პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ხეტიალის მოკრძალებული ხიბლის შესახებ

რამდენიმე დღის წინ ქალაქგარეთ ყოფნისას, მანქანა გამიფუჭდა და მაღალმთიანი სოფლის შარაგზაზე შევხვდი დაღამებას. დახმარება კარგა ხანს არ მოვიდოდა, ამიტომ მძღოლის სავარძელი გადავწიე და თვლემა ვცადე, მაგრამ რას ჩაიძინებ სიჩუმეში, მოწმენდილი ცის ყურებისას, მარტო?

ბოლოს ვარსკვლავებიანი ცა როდის დავათვალიერე, არ მახსოვს. ბავშვობაში კი ბევრჯერ გამიყოლებია თითი რომელიმე თანავარსკვლავედისთვის და მიცდია ამომეცნო რას ფიქრობს ახლა ადამიანი, რომელიც იმავე ცას უყურებს.

ურბანულ გარემოში მცხოვრებმა ადამიანებმა თითქოს ესთეტიკის შეგრძნება სადღაც დავკარგეთ, უბრალო რაღაცებით აღარ ვოცდებით და ბუნებასთან კავშირი თითქოს სრულიად გაწყდა, არადა, სადღაც ვკითხულობდი კვლევას ჯანმრთელობას, ამაღლებულ გუნება განწყობილებასა და კვირაში სულ მცირე ორსაათიან სეირნობას შორის, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. კვლევის ავტორი (ჟურნალი Scientific Reports, მაისი) ამტკიცებდა, რომ რამდენადაც კარგი ზეგავლენა აქვს ხეტიალს, მცენარეებთან კონტაქტს, თავგადასავლებს, ოფლის წვეთებს შუბლზე და სასიამოვნოდ დაღლილზე ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვა ზრდასრულებისთვის, ათჯერ უკეთესად მოქმედებს ყველაფერი ეს ბავშვებსა და გარდამტეხი ასაკის მოზარდებზე.

როგორ მივაჩვიოთ ურბანულ გარემოში გაზრდილი შვილი ბუნებასთან სიახლოვეს? რა ვიღონოთ იმისთვის, რათა ჩვენს შორის კონტაქტი სოციალურმა ქსელებმა და ე.წ. „გაჯეტებმა“ არ ჩაანაცვლონ? ამაზე ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი მუშაობს და თავს იმტვრევს.

გთავაზობთ მოკლე რეკომენდაციებს, რაც აპრობირებული და რეკომენდებულია დარგის ექსპერტების მიერ.

ურბანული გასეირნება

იმისთვის, რომ აქტიური ცხოვრების სტილს მივეჩვიოთ, დაიწყეთ შვილთან ერთად სიარული. არ ვგულისხმობ საქმის გამო ფეხით გადაადგილებას, არამედ ეს უფრო მეტად იყოს „ხეტიალი“. საამისოდ, კარგი იქნება თქვენს ქალაქში რომელიმე თქვენთვის ნაკლებად ცნობილ დასახლებას თუ დაათვალიერებთ ხელახლა. ჩვენს ირგვლივ იმდენი ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი ადგილებია, ვერც წარმოვიდგენთ. აქ ნობელს უცხოვრია ცოტა ხნით, იმ ბინაში ვაჟა ფშაველა ქეიფობდა ხოლმე, აგერ ამ ქუჩაზე უიმედოდ შეყვარებულმა ემერიკმა მუნკის მუზად ცნობილი დაგნი სიცოცხლეს გამოასალმა, მუნკი ვინ იყო? მაგას სიარულისას მოგიყვები…

მსგავსი „ხეტიალი“ სიარულის კულტურას აჩვევს ადამიანს და შემდგომ, უფრო გრძელ და რთულ დისტანციებზე სათავგადასავლოდ წასვლაც აღარ ეძნელება.

ბუნებაში გასეირნება

შემდეგი ეტაპი ბუნებაში გასეირნება იყოს. საამისოდ, აუცილებელი არაა ვერიდან უმალ ჭაუხების „თეთრ ტბამდე“ არბენინოთ შვილი. შეიძლება ჯერ ქალაქის მახლობლად, პატარა მინდორზე გასვლა, მსუბუქი სასუსნავების წაღება, ტელეფონების მანქანაში დატოვება სცადოთ. 1-2 საათი შედარებით წყნარ გარემოში გაატაროთ და თუ სადმე ძველი ანკესი გიგდიათ, თევზაობაც სცადოთ, ისე, გასართობად.

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება უფრო რთული მარშრუტი იყოს. ამჯერად, ყველანაირი გასართობი სახლში დატოვეთ (შეიძლება მხოლოდ ტელეფონი ჩააგდოთ ჩანთაში გამოუვალ მდგომარეობისას, თუ ასეთი შეიქმნა ხმა რომ მიაწვდინოთ ვინმეს) და გრძელი ხეტიალის დღე მოიწყვეთ. რაც უფრო მეტს ივლით, მოიმატებს წუწუნი ურბანულ გარემოში გაზრდილი ბავშვებისგან, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ერთგვარი თამაშია, ან საწვრთნელი ტურის გავლა (შეიძლება მისიებიც კი დაარქვათ ერთი ლოკაციიდან მეორემდე მისვლას). გზაში არც კი ეცადოთ ტელეფონის ამოღებას, მიეცით პირადი მაგალითი შვილებს და ილაპარაკეთ.

ჩემ უფროს ბიჭს მოსწონს, როდესაც ჩემი ბავშვობიდან (განსაკუთრებით მის ასაკში რომ ვიყავი) რაღაც ისტორიებს ვუყვები ხოლმე. ეს ნამდვილი ამბებია, ზოგიერთი უინტერესო მეჩვენება, ზოგი – საინტერესო, მაგრამ შვილს ყველაფერი მოსწონს, აინტერესებს და იმახსოვრებს.

ბუნებაში ხეტიალი საუკეთესო საშუალებაა მშობლებსა და შვილებს შორის გაწყვეტილი საკომუნიკაციო ჯაჭვის აღსადგენად.

როდესაც ნახევარდღიან ან ერთდღიან „ხეტიალს“ მოიყირჭებთ, შეიძლება სცადოთ 2 დღიანი მარშრუტებიც. ეს გაცილებით რთულია და მცირეწლოვნებთან ერთად ყველა ვერ ახერხებს, თინეიჯერებს კი ძალიანაც მოსწონთ ხოლმე. მთავარი, რაც ამ დროს დაგჭირდებათ, სწორი ეკიპირების წაღებაა (ინსტრუქციას ბლომად ნახავთ Youtube-ზე ან google-ში).

და მაინც, ვინმე იკითხავს, რატომ ვიხეტიალო ბუნებაში, ხომ შეიძლება უბრალოდ წავიდე სუფთა ჰაერზე, გავჩერდე კარგ სასტუმროში და აივნიდან ვისუნთქო სუფთა ჰაერი?

ასეც შესაძლებელია, ცხადია, მაგრამ იმ აივანზე აუცილებლად ამოიღებთ ტელეფონებს, ტაბლეტებს „გაჯეტებს“ და თავს ჩარგავთ ყველა ერთად. ვიღაც facebook-ზე, სხვა ითამაშებს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ბუნებაში ხეტიალს, სხვა, აუცილებელი დამხმარე კომპონენტები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.

მაგალითად:

ბუნებაში ხეტიალი ბავშვისთვის ერთგვარი „განურბანოების“ საშუალებაა. მასში იღვიძებს შეგრძნების, ხედვის, გრძნობის, ყნოსვის, გემოს ისეთი მიძინებული რეცეპტორები, რაც ქალაქში, გამონაბოლქვში, დინამიკურ გარემოში მასში დალექილი იყო.

ასეთი ხეტიალი მშობელი-შვილის ურთიერთობების დასტაბილურებასაც უწყობს ხელს. ისინი, თითქოს თავიდან იცნობენ ერთმანეთს (გაიხსენეთ საკუთარ მაგალითზე, როგორ ახლებურად დაგინახავთ ადამიანი ბუნებაში მოგზაურობის შემდეგ).

ცნობილი მკვლევარი რიჩარდ ლუვი, თავის ცნობილ წიგნში, რომელიც ყურადღების დეფიციტსა და ობესიტს მიუძღვნა, წერს, რომ ბუნებაში ხეტიალი ადამიანს, განსაკუთრებით კი მოზარდებს ეხმარება სწორედ ამ ყურადღების დეფიციტის დარღვევის დაძლევაში. ასევე, მსგავსი „გართობა“ შესანიშნავი საშუალება ყოფილა ჰიპერაქტიური ბავშვების შფოთვითი აშლილობების დასარეგულირებლად. ლუვი, თავის წიგნში ასეთ ტერმინს ხმარობს „ბუნების ნაკლებობით აშლილობა“, რაც, ცხადია სამედიცინო ტერმინი არაა, მაგრამ შესანიშნავი მეტაფორა და მინიშნებაა გარკვეული პრობლემის მოგვარების მსურველთათვის.

რა სარგებელი აქვს ბუნებაში ხეტიალს?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მსგავს გასართობს კარგი შედეგი მოაქვს ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, კოგნიტიური, ემოციური ფონის მოსაწესრიგებლად. რომ ეს გაცილებით, გაცილებით მაგარი რამეა, ვიდრე საკუთარ ეზოში თამაში, ლაპარაკი აღარაა მანქანებით გაძეძგილ უბანზე ან უარესი – სათამაშო მოედნების არქონაზე, როცა ბავშვები დროის დიდ ნაწილს სახლებში გამოკეტილები ატარებენ.

ასეთ დროს, მოზარდი მუდმივ აქტივობაშია, მისი გონება აღარაა მოდუნებული და ერთ რამეს მიშტერებული (ეკრანს), რაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას შესამჩნევად ეხმარება. ცხადია, არავინ უნდა იფიქროს, თითქოს ბუნებაში ხეტიალი ყველაფრის წამალია და გარკვეულ დაავადებებსაც კურნავს, მაგრამ ის შესანიშნავი „დამხმარე რესურსია“ გავიადვილოთ და გავუადვილოთ ცხოვრება შვილებს.

ციტატა
რიჩარდ ლუვი:
„რასაკვირველია, ბუნებაში სეირნობას მხოლოდ ფიზიკური კონდიციების მოწესრიგება არ მოსდევს. ასეთი ტიპის გასართობი ნაკლებად სტრუქტურირებულია, რაც მოზარდს მეტ თავისუფლებას აძლევს და აჩვევს კიდეც იყოს თავისუფალი თავის არჩევანსა და გადაწყვეტილებაში.
როცა საქმე ეხება სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, ბუნება ეხმარება ბავშვს იყოს უფრო პოზიტიური, ბუნებასთან ახლოს მყოფი, ლაღი ადამიანი“

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა დამწყებ მოხეტიალეებსა და მათ მშობლებს:

1: დაე, დაისვარონ
ხეტიალს ერთი უსიამოვნო ამბავი ახლავს ხოლმე თან, განსაკუთრებით, თუ მცირეწლოვანი შვილები მიგვყავს – რა მანქანებით არ ვიცი, მაგრამ ეს პატარა ონავრები ახერხებ, რომ ავტომობილიდან მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ისე ამოიგანგლონ, მშობელი ვეღარ იცნობს.

ამ დროს დედები მაგრად წუწუნებენ, არც მამები ვაკლებთ და ხშირად, ბავშვს ყველანაირი სურვილი უქრება იყოს ლაღი და თავისუფალი. ჩემი შვილის, მართასნაირი ბრაზიანი ბუტია თუა, სულაც შეიკეტება უკან მანქანაში და განაცხადებს, რომ სახლში დაბრუნება სურს.

სინამდვილეში, არაფერი კატასტროფული არ ხდება თუ ბავშვი გოჭივით ჩატა პირველივე ტალახში. ჩავთვალოთ, რომ გასეირნების ხარკია ასეთი და წასვლამდე შევეგუოთ აზრს, რომ „ტყე-ღრეში“ სასიარულო სამოსი უნდა დაისვაროს ან გაფუჭდეს. ყველას მოგვეძებნება ერთი ხელი ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ დაგვენანებოდა, ჰოდა Voila!

  1. ვინც უფროსია, მისი წესებია?

არ ვიტყოდი ასე. მოდი, წინასწარ შეუთანხმდით შვილებს. რაღაც თქვენი პასუხისმგებლობაა, რაღაც მათი თავისუფლება. თუ მთელი გზა ხის ტოტს დაათრევს რომელიმე ცელქი ბიჭი და ხმალიაო, ათრიოს, მაგრამ თუ სამშვილდეს უფსკრულიდან გადახედვა მოუნდა – ეს თქვენი პასუხისმგებლობა.

