პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სერჰი ჟადანის „ინტერნატი“: მასწავლებლის ომი

როგორ უნდა წერო ომზე, თუ სწორედ ომზე წერა გინდა და იმის დანახვა, რასაც სხვაგვარად ვერ დაინახავ? არა, მწერლის ამოცანა დამზაფვრელი სურათებით მკითხველის გაოგნება არ არის, არც სწორი პასუხების ძებნა, არც რაიმეს ახსნა. იქნებ ვცდები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თანამედროვე უკრაინელი მწერალი სერჰი ჟადანი მიზნად არ ისახავს სამყაროზე სხვისი წარმოდგენის შეცვლას ან რაღაც ისეთს მიგნებას, რასაც შეიძლება ხმამაღლა ვუწოდოთ სიმართლე.

მომწონს მწერლის გადაწყვეტილება – არაფერი ამტკიცოს და კიდევ, მისი რომანების ამაღელვებელი ენა, პოეტური მონოლოგები, ისეთი მეტაფორები და შედარებები, რომ კითხვა უნდა შეწყვიტო და ვიღაცას, რაღაცას მადლიერმა შეხედო. რა კარგია იმ სამყაროში ყოფნა, სადაც ყოველთვის იციან, როდის უნდა გამოგიწოდონ ხელი.

„ინტერნატი“ – სერჰი ჟადანის, ალბათ, საუკეთესო ნამუშევარი. მისი მთავარი გმირი უკრაინული ენის მასწავლებელი პაშაა, რომელსაც რთული გზებით დაატარებს ავტორი. ხან იმის დამალვა უხდება, რომელ საგანს ასწავლის (ცოტ-ცოტას – ყველაფერსო, ამბობს), ხან კი თავის საქმიანობას პირადობის მოწმობასავით აფარებს თვალებზე უცხოებს. მასწავლებელია და მისთვის შეიძლება. მასწავლებელია და მისი არ უნდა ეშინოდეთ. ზოგ შემთხვევაში მოზარდის გულუბრყვილობად მოჩანს ამ სიტყვის ფარად გამოყენება და შენც მაშინვე გებრალება განსაცდელში ჩავარდნილი კაცი, ცალ ხელზე თითები რომ გახევებია.

ასეთია – ყინვასთან, შიშთან ბრძოლისას ნაწილობრივ დამარცხებული. ნაწილობრივ მგრძნობელობადაკარგული. არ უნდა, რომ რომელიმე მხარეს დადგეს, რომ პასუხისმგებელი იყოს იმაზე, რაც ბავშვებს უთხრა, თვალნათლივ დაანახა, საგულდაგულოდ დაამახსოვრებინა. „და რა შემეძლო, რომ მათთვის მეთქვა? – ფიქრობს პაშა. – გრამატიკის გარდა, მათთვის რისი სწავლება შემეძლო?“ მსგავს კითხვებს ხშირად სვამს და თითქოს თავის მართლებაც არ უძნელდება – ხელის გაწვდენაზეა დამამშვიდებელი პასუხები. მაგრამ მაინც რომ ვერ ახერხებს დამშვიდებას?

დისშვილის – საშას წამოსაყვანად მიდის ინტერნატში, რომელიც არც ისე შორსაა, მაგრამ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში მანძილებიც შეცვლილია და მარშრუტებიც. რამდენიმე ჯოჯოხეთია გასავლელი. ჯიუტად უნდა გააგრძელოს გზა, ყველა შესაძლო ხერხი უნდა გამოიყენოს, უნდა დაივიწყოს, როგორი ენაჩავარდნილი იყო ყოველთვის, როგორ არ უყვარდა გადაწყვეტილებების მიღება, სხვების ყურადღების მიპყრობა. „ვაიძულებ, დაიზუთხონ ბნელი და გაუგებარი მაგალითები, – ფიქრობს თავის მოსწავლეებზე, – ვასწავლი იმ გრამატიკულ წესებს, რომლებსაც არასდროს გამოიყენებენ, ვასწავლი იმას, რომ საუბრისას შეცდომები არ დაუშვან და არ ვასწავლი ყველაზე მნიშვნელოვანს – ილაპარაკონ ისე, რომ მოუსმინონ და გაუგონ. ეს მე თვითონაც არ შემიძლია“.

საშა კი გამუდმებით ეკითხება ბიძას, თუ ვის მხარესაა – სროლა რომ მოუწიოს, ვის ესვრის? რაღაც გაუგებარ, დამაბნეველ პასუხს იღებს – როგორ შეიძლება, არავისკენ იყო და პროფესიას ისე ამოეფარო, როგორც ხშირფოთლიან ბუჩქს? პაშა სხვა თანამოსაუბრესთანაც იმეორებს: „ჩემ წინააღმდეგ არც არავინ ომობს […] მე არავის მხარეს არ ვარ“. „და როდესაც თქვენს დისშვილს ესვრიან, მაშინაც არავის მხარეს არ ხართ? – ეკითხებიან. – როდესაც იმ ინტერნატისკენ მიფრინავენ ჭურვები, სადაც ის ცხოვრობს?“

გზის კანონია – მოგზაური უნდა შეცვალოს და ბოლოს უკრაინული ენის მასწავლებელიც იმ კაცად იქცევა, ვინც ცოტა უფრო მეტი იცის ცხოვრებაზე, ვინც უფრო თამამად გაუსწორებს თვალს სარკეში საკუთარ ანარეკლს. ამოცანა, ერთხანს რომ შეუძლებლად მოჩანდა, წვრილ-წვრილ დავალებებად დაშალა და დარწმუნდა, რომ შიშის დასაძლევად, სიცოცხლის გასაგრძელებლად საკმარისი ძალა აქვს…

სერჰი ჟადანის „ინტერნატი“ – წიგნი ომზე, ომის გაკვეთილებსა და იმაზე, რომ თუ გადაარჩენ, გადარჩები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი