სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

აქ, ჩვენთან . ზაზა ხალვაშის სამყარო

„ფილმის გადაღება მინდოდა სიჩუმეზე…“

ფიქრი რამდენჯერაც შევარხიე, მხოლოდ ხატებად ამოიზიდა: ნისლის კორომში წვერამოჩენილი სიმშვიდე, ტბის პირას ჩახრილი მშვენიერება, წვიმის ნედლ თქორში გამხელილი საიდუმლო სადღაც იქვე, შორიახლოს, ზღვის არსებობაზე… ეს ხატები ქმნიან იგავებს, ერთგვარ მითოსურ სამყაროს, რომელშიც თავდაპირველი განცდით მეტყველებს ყოველი არსი.

ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა – იგავი მარტოობის მშვენიერებაზე, ანაც პირიქით.

წარმოუდგენელია, შეუძლებელიც, ამ სამყაროს გააზრება მისი განცდის გარეშე დაიწყო. განცდაში მხოლოდ ემოციას როდი ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ხალვაშის სამყარო ამ მხრივაც განსაკუთრებულია – ემოციური ინტელექტით გამსჭვალული. განცდაში ვგულისხმობ, უპირველესად, ღვთაებრივ რეფლექსიას, მეტაფიზიკურ დინამიკას, რომელშიც მის კინოსთან თუ სიტყვასთან შეხებისასვე ვარდები, როგორც კენჭი მორევში. ყოველი ახალი წრე, შენს თავს თუ შენში დატრიალებული, ახალი სივრცეების აღმოჩენაა, იდეათა და სახე-ხატთა ახალი ფერხულია, შენ კი ბრუნავ ამ ფერხულში ყუჩი დერვიშივით და ივსები აზრით, რომ ამ ცეკვას არასოდეს დაივიწყებ!..

ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „ინტელექტმა“, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ საინტერესო კვირეულს უმასპინძლა. „კინო და ლიტერატურა“ – ასე ერქვა ამ კვირეულს და მის ფარგლებში იმ კინოსურათებისა და ლიტერატურული ტექსტების კოლაბორაციაზე, თანხვედრაზე, ასოციაციურობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბოლო წლებში, საქართველოში შეიქმნა.

ამ კვირეულზე აჩვენეს ზაზა ხალვაშის ფილმი „სოლომონი“ და წარადგინეს მისი ორი ახალი კრებული – ჩანაწერების წიგნი „მუჭში დამალული კენჭები“ და სცენარები – „იქ ჩემთან“. ორივე მათგანი მოულოდნელი და მნიშვნელოვანი სიხარული აღმოჩნდა ზაზა ხალვაშის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის. მოულოდნელი იმიტომ, რომ მას, ძირითადად, როგორც კინორეჟისორს, ისე იცნობდნენ; მნიშვნელოვანი კი თავად ამ კრებულების მხატვრული ხარისხის გამო – ეს წიგნები მართლაც დიდი საჩუქარია კინოსა და ლიტერატურის გურმანებისათვის.

„იქ, ჩემთან“ 1988-2014 წლებში დაწერილ ოთხ სცენარს უყრის თავს. ორი მათგანი („მიზერერე“, „კოლხური მისტერია“) მწერალ ლაშა იმედაშვილის თანაავტორობითაა შექმნილი. ეს სცენარები ზაზა ხალვაშმა ფილმადაც აქცია, თუმცა ისინი ისედაც სრულყოფილი ლიტერატურული ტექსტებია, ერთგვარი კინო-ნოველები, სავსე მხატვრული ესთეტიკითა და თხრობის პოეტური ექსპრესიით. თითოეული მათგანი თავისუფლად შეიძლებოდა რომანადაც ქცეულიყო, იმხელა შინაგან მასშტაბს ფლობს. ეს ფაქტი კი, როგორც აღმოჩნდა, ზაზას უახლოესი მეგობრებისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო. „უცნაურია, დიდი ხანია იცნობ ადამიანს. მეგობრობ. მეგობრობ მის ოჯახთან. თითქოს ბევრი რამ იცი მის (მათ) შესახებ. საერთო ინტერესები, პოზიცია, შეხედულებები გაკავშირებს. თანადგომითა და გულშემატკივრობით გატარებული დრო და ის უხილავი თუ უთქმელი კავშირები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ რომლებზეც არ ლაპარაკობ. და ერთ დღესაც შეიტყობ, რომ თურმე ყველაფერი არ გცოდნია. მაინც არსებობს რაღაც, დიდი და მნიშვნელოვანი, რაც თავიდან აღმოგაჩენინებს ადამიანს და ახლებურად დაგანახებს მასაც და მის სამყაროს. ასეთი იყო ჩემთვის ზაზა ხალვაშის, როგორც, არ მომერიდება ვთქვა, მწერლის აღმოჩენა“, – წერს კინოსა და თეატრის კრიტიკოსი ლელა ოჩიაური, კრებულის შესავალში.

ზაზა ხალვაშის სამყარო ავთენტურია, უნიკალურია – მას მშობლიური ტოპოსიც განაპირობებს – აჭარა. მისი ლიტერატურული ოჯახი (მამა – ცნობილი პოეტი, ფრიდონ ხალვაში) არამხოლოდ აჭარის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურული სივრცის ნაწილია. ფრიდონ ხალვაშის პოეზიით დაწყებული დიდი ქართული იდეა კი მისი ვაჟის შემოქმედებაში გაგრძელდა. „ქართულმა იდეამაც“ არავინ შეაშინოს, ვიწრო ნაციონალურ კონტექსტად არ გაიაზროს. ეს ის იდეაა, ვაჟა-ფშაველას „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“ რაზეც საუბრობს. ეროვნული საზრისიდან ამოზრდილი ზოგადკაცობრიული სიყვარული, მშობლიური ენის (თავდაპირველი სამშობლოს) წიაღში შეცნობილი გარე სამყაროს მადლი. ეს სიყვარულიც და მადლიც ზაზა ხალვაშის შემოქმედებაში საოცრად სახიერია. მშობლიური სივრცე (ენა, ტოპოსი) მისი მხატვრული მღელვარებისა და რეფლექსიის წყაროა, არც არასდროს დაუმალავს და მით უფრო, არ უთაკილია ეს სინამდვილე, პირიქით, უდიდესი პასუხისმგებლობით, სამოქალაქო შეგ(რძ)ნებით და პირუთვნელი სიმართლით ეკიდება იმას, რაც ჭეშმარიტად ძვირფასია მისთვის.

ზაზა ხალვაშს ადამიანი აინტერესებს – ბუნებაში, ქალაქში, სოფელში, მარტომყოფიც და ხალხში ჩავარდნილიც, განწირულიც და გამარჯვებულიც. ადამიანი აინტერესებს კანონების, რელიგიების, სისტემების მიღმა – მისი შესაძლებლობების არეალი, მისი დაცემის და აღდგომის ხარისხი. მის კინოსცენარებში – მხატვრულ რემარკებში და ძუნწ დიალოგებში – სწორედ ადამიანი იბრძვის, ეპოქის/დროის ქიმერების წინაშე („მიზერერე“, „სოლომონი“), იბრძვის სტიქიის წინაშე, ბუნებასთან მარტო დარჩენილი, ისევე, როგორც მრავალრიცხოვან ოჯახში – მაინც მარტო, მაინც განაპირებული („იქ, ჩემთან), იბრძვის მითოსურ სამყაროში, არქეტიპულ ვნებებში, სიყვარულის ძალაუფლების სახელით („კოლხური მისტერია“)… ეს ბრძოლაც ისევე ძველია, როგორც ადამიანი, ზაზა ხალვაში ყოველთვის ხაზს უსვამს ამ სიძველეს, და სწორედ ეს დელიკატური ხაზგასმა წარმოაჩენს ქმნადობის ამ პროცესს სრულიად არაკონვენციურად.

ხოლო შემოქმედებითი სიმწიფის ამ ხარისხამდე მისაღწევ გზას თქვენ მის ჩანაწერების კრებულში აღმოაჩენთ. „მუჭში დამალული კენჭები“ ზაზა ხალვაშის ოთხწლიანი (2000-2004) შემოქმედებითი ძიების თავგადასავალია, ისეთივე სინაღდით და გულწრფელობით დაწერილი, როგორიც მთელი მისი მხატვრული სამყარო. ის დღიურებს აწარმოებდა – ზოგჯერ ყოველდღე ინიშნავდა რაღაცას, ზოგჯერ რამდენიმედღიანი ინტერვალით. დღიურის ფორმაც, როგორც მასშივე ირკვევა, საკუთარ თავში ახალი ენერგიის მოსაკრებად მოიშველია. ამ გადასახედიდან, ეს კრებული ხიდივით მოჩანს – ერთი დროითი ნაპირიდან მეორემდე გადებული, რომელიც შემოქმედის მაძიებლურ ხეტიალს ერთგვარ „აღთქმულ მიწასთან“ აკავშირებს.

„სადაც ვჩერდები, კი არ ვრჩები, უბრალოდ ვჩერდები – ხვალ ისევ გზაში“… – წერს ზაზა ხალვაში. ჩანაწერების კრებულში ეს დინამიკა, ასე ვთქვათ – ეგზისტენციალური მოუსვენრობა, მკაფიოდ იგრძნობა. საერთოდაც, ეს კრებული ძალიან სასარგებლო იქნება ლიტერატურასა და კინოში ბედის მაძიებელი ადამიანებისთვის. მასში ხომ იმ სამზადისის გამოცდილებაა, რომელიც შემოქმედს თავისი მხატვრული ამოცანების განსახორციელებლად სჭირდება. ეს ჩანაწერები დაუნდობელი თვითკრიტიკითაც გამოირჩევა. ზაზა ხალვაში, უპირველესად, საკუთარი თავის მიმართაა მკაცრი და მომთხოვნი, მით უფრო, რომ მისთვის შეცდომა მხოლოდ მეტაფიზიკური კატეგორია არაა, მას ბევრად უფრო ღრმა სულიერ პლანში, ცოდვა-მადლის საზრისებში განიცდის და ებრძვის.

ბევრი კითხვა აქვს, რომლებზეც გზადაგზა პასუხობს, ზოგჯერ არც ეს პასუხები აკმაყოფილებს, ბევრად მეტ ინტელექტუალურ ვნებას მათ უპასუხობაში (უფრო სწორად, მუდმივ მსჯელობაში, ფიქრში) განიცდის. რა არის ხელოვნება? ამ კითხვაზე მისი რამდენიმე განმარტება ამოვწერე:

„ხელოვნება სიცოცხლის სიბრძნეა“;

„სხვად გადაქცევის სურვილისგან იბადება ხელოვნება“.

ბევრს მსჯელობს კინოსა და ლიტერატურაზე. „კინოენა და ლიტერატურის ენა – ორი სხვადასხვა ბუნება – პრინციპებიც კი განსხვავებული აქვთ, მიზანზე რომ არაფერი ვთქვათ“. ეძებს საკუთარი კინოს კეთების გზებს, ამ კინოს ყველგან ხედავს – აწმყოშიც და მომავალშიც, ამიტომ დაუღალავად მიდის მისკენ. „ზღაპარივით უნდა მოყვე ფილმი…“ – ამბობს ერთგან და მისი კინოსურათები გახსენდება, მართლა ზღაპარივით მოყოლილი, გამჭვირვალე და თან საოცრად ღრმა, დიდებულიც და უბრალოც…

ამ ჩანაწერებში მისი ოჯახის პორტრეტიც იკვეთება, როგორც ძვირფასი გრავიურა: მისი მშობლები, მეუღლე და სამი მშვენიერი ქალიშვილი. განსაკუთრებული პატივისცემა გმსჭვალავს, როცა მათ დამოკიდებულებებზე კითხულობ; თავადაც განუზომელი სიფრთხილით წერს, დიდი სინაზით და სიფაქიზით, თითქოს ამ სამყაროში – მისი ოჯახის სივრცეში, ფეხაკრეფით დადიოდეს, უნებლიედ ვინმეს მყუდროება რომ არ დაარღვიოს, რომელიმეს უხილავი საზღვარი არ გადალახოს… ამგვარი დამოკიდებულებაც ზაზა ხალვაშის კულტურული აქტია, ტრადიციისა და მარადიული ღირებულებების მიმართ. ოჯახი მისი ფიზიკური სუბსტანციის ძირია, საიდანაც მისი მეტაფიზიკური საზრისები იტოტება, მის საბოლოო და უმშვენიერეს მარტოობაში ვარჯებგაშლილი.

მასწავლებლებზეც წერს: „რეზოსგან (რეზო ჩხეიძე) კინო არ მისწავლია, ვისწავლე მიზნისკენ მოთმინებით სვლა… კინო თენგიზ აბულაძისგან ვისწავლე – როგორ უნდა იყოს შემოქმედი შეპყრობილი და მთელი არსებით გამსჭვალული შთაგონებითა და შექმნის სურვილით“.

უზადო მოსწავლე აღმოჩნდა – მოთმინებით და შთაგონებით იარა მიზნისკენ, უკიდურესი თვითჩაღრმავების მისტერიით მიაგნო თავისი კინოს ფესვებს, მერე ამ ფესვებიდან ამოზარდა სამყარო, რომელიც ასე გვხიბლავს, ასეთი თავისთავადი და განუმეორებელია.

დროის გადახვევა რომ შეიძლებოდეს, სულ რამდენიმე წლით უკან დაბრუნება, ამ შესაძლებლობის სულ ერთი შანსი რომ გვქონდეს, ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოვიყენებდი იმისთვის, ზაზა ხალვაშს აჭარაში, თავის მშობლიურ გეგელიძეებში რომ ვსტუმრებოდი, აღტაცებული მადლობის სათქმელად. იქნებ ვერაფერიც ვერ მეთქვა, უბრალოდ, მასთან ერთად გამეხედა ნისლით შესუდრული მთებისთვის, მისი სიჩუმის მისტერიას დავსწრებოდი უნებლიედ, მუდამ მოღიმარი, სულისმიერი მზერით რომ აღასრულებდა ალბათ თავის ჰორიზონტებთან…

ეს მადლიერება ხომ მაინც დარჩება ჩემთან. და რაც მთავარია – ზაზა ხალვაშის დიდი, მშვენიერი სამყარო, ღვთაებრივი მარტოობის იგავი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი