ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
28 ნოემბერი, ორშაბათი, 2022

მეგობრებთან სტუმრობა – როგორც სასწავლო გამოცდილება

„ნეტა, კირინის კუნძულზე ვცხოვრობდეთ, ჩვენი მეგობრები ჩვენს სახლში ატარებდნენ ზაფხულს, ათას თავგადასავლებში ვეხვეოდეთ და შენ ყოველ დილით მურაბიან ბლინებს გვიცხობდე”, – ინატრეს ჩემმა შვილებმა, როდესაც ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეულის” ერთ-ერთი წიგნი დაამთავრეს.

წიგნები ნამდვილად განგვაწყობს საოცნებოდ და თუ ვინმეს თავგადასავლები, მეგობრებთან ყოფნა და ამ მოცემულობით ტკბობა უყვარს, პირველ რიგში ბავშვები არიან, რომელთაც ჯერ არ დაუკარგავთ თამაშის, ახალი შთაბეჭდილებებისა და სამყაროს შემეცნების ხალისი. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ხშირად დაუნდობელ სიურპრიზებს გვიწყობს, მოულოდნელ თავგადასავლებში გვხვევს, ბავშვებს, საბედნიეროდ, მაინც აქვთ ხალისი იოცნებონ, საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხან და ახალი გამოცდილების მისაღებად საინტერესო თავგადასავლები წამოიწყონ. ასე მგონია, თუ ბავშვს ეს შესაძლებლობა ბავშვობაში ხშირად ეძლევა, ეს მისთვის უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად და ბედნიერებად გარდაიქმნება, რომელიც მომავალში, სხვადასხვა რთულ გამოწვევასთან გამკლავებაში დაეხმარება მას.

მეც არ ვიტყოდი უარს, კირინის კუნძულზე მეცხოვრა, საღამოს, ზღვისპირას ლაჟვარდისფერი ცისთვის მეცქირა და უბრალოდ დავმტკბარიყავი ცხოვრებით, მაგრამ, რადგან ჩვენი ცხოვრება აქ და ახლა, ცხოვრების აჩქარებულ რიტმში, ყოველდღიური საზრუნავით დახუნძლულ დღეებში მიედინება, ჩემს შვილებთან ერთად ვცდილობ, შევქმნა ისეთი წუთები, სადაც ისინი ბედნიერი, კმაყოფილი და უფრო ლაღი იქნებიან.

იმისთვის, რომ ბავშვები გავაბედნიეროთ, ამ ყველაფრის უზრუნველყოფას არ სჭირდება დიდი ფინანსები, ჩვენგან – მშობლებისგან სჭირდება მონდომება, ენერგიის გაღება, მათი ინტერესების დანახვა და იმის ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია მართლაც ძალიან შემჭიდროებული რეჟიმიდან გამოვყოთ დრო მათთვის, მათი ინტერესებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად. შეგვიძლია გამოვყოთ თვეში ერთი ან ორი დღე, როდესაც მათ მეგობრებს მოვიწვევთ სტუმრად (დარჩენით!) და არეულ სახლზეც არ ვინაღვლებთ დიდად, პირიქით, ვისიამოვნებთ იმით, რომ ჩვენი ბავშვები კარგად არიან, ბედნიერი არიან და რაღაც ახალს სწავლობენ ერთად ყოფნით და ერთად თამაშით. შეგვიძლია გამოვყოთ დრო და შვილებთან და ჩვენი შვილების მეგობრებთან ერთად წავიდეთ მუზეუმში, ან ლაშქრობაზე, ან პიკნიკზე, კინოში, ქალაქგარეთ სადმე, ანდა უბრალოდ გავისეირნოთ ქალაქის ქუჩებში, ვილაპარაკოთ ბევრი და ნაყინი ვჭამოთ ერთად, ესეც უნიკალური გამოცდილება იქნება ყველასთვის; ანდაც, როცა გვესტუმრებიან ბლინები გამოვაცხოთ, როგორც მაშინ დიდთოვლობისას, მოვადუღოთ ცხელი შოკოლადი და ბლინებიც მოვრთოთ ფერადი მოსართავებით. ყველა ასეთი შემთხვევის დროს ხელის გულზე გვყავს ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, კიდევ უფრო კარგად ვხედავთ მათ პიროვნებას, მათ ურთიერთობებს. ვხედავთ, როგორ იუმჯობესებენ სოციალურ უნარებს და სამომავლო მეგობრულ კავშირებსაც განამტკიცებენ.

პანდემიამ ცუდ ამბებთან და ავადმყოფობის შიშებთან ერთად, ემოციურადაც ძალიან დაგვაზიანა. უფროსებს ამაზე ლაპარაკი და ამის იდენტიფიცირება თავისუფლად შეგვიძლია, ბავშვებს კი შეიძლება გაუჭირდეთ იმის ახსნა, როგორ არიან, რას გრძნობენ და რის შედეგად გრძნობენ თავს არც ისე კარგად. პანდემიური ჩაკეტილობის პერიოდში, ბავშვებს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ხორცშესხმის საშუალება შეეზღუდათ, როგორიც არის კომუნიკაცია თანატოლებთან, გართობისა და დროის ეფექტურად გატარების საშუალება, სწავლა სკოლაში და ა.შ. ამას თან დაერთო ეკრანების გადაჭარბებული მოხმარება ყველა ასაკში, რამაც განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ბავშვების ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სხვადასხვა პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. ბავშვებისთვის პანდემიისგან მიყენებულ ზიანს ალბათ დიდხანს ვერ დავითვლით, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და დავეხმაროთ მათ სოციალიზაციაში, დროის ეფექტურად და ხალისიანად გატარებაში და ახალი მეგობრების შეძენაში.

როდესაც ბავშვის აკადემიურ განვითარებაზე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს მათი სოციალური განვითარება და ამ მხრივ ხელშეწყობა. სოციალურ განვითარებას კი ბავშვი ყველაზე კარგად თავის თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად ახერხებს და დიდ გამოცდილებასაც იღებს ასეთ დროს.

შეიძლება კირინის კუნძულზე ზაფხულობით მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ჩვენს შვილებს უფრო ნაკლებად ფათერაკიან თავგადასავალში გახვევის უფლება მივცეთ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათთან ურთიერთობა ნამდვილად მისცემს მათ კმაყოფილების საფუძველს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი