ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კითხვები განათლების საკითხებზე

“კომუნიკატორის” ბოლო, 120-ე გადაცემა გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ღია ეთერში და ამით დასრულდა ჩემი პირველი სატელევიზიო სეზონი. 120 გადაცემა ღია ეთერში გატარებულ 300 საათს უდრის. არც ისე ცოტაა 6 თვისთვის.

ზოგჯერ, როცა სტუდიაში ზიხარ და ლაპარაკობ, თემებს ამზადებ, რესპონდენტებს არჩევ, სიახლეებს ახარისხებ, შესაძლოა დაგავიწყდეს, რომ ამ სტუდიიდან წვდომა მთელ ქვეყანაზე გაქვს. ის, რასაც შენ ახლა ერთ პატარა, კედლებით შემოსაზღვრულ სივრცეში ამბობ, ბევრ სახლში ისმის, ბევრის გონებაში ილექება შენი სიტყვები და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ შენ ხარ. გადაცემის კეთება რომ დავიწყე, ერთ ძალიან გამოცდილ ჟურნალისტს შევჩივლე, ზოგ თემას საკმარისად ღრმად ვერ ვაშუქებთ, ინტერვიუსთვის დრო არ მყოფნის, ზოგი თემები მაინც ისე მრჩება, მიუხედავად იმისა, რომ საეთერო დრო საკმაოდ ბევრია-მეთქი. გაეღიმა და მითხრა, რომ ამბის მოსაყოლად კარგ ჟურნალისტს 4 წუთი უნდა ეყოს, ამბავში ჩასაღრმავებლად კი არა დრო, არამედ კარგად დასმული კითხვაა საჭირო. მართალია. თუ კარგად მოამზადებ, ზოგიერთ თემასთან დაკავშირებული კითხვები იმდენად მრავლისმთქმელია, შესაძლოა პასუხებადაც გამოდგეს.

ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გთავაზობთ იმ კითხვებს, რომელიც 6 თვის განმავლობაში განათლების სხვადასხვა საკითხის თაობაზე შევაგროვე. კითხვები განათლების ყველა დონეს ეხება, საბავშვო ბაღებიდან უმაღლეს სასწავლებლებამდე. მათი ადრესატები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანი იყო: განათლების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, მასწავლებლები, მშობლები, განათლების სპეციალისტები და თავად მასწავლებლები.

საბავშვო ბაღი

* რამდენად საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის და სასკოლოდ მოსამზადებლად ბაღში სიარული? უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ადრეული განათლება?

 

* რამდენად შეესაბამება დღევანდელი ქართული ბაღების რაოდენობა მოთხოვნას და არის თუ არა მათი ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო პროცესები და სპეციალისტთა მომზადების დონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი?

* რას მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბაღი, რომ იქ გატარებული დრო ბავშვისთვის  სასარგებლო და ნაყოფიერი იყოს და არ იწვევდეს სტრესს?

* დღეს, როცა თბილისში არსებული საბავშვო ბაღები არა განათლების სამინისტროს, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ექვემდებარება და ბაღის პედაგოგების სტატუსი მასწავლებლის სტატუსთან არ არის გათანაბრებული, ვინ აკონტროლებს მიმდინარე სასწავლო პროგრამას, კადრების კვალიფიკაციას, ბავშვებისთვის მისაწოდებელი სასწავლო მასალების ხარისხს და რამდენად ეფექტურია კონტოლის არსებული მექანიზმი?

* უნდა არსებობდეს თუ არა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტი, რომელიც სავალდებულო იქნება ბაღებისთვის? რა პრობლემებს წარმოშობს მისი არარსებობა და ვინ უნდა იმუშაოს სტანდარტის შექმნაზე?

* რა მდგომარეობაა რეგიონებში არსებულ ბაღებში? რამდენად სარგებლობენ, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები ან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვები ადრეული განათლების სერვისებით?

* როგორ უნდა იყოს დაბალანსებული ბაღში გატარებული სწავლისა და თამაშის დრო, რა ტიპის თამაშობები უწყობს ხელს ბავშვის უნარების განვითარებას?

* როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა ბაღის გამართულ ფუნქციობასა და ბავშვის სრულყოფილ განვითარებაში?

ფოტო: ლუკა ხაბელაშვილის

სკოლა

* რა შეიძლება ჩაითვალოს უკანასკნელ წლებში სკოლაში გატარებული რეფორმების მთავარ მიღწევად და რა პრობლემები რჩება დარგის გამოწვევად ამ დროისთვის?

* რამდენად შეესაბამება ჩვენი სკოლების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა თანამედროვე სტანდარტებს? კონტროლდება, მაგალითად, სკოლის ტუალეტები და ბუფეტები?

* რა მდგომარეობაა დღეს მასწავლებლების კვალიფიკაციის მხრივ ქვეყანაში? რა ტიპის გადამზადება სჭირდებათ? სთავაზობს თუ არა მათ სახელმწიფო სათანადო პირობებსა და პროგრამებს?

* როგორ შეიმუშავეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა და რა კომპონენტებია მასში პრიორიტეტული?

* რამდენად აისახება ხელფასზე მასწავლებლების კვალიფიკაცია? განიხილავთ თუ არა დაბალ ხელფასს როგორც კარგი კადრების სკოლაში წასვლის შემაფერხებელ გარემოებას?

* რა ვითარებაა რეგიონებში და განსაკუთრებით – მაღალმთიან, დაცლის პირას მყოფ სოფლებში? ვინ არიან ის მასწავლებლები, რომლებიც სასწავლო პროცესს მართავენ? მიდიან თუ არა ახალი კადრები? რა განსაკუთრებული ხელშემწყობი პირობები არსებობს მოხალისე მასწავლებლებისთვის?

* გარდა სკოლისა, რას სთავაზობს დღეს სახელმწიფო ბავშვებს რეგიონებში? ფუნქციობს ბიბლიოთეკები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები, გასართობი ცენტრები? მარაგდება თუ არა ისინი ახალი გამოცემებით, ახალი ფილმებით, ჯანმრთელობისთვის უვნებელი სათამაშოებით?

* რა საგნის სპეციალისტები არიან სკოლაში განსაკუთრებით დეფიციტური? როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას? რა კეთდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის?

* საქართველოში, სადაც ეროვნული უმცირესობები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16,2%-ს შეადგენენ, მათმა უმრავლესობამ არ იცის ქართული ენა, რაც დიდი ბარიერია იმისთვის, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თვითრეალიზება. ენის სწავლება და მათში სამოქალაქო თვითშეგნების გაღვიძება სწორედ სკოლის ფუნქციაა. რა პროგრამები ხორციელდება ამ ეტაპზე ასეთი უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში? რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს ამ პროგრამებს? ხდება თუ არა მონიტორინგი, რომ სუსტი მხარეები გამოსწორდეს და უფრ ეფექტურად ვიმუშაოთ?

* საქართველოში სკოლების უმეტესობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, დაბალია საზოგადოების მხრივ მათდამი მგრძნობელობაც. რამდენად წარმატებული და მასშტაბურია ინკლუზიური განათლების პროგრამა? ხომ არ გგონიათ, რომ დროა, სახელმმიფომ და სასწავლო დაწესებულებებმა აიღონ პასუხისმგებლობა და დაიწყონ ინფრასტრუქტურის ადაპტირება, კადრების გადამზადება?

* მიგაჩნიათ თუ არა, რომ ადრეული ქორწინებების, აბორტების, ოჯახში ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მიმართ ერთგვარი სწორი პასუხი სახელმწიფოს მხრივ შესაძლოა იყოს სასწავლო პროცესში სქესობრივი განათლების შეტანა?

* რა საკითხებზეა კონცეტრირებული საგანი „სამოქალაქო განათლება”? რატომ გახდა საჭირო მისი ცალკე დისციპლინად შემოტანა სასწავლო პროცესში, რატომ არ ხდება ცალკეულ თემებზე სხვადასხვა გაკვეთილზე კონცენტრირება? რამდენად შესაძლებლია სამოქალაქო ცნობიერების სწავლა და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დღეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს ატარებს?

უმაღლესი სასწავლებელი

* გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, საქართველოში უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა შრომის ბაზრისთვის გამოსადეგ განათლებას არ იძლევა. საზოგადოდ, რამდენად თანამედროვე, პრაქტიკული და საჭიროა სასწავლო პროცესები უმაღლეს სასწავლებლებში? რამდენად ადეკვატურია ფასის ხარისხთან შეფარდება და არის თუ არა საქართველოში განათლებამიღებული ახალგაზრდა კონკურენტუნარიანი, მაგალითად, ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისთვის?

* საქართველოში ერთადერთი სტუდენტური საცხოვრებელია. რატომ არ არის პრიორიტეტი სტუდენტებისთვის საცხოვრებლების შექმნა, რომელიც გააძლიერებდა ახალგაზრდულ ინიციატივებს, ხელს შეუწყობდა ახალი ჯგუფების ფორმირებას, შესაძლებლობას მისცემდა სტუდენტებს, შეეძინათ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება ნაკლები დანახარჯის ფასად?

* საქართველოში საკმაოდ ბევრი უცხოელი ჩამოდის განათლებისთვის. რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ყველაზე ხშირად, რა სპეციალობებს ეუფლებიან, რამდენად ახერხებენ საზოგადოებაში ინტეგრირებას, რა სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში? თუ არის შემთხვევები, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლადაც აქ დარჩენილიყვნენ?

* რა დაბრკოლებები ელით საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ქართველ ახალგაზრდებს? (კრედიტების აღიარება, გადასახადი, ენის ბარიერი, სხვა ტიპის სწავლება…) რა პროფესიების შესასწავლად მიდიან უმეტესად? ბრუნდებიან თუ არა საქართველოში განათლების მიღების შემდეგ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი