პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლექსების კითხვა გზაგასაყარზე   

მოზარდებიც, ზრდასრულობაში ახლად შესულებიც ხშირად ამბობენ, რომ პოეზია არ უყვართ. უმრავლეს შემთხვევაში მათთვის ლექსი მხოლოდ ის არის, ერთ დროს წვალებით ნასწავლს, გამოცდისთვის დაზეპირებულს რომ ახსენებს. მეხსიერებაში ჩარჩენილი ორიოდე რითმა გაცოცხლებისთანავე უსიამოვნო, შემაწუხებელ ხმას გამოსცემს. ფრაზა უშნოდ იკლაკნება და დიდი ხნით შეშდება.

როცა მოსწავლეები მყავდა, უკმაყოფილო სახეებს ყურადღებას არ ვაქცევდი და ლექსების კითხვას ვიწყებდი. არაფერს ვუხსნიდი, უბრალოდ ვკითხულობდი. და როგორც წესი, მიზანს ვაღწევდი – შეკითხვებს მისვამდნენ, ავტორის სახელსა და გვარს იწერდნენ.

გრძელ სიაში ლელა სამნიაშვილის ნათარგმნი სილვია პლათიც იყო, რომელიც თითქმის მაშინვე უყვარდებოდათ, რომლის გაგებასაც თავგამოდებით ცდილობდნენ.

*

„ავირეკლოთ“ („ინტელექტი“, 2021) – ლელა სამნიაშვილის ლექსების ბოლო კრებულს ვკითხულობ და თვალებით ვეძებ ვიღაცას, ვისაც ამორჩეულ ფრაზებს გავუმეორებდი, სიხარულს გავუნაწილებდი.

ტყვია-წამალი, შაშის დაფა, ფქვილის საცერი –

უთვალავია ალბათ მსგავსი თავშესაქცევი,

მაგრამ სტრიქონი მოვძებნე და ისე ჩავცქერი,

თითქოს ეს არის – დასარჩენი და გასაქცევი.

(„მოტივი“)

არის სიტყვები, გულზე რომ გამოგებმება და სადაც უნდა წახვიდე, თან დაგყვება. გრძნობ მათ წონას, ცოცხალი სხეულის სიმხურვალეს.

„ჩვენ გვქვია ჩვენი შეყვარებულების სახელები“.

(„სახელები“)

ესეც:

„ყველა სხეული ეძებს მლაშე ბედნიერებას“.

(„ზღვამ რომ იცოდეს“)

და ესეც:

„ავად ვართ გზებით“.

(„ყაყაჩოები თბილისში“)

მოსწავლეები რომ მყავდეს, ვაჩვენებდი, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სურათების გაცოცხლება ისე, რომ ძნელად დასავიწყებელ კადრებად იქცეს – მოძრაობები უსასრულოდ მეორდებოდეს, ფერებს კი სიმკვეთრე არც ემატებოდეს, არც აკლდებოდეს.

ცხადია, ახსნა ისევ არ მომინდებოდა. უბრალოდ, ხმამაღლა წავიკითხავდი თუნდაც ამ ლექსს – „გოგონა ველოსიპედზე“:

რა არის ქვეყნად უფრო ლამაზი,

ვიდრე გოგონა ველოსიპედზე –

მიქრის და ქარი ქერა თმაში ისე ფრიალებს,

თითქოს არ არის სამყაროში სადარდებელი

და მსუბუქია თხელი ტერფით პედლის ტრიალი.

გზის გადაღმა კი –

რკინის ყალიბს – მატარებელი –

ურტყამს ბორბლების დაფდაფებით, მეტალის მარშით.

და მიჰყავს ქალი, ვისაც ქარი გასთავებია

წარსულში, გზაში, მომავალში, სურვილში, თმაში.

რა სიტყვა უნდა დაამატო? რას შემატებს ინტერპრეტაცია ამ ლექსს, რომელსაც თითქოს კინოდარბაზის სიბნელიდან შესცქერი? სხვადასხვა მხრიდან წამოსული ხმები თავბრუს გახვევს, აღარაფერი გახსოვს, რაც კედლების მიღმაა.

და ბოლოს, „მელიის ლეკვის ამბავი“, რომელიც შედარებით გრძელი ლექსია – მხოლოდ დასაწყისსა და დასასრულს გადმოვწერ, წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ჩემი აფორიაქების მიზეზზე – დაუვიწყარ პოეტურ სახეზე.

მელიის ლეკვია სიყვარული –

ერთი გუნდა ალისფერი სილამაზე.

მუდამ გულთან ვერ გეყოლება –

გამოაჩენს პაწია ბრჭყალებს,

განუწყვეტლივ მოგთხოვს საკბილოს –

ხორცს, ძვალს, სისხლის პატარა შხეფებს.

თუ ოთახში გამოკეტავ, არ შეწყვეტს ფხაჭუნს.

ძილს დაგავიწყებს…

აქ ცოტა ხნით შევჩერდებოდი, მსმენელების სახეებს დავაკვირდებოდი. ამბავია – თავისი დასაწყისით, დასასრულით. მერე რა მოხდება? – განა ეს კითხვა არ გააჩინა პირველმა სტრიქონებმა? ცნობისმოყვარეობა არ გააღიზიანა პატარა ცხოველად სახეცვლილმა განცდამ? ინტუიცია კარგს არაფერს გკარნახობს – გულის სისხლის პირველ წვეთებს, ალბათ, სხვებიც მოჰყვება…

ლექსი რჩევით მთავრდება, რომელიც გამბედაობას, ძნელად მისაღები გადაწყვეტილების სიმძიმესთან შეგუებას ითხოვს:

ტრიალ მინდორში უნდა გაუშვა,

სანამ ასეთი ლამაზია. სანამ ლეკვია.

სანამ მოკლავ ან ორმაგად საშიშ მტაცებელს გამოზრდი მასში.

თოვლში ეძებოს თავისი გზა,

ელვარე კუდით წაშალოს კვალი,

მიჰყვეს ახალ თავგადასავალს –

სავსეს შიმშილით, საფრთხით, ცხოვრებით.

წიგნი დავხურე და გავიფიქრე, გზის დასაწყისში მოზარდებს სამყაროს საშიში სურათებით ხომ არ დავაფრთხობდი-მეთქი, მაგრამ ისევ სილვია პლათი გამახსენდა, მისი ლექსებით გაოგნება და სურვილი – უფრო მეტი წაგვეკითხა, უფრო დიდხანს.

რამდენი წლის იქნებოდნენ მაშინ? თოთხმეტის, თხუთმეტის…

 

     

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი