შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პარეტოს კანონი  და პროფესიული განვითარება

პარეტოს კანონი ნებისმიერი საქმიანობის ეფექტურობის შეფასების პრინციპია. იტალიელმა ეკონომისტმა ვილფრედო პარეტომ ეს აღმოჩენა XIX-XX ს.ს.-ების მიჯნაზე გააკეთა: გამოყენებული ძალისხმევის 20%-ს მოაქვს შედეგების 80% და ძალისხმევის დანარჩენ 80%-ს – მხოლოდ  20%-იანი  შედეგები მოჰყვება.

ამ პრინციპს იყენებენ ბიზნესმენები, გამომგონებლები, სპორტსმენები, მენეჯერები, ექიმები და სხვა. როგორ გამოვიყენოთ ეს პრინციპი სასწავლო პროცესში და როგორ ავამაღლოთ მისი ეფექტიანობა?

რა არის 10-80-10-ის წესი?

ეს არის პარეტოს კანონის, ანუ პრინციპის 20/80-ს უფრო ჩაღრმავებული განხილვა. თანდათან პარეტოს პრინციპი გაფართოვდა 10-80-10 წესამდე, რომლის მიხედვითაც ადამიანები იყოფიან სამ კატეგორიად: 10% – ნამდვილი ლიდერები; 80% – შრომისუნარიანები და პასუხისმგებლობიანები; კიდევ 10% კი – არაპროდუქტიულები.

თუ ამ პრინციპს გადმოვიტანთ სასკოლო სინამდვილეში, მივიღებთ ასეთ სურათს:

  • 10% მაღალეფექტური მოსწავლეებს, ე.წ. კლასის „ელიტას“, რომლებიც ორიენტირებული არიან უმაღლეს შედეგებზე, შეუძლიათ პრობლემების გადაჭრის საკუთარი ვარიანტის შეთავაზება. ისინი ახდენენ იდეების მაქსიმალურ გენერირებას;
  • 80% – პროდუქტიული, პასუხისმგებლობიანი მოსწავლეები, რომლებიც დავალებებს სხვადასხვა წარმატებით ასრულებენ, ნაკლებად ინოვაციური არიან, მაგრამ აქვთ მოვალეობის შეგრძნება;
  • 10% – „ზარმაცი“ მოსწავლეები, რომლებთანაც, როგორც წესი, რთულია მუშაობა; მათთან დახარჯული შრომის 80%-ის საპასუხოდ ვიღებთ მხოლოდ 20%-იან შედეგს.

როგორ გამოვიყენოთ 10-80-10 პრინციპი სწავლების პროცესში?

როგორც წესი, მასწავლებლების უმეტესობა, ცდილობს რა კლასის შედეგების გაუმჯობესებას, ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს კლასის იმ ნაწილს, რომელიც კლასს „დაბლა ექაჩება“. ამ დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია კლასის მხოლოდ 10%-ზე, რომლებზე დახარჯული შრომის 80%-იც არაპროდუქტიულია. ხომ არ აჯობებს, რომ ყურადღება მივაქციოთ უმრავლესობას, 80%-ს, რომელთათვისაც ხელმძღვანელი ავტორიტეტია და, შესაბამისად, მათთან უფრო ადვილად შეიძლება იქნას მიღწეული შედეგი? ქვემოთ განვიხილოთ ეს საკითხი.

რა თქმა უნდა, 80% არ არის ერთგვაროვანი. მათგან ზოგიერთი ახლოს არის „ელიტურ“ 10%-თან, ზოგიერთი კი – „ზარმაცების“ 10%-ისკენ იხრება. თუ ძალისხმევას სწორად მივმართავთ, შესაძლებელია, ყველაზე ეფექტური მოსწავლეების კატეგორია გავზარდოთ 20-30%-მდე.

როგორ გავზომოთ ეფექტურობა/პროდუქტიულობა?

მასწავლებელმა მკაფიოდ უნდა წარმოიდგინოს, როგორებად სურს მისი მოსწავლეების ნახვა (აკადემიური და სოციალური მიმართულებით). ამის გაგება შესაძლებელი გახდება, თუ პასუხს გავცემთ კითხვებზე:

  • როგორი განვითარება სჭირდება კლასს?
  • რა დონემდე უნდა გაიზარდოს ის?
  • რომელ სფეროშია საჭირო ცვლილებები?
  • რა ღონისძიებებს/აქტივობებს უნდა მივმართოთ?

ამ საკითხებში გარკვევა შესაძლებელს გახდის, რომ ჩამოვაყალიბოთ მოქმედების გეგმა, რომელიც უნდა დავიწყოთ მოსწავლეთა 80%-ის უფრო მეტი ინტენსივობით ასამუშავებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვით.

აშშ-ის ინსტიტუტის, Gallup-ის კვლევებმა ცხადყო, რომ 30%, ანუ თითქმის ერთი მესამედი არ არის მოტივირებული. მათ რიცხვში შედის „ზარმაც“ მოსწავლეთა 10% და 80%-ში შემავალ მოსწავლეთა ნაწილი.

ამავე  ინსტიტუტის  გამოკვლევებით, მოტივაცია ყველაზე  მაღალი აქვს „ელიტურ“ 10%-ს, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ მათი შედეგები გავლენას ახდენენ/განაპირობებენ კლასის წარმატებას.

გავარჩიოთ დამოკიდებულება მოტივაციასა და პროდუქტიულობას შორის. შეიძლება იყო მაქსიმალურად მოტივირებული, მაგრამ შესაბამისი სტრატეგიის ან სწორი მიმართულების გარეშე, ძალისხმევა იქნება დაკარგული.

„ელიტური“ 10%-ის შემთხვევაში, ისინი გრძნობენ, რომ მათ აზრს ითვალისწინებენ და შეუძლიათ კლასში/პიროვნებაში ცვლილებების მოხდენა. ეს აიხსნება მარტივი ადამიანური ფსიქოლოგიით – ყველას გვინდა, რომ ჩვენს იდეებს იღებდნენ, ითვალისწინებდნენ. როცა ჩვენ იგნორირებას გვიკეთებენ, ჩვენი თვითშეფასება და მოტივაცია ქვეითდება.

ეს არ ნიშნავს, რომ კლასში ყველა მოსწავლე გახდება ძალიან წარმატებული. საქმე ის გახლავთ, რომ კლასში ყველამ იცოდეს, როგორი მნიშვნელოვანია მათი აზრი, მათ მიერ შესრულებული დავალება. როდესაც მოსწავლეები იგრძნობენ, რომ მათ უფასდებათ ნამოქმედარი/ნამუშევარი/ძალისხმევა, მათი მონდომება  იზრდება და მივიღებთ მოტივაციის ძალიან სწრაფი ტემპით ამაღლებას. ეს ცვლილება ასევე აისახება დარჩენილ 10%-ზეც და იწყებენ გადმოსვლას ძირითად ნაწილში, 80%-ში.

როგორ მოვახდინოთ 10-80-10 წესის  ინდივიდისათვის ადაპტირება?

ინდივიდისათვის ადაპტირების  შემთხვევაში 10-80-10 წესი უნდა მოვარგოთ ჩვენს შესაძლებლობებს. ამისათვის პასუხი უნდა გავცეთ სამ კითხვას:

  • რისი ნიჭი/ტალანტი გაქვთ?
  • რა იცით/გეხერხებათ/გამოგდით კარგად?
  • რის გადადებას ცდილობთ შემდეგისათვის?

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ძალიან კარგი რომანის ავტორი ხართ და თქვენი ნაწარმოების მიხედვით იღებენ ფილმს. ეს თქვენი კრეატიული უნარი, რომელიც იქცა რომანის იდეად, თავსდება თქვენს „ელიტურ“ 10%-ში.  ამ ნაწარმოების წერის, შემოწმების, გადახედვის პროცესი – 80%-ში. დარჩენილი 10%, რომლის გადადებას ცდილობთ, არის რუტინული ამოცანები: მიმოწერები, სავალდებულო გადახდები და სხვ.

თქვენი შესაძლებლობები და სინამდვილე უნდა დაყოთ ამ პრინციპით და დაიწყოთ თქვენი 80%-ის განვითარებით. დააკვირდით, რა გამოგდით კარგად და სად გეკარგებათ მოტივაცია და იწყებთ შეცდომების დაშვებას.

მას შემდეგ, რაც გააუმჯობესებთ თქვენს 80%-ს, მიუბრუნდით თქვენს „ზარმაც“ 10%-ს და გაააქტიურეთ ის.

10-80-10 პრინციპის მთავარი არსი არ არის ამ წესის მკაცრი დაცვა. ეს წესი არის ერთგვარი ლინზა, რომლითაც უნდა დავაკვირდეთ კლასს/კოლექტივს თუ ინდივიდუალურად მოსწავლეს, ასევე საკუთარ თავსაც. ასეთი ხედვა დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რომელ სფეროში შეგვიძლია მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგის მიღება და დავგეგმოთ საჭირო ცვლილებები წარმატებებისა და შემდგომი განვითარებისათვის.

სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, როგორ „მოვატყუოთ“ საკუთარი სიზარმაცე. ვფიქრობ, ყველასთვის და, მით უმეტეს, „ზარმაცების“ 10%-ისთვის საინტერესო და საჭირო იქნება მათი გაცნობა.

 

როგორ „მოვატყუოთ“ ჩვენი სიზარმაცე?

საკმარისია, სიზარმაცე მხოლოდ ერთი წუთით შემოვუშვათ, რომ ის დაიწყებს ჩვენი დროის მართვას. ეს რომ არ მოხდეს, უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ხრიკი:

10 წუთის პრინციპი.
ვთქვათ, ვერაფრით თავს ვერ აბამთ საქმეს, რომელიც დიდი ხანია, რაც დაწყებული გაქვთ.  თქვენ თავს უთხარით, რომ იმუშავებთ/იმეცადინებთ მხოლოდ 10 წუთს და არცერთი წამით მეტს. შეგიძლიათ ტაიმერიც დააყენოთ.
საქმე ის არის, რომ ამ 10 წუთის შემდეგ თქვენ არ მოგინდებათ სამუშაოსთვის თავის დანებება.
თუ ეს ასე არ მოხდა, გული არ დაგწყეთ – 10 პროდუქტიული წუთი სჯობს, ვიდრე არაფერი.

ადვილი ამოცანები გადადეთ დილისათვის.
დილით ადვილი საქმეების იოლად დაძლევა თქვენ განგაწყობთ თანდათან უფრო რთული საქმეების/დავალებების შესასრულებლად.

ივარჯიშეთ.
მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, რომ ფიზიკური, განსაკუთრებით ძალისმიერი ვარჯიშები, აგიმაღლებთ განწყობას და თქვენ იგრძნობთ, რომ მზად ხართ „მთების გადასადგმელად“.

შეცვალეთ. გარემო.
თუ თქვენ ამჩნევთ, რომ სახლში ვერ მეცადინეობთ, შეიცვალეთ გარემო: იმეცადინეთ ბიბლიოთეკაში, ბუნებაში ან, ბოლოს და ბოლოს, გადააადგილეთ ავეჯი სახლში.

იპოვეთ მეწყვილე.
თქვენს სიზარმაცესთან ბრძოლაში დაიხმარეთ მეგობარი. ერთად ივარჯიშეთ, ერთად იარეთ წრეებზე, ერთად იმეცადინეთ.

გამოიცვალეთ ტანსაცმელი.
სახლში ვერ იწყებთ მუშაობას და თავს ვერ ანებებთ ფეისბუკს? გამოიცვალეთ საშინაო ტანსაცმელი და ჩაიცვით საგარეო, რომელიც გეცმებოდათ სკოლაში. ეს ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ გამიჯნოთ სამუშაო და დასვენების დრო.

2 წუთის პრინციპი.
თუ საქმეს სჭირდება მხოლოდ 2 წუთი, უბრალოდ გააკეთეთ ის და არ გადადოთ. როცა ამ საქმეს შეასრულებთ, მიუბრუნდით სხვა საქმეებს/დავალებებს, რომელთა შესრულება მოითხოვს რამდენიმე წუთს. საბოლოოდ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, როგორ მოასწარით ამდენი საქმე ასეთ მოკლე დროში.

არ გაწყვიტოთ ჯაჭვი.
ეს ხერხი განსაკუთრებით კარგად მუშაობს, როდესაც ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაა საჭირო. ყოველდღე კალენდარში აღნიშნეთ თქვენი წარმატება და დაუნიშნეთ თქვენ თავს პრიზი 5 ზედიზედ წარმატებული დღის შემთხვევაში. რაც უფრო გრძელი იქნება ასეთი დღეების აღმნიშვნელი ჯაჭვი, მით უფრო მნიშვნელოვანი პრიზი გეკუთვნით.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველთვის არ არის  აუცილებელი 100%-იანი შედეგისკენ სწრაფვა. დავჯერდეთ 80%-ს, რომელზეც ჩვენი ენერგიისა და ძალისხმევის მხოლოდ 20%  დაგვეხარჯება და დანარჩენი რესურსები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. სწორედ ეს გახლავთ საკუთარი შესაძლებლობების მართვის ხელოვნება.

 

რამდენიმე საინტერესო ფაქტი, როგორ მუშაობს პარეტოს პრინციპი, რომელსაც ადასტურებს 2021 წლის სტატისტიკა:

  • მობილური ზარების 80%-ს მოსახლეობის 20% ახორციელებს.
  • კოვიდ პაციენტების 80%-ს ეს დაავადება მოსახლეობის 20%-ისგან გადაედოთ.
  • კალათბურთის მატჩებში ქულების 80%, კონკრეტული კალათბურთელების 20%-ის წყალობით გროვდება.
  • დროის 80%-ის განმავლობაში, თქვენ გაცვიათ ერთი და იგივე ტანსაცმელი, რომელიც თქვენი გარდერობის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
  • მსოფლიოს დოვლათის 80% მოსახლეობის 20%-ზე არის გადანაწილებული.
  • სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის 80%-ს, მომხმარებლების 20% ავრცელებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://blh.com.ge/პარეტოს-პრინციპი-8020/
  2. https://lifehacker.ru/kak-obmanut-len/
  3. https://www.infopostalioni.com/2021/07/22/პარეტოს-პრინციპი-იტალიე/

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი