ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნუგზარი პაპას ზღაპრები

წერილის სათაური  „დაჩის ზღაპრების“ მიბაძვით გამოვიგონე. თუმცა, ნუგზარი პაპა მართლაც არსებობს, ჩემი მეზობელია და ზუსტად ჩემს ზემოთ ცხოვრობს. სადღაც 9-10 წლიდან ვიცნობ და პაპას არა, მაგრამ დღემდე ბიძიას ვეძახი (აქ კი, მაინც „პაპას“ დავწერ, წერილის გასახალისებლად). განათლებით ფიზიკოსია, შესაძლოა კარგი ფიზიკოსიც, მაგრამ ჩემზე სულ უგზო-უკვლოდ ნაკითხი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

შეიძლება ითქვას, რომ მის ზღაპრებზე ვარ გაზრდილი.

არა, არ იფიქროთ, რომ მართლა ზღაპრებს მიყვებოდა. გამოგონილი სამეცნიერო ამბები ჰქონდა თავისივე ჩადენილი პატარ-პატარა არასწორი საქციელების (სხვა, წერილისთვის შესაფერი, სიტყვა ვერ მოვიფიქრე) გასამართლებლად.

სახლში რემონტი თავის ხელით აქვს გაკეთებული. აკეთებდა წლების განმავლობაში და ისიც ღამ-ღამობით, ან კვირას, სისხამ დილით, როდესაც ნორმალურ ხალხს ეძინა. როდესაც დედა შენიშვნას აძლევდა:

-კარგი რა ნუგზარ, დაგვასვენე, დაგვაძინეო, პასუხი მზად ჰქონდა, მუზა ამ საათებში მსტუმრობს და აბა, რემონტი როდის გავაკეთოო??..

შესაბამისად, მაქვს მოსმენილი ზღაპრები ღამით მოსულ ჩაქუჩით კაკუნის მუზაზე ან ხმაურის ექოზე, რომელიც დღისით სადღაც იმალებოდა და სწორედ ღამე, როდესაც ყველა მიყუჩდებოდა, გადმოიღვრებოდა ხოლმე დეციბელებად.

სხვათა შორის, ეკოლოგიურ ქიმიაში ხმაური გარემოს დამაბინძურებელთა სიაშია შეტანილი და ერთხელ ამაზე უკვე დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=18767

ის დრო, ხომ გახსოვთ, გათბობა და ცხელი წყალი, რომ გამორთეს. მეც მახსოვს… ისიც მახსოვს ნუგზარი პაპა, ზედ თავის ლოჯში, მამა-პაპური ბუხრისთვის, როგორ ჭრიდა შეშას, ჩვენი ჭაღი კი ლეკურს ცეკვავდა. ერთხელაც  არ დავიზარეთ და დედასთან ერთად თავზე დავადექით. პირში თერმომეტრით ლოგინში ჩათბუნებული დაგვხვდა,:

-რას ამბობთ ხალხო, ბოილ-მარიოტის კანონის (კანონები ნამოქმედართან სულაც არ მოდიოდა შესაბამისობაში. რაც იმ წუთას ახსენდებოდა იმას ამბობდა. აქ მთავარი ტერმინოლოგიის ბრახა-ბრუხი იყო) თანახმად, თქვენს ჭაღზე ვიბრაცია პარალელური სამყაროდან  თუ გადმოვიდოდა, თორემ მე ავად ვარ, რა შეშის დაჭრაო?

დედამ ვერ მოითმინა და უთხრა:

-ფეხსაცმელები გიჩანს ლოგინიდან, მკურნალობის ახალი წესიაო? (როგორც ჩანს, როდესაც კარებზე ჩვენი ზარი გაიგო, მიხვდა ვინც იქნებოდა და ფაცხა-ფუცხით ლოგინში ჩახტა თავის მოსავადებლად, ფეხსაცმლის გახდა კი დაავიწყდა).

ნუგზარი პაპა, არ დაიბნა, მცივაო თქვა და ამოვიცვი მაინც ეს დალოცვილებიო.

წყლის ჩამოსხმა უყვარდა ძალიან. არა, წყალი მოშვებული კი არ რჩებოდა (თუმცა, ვინ იცის), ყველა წერტილში რაღაც ჰქონდა შესაკეთებელი და ეზარებოდა გარემონტება. თათარ-იახნად რაღაცას ააკრავდა და მორჩა. ძალიან უყვარდა ზღაპრები წვიმის წყალზე. როგორ იწვიმას მაისში ხომ გახსოვთ, არა? ჰოდა, დაგროვდა ეტყობა სადღაც ზემოთ და ახლა, ოქტომბრის ბოლოს ნახა გზა… ჰოდა, ჰოპ და თქვენს სახლში არ ჩამოვიდა? ვაჰ, კაცოოო, ხელებს შემოკრავდა ერთმანეთს, რას გაუგებ წყლის ძალას.

დედას კამათი, ჩხუბი და საქმის გარჩევა არ შეეძლო, ეს ყველაფერი ისე სძაგდა, რომ ლამის ცუდად ხდებოდა. ჰოდა, საკადრის პასუხს, რომ არავინ უბრუნებდა ამ ჩვენს მეზღაპრეს, ესეც სულ ახალ-ახალ მითებს იგონებდა და ჰყვებოდა.

-კაცოო, ნიუტონის მესამე კანონი გახსოვთ, არა?…ჰოდა…

ამას წინადაც კვლავ წყალი ჩამომასხა.

მარტოს  მომიწია ასვლამ, რომ ნუგზარი პაპას მორიგი ზღაპარი მომესმინა:

-გოგო, შენ ხომ გახსოვს, სააბაზანოს სველ წერტილში ცხელი და ცივი წყლის მილები ერთმანეთში, რომ გადიოდა…

-არა, არ მახსოვს!… კოპებშეკრულმა უპასუხე

-ჰო, დედაშენს ახსოვდა…

-ჰმ, იცის, რომ ვეღარ გადავამოწმებ…

-მერე? -მაინტერესებს ზღაპრის ახალი ვერსია,

-მერე ის, რომ ….

მერე ის, რომ ჩემმა გამოძახებულმა ექსპერტმა მის სველ წერტილში მჟონავი ადგილი იპოვა. თუმცა, პაპა თავისას აგრძელებდა:

-რა მოხდა იცი ეტყობა, კონდენსაცია, რომ წავიდა, მერე წამოვიდა და გადმოვიდა და მერე ისა…ვაჰ, კაცოოო, დაილოცოს წყლის ძალა, კაცოოო.

წყლის ძალა მართლაც უნდა დაილოცოს.

წყალზე უამრავჯერ მაქვს დაწერილი, თუმცა ქიმია ამოუწურავია და შესაბამისად დღესაც  ახალი კუთხით გაშუქებას შევეცდები.

წლები გადის და სასმელი წყალი დედამიწაზე ფაქტობრივად სტრატეგიული რესურსის სტატუსს ირგებს… რადგან, დღეს მტკნარი წყლის ადგილების უმრავლესობა საოცრად ბინძურდება ქიმიური თუ სამრეწველო ნარჩენების უკონტროლო ჩაყრა-ჩაღვრით. დღეს აფრიკის და სხვა მესამე რიგის ქვეყნებში დაბინძურებული წყალი უფრო დიდ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე კოვიდი, შიდსი, კიბო და ა.შ. ერთად აღებული. ალბათ, სწორედ ასეთი ქვეყნებისთვის კომპანია P&G ბაზარზე გასაყიდად წყლის გაწმენდის ფხვნილი გამოუშვა. ასეთი ფხვნილის შეძენა ამაზონზეა შესაძლებელი. ინსტრუქციის თანახმად, ყრი დაბინძურებულ წყლიან ბოთლში, კარგად ანჯღრევ და რამდენიმე წუთში, ბოთლის ფსკერზე სქელი ნალექი წარმოიქმნება. წყლის ზედა ფენის დალევა კი შესაძლებელი ხდება.  ფხვნილი არაორგანული მარილებისგან შედგება-Fe2(SO4)3, Al2(SO4)3. ეს მარილები არაორგანული კოაგულანტები არიან. ანუ,  მძიმე მეტალების მარილების გამოლექვას იწვევენ. გარდა ამისა, ფხვნილში შედის კალციუმის ჰიპოქლორიდი Ca(ClO)2, ეს უკანასკნელი ქლორის დონორია, რომელსაც 99% ბაქტერიების, ვირუსების და სხვა დამაბინძურებლების განეიტრალება შეუძლია.

წყლის გამწმენდ დიდ სადგურებზე დაახლოებით იმავე პრინციპით წმენდენ სასმელ წყალს. ანუ, ამატებენ კოაგულანტებს, თუმცა ქლორს სპეციალური დანადგარებიდან უშვებენ, ან უფრო თანამედროვე ოზონირების მეთოდს მიმართავენ.

ბევრ ქვეყნებში სასმელ წყლად, ე.წ. ზედაპირულ წყლებს, იგივე მდინარეების და ტბების წყლებს იყენებენ.

მათი წყლის ვარგისიანობის დასადგენად მთელი რიგი აუცილებელი ანალიზები არსებობს.

მაგალითად,

გახსნილი ჟანგბადის (DO) რაოდენობა – ჟანგბადი წყალში ჰაერთან შეხების შედეგად გადადის, ასევე წყალმცენარეების ფოტოსინთეზით გამოიყოფა. წყალში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა  დამოკიდებულია ტემპერატურაზე, სიმღვრივის მაჩვენებელზე, მინერალიზაციაზე.

ელექტრო გამტარობა-წყლის ერთ-ერთ ასევე მნიშვნელოვან მახასიათებლად ითვლება. ის დამოკიდებულია წყლის ტემპერატურასა (რაც მაღალია ტემპერატურა, მით მეტია გამტარობა) და მინერალიზაციაზე. ბუნებრივი წყლები ძლიერი და სუსტი ელექტროლიტების ნარევია. წყლის მინერალიზაციას ძირითადად განაპირობებს: Na+, K+, Ca2+, Cl, SO42-, HCO3. სწორედ ამ იონებითაა განპირობებული ბუნებრივი წყლების ელ. გამტარობა. სხვა იონები კი, მაგ. Fe3+ Fe2+, Mn2+, Al3+, NO3, HPO4, H2PO4 ელ. გამტარობაზე დიდ ზეგავლენას არ ახდენენ (თუ არ იქნება მათი დიდი რაოდენობა, რა თქმა უნდა. მაშინ მათი გავლენაც იზრდება).

ელ. გამტარობას ფიქსირებული ნორმები არ აქვს, თუმცა მაგ. 2000 μS/cm დაახლოებით 1000 ppt  მარილიანობას შეესაბამება. ასევე, მაგალითისთვის შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ბიდისტილატის გამტარობა 0.05 μS/cm-ია, ხოლო 25 0C ზღვის წყლის კი-50000 μS/cm.

TDS ანუ, მთლიანად გახსნილი ნაწილაკები დამატებით ინფორმაციას გვაძლევს წყლის გამჭვირვალობაზე მეთოდი. 150-250 ppm წყლის გამჭვირვალობის კარგი მაჩვენებელია. ანუ, ძალიან მცირე რაოდენობითაა ნაწილაკები გახსნილი და ასეთი მაჩვენებელი სასმელი წყლისთვისაც  გამოდგება. 1200 ppm-ზე მეტი უკვე დაბინძურებულად ითლება.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელსაც  ზომავენ-რედოქს პოტენციალია. მეორენაირად, მას ჟანგვა-აღდგენით პოტენციალსაც უწოდებენ. აღინიშნება Eh სიმბოლოთი, განზომილება (mV)  და pH, ტემპერატურასა და მარილიანობასთან ერთად წყლის სტაბილურ მდგომარეობას ახასიათებს. ტბებსა და ზედაპირულ წყლებში მაჩვენებელი მერყეობს -0,5 დან +0.7, თუმცა ზოგიერთი ტიპის წყალში -0.6 ზე მეტი მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ასეთ დროს გოგირდის და გოგირდწყალბადის მომატებულ შემცველობაზე შეიძლება ვისაუბროთ. რედოქს მაჩვენებლით წყალი შეიძლება იყოს:

  • Eh >+(0,1-1,15 მეტი) – წყალში მჟანგავი გარემოა, წყალში არის გახსნილი ჟანგბადი და Fe3+, Cu2+, Pb2+, Mo2+  იონები.
  • Eh -0,0-დან +0,1-მდე – გარდამავალი ჟანგვა-აღდგენითი გარემოა, არამდგრადი გეოქიმიური რეჟიმია, ჟანგბადის და გოგირდწყალბადის  ცვლადი  რაოდენობა, ასევე სხვადასხვა მეტალების სუსტი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები. მიუთითებს ასევე მიკროორგანიზმების და ეუთროფიკაციის პროცესის არსებობაზე.
  • Eh<0,0 -აღდგენითი გარემოა. წყალში მიუთითებს გოგირდწყალბადის და Fe2+, Mn2+, Mo2+ მეტალების სავარაუდო არსებობაზე.

გავაგრძელო?

არა, ახლა მეტი არ ღირს, თორემ წერილი, რომ ნუგზარი პაპამაც ნახოს, ახალ ზღაპრებს მოიგონებს და მევე მომიყვება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი