ზოგჯერ მგონია, ერთმანეთს დაბადებამდე ვიცნობდით და წინასწარ, სხვა სამყაროში მოვილაპარაკეთ, რომ აქ დედა-შვილი ვიქნებოდით. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან უყვარდი, მაგრამ ბოლომდე ყველაფერი მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გავაცნობიერე. იმ გრძელი და უძილო ღამეების დროს, როდესაც ჭერში თვალებაპყრობილი ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმ ომზე, რომელშიც ბოლო ორი წელი ვიყავით ჩართული და სასტიკად დავმარცხდით.
ამ დამარცხებიდან დღეს, 24 ივნისს, ხუთი წელი გავიდა. ნუ იფიქრებთ, რომ დრო მკურნალია. არაფერს კურნავს, უბრალოდ გაჩვევს, გავალდებულებს ცხოვრება განაგრძო… რადგან იქ წასულებსაც შენი მიხედვა სჭირდება. რადგან… დედას გაუხარდება, თუ ბედნიერი იქნები და კიდევ ძალიან ბევრი „რადგან“ არსებობს, რომელსაც ეჭიდები და ცდილობ, სხვებსაც და საკუთარ თავსაც დაუმტკიცო, რომ წინ გზებია გასავლელი, ყველაფერი კარგად არის და ამიტომ, ყველაზე ხმამაღლა იცინი… არადა, სწორედ მაშინ გეწურება გული ტკივილისგან, რადგან მაინცდამაინც ამ დროს წარმოგიდგება თვალწინ ის ბოლო შემოხედვა, დამშვიდობება და ამოსუნთქვა. ჰოდა, თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ სიცილს ბედავ და ეს შიგნიდან გჭამს.
ჰო, ხუთი წლის წინანდელი 24 ივნისი ჩვეულებრივ გათენდა. არა, გატყუებთ, ჩვეულებრივი არ ყოფილა, უფრო დამძიმებული მეჩვენა, მაგრამ მე სულ მეგონა, რომ გადავაგორებდით. მე იცით, როგორ ვიყავი? გამომშრალი და დაცარიელებული, ყველაფერს რობოტივით ვაკეთებდი. სიმართლე გითხრათ, გადაღლილიც, რადგან ბოლო ექვსი თვე ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა.
რაღაც მორიგ პროცედურას უკეთებდა სპეციალურად სახლში მოსული სამედიცინო პერსონალი, გავაცილე და მოულოდნელი შეტევაც დაიწყო. ბოლომდე გონებაზე იყო, ბოლომდე იბრძოლა. ბოლომდე ხელს არ მიშვებდა და როდესაც ძალა მოვიკრიბე, რომ მადლობა გადამეხადა, იმ სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის და თავდადებისთვის, რაც მან მაჩუქა, თავს ძალა დაატანა, დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ასწია, რომ შემოეხედა და ენიშნებინა, რომ ყველაფერი გაიგო. მიდიოდა, მაგრამ კივილით ვაბრუნებდი უკან… ჰო, ჰო, აქ ვარ და მიყვარხარო, ჩურჩულებდა.
– და ვინც უყვართ, იმისგან არ მიდიან-მეთქი…
– ასე გამოვიდაო, კვლავ ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად მითხრა და დააყოლა – წყალიო…
გავიქეცი მოსატანად და… ჩემი გასვლით ისარგებლა, გაფრინდა…
მე არ მიტირია… რა ცრემლი, დანა, რომ ვინმეს დაერტყა, წვეთი სისხლი არ გადმომვარდებოდა. ძალიან ცივი გონებით ვასრულებდი, მის მიერვე ადრე გაწერილ გეგმას… რა მექნა, ვისთვის დამერეკა, რა გამეკეთებინა. ჩვენ სოფელში წავედით. ასეთი იყო მისი ნება. იმ დღეებს „მექანიკურ დღეებს“ დავარქმევდი, რადგან თავად ვგრძნობდი თავს მექანიკურ თოჯინად. მახსოვს, როგორ ვიდექი გათხრილ საფლავთან და იქ მის ჩაშვებამდე კიდევ ერთხელ მოხვევა და მოფერება მინდოდა, მაგრამ არ მივედი… წარმოგიდგენიათ? ხალხის მომერიდა… რამდენჯერ ვუწოდე შემდეგ საკუთარ თავს სულელი, ამის გამო.
ამავე საღამოს დავბრუნდი თბილისში და სახლში შემოსულმა ერთი დავიკნავლე:
- დედაა, მოვედიი…
ჰმ, მივაყურადე კიდეც, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. დამავიწყდა მეთქვა, ბოლო დღემდე მპასუხობდა ხოლმე:
- მოდი, დედა გენაცვალოს, მოდი!
ზემოთ დავწერე, არ მიტირია-მეთქი. ტირილი მერე დაიწყო, როდესაც საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი დასრულდა. მამა რვა წლისამ დავკარგე და მგონი მაშინ არ დამიღვრია იმდენი ცრემლი, რაც ამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე.
ცრემლი ოხერია, რაღაცნაირად გცლის და გამშვიდებს. ამოიტირებ, ამოიწითლებ, ამოისრეს თვალებს და თითქოს დროებით მშვიდდები.
თურმე, დამშვიდება ემოციურ განტვირთვას კი არ მოაქვს, როგორც აქამდე ფიქრობდნენ, არამედ ცრემლის ქიმიურ შემადგენლობას.
ცრემლს საცრემლე ჯირკვალი გამოიმუშავებს და მას დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვენს თვალებს სიმშრალისგან იცავს. კონიუქტივის ზედაპირს და რქოვანას მუდმივად ასველებს და მათ ოპტიკურ ფუნქციას აუმჯობესებს. ცრემლს რთული შედგენილობა აქვს. მცირე რაოდენობით ლორწოს, ცილა მუცინის ფენას შეიცავს, რომელიც თავის მხრივ წყლის ფენითაა დაფარული, ყველაზე ზედა შრე კი ზეთისებრ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ლიპიდებისა და ცხიმების წარმოებულთა ნარევს შეადგენს.
წყლიან ფენაში მიკროელემენტებია გახსნილი – ნატრიუმის, ქლორის, კალციუმის იონები. სწორედ ეს აძლევს ცრემლს დამახასიათებელ მლაშე გემოს. ამ ფენაშივეა ისეთი მნიშვნელოვანი ცილები, როგორიცაა – ალბუმინები, ლიზოციმი, იმუნოგლობულინი A. სწორედ მათი დამსახურებაა ცრემლის ანტიმიკრობული თვისებები.
იმუნოგლობულინ A-ს შემდეგ, ყველაზე მძლავრი ანტიბაქტერიული თვისებები ცილა ლიზოციმს ახასიათებს. 5-10 წუთის განმავლობაში ბაქტერიების 95%-ს ანადგურებს. სხვათა შორის, ლიზოციმი თავის ქმედებას ცხვირხახაშიც განაგრძობს და ცრემლის იქ მოხვედრისას ბაქტერიებს სპობს. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ცრემლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ოლეამიდი, რომელიც ადრე მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემის და თავის ტვინის უჯრედებში იყო აღმოჩენილი. ცრემლში მისი კონცენტრაცია უშუალოდ ტირილის დროს იმატებს. თუმცა, რა ფუნქციას ასრულებს მხედველობისთვის, ჯერ დაზუსტებული არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, მისი მეშვეობით ტირილის დროს მავნე ნივთიერებები ტოვებენ ორგანიზმს. ესენი პირველ რიგში, სტრესის ჰორმონებია.
ნორმალური დატვირთვის შემთხვევაში ჯანმრთელ თვალს დღე-ღამეში 0,5-1მლ ცრემლი სჭირდება. რა სჭირდება 21-ე საუკუნის ადამიანს, რომელსაც კომპიუტერში ჩაურგავს თავი და ფაქტობრივად საცხოვრებლადაც ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებულა. მან შეიძლება „მშრალი თვალის” სინდრომი შეიძინოს. ამ დროს, ცრემლის გამომუშავება შეფერხებულია, რამაც ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, ისეთი, როგორიცაა რქოვანას დარბილება და ა.შ. ამიტომ, თანამედროვე ადამიანს ოფთალმოლოგები ხელოვნური ცრემლის გამოყენებას ურჩევენ, რომელიც შემადგენლობის მიხედვით ბუნებრივი ცრემლის იდენტურია. ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ცრემლი წამალი არ არის, მხოლოდ თვალის ფუნქციის შესანარჩუნებელი დამხმარე საშუალებაა. ზოგიერთი მათგანი მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინებითაც კი არის გამდიდრებული.
ცრემლის გამოყოფის ინტენსივობა ასაკზეც ყოფილა დამოკიდებული. 55 წლიდან მისი წარმოქმნა და გამოყოფა 20%-ით მცირდება.
ადამიანის ცრემლს სამ კატეგორიად ყოფენ. ბაზალური, რეფლექტორული და ემოციური. ისინი ქიმიური შემადგენლობით მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ბაზალური ცრემლი მუდმივად გამოიყოფა და თვალის რქოვანას დასველებას ემსახურება. ასევე თვალს მტვრისა და ბაქტერიებისგან იცავს.
რეფლექტორული ცრემლი – ორგანიზმის რეაქციაა გაღიზიანებაზე, მაგ. თვალში უცხო სხეულის მოხვედრაზე, ან ხახვის დაჭრის შედეგად გაღიზიანებაზე.
ემოციური ცრემლი, ემოციების დროს გამოიყოფა, როდესაც რაიმე ან გვიხარია ან გვწყინს. ზემოთ, ჩემ მიერ აღწერილი ქიმიური შედგენილობა ზუსტად ცრემლის ამ მესამე კატეგორიას შეესაბამება. ემოციური ტირილის დროს პროცესში სახის 43 კუნთი მონაწილეობს და გადამეტებული ტირილი ნაოჭებს ტოვებს სახსოვრად. თუმცა, ეს ნაოჭები სწორედ იმ ემოციის ნაწილია, რის გამოც იტირე.
დედას სიზმრად ხშირად ვნახულობ. სიზმრის ათასნაირი სიუჟეტი მინახავს. ბოლოს, როცა მესიზმრა, მითხრა, ქეთო, გარეთ გამოდი, დღეს ბევრი იმუშავე და გავისეირნოთო. გავედი… სადღაც ზემოთ ავედით აღმართზე, ოღონდ მოქუფრული ამინდი იდგა და ჟინჟლავდა. მერე მითხრა, სულ წვიმს, აღარ გამოიდარაო. წადი ახლა შენ, დაბრუნდი სახლში, არ დაგიღამდესო, მე ჩემთან წავალო.
ჰოდა, იცით რა ვიფიქრე? იქ, იმ ქუჩაზე იქნებ ჩემი ცრემლების გამო აღარ გამოიდარა? იქნებ ძალა მოვიკრიბო და დღეს, ხუთი წლის თავზე გავუშვა… იქნებ, მის ლამაზ სულს თავის საქმეები აქვს, მე კიდევ ვებღაუჭები და აქ ვაკავებ…
ჰოდა, მინდა ეს წერილი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. ზოგს ირონიულად ჩაეღიმება, ჩემზე იტყვის ამხელა ქალს საქმე გამოლევიაო… ზოგიც იფიქრებს, ეს რა აქ დასაწერი ამბავი იყოო… ზოგი ჩაიცინებს (ან, იქნებ არც), ძალიანაც კარგი, ასე მოგიხდებაო, ზოგიც გულწრფელ თანაგრძნობას იტყვის, მაგრამ თითოეული ემოცია ენერგიად გარდაიქმნება და ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულს ამინდის გამოდარებაში დაეხმარება.
მერე კი, როცა დრო მოვა, ისევ შევხვდები. ვიცი, საზღვარზე გადავალ თუ არა, იქვე იდგება, გულში ჩამიკრავს და მეტყვის:
- ქეთო, ბეჭებში გაიშალე და წავიდეთო!