თსუ

ადამიანი ბოლო ამბებს ძნელად იმახსოვრებს. ანუ კონკრეტულ, უკანასკნელ შემთხვევებს ცალკე საქმისას. ეგრე მიმავიწყდა ბევრი დასაკვირვებელი ამბავი, მათ შორის – ის ლექცია უნივერსიტეტში, რომლის შემდეგაც მე ამ მიზნით იქ აღარ მივსულვარ. შეიძლება, იმიტომაც არ იმახსოვრებ, რომ სულაც არ გგონია ბოლო, შეიძლება, უბრალოდ უფრთხი და გონებიდან ირეცხავ, შეიძლება გახსოვს და არ იმჩნევ. მე პირველი კატეგორიის კაცი ვარ. სიტყვა „უკანასკნელი” ისე მიუცხოებს, მგონია, არაფერი დამთავრდება. არც ის ლექციები მეგონა დამთავრდებოდა, მთელი ექვსი წელი რომ ხან ვაცდენით, ხან გვაცდენდა, ხან კი იატაკზეც ვისხედით ადგილის უქონლობის გამო. რომ ჩავაბარე, შუაში ზაფხული იყო, რაღაცით მოვიწამლე და 15 დღის დაგვიანებით მივედი პირველ კურსზე. თბილისში არავის ვიცნობდი, უნივერსიტეტში – მით უფრო. არც ქალაქი ვიცოდი. თუმცა, ნაავადმყოფარისა და გზააბნეულის კვალობაზე, მალე მივაგენი შენობას – უკვე მეორე ლექციაა დაწყებული. ატარებს კაცი, თურმე სტალინის დიდადმოყვარული და ცოტა სმენაგაფანტული. შევედი ოდნავ დაგვიანებით. მრისხანედ შემომხედა და კიდევ უფრო მრისხანედ მკითხა: საიდან ხარო? გურული ვარ-მეთქი. უცებ სახე მოულბა და – აგერ, წინ დაჯექიო. მერე – მარქსიო, ლენინიო და ასე შემდეგ. თან სულ მე მიყურებდა. კი მახსოვდა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო, მაგრამ ცოტა მაინც შევშინდი. თან ვფიქრობდი, მოწამვლის ბრალი ხომ არ არის-მეთქი. თან მე რომ მიყურებდა, ესეც ვერ გამერკვია, რამე წესი იყო ახალშემოსულებისთვის თუ… მოკლედ, დაასრულა ლექცია და – შენ დარჩიო. დავრჩი. მოვიდა. ყავისფერი, ტყავაქერცლილი ჩანთიდან თავისი წიგნი დააძრო და მითხრა: შენო, გორელ კაცსო, ეს უნდა გქონდესო. ამბავი სტალინის ეკონომიკურ რეფორმებს ეხებოდა. მე, რა თქმა უნდა, გორელად დავიტოვე თავი – სემესტრის ბოლოს 5+-ით მივიღე. მოკლედ, გილოცავთ, მეგობრებო, განსაკუთრებით – ჩემო კურსელებო, თსუ ძალიან კარგი იყო, რამდენიმე შესანიშნავი ლექტორით, პალეოგრაფიის გადაწერილი კოლოკვიუმებით, ზოოპარკში სახიფათო გადაძრომებით, ჯიბეში ლარიანით, ამ ლარიანის, წინ რომ ზოოპარკში გადაძრომაზე სახიფათო კაფე იყო, იქ მიფშვნით და ეზოთი, სიყვარულებით და 93-ე აუდიტორიით.

 

93-ე ნიშნავდა აღიარებასა და მარცხს. დიდებასა და ჩაქოლვას. ჩვენთვის, პოეტებისთვის. მწერლებისთვის. ჩანახატოსნებისთვის. კრიტიკოსებისთვის. ნორჩი კრიტიკოსებისთვის. რა საშინელი სიტყვაა ეს „ნორჩი”, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ გეძახიან. მაგრამ რას იზამ. 93-ე ნიშნავდა შიშსაც. სიხარულსაც. სამშაბათობით საღამოები ეწყობოდა. ხან ხუთშაბათობითაც. მაშინ ინტერნეტი რეალურ სივრცეში არ იყო, მაგრამ არ იყო დამსწრეთა ტევაც. უნდა გამოსულიყავი და თუ იმ კვირაში რამე დაგეწერა, წაგეკითხა. ბევრს ჰყავდა საკუთარი ტაშის დამკვრელი. ბევრს – საკუთარი არდამკვრელი. მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო მთელი დარბაზის „ბრავო, პოეტის სისხლი აქვს”. კლანური ამბებიც მახსენდება. კონკურენციაც. მტრობამდე მისული და კომიკური. გარეთ რომ გამოხვიდოდი, უკვე საღამო იდგა, ვარაზისხევი მოწითალოდ ღმუოდა და ოდნავ ციოდა. სახლში წასვლა გეზარებოდა. ცოტა ფული გქონდა. დიდი პერსპექტივა. ამასაც ნიშნავდა 93-ე.

ნათელა ქუთელია რომ ლექციებზე ბიჭებს წინ დასვამდა, ლეილა კაჭარავა რომ როლში შევიდოდა და ანა კარენინასკენ მიმავალი მატარებლის ფარებივით ენთებოდა თვალები, ყველას რომ გვაინტერსებდა, რა ამისთანა ფურცლები ეწყო ზურაბ კიკნაძეს ჯიბეში, რომლებსაც უცებ დახედავდა და გილგამეში ახსენდებოდა, გრივერ ფარულავას ჩათვლები რომ მოდიოდა და ყველა ერთად ვემზადებოდით და სხვანი და სხვანი და სხვანი.

ერთხელ ელგუჯა ხინთიბიძე მოგვიყვა „ბალავარიდან” იგავს. სპილოზე, კაცზე და თაგვებზე. ახალქართულით, ცხადია. აქ ძველით დავწერ: „მსგავს არს საწუთოჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული, და მიაწყუდია იგი ჯურღმულსა საშინელსა. და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღჴდა. და იხილნა კუალად ორნი თაგუნი: ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო კაცი. და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი. და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირე, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ, და იწყო ლოკაჲ მისი. და არღარა მოიჴსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო. ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წარსჭრნეს, და კაცი იგი დაეცა და პილომან აღიტაცა და მიუგდო ვეშაპსა. აწ, პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი სდევს ძეთა კაცთასა, და ხენი იგი საწუთოჲ არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენია და თაფლი იგი საწუთოჲსა ამის სიტკბოებაჲ არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთოჲსაჲ. და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკუდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთს ვეშაპი იგი შთანთქამს და ესე არს ცხორებაჲ კაცთაჲ”.

უნივერსტიტეტის დღეებიც ეგრე იყო, მაშინ ვერ ვამჩნევდით, არ ვიმჩნევდით. სადღაც თავისთვის ცვლიდნენ ერთმანეთს. ახლა არ ვიცი, გვენატრება თუ არა, კარგი იყო თუ არა, ცუდი იყო თუ არა, მაგრამ რომ გვაჩნია, ეს ზუსტად ვიცი. ძალიანაც გვაჩნია.

კომენტარები

comments