შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნიკოფსიისა და დარუბანდის შესახებ

მინდოდა, სამშობლოზე მომეყოლა. ჩემს სამშობლოზე. აბა სხვის სამშობლოზე რა უნდა თქვა ადამიანმა, როცა შენსაზე ვერაფერი გითქვამს, როცა შენსაზე ვერ მიმხვდარხარ ბევრ რამეს, როცა საკუთარი სამშობლო ზოგჯერ ისე გიბნევს, გინდება, გაექცე და უკან არ მოიხედო.

შეიძლება, თქვენც შეგიმჩნევიათ – ხშირად ვწერ გზების შესახებ, ვწერ გზებზე ნანახ, გაგონილ თუ გამოგონილ ამბებს. როცა გზაში ვარ, ფიქრისთვის ყველაზე მეტი დრო მაქვს, მით უმეტეს, თუ მანქანაში არავინ მიზის და თუ მომინდება, შემიძლია, თავის გასამხნევებლად ხმამაღლა ვიმღერო კიდეც.

როგორც ბევრჯერ, გუშინაც დასავლეთიდან მოვდიოდი და ვიყურებოდი წინ, იშვიათად – გვერდზე. არ მიყვარს ტრაფარეტები, რომლებიც თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ, რომლებიც ხელს გიქნევენ და გეუბნებიან: ”სოხუმი”, ”გაგრა”, ”ცხინვალი”, თვალებში ისე გიყურებენ, თითქოს გცდიან, იქნებ გაბედო და მათ მიერ ნაჩვენებ ისრებს მიჰყვე. არადა, შენც კარგად იცი და მათაც, ამ უსულო ტრაფარეტებმა, რომ ვერ გაბედავ და რომც გაბედო, აზრი არა აქვს.

მინდოდა, მათზეც მომეყოლა, მოძრავ ტრაფარეტებზე და საზღვრებზე, რომელთა გარეშეც ჩემი სამშობლო, უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს. მინდოდა, მომეყოლა ადამიანებზე, რომლებიც უკვე შეეჩვივნენ მუდმივი მოლოდინისა და მოულოდნელობების რეჟიმში ცხოვრებას, რომლებიც შეეჩვივნენ ფაქტს, რომ ჩვენს სამშობლოში საზღვრები და ტრაფარეტები უფრო მარტივად გადაადგილდებიან, ვიდრე მოქალაქეები.

მინდოდა, მომეყოლა ჩემს სამშობლოზე, ისეთზე, როგორიც სინამდვილეშია, როგორზეც არ ვლაპარაკობთ, როგორსაც თვალს ვერ ვუსწორებთ. მინდოდა, მეთქვა, როგორები ვართ, როგორ ვცხოვრობთ, როგორ გვიყვარს და გვძულს, როგორ აღვიქვამთ რეალობას, რომელიც, საბოლოოდ ილუზია აღმოჩნდება ხოლმე.

მინდოდა, შემეხსენებინა, როგორ ვივიწყებთ და ვიმეტებთ ერთმანეთს, როცა პოლიტიკაზე ვიწყებთ კამათს, როცა იმედს, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ჩვენს ასაშენებელ ქვეყანას ააშენებს, მეტისმეტად ვებღაუჭებით, როგორი ნაცრისფერი ხდება ყველაფერი, როცა აღმოვაჩენთ, რომ კიდევ ერთხელ შევცდით.

მინდოდა, მეთქვა, რომ ყველა სუფრასთან, სადაც კი ვყოფილვარ, ბევრჯერ მომისმენია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს სადღეგრძელო, ისევე როგორც თქვენ და ყოველ ჯერზე გამჩენია სურვილი, იქ მყოფთათვის მეთხოვა, რუკაზე მოეძებნათ და ეჩვენებინათ ნიკოფსია და დარუბანდი, სანახევროდ მითიური ადგილები ჩვენთვის, ბავშვობიდან რომ გვახსოვს, იმიტომ, რომ გვასწავლეს, იმიტომ რომ დაგვაზეპირებინეს, სინამდვილეში კი, არ ვიცით, სადაა.

მინდოდა, ვინმესთვის გამენდო, რომ გუშინ, როცა ახალგორის გადასახვევს ჩამოვუარე, შემეშინდა, რომ ფეხადგმული საზღვარი ერთ დღეს უფრო ახლოს მოვა და დასავლეთისკენ მშვიდად მიმავალს გზას გადამიჭრის. წარმოუდგენლად გეჩვენებათ? ჩვენ ადრეც ვერ წარმოვიდგენდით ბევრ რამეს, რაც რეალობად გვექცა.

მინდოდა, მეკითხა, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ვისაც ძალაუფლება არ გაგვაჩნია, ვერაფერს ვცვლით, დავდივართ აქციებზე ან არც დავდივართ, იმიტომ რომ მოგვბეზრდა, იმიტომ რომ შედეგი ვერ დავინახეთ, რა უნდა ქნან მათ, სამშობლოში დაბრუნება რომ უნდათ და სამშობლო არაფერს ჰპირდებათ, უფრო მეტიც, მათგანაც არ სურს არაფრის მიღება.

მინდოდა, გამემხილა, რომ როცა საზღვრების შესახებ მოკამათე ადამიანებს ვუყურებ, როცა ვხედავ, რომ ჯერ კიდევ გვიჭირს, მოვლენებს საკუთარი სახელი დავარქვათ, როცა ჩვენს დამოკიდებულებას, სიყვარულს ვწონით და ვზომავთ და გვეშინია, ვინმემ უფრო ხმამაღლა არ იყვიროს, როგორი პატრიოტია, ვხვდები, რომ ყველაფერი, რაზეც ოდესმე მიოცნებია, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.

არადა, სინამდვილეში არც არაფერი გვევალება, გარდა იმისა, რომ გვიყვარდეს ეს ქვეყანა, თავისი დაუდგენელი საზღვრებით, დაკარგული საფლავებით, ცხრა მთას იქით გადაკარგული ადამიანებით, ერთმანეთს ყვირილსა და მუშტების ქნევაში არ ვეჯიბრებოდეთ, უფრო მეტი ჯანსაღი ამბიცია გვაწუხებდეს, მეტად გვჯეროდეს ერთმანეთის.

მინდოდა, ბევრი რამე მომეყოლა, რასაც გუშინ ვფიქრობდი, სანამ სრულიად მარტო ვმგზავრობდი და ვცდილობდი, გამეხედა წინ, მხოლოდ წინ და შემთხვევით თვალი არ გამქცეოდა ტრაფარეტებისკენ, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით მექაჩებოდნენ საკუთარ სამშობლოში, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი