ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

ბედის გაღიმება – უძველესი წარსულიდან შემორჩენილი გამონათქვამი

ამ ბოლო პერიოდში თითქოს სამყარო შეიშალა, ირგვლივ სულ ცუდი ამბები გვესმის, უარყოფითმა ენერგიამ წაგვლეკა და წალეკა მსოფლიო, ადამიანები დათრგუნულები, შეშინებულები არიან, ბავშვები – მოწყენილები და სევდიანები. ამ დროს შესანიშნავი იქნება თუ მასწავლებელი მითოლოგიას მიმართავს, ცოტა იმედსა და რწმენას შემოიტანს კლასში, ცოტა ქართულ მყარ გამონათქვამებზე წაიმუშავებს – და აი, ასეთ შესანიშნავ გაკვეთილს მიიღებს, რომელიც აგებულია იდიომზე „ბედის გაღიმება“.

მასწავლებელი გაკვეთილს ალბათ ასე დაიწყებს: ბავშვებო, იცით თუ არა რომ ბედს გაღიმება შეუძლია? მოსწავლეები დაინტერესდებიან, გაუჩნდებათ სურვილი, მალე გაიგონ, ბედი როგორ იღიმის.

ჰოდა, მასწავლებელი მათ ცნობისმოყვარეობას მალე დააკმაყოფილებს და დაიწყებს:

სასიკეთო, კარგი ამბავი თუ შეგემთხვა, ისეთი ძალიან რომ გაგახარებს და გაგაბედნიერებს, ხმამაღლა, თამამად შეგიძლია განაცხადო, რომ ბედმა გაგიღიმა.

ბედს ადამიანის წინასწარ განსაზღვრულ ცხოვრებას უწოდებენ, აი, ვიღაცამ ან რაიმე ძალამ შენს დაბადებამდე ან დაბადებისას რომ იფიქროს, როგორი ცხოვრებით იცხოვრებ, რა გაგიხარდება ან გეწყინება, რა გადაგხდება თავს, რა თავგადასავლებში გაეხვევი.

ძველი ქართული წარმოდგენით, როდესაც ადამიანი იბადება, მაშინვე ცაზე მისი „ბედის ვარსკვლავი“ ჩნდება და იწყებს კაშკაშს. მის ბედს კი „ბედის მწერლები“ მართავენ. ბედის მწერლები ქართულ მითოლოგიაში, რამდენიმე ღვთაებაა, ისინი ადამიანის ან სხვა სულიერების – ცხოველების, ფრინველების დაბადებას პირადად ადევნებენ თვალს და ბედს შუბლზე „აწერენ“. სიტყვა ბედისწერაც აქედან უნდა მოდიოდეს, ბედის დაწერა – შუბლზე, ადამიანის პირადი ბედის, პირადი ცხოვრების. ბედის გაღიმებაც ალბათ ბედის მწერლის, ამ იდუმალი ღვთაების ღიმილსა და კეთილგანწყობას ნიშნავს.

ეს ფრაზა ქართველ მწერლებსაც გამოუყენებიათ საკუთარ ნაწარმოებებში: ერთი მაგალითია: „ძმებო, ჩვენ, გლეხებს, აქამდე ერთი დიდებული კაციც არ გვყოლია, ახლა კი ბედმა გაგვიღიმა და გვარგუნა“ (მ.ჯავახიშვილი).

ბედის წევა, ბედს ეწია – იმავე მნიშვნელობით გამოიყენება. ქართულ ხალხურ ზღაპრებში, მთავარი პერსონაჟი ბედს ეწევა და მეფის ასულს შეირთავს ცოლად, ბედს ეწევა და გამდიდრდება, ბედს ეწევა და ნადირობაში გაუმართლებს და სხვა. ზღაპრებშივე პატარა ძმა სახლიდან ბედის საძებნელად მიდის და ეხვევა ათასნაირ თავგადასავალში, გადაივლის ცხრა მთასა და ცხრა ზღვას, ჰოდა ბოლოს აუცილებლად იპოვის თავის ბედს, როგორც ზღაპრებს შეეფერება ეს ბედი მას გაუღიმებს კიდეც და ლხინსაც მისცემს.

ბედთან დაკავშირებით სხვა გამონათქვამიც არსებობს: ბედის კარზე მოდგომა, როცა ადამიანს ბედნიერი რამ შეემთხვევა, შესაძლოა ბედის გაღიმების სინონიმადაც ჩაითვალოს.

ხოლო ბედის ვარსკვლავი – საყვარელი არსება, საქმრო ან საცოლეა, რომელიც ვარსკვლავივით იწყებს ციმციმს ადამიანის ცხოვრებაში. ჰოდა, ამ ბედის ვარსკვლავს ბედსაც უკავშირებენ ხოლმე, გადაებმება ეს ორი ბედი ერთმანეთს, ბედის მწერლები კი წერენ და წერენ საკუთარ „ბედის წიგნში“, ჩვენ კი ხატოვან მეტყველებაში თუ მწერლობაში ათასწლეულების წინანდელი ამბებისგან შემორჩენილი გამონათქვამებით ვიწონებთ თავს.

ლექსიკონი

ხატოვანი მეტყველება – მეტყველებისას მხატვრული გამონათქვამების, ეპითეტების, მეტაფორების, იდიომებისა და ფრაზების გამოყენება.

 აქტივობა 1:

მოიფიქრე და დაწერე ზღაპარი. გამოიყენე გამონათქვამები: „ბედს ეწია“, „ბედმა გაუღიმა“, „ბედი კარს მიადგა“. შენს ზღაპარი დაიწყე ზღაპრისთვის დამახასიათებელი დასაწყისით: „იყო და არა იყო რა…“, კეთილი დასასრული და საინტერესო სათაური, დაასურათე შესაბამისი ილუსტრაციით.

 აქტივობა 2:

წარმოიდგინე და დახატე როგორ გამოიყურებოდა „ბედის მწერალი“.

 აქტივობა 3:

კიდევ ერთხელ დაკვირვებით წაიკითხე ტექსტი და უპასუხე შეკითხვებს:

  1. რას უწოდებენ ბედს?
  2. ვინ იყვნენ „ბედის მწერლები“?
  3. ჩამოწერე სხვა გამონათქვამები, რომლებიც შინაარსით „ბედის გაღიმების“ მსგავსია.
  4. ვინ არის „ბედის ვარსკვლავი“?
  5. სად წერენ „ბედის მწერლები“ ადამიანების ბედს, თქმულების მიხედვით?

აქტივობა 4:

დაფიქრდი და ჩამოწერე შენი ცხოვრებიდან ის შემთხვევები, რომლებზეც შეგიძლია თქვა, რომ აი, მე ბედმა გამიღიმა, რადგან…

 აქტივობა 5:

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ბედი, ბედისწერა არ არსებობს და ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, ზოგისთვის კი ბედისწერა არსებობს და ის ყველა ადამიანს დაბადებისას ეძლევა, რომლის შეცვლაც მას არ შეუძლია. შენ რას ფიქრობ? ჩამოაყალიბე შენი მოსაზრება, იმსჯელე და მოიხმე არგუმენტები: შენი ან შენი ნაცნობის ცხოვრებიდან, წაკითხული წიგნებიდან, ფილმებიდან და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“