ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

ჩვენ ყველა „ჩვენ“ ვართ – ადრეული ინკლუზიური განათლება

რაც ადრე, მით უკეთესი – ეს ინკლუზიური განათლების და ადრეული ინტერვენციის ერთ-ერთი პრინციპია. რაც „ადრე“, ანუ ადრეულ ბავშვობაში ხდება, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყოველმხრივ განვითარებასა და პიროვნების ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ჰუმანური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ინკლუზიურობაა. ეს არ ნიშნავს ვიღაცებისთვის განსაკუთრებული წყალობის მინიჭებას, ან ვინმეს შეცვლას და გარკვეულ ნორმებზე მორგებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ განვვითარდეთ, როგორც საზოგადოება. არ უნდა არსებობდეს „ჩვენ“ და „ისინი“. ყველანი „ჩვენ“ ვართ. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და „ჩვენ’’ და „ისინის“ გაჩენა უკვე ქმნის სტიგმატიზაციისა და დეჰუმანიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჯანსაღ საზოგადოებაში არ არსებობს ასეთი სეგრეგაცია, ყველანი „ჩვენ“ ვართ.

ამ ღირებულებითი სისტემისა და ფილოსოფიური ხედვის გაზიარება და შესაბამისად, ინკლუზიის სრულფასოვნად განხორციელება პრაქტიკაში დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ სტატიის ფოკუსი კი არის ინკლუზიის ნამდვილი არსის გააზრება და იმ ღირებულებების ხაზგასმა, რომლებსაც ადრეული ინკლუზიური განათლება აძლევს საზოგადოებას. ასევე, ის, თუ როგორია სწორი და ნამდვილი გაგება ინკლუზიისა და რომელია არასწორი და დეფორმირებული ხედვა ამ პროცესის, რადგან სწორედ აღნიშნულის გააზრება, მიღება და ცოდნა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი საკლასო ოთახებსა და სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფებში ინკლუზიური განათლების ეფექტურობისთვის.

ინკლუზიაში ერთ-ერთი ძირითადი ბარიერი მისი არასწორი გაგებაა, მისი, როგორც ასიმილაციის აღქმა. ასიმილაციის დროს აქცენტირებულია ბავშვის ცვლილება იმისთვის, რომ ის გახდეს საკმარისად „ნორმალური“, რათა მოერგოს გარემოს და სისტემას და არა, პირიქით, მოხდეს გარემოსა და პირობების ადაპტირება, აკომოდაცია და მორგება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ყოფნა, არ ნიშნავს ინკლუზიას, ის არაა საკმარისი. ინკლუზიის საუკეთესო ვერსია არც ინტეგრაციაა, თუმცა, შესაძლოა, პოზიტიურად ჟღერდეს. ის მაინც არ გულისხმობს გარემოსა და პირობების სრულ ადაპტირებას, ცვლილებასა და მორგებას. ასე რომ, ინტეგრირების პრინციპი არაა სრულყოფილი. მას ხშირად ფორმალურობასა და სრული ჩართულობის დეფიციტს ედავებიან, რადგან ინტეგრაციის დროს, ბავშვი დროის დიდ ნაწილს შესაძლოა, ატარებდეს ცალკე სივრცეში და სასწავლო პროცესში მისი ჩართვა მხოლოდ გარკვეული აქტივობების დროს ხდებოდეს, რაც დროისა და არც საგანმანათლებლო პროცესების უმნიშვნელო ნაწილია. ნამდვილი ინკლუზიის დროს ხორციელდება დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან თავისუფალი, სოციალური და აკადემიური ინკლუზია, ბავშვის სრული ჩართვა პროცესში მისი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენებით და გარემოს შესაბამისი ადაპტირების გზით და ყველა მცდელობა და ძალისხმევა სწორედ ამისკენაა მიმართული.

საზოგადოების ნაწილს ეშინია ინკლუზიის. რატომ? რა საფრთხეებს ხედავენ? ის, რაშიც ხედავენ შიშს, სინამდვილეში ინკლუზიური განათლების საყოველთაო სიკეთე და სარგებელია.

ინკლუზია და აკადემიური მოსწრება

მშობლები და თვით ადრეული განათლების სპეციალისტებიც კი ღელავენ იმაზე, რომ დარღვევების მქონე ბავშვების ინკლუზიამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს დანარჩენების აკადემიურ შედეგებზე, თუმცა კვლევები საპირისპიროს ამბობს. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ დარღვევები, ავლენენ თანაბარ ან უფრო მაღალ აკადემიურ შედეგებს, ვიდრე ისინი, ვინც არაინკლუზიურ გარემოში სწავლობენ.

ინკლუზია და ქცევა

წუხილის საგანია ბავშვების ქცევაზე გავლენის მოხდენაც. თუმცა ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს პოზიტიური ქცევის განვითარებას, მათ შორის, დამოუკიდებლობის, მოთმინების, სხვისი განსხვავებულობის მიღებისა და საჭიროებებისადმი პასუხისმგებლობის განვითარებას.

კომუნიკაციის, ენისა და ფიზიკური განვითარება

 ინკლუზიისას მდიდრდება დანარჩენი ბავშვების ენისა და მეტყველების უნარები და ასევე, კვლევების მიხედვით, უმჯობესდება მათი ფიზიკური განვითარებაც.

ინკლუზია და ბულინგი

კვლევების მზარდი რაოდენობა ავლენს საინტერესო მიგნებას იმის შესახებ, რომ უფრო მეტია ბულინგის ალბათობა სეგრეგირებულ გარემოში, ვიდრე იქ, სადაც ინკლუზიური განათლებაა დანერგილი. ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს სოციალურ და ემოციურ განვითარებას, მეგობრული ურთიერთობების, ემპათიის ჩამოყალიბებას, რაც სეგრეგირებულ გარემოში ვერ მოხერხდებოდა. ის უზრუნველყოფს მიკუთვნებულობის განცდას ბავშვებში, რაც იდენტობისა და პოზიტიური თვითშეფასების ფორმირების წინაპირობაა.

სხვადასხვა სოციალურ გარემოში გარკვეული თვალსაზრისით განსხვავებულის დანახვისას ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გაოცების რეაქცია; ვარქმევთ მას ახალ, უცნაურ სახელს, რაც სტიგმატიზაციის წინაპირობას ქმნის. ადრეული ინკლუზიური განათლება კი არის წინაპირობა იმისა, შეიქმნას იმგვარი ჰუმანური საზოგადოება, რომელშიც განსხვავებულობა გაოცებისა და გაკვირვების საგანი არ იქნება და ის ისეთივე ჩვეულებრივ მოვლენად იქნება აღქმული, როგორც, მაგალითად, თაფლისფერი თვალები. დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმისაგან თავისუფალი საზოგადოების კონტურები ადრეული ასაკიდანვე იკვეთება და ყალიბდება. ადრეული განათლების პროფესიონალებს – პედაგოგებს ამ პროცესში მძლავრი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

როგორ მივხვდეთ, ნამდვილად ვახორციელებთ თუ არა ინკლუზიას? ახალ ზელანდიაში მშობლებსა და ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვლევის შედეგად იდენტიფიცირდა ის ფაქტორები, რომლებიც ამის განსაზღვრაში დაგვეხმარება. ამ კვლევის შედეგები თავისუფლად შეგვიძლია განვაზოგადოთ და ვუპასუხოთ ჩვენს კითხვას, როდის ხორციელდება ნამდვილი ინკლუზია:

  • როდესაც ბავშვები და მშობლები არიან მიღებულები, როგორც საზოგადოების ღირებული წევრები და გრძნობენ მიკუთვნებულობას;
  • ინკლუზია აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, ორდინალური მოვლენა და ცხოვრების ნაწილი;
  • როდესაც მიესალმებიან მშობლების ჩართვასა და კოლაბორაციას;
  • როდესაც თანატოლების მიმღებლობა და სოციალური ერთობა წახალისებულია;
  • როდესაც პირობები ბავშვის მისაღებად არაა დაწესებული და მის ყოფნას ნებისმიერ დროს მიესალმებიან;
  • ადაპტაციები განხორციელებულია;
  • ადრეული განათლების სპეციალისტები მუშაობენ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მშობლებს და გაუწიონ ადვოკატირება;
  • ქმნიან საჭირო რესურსებს, ცვლიან გარემოს და მოიძიებენ დაფინანსებას საჭიროების მიხედვით;
  • ყველა თანამშრომელი ჩართულია ყველასთან. მაგალითად, დამხმარე სპეციალისტების მხარდაჭერას იყენებენ ნებისმიერი საჭიროების დროს, ასევე, გარე და მოწვეული სპეციალისტები მუშაობენ მასწავლებლებთან ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად.

ინკლუზია ყველას ეხება. ჩვენ ყველა „ჩვენ“ ვართ. ესაა ღირებულება და ხედვა, რომელიც ჩვენი განვითარებულ და ჰუმანურ საზოგადოებად ჩამოყალიბების ნიშანია და მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ეს პროცესი ადრეული ასაკიდანვე იწყება.

გამოყენებული ლიტერატურა:

Ardic, A. 2014. A Practical Guide to Early Childhood Inclusion: Effective Reflection. International Journal of Early Childhood Special Education.

Blackburn, C. 2016. Early Childhood Inclusion in The United Kingdom. Infants and Young Children.

Cologon, K. 2014. Better Together: Inclusive Education in The Early Years. Oxford University Press.

European Agency for Special Needs and Inclusive Education. 2017. Inclusive Early Childhood Education: New Insights and Tools – Final Summary Report.

Rietveld, C.M. 2010. Early Childhood Inclusion: The Hidden Curriculum of Peer Relationships. New Zealand Journal of Educational Studies.

MacArthur, J. 2009. Learning Better Together.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“