ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ადამიანურ სიხარულთა გამო

მთვარემოჭრილი ღამე რომ არის, ვარსკვლავებგამოფხეკილი ანუ უკუნი, კუნაპეტი. საბნის ქვეშ და საბნის გარეთ ერთი ფერია და იღვიძებ და გგონია, დაბრმავდი. ჯერ იყურები ფანჯრისკენ, ეგებ ღამის პატარა ნარღვევი მაინც შეამჩნიო. რად გინდა. ხელის ცეცებით მივარდები შუქს და აანთებ, თუ დროს 15 წლით უკან გადავწევთ – ჩინურ ბატარეას. და უუუფ… გიხარია. ასე მოულოდნელად და თითქმის უმიზეზოდ, მიუხედავად იმისა, ძილამდე ავი საქმე გჭირდა თუ ავზე კიდევ უარესი. რამდენჯერმე დამმართია. მეც, თქვენც და სხვათაც. ეს არის მთავარი სიხარული ჩემთვის. ანუ ამგვარი სიხარულები. ეს სიხარული მალე ქრება, წამ-ნახევარში, მაგრამ ისეთი დიდია, ამდენ ტავტოლოგიად მიღირს. სხვანაირი, გრძელვადიანი სიხარული მე არ შემიძლია – ასე დამწყევლეს დელფოსის მისნებმა.
სკოლა ეგეთი რამეა ოზურგეთში. გზა უნდა გაიარო სანამ მიხვალ.
– ნახე, რონალდომ (ეს სხვა, ძველი ლუის ნაზარიოა, – გ. კ.) რა პადსებია ქნა?
– არ იყო დენი. რამდენი გეიტანა?
– ერთი გაიტანა. ერთი პასი გოლიზა მიცა.
– დღეს ვითამაშოთ?
– ლაშაიეს უკან? ტალახი იქნება.
– გაკვეთილების მერე აშრება, მზეი გამოდის.
იწყება გაკვეთილები. პირველი ორი – ქართული. მათემატიკა. ფიზიკა. შრომა. შრომაზე რა უნდა ქნა – ერთადერთი ალტერნატივა გაცდენაა. მასწავლებელი კი სათნო ქალია, მაგრამ მზეა დაუნდობელი. უფრო მალე გააშრო ნაწვიმარი, ვიდრე გვეგონა. თამაშობ, თამაშობ და უცებ ბურთი გადავარდება ავთონას ეზოში. რა გადმეიტანს ახლა ამ ბურთს? უფრო უკეთ – ვინ გადმეიტანს? მტრისას ავთონა! ბოსტანი აქვს. ერთი პომიდვრის გადათელვა მისთვის სამოთხეში საშვის გაუქმებას ნიშნავს. იქ გადასვლა არ გინდა?! კენჭი უნდა ვყაროთ. შაკოიას აქვს ათთეთრიანი. აგდება არ გამოდის, ბევრი ვართ, ამიტომ ორი ქვა დავდეთ და იმაში ვინც ვერ გააძვრენდა, ის გადმოიტანდა. გავაძვრინე. გამიხარდა. გივი გადაძვრა.
ჩემი მამიდაშვილი სულ მაშინებდა. მეუბნებოდა, ნიანგია საწნახელს უკან შემალული, ხელი შეყევი, აბა, თუ ბიჭი ხარო. დედას გეფიცებით, ამაზე საშინელი არაფერია – თან რომ იცი, საწნახელის უკან ნიანგები არ ბინადრობენ და თან მაინც ძრწი. ერთხელაც გვერდები მოულპება ამ საწნახელს, გადაწყვეტენ, გამოწიონ და რას ხედავ – ნიანგი კი არა, ის სათამაშო მეომარი აგდია, დაკარგული რომ გეგონა. გამიხარდა.
თოვლი მოვიდა. სკოლაში სასრიალო გავაკეთეთ. კიბეზე რომ მოთოვს, წყალი უნდა გადაასხა და დილით სათხილამურო ტრასა გხვდება. მაგრამ რად გინდა – ზედამხედველი თუ ვიღაც ეგეთი ღამით წმენდს და დილით კიბე-კიბეა. ერთხელ მოვიდა და გაყინული დაგვხვდა. ზედამხედველს ტრადიციული საქმის აღსრულებისას ფეხი დაუცურდა და იღრძო. გამიხარდა. ცუდი საქმე გამიხარდა, ვაღიარებ, მაგრამ ადამიანი ვარ, ეგრეც ხდება.
მიხაროდა, ლილოს ბაზრობიდან ჩამოტანილი საახალწლო შუშხუნა ყალბი თუ არ აღმოჩნდებოდა. ბაღში სუპი თუ გაფუჭდებოდა და არ მომიწევდა. ზამთარში გაყინული ხელებით ზმეიკის (ვიცი, ელვა ჰქვია) შეკვრას თუ მოვახერხებდი.
უფრო გრძელვადიან სიხარულებს გისურვებ. მე აქ დავრჩები. აქა ვდგავარ და…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი