრდის მოტივაციას და პასუხისმგებლობას. თანაც, დოკუმენტაციის შევსება მათში იმ “სერიოზულობის” განცდას ბადებს, რაც ასე ძალიან უყვართ მოზარდებს.

შეფასების რუბრიკა:https://docs.google.com/document/d/1-VK4Skd-pdKB6DQN9fDTPMWdGYMjf2HF/edit?usp=sharing&ouid=116950393428726554398&rtpof=true&sd=true

 დაკვირვებიდან არგუმენტაციამდე გამართული სწავლება ქმნის სრულ შემეცნებით ციკლს, სადაც მოსწავლე თანდათანობით ვითარდება შემხედვარედან მკვლევარად.
თვალსაჩინოება ამ პროცესში წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, ტექსტს რეალობასთან და ცოდნას აზროვნებასთან.

მასწავლებელი, რომელიც იყენებს ამ მოდელს, ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიოლოგიური ცოდნის დაუფლებას, არამედ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარების განვითარებას — უნარებს, რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლის მომავლის ინტელექტუალურ და სოციალურ წარმატებას.

„ასეთი გაკვეთილების მერე ბავშვებს ბიოლოგია კი არ ეზარებათ, არამედ აფასებენ მას, როგორც სიცოცხლის მართვის ხელოვნებას.“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“