3: ვინ მიდის წინ?

თუ ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობთ, ჯერ თქვენ წადით წინ (ნუ, ან მეუღლე გაუშვით, გააჩნია როგორ გიყვართ Joke), სადმე უსაფრთხო ბილიკზე თუ მისეირნებთ, მოდი წინ შვილმა იაროს, ის იყოს გზის გამკვლევი და მიაჩვიეთ ამგვარად ლიდერობას (ცხადია, თუ ასე სურს თავადაც).

4: მოიგონეთ ამბები

ხეტიალის დადებითი მხარე მხოლოდ ფიზიკურ დაღლაში კი არა, საინტერესო ამბების გამოგონებაშიცაა. ბორჯომის ტყე პარკში ბოდიალისას, ჩვენ წარმოვიდგენდით ხოლმე, რომ აქ ჯუჯების სამფლობელოა და აი, ახლა რომელიმე მათგანს წავაწყდებით. მე ვიგონებ ხოლმე ისტორიებს, როგორ დავიკარგე ამ ტყეში და რანაირად უნდა გააგნოს ადამიანმა გზას, თუ მიმართულება აერია და ასე შემდეგ. ეს ბავშვებსაც მოსწონთ და მშობელიც ერთობა, რაც დროის გაყვანაშიც გვეხმარება ხოლმე.

5: გზის გეგმა, განძის მომპოვებლები

ვიცი მშობლები, ვინც ხეტიალისთვის საინტერესო მეთოდი მოიგონეს. თავად არასოდეს მიცდია, მაგრამ იდეა მომწონს და ვფიქრობ, ურიგო არაა. წასვლამდე, ამობეჭდავთ მიდამოს რუკას და ბავშვს „მიანდობთ“ გზის გაკვლევას. თან, დათქვამთ, რომ განძი უნდა მოძებნოთ, ეს კი შესაძლოა რამდენიმე მარტივი რამ იყოს: ხავსიანი ქვა, „ს-„ს ფორმის ტოტი ან სულაც ჩიტის ბუდე. ამ დროს, ყურადღების კონცენტრაცია ათმაგდება და ამას უკეთესი შედეგიც აქვს.

6: გაანაწილეთ როლები

თუ რამდენიმე ბავშვი მიგყავთ, აუცილებელია მათთვის წინასწარგანსაზღვრული როლების მიცემა. მოდი, დღეს ერთს რუკა ებაროს, მეორე იყოს კაპიტანი, მესამე კი ექიმი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა. არჩევანი შეგიძლიათ მისცეთ კენჭისყრის საფუძველზე.

7: მოგზაურობიდან მოგზაურობამდე

მიეცით დავალება ბავშვებს (შესაბამისი ასაკის გათვალისწინებით) გუგლის საშუალებით მოიძიოს ახალი სამოგზაურო ლოკაცია, შეისწავლოს მიდამოები, თავად დაგეგმოს მარშრუტი და ბიუჯეტი, რაც ამ გზის გავლას დასჭირდება. სულ მცირე, თქვენ მასში მენეჯერულ თვისებებს გამოწვრთნით.

8: გეგმა

და ბოლოს, წაკითხვა და თქმა, რომ ვაუ, ეს კარგი იდეა მოგვაწოდეს, ხვალიდან მთელი წელი ვიხეტიალებთ, უშედეგოა. ყველამ ვიცით, რომ აღფრთოვანება მალე გაივლის ხოლმე და ყოველდღიური რუტინა უფრო მალე გვითრევს, ვიდრე სურვილი რაღაც შევცვალოთ, ამიტომ მოდი ცოტა ვთქვათ და ნაღდი. აიღეთ კალამი, ფურცელი და მთელი წლის მანძილზე დაგეგმეთ სამი, დიახ, მხოლოდ სამი, მაგრამ უსიკვდილოდ ჩასატარებელი „ტური ხეტიალი“. გამოაკარით მაცივარზე და როცა საღამოობით მიეპარებით ხოლმე საჭმელს, შეუსრულებელი დავალება სულ მცირე მადას მაინც დაგიკარგავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი