ორშაბათი, იანვარი 26, 2026
26 იანვარი, ორშაბათი, 2026

დილემით სწავლების მეთოდის გამოყენება მუსიკალურ განათლების პროცესში

თანამედროვე განათლების სისტემაში სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ისეთი მიდგომების მიმართ, რომლებიც მოსწავლეს ასწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას, ინფორმაციის, გადაწყვეტილების მიღებასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რისი მიღწევის ერთ-ერთი მეთოდია დილემებით სწავლება.

დილემა არის მეთოდური ჩარჩო, როდესაც ინდივიდი ან ჯგუფი არჩევანის წინაშე დგას ორ ან მეტ ალტერნატივას შორის, რომელთაგან თითოეული გარკვეულ სირთულეებს, ნეგატიურ შედეგებს ან მორალურ წინააღმდეგობებს შეიცავს. ეფუძნება ღია კითხვების წარდგენას, ემოციურ ან ფაქტობრივ არჩევანს და ამ არჩევანის შედეგებზე დაფიქრებას, ეხმარება მოსწავლეს არსებული ცხოვრებისეული პრობლემების გააზრებაში, ამ პრობლემებთან მიმართებით არგუმენტირებული არჩევანის გაკეთებაში და სოციალური, ეთიკური თუ ემოციური ცნობიერების განვითარებაში.

დილემების ანალიზი კრიტიკული აზროვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტია, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შეხედულებები, ეძიონ კომპრომისები და განიხილონ სიტუაციები სხვადასხვა პერსპექტივიდან. დილემების გამოყენება სწავლებაში ხელს უწყობს ანალიტიკური უნარების, ემპათიის, ეთიკური მგრძნობელობისა და რეფლექსიის უნარის განვითარებას.

დილემებით სწავლების მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ საკითხის ღრმად გააზრება; ისწავლონ არგუმენტირებული მსჯელობა; განივითარონ კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დილემის განხილვა აგებულია პრობლემურ სიტუაციასა და განსხვავებული პოზიციების განხილვაზე, ამიტომ მან უნდა გააჩინოს მოსწავლეებში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ეს მიდგომა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, სიღრმისეული მსჯელობის, ღირებულებების გააზრებისა და თანამშრომლური უნარების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, როცა სწავლება ემოციურ და გამოცდილებით დატვირთულ საფუძველზე მიმდინარეობს.

დილემა, როგორც საგანმანათლებლო მეთოდი, გულისხმობს ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, სადაც არ არსებობს ერთადერთი სწორი პასუხი, მოსწავლემ უნდა შეაფასოს მოცემული ვითარება სხვადასხვა პერსპექტივიდან, გაიაზროს შესაძლო შედეგები და გამოიტანოს დასკვნა. სწორედ ამ პროცესში ყალიბდება 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა, არგუმენტირებული მსჯელობა, ემპათია და საკუთარი პოზიციის გამოხატვა.

დაწყებით, მუსიკალურ განათლებაში დილემებით სწავლება წარმოადგენს განვითარების ინსტრუმენტს, რომელიც აკავშირებს მოსწავლის შიდა სამყაროს გარე შემეცნებასთან, კრიტიკულ გააზრებას შემოქმედებით პროცესთან. ეს ინტეგრირებული მიდგომა ხელს უწყობს ფუნქციური წიგნიერების ჩამოყალიბებას მუსიკაში, რაც გულისხმობს ცოდნის ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრისა და ცოდნის შემოქმედებითი გამოყენების უნარს.

მუსიკა აერთიანებს ემოციას, ლოგიკას, ფანტაზიას, გამოცდილებას და ქმნის იდეალურ საფუძველს დილემებზე დაფუძნებული სწავლისთვის. მისი დანერგვა მუსიკის სწავლების პროცესშიც განსაკუთრებით ეფექტიანია. მოსწავლე იძენს უნარს – იმუშაოს ემოციებთან; შექმნას ინტერპრეტაცია, განწყობა და კონტექსტი. აქვე იბადება შესაძლებლობა, წარმოჩინდეს დილემები. მაგალითად, მოსწავლეს ვთავაზობთ მუსიკალურ სიტუაციას, სადაც მელოდიის ორი ვარიანტია: ერთი მკაცრი და სევდიანი, მეორე კი – მხიარული და მელოდიური. ვთხოვთ, გადაწყვიტოს რომელი მუსიკა უფრო შესაფერისია პერსონაჟისთვის, ან რომელია უფრო ახლოს მის განწყობასთან, იგი ამ არჩევანისას აფასებს მუსიკალურ ელემენტებს და ეყრდნობა საკუთარ განცდებს, გამოცდილებასა და ღირებულებებს. სწორედ ასეთ სიტუაციაში იბადება დილემური გააზრება: მუსიკა აღარაა მხოლოდ ემოციური რეაქციის საგანი, ის გარდაიქმნება აზროვნების, მსჯელობის პლატფორმად.

მუსიკის გაკვეთილზე დილემების გამოყენება აძლიერებს ინტერაქციას მოსწავლეებს შორის. დისკუსიები, ჯგუფური მსჯელობები, არგუმენტების წარდგენა და მოპასუხეების მოსმენა ქმნის დემოკრატიულ საკლასო გარემოს, სადაც მოსწავლეები ჩართულნი არიან, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენასა და საკუთარი აზრის დაცვას.

წარმოგიდგენთ დილემებით სწავლების რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს:

I კლასი

თემა: „სიმღერა – ხმამაღლა თუ ჩუმად?“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ სიმღერის ჟღერადობა შეიძლება იყოს როგორც ძლიერი, ისე მსუბუქი და ჰაეროვანი; გაიაზრონ მუსიკის მნიშვნელობა სხვადასხვა სიტუაციაში; განასხვაონ ხმამაღალი და ხმადაბალი შესრულება ემოციური აღქმის თვალსაზრისით; მოსწავლეს უყალიბდება საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი და პატივისცემა სხვისი არჩევანის მიმართ.

გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

  • როდის მოგწონთ ხმამაღლა სიმღერა?
  • როგორ გგონიათ, ჩუმად სიმღერა როდის არის საჭირო?
  • მასწავლებელი აჩვენებს ორ სურათს: ბავშვი, რომელიც მღერის დიდ სცენაზე ხმამაღლა და ბავშვი, რომელიც აკვირდება ჩიტის ფრთების მოძრაობას და ჩუმად მღერის.

აქტივობა:
მასწავლებელი სთავაზობს დილემას:

როგორ ფიქრობთ, ყოველთვის ხმამაღლა უნდა ვიმღეროთ, რომ ყველამ გაიგონოს? თუ შეიძლება ჩუმადაც ვიმღეროთ, რათა სიმღერა იყოს ნაზი და მიმზიდველი?

მასწავლებელი ასწავლის მარტივ საბავშვო სიმღერას („მზეო მზეო ცხრათვალა“).

კლასი იყოფა ორ ჯგუფად. I-ელი ჯგუფი-მღერის ხმამაღლა, I I ჯგუფი – მღერის ჩუმად.

განიხილავენ ჯგუფურად: რომელ სიტუაციაში შეიძლება ხმამაღლა სიმღერა იყოს გამართლებული (მაგ., ზეიმზე), და რომელში – ჩუმად (მაგ., ბავშვის დასაძინებლად).

გონებრივი იერიში (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

  • რა ისწავლეთ?
  • როგორი შეიძლება იყოს სიმღერის ჟღერადობა?

მასწავლებლის შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

პრესტრუქტურული მოსწავლე ვერ ასახელებს განსხვავებას ხმამაღალსა და ხმადაბალ სიმღერას შორის.
უნისტრუქტურული ასახელებს მხოლოდ ერთ განსხვავებას („ხმამაღალი უკეთ ისმის“).
მულტისტრუქტურული ასახელებს რამდენიმე განსხვავებას („ხმამაღალი – ენერგიულია, ხმადაბალი – ნაზი“).
მიმართებითი ხსნის, რომ სიტუაციის მიხედვით ორივეს აქვს მნიშვნელობა.
აბსტრაქტული ახდენს ზოგად დასკვნას: „მუსიკაში ხმის სიძლიერე უნდა გამოვიყენოთ ემოციის მიხედვით“.

მოსწავლის თვითშეფასება:

  • „დღეს მე ვისწავლე, რომ სიმღერა შეიძლება იყოს განსხვავებული“.
  • „შევძელი გამერჩია, როდის ჯობია სიმღერა ხმამაღლა და როდის ჩუმად?“
  • „მე დავამტკიცე, რომ ჩემი აზრი შეიძლება სხვა მოსწავლის აზრს ჰგავდეს ან განსხვავდებოდეს მისგან“.

მასწავლებლის რეფლექსია:

გაკვეთილი ბავშვებისთვის საინტერესო იყო, რადგან მარტივი მაგალითებით შეძლეს განსხვავების დანახვა და ადვილად ერთვებოდნენ არჩევანის პროცესში. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ სიმღერის შესრულება ორივე ვარიანტში. დილემამ ხელი შეუწყო ემოციურ აზროვნებას. საჭიროა მომავალში მეტი პრაქტიკული მაგალითი იმისათვის, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს საკუთარი არჩევანის დაცვის უნარი. მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი განავრცობს ამ თემას სხვა მუსიკალური ელემენტით (ტემპი).

 

II კლასი

თემა: „სასიამოვნო თუ რთული?“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა გააცნობიერონ სწავლაში ახალი გამოწვევების მნიშვნელობა; შეადარონ ნაცნობი და ახალი სიმღერების სწავლების სირთულე.

გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

  • რომელი სიმღერა მოგწონთ – რაც ყველამ იცით, თუ ის, რომელსაც ჯერ არ იცნობთ?
  • მოსწავლეებს მასწავლებელი სთავაზობს პატარა თამაშს:
  1. ცნობილი და მარტივი სიმღერის გამღერება;
  2. ახალი, ოდნავ რთული მელოდიის მოსმენა.

აქტივობა:
მასწავლებელი სთავაზობს დილემას:

როგორ ფიქრობთ, უნდა ვიმღეროთ მარტო ის სიმღერები, რაც ყველამ იცის, თუ შეიძლება ახალი სიმღერის შესწავლა, რომელიც რთულია?

კლასი ორ ჯგუფად იყოფა:

I-ელი ჯგუფი – მხოლოდ ნაცნობი სიმღერები არის სასიამოვნო („ყველა ერთდროულად მღერის, ამიტომ არ გვიჭირს“).

II ჯგუფი – რთული სიმღერები უფრო საინტერესოა („ვსწავლობთ ახალს“).
შემდეგ კლასი ერთად სწავლობს მოკლე, ახალი სიმღერის ფრაზას – თავიდან უჭირთ, მაგრამ ბოლოს უკეთ ასრულებენ.
მოსწავლეები ერთვებიან დისკუსიაში: „რომელი უფრო სჯობდა – მარტივის შესრულება თუ რთულის სწავლა?

გონებრივი იერიში (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

  • როგორ გრძნობდით თავს, როცა რთულ სიმღერას სწავლობდით?
  • მხოლოდ სიამოვნებაა მნიშვნელოვანი თუ განვითარება?

მასწავლებლის შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

პრესტრუქტურული „მარტივი მომეწონა“.
უნისტრუქტურული  „მარტივის მღერა უფრო ადვილია ჩემთვის“.
მულტისტრუქტურული ადარებს მარტივსა და რთულს, ხედავს როგორც მარტივის, ისე რთულის დადებით მხარეს.
მიმართებითი ხსნის, რომ ორივე საჭიროა, რადგან სხვადასხვა უნარს ავითარებს.
აბსტრაქტული ასკვნის, რომ რთულის სწავლა მოტივაციას ზრდის: „რთულის სწავლა გვეხმარება მომავალში უფრო დიდი სირთულეების დაძლევაში“.

მოსწავლის თვითშეფასება:

  • რომელი სიმღერა უფრო კარგად გამომივიდა?
  • რთული სიმღერის სწავლა შევძელი, თავიდან კი მიჭირდა.
  • როცა შევძელი რთული სიმღერა, ვიგრძენი სიამოვნება.

მასწავლებლის რეფლექსია:

მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს განსხვავება ცნობილ და ახალ სიმღერებს შორის. მათი დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა – თავიდან მარტივისკენ იხრებოდნენ, ბოლოს კი რთული სიმღერის შესრულებამ მიანიჭა სიამოვნება. ამ გაკვეთილმა მოსწავლეებს დაანახა, რომ გამოწვევები აუცილებელია.

 

III კლასი

თემა: „ტრადიცია თუ ინოვაცია?“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა გააცნობიერონ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და თანამედროვე ინტერპრეტაციის შესაძლებლობები. მოსწავლეებმა ისწავლონ ტრადიციული სიმღერებისა და თანამედროვე ინტერპრეტაციების განსხვავება, შეაფასონ ორივეს ღირებულება. განასხვაონ ხალხური და თანამედროვე სიმღერის როლი დღევანდელ დღეს.

გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

  • რომელი სიმღერები იცით თქვენი მშობლებისგან?
  • უსმენთ თუ არა თანამედროვე სიმღერებს ინტერნეტში?

მასწავლებელი აჩვენებს მაგალითს: ერთსა და იმავე ქართულ ხალხურ სიმღერას – ტრადიციულ და თანამედროვე შესრულებას. (,,აბაულა“ -კირილე პაჭკორიას შესრულებით და ,,აბაულა“ – მხატვრული ფილმი „პირველი მერცხლიდან“).

აქტივობა:
მასწავლებელი სთავაზობს დილემას:

როგორ ფიქრობთ, უნდა დავტოვოთ მხოლოდ ტრადიციული სიმღერები, თუ შეიძლება ინოვაციური, თანამედროვე ვერსიებიც გვქონდეს?

კლასი ორ ნაწილად იყოფა:

I-ელი ჯგუფი ამტკიცებს, რომ ტრადიცია მნიშვნელოვანია.

II ჯგუფი ამტკიცებს, რომ საჭიროა ინოვაცია.

მოსწავლეები წყვილებად ირჩევენ სიმღერას და წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება მისი ახალი ინტერპრეტაცია – სხვაგვარ ტემპში, რიტმში ან სხვა ინსტრუმენტებით.

გონებრივი იერიში (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

  • რა შეგვიძლია ვისწავლოთ ტრადიციიდან?
  • როგორ შეიძლება ინოვაცია დაგვეხმაროს ტრადიციის უკეთ გაგებაში?

მასწავლებლის შეფასება SOLO-ტაქსონომიის მიხედვით:

პრესტრუქტურული მოსწავლე ვერ ხედავს განსხვავებას.
უნისტრუქტურული ასახელებს მხოლოდ ერთ მხარეს („ტრადიცია კარგია“ ან „ინოვაცია კარგია“).
მულტისტრუქტურული ასახელებს ორივე მხარის უპირატესობებს. ხსნის, რომ ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს ავსებენ.
მიმართებითი აკეთებს დასკვნას: „ინოვაცია ტრადიციის გაგრძელებაა და არა შეცვლა“.
აბსტრაქტული ასკვნის, რომ ორივე ვერსია საჭიროა, რადგან ტრადიცია ინახავს წარსულს, ინოვაცია კი ხდის მას თანამედროვეს.

მოსწავლის თვითშეფასება:

  • დღეს მე ვისწავლე, რომ სიმღერა შეიძლება კარგი იყოს ძველიც და ახალიც.
  • მე შევძელი, რომ წარმედგინა ტრადიციული სიმღერის ახალი ვარიანტი.
  • ვიგრძენი განსხვავება ორ შესრულებაში.

მასწავლებლის რეფლექსია:

მოსწავლეებს სიამოვნებთ ექსპერიმენტი. ნაწილი ინარჩუნებს პატივისცემას ტრადიციული ფორმისადმი, ნაწილი კი კრეატიულობას აფასებს. მოსწავლეებს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ საკუთარი ინტერპრეტაციების შექმნისას. მათში აშკარად გამოიკვეთა განსხვავებული მიდგომები – ზოგი ინარჩუნებდა ტრადიციულ ელემენტებს, ზოგი სრულად ცვლიდა. გაკვეთილმა აჩვენა, რომ ბავშვები მზად არიან, შემოქმედებითად შეხედონ ფოლკლორს და შეაფასონ მისი თანამედროვე სახე. ეს გაკვეთილი ხელს უწყობს ღირებულებითი აზროვნების განვითარებას. მასწავლებელი მომავალ გაკვეთილზე აჩვენებს, როგორ შეიძლება ორივეს შერწყმა.

 

IV კლასი

თემა: დასაშვებია თუ არა მუსიკალური ნაწარმოების გამოყენება რეკლამაში?

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლემ გააანალიზოს მუსიკალური ნაწარმოების კონტექსტი და მისი გამოყენების მიზნები. ჩამოაყალიბოს პოზიცია მუსიკის რეკლამაში გამოყენების შესახებ. განივითაროს მოსმენის, განსჯისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

 აქტივობა:
მასწავლებელი სთავაზობს დილემას:

მოსწავლეები მოისმენენ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცნობილი ნაწარმოებს „მეხუთე სიმფონიას“, ორ განსხვავებულ კონტექსტში: ორიგინალური ორკესტრული შესრულება (კლასიკური ვერსია) და პოპულარული სარეკლამო რგოლი, სადაც იგივე მუსიკა გამოყენებულია პიცის რეკლამაში.

დაისვა დილემა:
„შეიძლება თუ არა სერიოზული კლასიკური მუსიკის გამოყენება კომერციულ რეკლამაში?“

კლასი ორ ნაწილად იყოფა:

  •  I ჯგუფი : „არა, ეს არის უპატივცემულობა კომპოზიტორის მიმართ“.
  • I I ჯგუფი: „კი, თუ რეკლამა შთამბეჭდავია და მუსიკაც უფრო ცნობადი ხდება“.

მოსწავლეებმა დისკუსიის შემდეგ თავად შექმნეს პატარა რგოლის იდეა, როგორ გამოიყენებდნენ კლასიკურ მუსიკას სხვაგვარად – სკოლის კეთილმოწყობისთვის.

 მასწავლებლის შეფასება SOLO-ტაქსონომიის მიხედვით:

პრესტრუქტურული ვერ იაზრებს განსხვავებას ორ კონტექსტს შორის – „ორივე ვარიანტი მომეწონა“.
უნისტრუქტურული აკრიტიკებს მხოლოდ რეკლამას ან მხოლოდ კლასიკას – „ბეთჰოვენი წინა საუკუნეების კომპოზიტორია, არ უნდა იყოს რეკლამაში“.
მულტისტრუქტურული ხედავს განსხვავებებს, მაგრამ ვერ აყალიბებს დასკვნას – „ეს მუსიკა რეკლამაში უფრო მომწონს, მაგრამ არ ვიცი, სწორია თუ არა“.
მიმართებითი აფასებს ორივე მხარეს და არგუმენტირებულად მსჯელობს – „თუ რეკლამა პატივისცემით მოეკიდება მუსიკას, შეიძლება მისი გამოყენება“.
აბსტრაქტული უკავშირებს საკითხს კულტურულ ღირებულებებს – „კლასიკური მუსიკა არ უნდა გახდეს გაყიდვების საშუალება, რადგან იგი მემკვიდრეობაა“.

მოსწავლის თვითშეფასება:

  • გავიაზრე, რატომ შეიძლება მუსიკის გამოყენება იყოს დილემა;
  •  შევძელი არგუმენტების ჩამოყალიბება;
  •  მქონდა ახალი იდეა რეკლამის გამოყენებაზე;
  • განვიცადე კომპოზიტორის პოზიცია.

 მასწავლებლის რეფლექსია:

მოსწავლეებმა იმსჯელეს, გამოავლინეს ემპათია და კარგი არგუმენტაცია. ზოგიერთ მოსწავლეს უჭირდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება ემოციის მიღმა. საჭირო გახდა კითხვების საშუალებით წამახალისებელი ინტერვენცია. მომავალში ვგეგმავ დილემური სიტუაციების განვრცობას ქართულ ფოლკლორზე – შეიძლება თუ არა ქართული ხალხური სიმღერის გამოყენება რომელიმე შოუს დასაწყისში? ასევე, დაგეგმილია სტუმრის მოწვევა – მარკეტოლოგის ან მუსიკოსის.

 

V-VI კლასი

თემა: „უნდა აიკრძალოს თუ არა აგრესიული სიმღერები?“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა გააცნობიერონ მუსიკის ზემოქმედება ადამიანების ემოციაზე, ქცევასა და სოციალური პასუხისმგებლობაზე; განიხილონ ცენზურის დადებითი და უარყოფითი მხარეები; განივითარონ კრიტიკული მსჯელობა მუსიკის ეთიკურ ასპექტებზე.

გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

  • როგორ გრძნობთ თავს, როცა აგრესიული სიმღერას ისმენთ?
  • შესაძლებელია მუსიკით განწყობის შეცვლა?

აქტივობა:
მასწავლებელი სთავაზობს დილემას:
როგორ ფიქრობთ, უნდა აიკრძალოს თუ არა საჯარო სივრცეში აგრესიული სიმღერების გაჟღერება?

მასწავლებელი აჩვენებს ორ ვიდეოს: ერთი – სიმღერა მშვიდი ტექსტით, მეორე – აგრესიული (მაგ., ძალადობრივი ან შეურაცხმყოფელი).

I ჯგუფი: „კი, რადგან ახალგაზრდებში იწვევს აგრესიას“.

II ჯგუფი: „არა, რადგან ეს თავისუფლებაა და სიმღერა მხოლოდ გამოხატვის საშუალებაა“.
მოსწავლეები მსჯელობენ: როგორ შეიძლება აგრესიულმა სიმღერამ პოზიტიურად ან ნეგატიურად იმოქმედოს მსმენელზე.

გონებრივი იერიში (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

  • შეგვიძლია მუსიკით მოვახდინოთ ემოციური ზეგავლენა?
  • რა არის პირადი პასუხისმგებლობა მუსიკაში?

მასწავლებლის შეფასება SOLO-ტაქსონომიის მიხედვით:

პრესტრუქტურული ვერ ხსნის პრობლემას – „ცუდია“ ან „კარგია“.
უნისტრუქტურული ასახელებს მხოლოდ ერთ ფაქტორს – „ახალგაზრდებზე ცუდად მოქმედებს“.
მულტისტრუქტურული ასახელებს ორივე მხარის არგუმენტებს.
მიმართებითი ხსნის, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთდროულად მნიშვნელოვანია. აკავშირებს ფაქტორებს – „თუ სიმღერა ძალადობრივია, შეიძლება გავლენა იქონიოს, მაგრამ აკრძალვა თავისუფლებას ზღუდავს“.
აბსტრაქტული ასკვნის: „მუსიკა თავისუფალია, მაგრამ მისმა ზემოქმედებამ უნდა გაითვალისწინოს ეთიკა.“ სთავაზობს ახალ მიდგომას: „უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიან სიმღერის ტექსტების კრიტიკულ ანალიზს“.

მოსწავლის თვითშეფასება:

  • „მე ვისწავლე, რომ მუსიკა შეიძლება აგრესიული იყოს“.
  • „სხვების მოსაზრება გავიგე და გავითვალისწინე“.
  • „შევძელი სხვადასხვა არგუმენტის დაკავშირება“.

მასწავლებლის რეფლექსია:

გაკვეთილმა აჩვენა მოსწავლეთა სოციალური აზროვნება და ეთიკური მსჯელობა მუსიკის არჩევისას.მათ დაინახეს მუსიკისა და ეთიკის კავშირი. დისკუსია მნიშვნელოვანი იყო სოციალური პასუხისმგებლობის ასახსნელად. მომავალში ამ თემას გავაგრძელებ მედიაწიგნიერებაზე.

 

VII-VIII კლასი

თემა: „ნოტები თუ ციფრული პროგრამები?“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა გააცნობიერონ ტრადიციული სანოტო სისტემისა და თანამედროვე ციფრული მუსიკალური პროგრამების მნიშვნელობა და განსხვავება; შეაფასონ მათი როლი, გააანალიზონ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე მუსიკოსისთვის.

გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

  • როგორ იქმნებოდა მუსიკა ადრე, როცა ტექნოლოგია არ არსებობდა?
  • როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ხელით ჩაწერილ ნოტებსა და კომპიუტერულ პროგრამაში შექმნილ მუსიკას შორის?
  • რომელი უფრო ამარტივებს მუსიკის შექმნას – ტრადიციული გზა თუ ციფრული?

ზოგი ამბობს, რომ სანოტო ჩაწერა რთულია, ზოგი კი ამტკიცებს, რომ პროგრამები „ყველაფერს თვითონ აკეთებს“. იქმნება ინტერესის და დაძაბულობის ფონი დილემის წინ.

აქტივობა:
მასწავლებელი სთავაზობს დილემას:

სანოტო ჩანაწერი Ludwig van Beethoven – Fur Elise და იგივე, შექმნილი ციფრულ პროგრამაში (მაგ., GarageBand ან FL Studio).

მოსწავლეები უსმენენ ორივეს და განიხილავენ:

  • რომელი უფრო ბუნებრივად ჟღერს?
  • რომელი უფრო მარტივად შეიქმნა?
  • შეიძლება თუ არა პროგრამამ ჩაანაცვლოს კომპოზიტორის ხელოვნება?

მასწავლებელი სთავაზობს დილემას:

„როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს სანოტო ჩანაწერი როგორც აუცილებელი უნარი ყველა მუსიკოსისთვის, თუ საკმარისია მხოლოდ ციფრული პროგრამების ცოდნა?“

მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად:

Iელი ჯგუფი – იცავს სანოტო სისტემას, როგორც მუსიკის საფუძველს.

I I ჯგუფი – ამტკიცებს, რომ ციფრული პროგრამები უფრო მოქნილი და თანამედროვეა.

მიმდინარეობს არგუმენტირებული დისკუსია. თითოეული ჯგუფი ასახელებს თავის პოზიციას და მოჰყავს მაგალითები.

გონებრივი იერიში (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

  • შეიცვალა თუ არა თქვენი აზრი დისკუსიის შემდეგ?
  • რომელი გზა უკეთ გამოხატავს შემოქმედებით თავისუფლებას – ნოტები თუ პროგრამები?
  • როგორ ფიქრობთ, მუსიკის სწავლა რომელი გზით უფრო საინტერესო იქნება მომავალში?

მოსწავლეები წერენ მცირე რეფლექსიურ ბარათებზე საკუთარ აზრს: „მე ვფიქრობ, რომ… რადგან…“.

მასწავლებლის შეფასება SOLO-ტაქსონომიის მიხედვით:

პრესტრუქტურული მოსწავლე ვერ არკვევს განსხვავებას ნოტებსა და პროგრამას შორის: „ორივე მუსიკაა“.
უნისტრუქტურული ასახელებს ერთ მარტივ განსხვავებას: „ნოტები იწერება ხელით, პროგრამა კომპიუტერულია“.
მულტისტრუქტურული ჩამოთვლის რამდენიმე მახასიათებელს: „ნოტები ასწავლის სიმაღლეს, პროგრამა ქმნის ხმას და ეფექტებს“.
მიმართებითი აფასებს ურთიერთკავშირს: „ნოტები აუცილებელია, რომ უკეთ გამოიყენო პროგრამა“.
აბსტრაქტული ქმნის ახალ ხედვას: „ორივე ერთად საუკეთესო შედეგს იძლევა“, „მე ვფიქრობ, ორივე ერთად საჭიროა, რადგან ტექნოლოგია ავითარებს მუსიკას, მაგრამ ტრადიცია გვასწავლის მისი არსს“.

მოსწავლის თვითშეფასება:

  • „გავიგე განსხვავება ნოტებსა და ციფრულ პროგრამებს შორის“.
  • „დისკუსიისას შევძელი აზრის არგუმენტირებულად დაცვა“.
  • „შევაფასე ორივე მიდგომის დადებითი და უარყოფითი მხარე“.

მასწავლებლის რეფლექსია:

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ტექნოლოგიები მათთვის უფრო ახლოა, თუმცა ნოტების მნიშვნელობასაც მიაქციეს ყურადღება. აქტივობამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს სიამოვნებთ თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა, თუმცა ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის ნოტების ღრმა მნიშვნელობა. მომავალში საჭიროა ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების ერთიანად ინტეგრირება — მაგალითად, ციფრულ პროგრამაში ნოტების გამოყენება.

 

IX-X კლასი

თემა : „უნდა ჩაანაცვლოს თუ არა ხელოვნურმა ინტელექტმა კომპოზიტორი?“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა გააცნობიერონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მუსიკის შექმნაში, შეაფასონ ადამიანური შემოქმედებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ბალანსი და განივითარონ ეთიკური აზროვნება ხელოვნებაში. გააანალიზონ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით პროცესს; გამოიმუშაონ პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი ტექნოლოგიურ პროგრესთან მიმართებით.

გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

  • როგორ იქმნება სიმღერები დღეს?
  • გსმენიათ მუსიკა, რომელიც AI-მა შექმნა?
  • როგორ ფიქრობთ, შეუძლია კომპიუტერს იგრძნოს ემოცია, შთაგონება, სევდა ან სიხარული?

მოსწავლეები იზიარებენ მოსაზრებებს: ზოგის აზრით, „AI უფრო სწრაფია“, ზოგის კი – „მას არ აქვს გრძნობები“.

აქტივობა:

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, მოუსმინონ ორ მუსიკალურ ფრაგმენტს: ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მელოდია და ადამიანის მიერ შექმნილი ემოციური კომპოზიცია (მაგ., ფილმის საუნდტრეკი).

მოსწავლეები წერენ შთაბეჭდილებებს:

  • რომელი მელოდია უფრო ცოცხალია?
  • იგრძნობა თუ არა ემოცია პირველში?
  • როგორ ფიქრობთ, კომპიუტერმა იცის, რა არის სევდა?

მასწავლებელი სთავაზობს დილემას:

„როგორ ფიქრობთ, თუ ხელოვნური ინტელექტი ქმნის მუსიკას, სჭირდება კი კაცობრიობას კომპოზიტორი?“

მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად:

I-ელი ჯგუფი – AI-ს შეუძლია ჩაანაცვლოს კომპოზიტორი, რადგან სწრაფად ქმნის ხარისხიან ნაწარმოებებს.

II ჯგუფი – AI ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანის შემოქმედებით სიღრმეს, რადგან ხელოვნება მხოლოდ ადამიანის სულიერ განცდაზეა დაფუძნებული.

III ჯგუფი – ორივე ერთად შეიძლება იყოს, რადგან AI ინსტრუმენტია, ადამიანი – შემოქმედი.

დისკუსია მიმდინარეობს არგუმენტებით, შედარებითა და მოსმენის უნარის განვითარებით.

გონებრივი იერიში (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

  • რომელი კომპოზიცია დაგამახსოვრდა და რატომ?
  • შეგიძლია წარმოიდგინო მომავალი, სადაც ყველა სიმღერა AI-მა დაწერა?
  • შეიძლება ხელოვნური ინტელექტი იყოს შემოქმედი, თუ მხოლოდ ინსტრუმენტია?

მოსწავლეები აფიქსირებენ პოზიციას წერილობით: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ… რადგან…“.

პრესტრუქტურული მოსწავლე ვერ ხსნის AI-ის როლს: „კომპიუტერი უბრალოდ უკრავს“.
უნისტრუქტურული ასახელებს ერთ განსხვავებას: „AI უფრო სწრაფია“.
მულტისტრუქტურული ჩამოთვლის დადებით და უარყოფით მხარეებს: „AI ქმნის სწრაფად, მაგრამ გრძნობები არ აქვს“.
მიმართებითი აკავშირებს ტექნოლოგიას შემოქმედებასთან: „AI ადამიანების შთაგონებით ქმნის, ამიტომ ნაწილობრივ კომპოზიტორია“.
აბსტრაქტული ქმნის არგუმენტირებულ დასკვნას: „AI ვერ ჩაანაცვლებს ემოციას, მაგრამ შეიძლება გახდეს ადამიანთან ერთად თანამონაწილე შემოქმედებაში“.

მოსწავლის თვითშეფასება:

  •  განვასხვავე ადამიანისა და AI-ის მუსიკის მახასიათებლები;
  •  დავაფიქსირე ჩემი პოზიცია არგუმენტირებულად;
  • მივხვდი, რომ ტექნოლოგია შეიძლება იყოს შემოქმედების პარტნიორი.

მასწავლებლის რეფლექსია:

გამოვლინდა მოსწავლეთა მაღალი ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართ. მოსწავლეებმა განიხილეს თანამედროვე გამოწვევა – ტექნოლოგია ხელოვნებაში. დისკუსიამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს ესმით ემოციის მნიშვნელობა ხელოვნებაში. ეს თემა ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების საშუალებას იძლევა. მომავალში შესაძლებელია პროექტის დაგეგმვა თემაზე „ადამიანი და AI ერთად ქმნიან მუსიკას“ — შემოქმედებითი სინთეზის პრაქტიკული გამოცდილებისთვის.

მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა, საუკეთესო საშუალებაა, რათა მოსწავლეებმა ისწავლონ გადაწყვეტილებების მიღება, განსხვავებული აზრის პატივისცემა და შემოქმედებითობა – ის უნარები, რომლებიც მათ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დასჭირდებათ.

დილემებით სწავლება მუსიკის გაკვეთილზე არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ფიქრი მუსიკის ენით. დილემა მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას აქცევს ინსტრუმენტად, რომელიც ავითარებს: არგუმენტირებულ მსჯელობას, განსხვავებული პოზიციების მოსმენასა და გააზრებას, პრობლემის ღრმად დანახვას და საკუთარი დამოკიდებულების ფორმირებას. იგი აერთიანებს ემოციასა და გონებას, ტრადიციასა და ინოვაციას, ინდივიდსა და გუნდს. ასეთი სწავლება მოსწავლეს უყალიბებს არა მხოლოდ მუსიკალურ უნარებს, არამედ კრიტიკულ აზროვნებას, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის უნარსა და პასუხისმგებლობას. ეს კი სრულად შეესაბამება დღევანდელი განათლების მიზნებს: ფუნქციური წიგნიერების განვითარება, ინდივიდუალური აზრის დაფასება, სოციალური კომპეტენციების გაძლიერება და შემოქმედებითი მოქალაქის ფორმირება.

აღსანიშნავია, რომ დილემების თემატიკა მუსიკაში შეიძლება მოიცავდეს როგორც ეთიკურ საკითხებს (მაგ. მუსიკის შინაარსი და გავლენა), ასევე კულტურულ მრავალფეროვნებას, გენდერულ საკითხებს, მუსიკისა და ტექნოლოგიის ურთიერთობას, ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს, რაც ცხადყოფს ამ მიდგომის მრავალმხრივ პოტენციალს.

როდესაც მოსწავლე განიხილავს მუსიკოსის ქცევას, წყვეტს მუსიკალურ არჩევანს ან თავდაჯერებული მსმენელის პოზიციას – ის უკვე აღარ არის უბრალოდ მსმენელი ან შემსრულებელი, მოსწავლე ხდება აქტიური თანამონაწილე, რომელმაც იცის, რომ ხელოვნებას შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, პოზიციის დაფიქსირება და ცვლილების ინიციირება.

დილემებით სწავლება მუსიკის გაკვეთილზე ეფუძნება კულტურულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ის ქმნის იმ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მოსწავლე იძენს მუსიკალურ უნარებს და ყალიბდება, როგორც სწორი ღირებულებების მქონე, პასუხისმგებლობიანი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“