პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ იქმნებოდა თანამედროვე ევროპა?

ევროკავშირის შექმნის ისტორიას უკვე დიდი ხანია ასწავლიან სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც. მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ზეპირად გვითხრან, თუ როდის მოეწერა ხელი რომის ხელშეკრულებას და როდის შეიქმნა ნახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება. თუმცა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის ერთიანობა მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საზეიმოდ ხელმოწერილ შეთანხმებებზე არ დამყარებულა. „ბებერი კონტინენტის“ შესაკავშირებლად ერებს ძველი შუღლი უნდა დაეძლიათ და საერთო ენა გამოენახათ.

ერთიანი ევროპა წარმოუდგენელი იქნებოდა საფრანგეთსა და გერმანიას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გარეშე. მეტიც, სივრცის შესაკავშირებლად ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაც გარდაუვლად აუცილებელი წინაპირობა გახლდათ. გერმანელებსა და ფრანგებს შორის ხიდების მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში თითქმის გადაუწყვეტელ ამოცანას წარმოადგენდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩიხიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო. სკეპტიკოსებს უიმედობის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ, რადგან 1950-იან წლებამდე საფრანგეთი და გერმანული სახელმწიფოები თითქმის ყოველთვის მტრობდნენ ერთმანეთს.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მთელ ევროპას, მათ შორის გერმანიასაც გადაუარა ნაპოლეონის ქარიშხალმა. ფრანგი იმპერატორის მიერ წამოწყებულმა ომმა დაქუცმაცებულ სამთავროებს შიმშილი, სისხლისღვრა, ეპიდემიები და ძარცვა მოუტანა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1870-71 წლებში უკვე „რკინის კანცლერ“ ბისმარკის მიერ ამუშავებულმა გერმანულმა მანქანამ გადაუარა საფრანგეთს. ვილჰელმ პირველმა და მისმა მიმდევრებმა მეზობელი ქვეყნის დაპყრობა, დამორჩილება, ათასობით ადამიანის დატყვევება არ იკმარეს და ერის სიმბოლოდ მიჩნეულ ნაგებობაში – ვერსალში დაჭრილი ჯარისკაცების ლაზარეთი მოაწყვეს. ამავე სასახლის მთავარი დარბაზიდან ამცნეს გერმანელებმა მთელ მსოფლიოს გაერთიანებისა და ახალი იმპერიის დაფუძნების შესახებ. ფრანგებმა დიდი ხანი ინახეს გულში დამცირებისა და დამარცხებისგან გამოწვეული ტკივილი და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი რეპარაციებითა თუ ძველი გერმანული მიწების ოკუპაციით იძიეს შური საუკუნოვან მტერზე. ფრანგებისთვის სამაგიეროს გადახდის დაუოკებელი სურვილით გახლდათ შეპყრობილი ნაცისტთა ლიდერი ადოლფ ჰიტლერი. 1940 წელს, „მესამე რაიხის“ მიერ საფრანგეთის დაპყრობისთანავე გერმანელებმა ადგილობრივი ომის მუზეუმი ააფეთქეს, რათა შენობიდან ისტორიული ვაგონი გამოეტანათ. ეს ის ვაგონი გახლდათ, სადაც 1918 წელს მათიას ერცებერგერმა გერმანიის კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ნაცისტებმა ფრანგებს დამარცხების აღიარება ზუსტად იმ ვაგონში მოთხოვეს, სადაც თავის დროზე ანტანტამ დააჩოქა დანგრეული გერმანია. ტრიუმფის შემდეგ გერმანელებმა კომპიენის ვაგონი ბერლინში ჩაიტანეს, ღირსშესანიშნაობა დიდი ხანი იდგა ბრანდერბურგის კარიბჭის წინ, რათა ხალხისთვის „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ შეეხსენებინა. ნაციონალ-სოციალისტთა სიხარული მალე დასრულდა, 1945 წლის შემდეგ გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციები და დედაქალაქის ნაწილი ომში გამარჯვებულ ფრანგებს გადაეცათ სამართავად.

ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ფრანგები და გერმანელები ერთმანეთს ებრძოდნენ, ანადგურებდნენ და აუბედურებდნენ. ორივე ქვეყანაში თაობები იყვნენ აღზრდილნი მეზობელი ხალხის მიმართ შიშითა და სიძულვილით. მეორე მსოფლიო ომში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შემდეგ გერმანელთა ყოველ მოქმედებას თან რიდი, სირცხვილი და ტკივილი ახლდა, ქვეყანა და კონტინენტი უკვე ორ ნაწილად იყო გახლეჩილი. ამგვარი წარსულისა და აწმყოს პირობებში ევროპის ერთიანობის მომავალი ტყვიისფერ ღრუბელში გახლდათ გახვეული, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთაც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის იმედი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკარგული.

იმედით განწყობილ მოღვაწეებს შორის ორი ლიდერი შეგვიძლია გამოვარჩიოთ – გენერალი შარლ დე გოლი და კანცლერი კონრად ადენაუერი. გენერალი სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდიდან მეზობელი ქვეყნის დამარცხების იდეით იზრდებოდა და ორივე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იარაღით ხელში ებრძოდა გერმანელებს. კანცლერი კი ჰოჰენცოლერთა იმპერიის დაარსებიდან, ფრანგებზე გამარჯვებიდან რამდენიმე წელიწადში დაიბადა და მთელი ცხოვრება ჯერ იმპერიის, შემდეგ კი ვაიმარის რესპუბლიკის საჯარო სამსახურში გაატარა, სადაც ყველას არწმუნებდნენ, რომ ქვეყანას მთავარი საფრთხე დასავლეთიდან მოელოდა. ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამყაროში ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ მაინც შეძლეს საერთო ენის გამონახვა.

ყველაფერი 1958 წელს დაიწყო. შვებულებიდან შინ მიმავალი ადენაუერი მოულოდნელად პრემიერ-მინისტრმა დე გოლმა თავის აგარაკზე, სოფელ კოლომბეში მიიწვია. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გენერალმა მხოლოდ ერთ პოლიტიკოსს უმასპინძლა თავის კერძო სახლში და ისიც მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური გახლდათ. ზოგიერთი ცნობით, დე გოლი მთელი დღე არწმუნებდა თავის მზარეულს, რომ მათთან სტუმრად „სხვანაირი“ გერმანელი მოდიოდა. მოსამსახურეს ნაცისტური ოკუპაციის დროს ჰყავდა ოჯახის რიგი წევრები დაკარგული და ყველა გერმანელს დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევდა. ორივე ლიდერი თავიანთ მემუარებში წერს, რომ მარტო ყოფნისა და მშვიდი საუბრის დროს ბევრი საერთო აღმოაჩინეს ერთმანეთთან. გენერალიც და კანცლერიც მართლმორწმუნე კათოლიკეები იყვნენ, მათ დაახლოებით ერთნაირი ხედვები ჰქონდათ ევროპული აზროვნების ისტორიაში ქრისტიანობის როლთან დაკავშირებით. დე გოლმა და ადენაუერმა უამრავი დრო დახარჯეს მასპინძლის წიგნების კარადაში აღმოჩენილი ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვაში. აღმოჩნდა, რომ გენერალი კარგად იცნობდა გოეთესა და შილერს, კანცლერს კი თავისუფლად შეეძლო მსჯელობა ბალზაკისა თუ ფლობერის შესახებ. ლიდერები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ფრანგული და გერმანული ლიტერატურა საერთო ევროპული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს და არ შეიძლება ამ სიმდიდრის მხოლოდ ერთი ქვეყნის საკუთრებად გამოცხადება. ორი დღით სოფლად ყოფნის დროს ლიდერებმა ნაციზმთან ბრძოლის გამოცდილებაც გაიხსენეს. დე გოლიც და ადენაუერიც ჰიტლერის მიერ დევნილი და სასიკვდილოდ განწირული ლიდერები იყვნენ, ორივენი გამოცხადებულნი იყვნენ „მესამე რაიხის“ მტრებად, ფრანგისგან განსხვავებით გერმანელი გესტაფოს საპყრობილეში გამოწყვდევასაც ვერ გადაურჩია. მოკლედ, სტუმარმა და მასპინძელმა გააცნობიერეს, რომ მათ ქრისტიანობის, ჰუმანიტარული მემკვიდრეობის გარდა ანტიფაშისტური წარსულიც აერთიანებდათ. თუმცა, მთავარი სხვა რამ გახლდათ. ფრანგი ნაციონალისტიც და გერმანელი ქრისტიან-დემოკრატიც ფიქრობდნენ, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაერთიანებისა და თანამშრომლობის გარეშე ევროპას არც ერთიანობა და არც მშვიდობა არ ეწერა მომავალში. ერთიანობისა და მშვიდობის გარეშე კი ევროპა „ცივი ომის“ რამდენიმე პაიკად ქცევისთვის იყო განწირული, კონტინენტს დამოუკიდებელი და თვითმყოფადი სახის დაკარგვა ელოდა, რაც არც ერთ შორსმჭვრეტელი ევროპელის ინტერესებში არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, სოფელ კოლომბეს კარ-მიდამოში შეკრებილმა მოღვაწეებმა მიზნად დაისახეს ფრანგულ-გერმანული მტრობის მტკიცე მეგობრობად გარდასახვა.

1958-1963 წლებში ადენაუერი და დე გოლი 15-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მასშტაბურ ღონისძიებაზე, ასზე მეტი საათი გაატარეს პირისპირ საუბარში და 40 ოფიციალური წერილი გაცვალეს ერთმანეთთან. ლიდერთა ყველა შეხვედრას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ორივე უდიდესი მოღვაწე ფიქრობდა, რომ დიდი და განსაკუთრებული სიმბოლოების გარეშე ორ ხალხს შორის ყინულის გალღვობა შეუძლებელი იყო.

წარმოიდგინეთ, რამხელა შთაბეჭდილების ქვეშ იქნებოდნენ ევროპელები, როდესაც 1962 წლის 8 ივლისს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში გადაღებულ ვიდეო კადრებს შეავლეს თვალი. პოლიგონზე 1500 ფრანგმა და 1000 გერმანელმა ჯარისკაცმა ტანკების თანხლებით ერთობლივი აღლუმი გამართეს, რომელიც გენერალმა დე გოლმა და კანცლერმა ადენაუერმა ჩაიბარეს. მურმელონის მოედანზე მოწყობილი მსვლელობა იყო ერთ-ერთი პირველი სამხედრო ღონისძიება, რომელიც საუკუნოვანმა მტრებმა ერთად დაგეგმეს და განახორციელეს. იქ, სადაც ომის დროს მხარეები ერთმანეთს ებრძოდნენ და ხოცავდნენ, თხუთმეტი წლის შემდეგ ერთ მწყობრში დგომაც შესაძლებელი გახდა.

მსოფლიო პრესა ბევრს წერდა რეიმსის კათედრალში გამართული საზეიმო მესის შესახებ. პრეზიდენტი დე გოლი და ფედერაციული რესპუბლიკის ლიდერი ადენაუერი ერთად მივიდნენ ნაცისტების მიერ დაბომბილ კათოლიკურ ტაძარში და მონაწილეობა მიიღეს საკვირაო წირვა-ლოცვაში, რომლის დასრულების შემდეგ ფრანგი და გერმანელი ხალხების შერიგება და დაახლოვება შესთხოვეს ღმერთს. მოვლენამდე სულ რამდენიმე წლის წინ დანა-სისხლად გადაკიდებული ქვეყნების პირველ პირთა ერთობლივ ლოცვა ფიქრი ფანტასტიკის სფეროს ყველაზე გაბედულ წარმომადგენლებსაც კი არ შეეძლოთ. გენერალმა და კანცლერმა ევროპელებს ეს პერსპექტივაც დაანახეს.

მრავალი გერმანელისთვის დაუვიწყარი იყო პრეზიდენტ დე გოლის ოფიციალური ვიზიტი ბონში. პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტმა და კანცლერმა ქალაქის მერიის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს. გენერალმა პროტოკოლის დაცვაზე უარი თქვა და ხალხს სათქმელი გერმანულ ენაზე გაუზიარა: „როდესაც ყველას ჩემ ირგვლივ შემოკრებილს გხედავთ, როდესაც თქვენს ღონისძიებებს, გამოსვლებს ვუსმენ, ადრინდელთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერად შევიგრძნობ ჩემს პატივისცემასა და ნდობას თქვენი დიდი ხალხის, დიახ! დიდი გერმანელი ხალხის, მიმართ! თქვენ დარწმუნებულნი შეგიძლიათ იყოთ, რომ საფრანგეთში, სადაც ახლა ყველა თვალყურს ადევნებს ბონში განვითარებულ მოვლენებს, მეგობრობის ტალღა ვრცელდება ადამიანთა გულებსა და გონებაში! გაუმარჯოს ბონს, გაუმარჯოს გერმანიას, გაუმარჯოს გერმანულ-ფრანგულ მეგობრობას!“. დე გოლი იყო პირველი მსოფლიო რანგის ლიდერი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელებს მშობლიურ ენაზე მიმართა და შეახსენა მათ, რომ ისინი დიდი ერის შვილები არიან. მრავალი წლის შემდეგ თავიანთი უდიდესი დანაშაულით დამძიმებულმა გერმანელებს კვლავ დაეუფლათ სიამაყის ფრთხილი და ზომიერი გრძნობა.

დე გოლისა და ადენაუერის ურთიერთობები გერმანია-საფრანგეთის მეგობრობის ხელშეკრულებით დაგვირგვინდა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და განათლების სფეროში ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას, მუდმივ კონსულტაციებსა და პერიოდულ შეხვედრებს  პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის. ფრანგულ-გერმანულმა მეგობრობამ ევროკავშირის შექმნის, ევროპის ქვეყნებს შორის კავშირების დამყარებისა და განმტკიცების პროცესი დააჩქარა. გენერლისა და კანცლერის გარეშე ერთიანი ევროპის საფუძველი მყარი და უდრეკი ვერ იქნებოდა. ასე იქმნებოდა ერთიანი ევროპა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი