პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები საბავშვო ბიბლიოთეკიდან – ჯენი პირსონი: „ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა“

საბავშვო წიგნების სერიას „საოცრება“ ჰქვია და არაერთ საინტერესო თანამედროვე საბავშვო ნაწარმოებს აერთიანებს. სერიის ანოტაციაში ვკითხულობთ: „სერიაში გაერთიანებული უჩვეულო ამბები სასკოლო ასაკის ბავშვებს, მათ მშობლებსა თუ მასწავლებლებს არაერთხელ დაარწმუნებს, რომ მთავარია, აირჩიო სიკეთე“.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სერიით წარმოდგენილი ერთ-ერთი წიგნი, რომლის წაკითხვაც მოვასწარით, მოლოდინს ნამდვილად ამართლებს. ლაპარაკია ამერიკელი ქალი მსახიობისა და მწერლის, ჯენი პირსონის ნაწარმოებზე, რომელსაც: „ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა ჰქვია“. წიგნი ლაშა გველესიანმა თარგმნა და ქართულად 2020 წელს გამოიცა. მასში აღწერილია 11 წლის პერსონაჟის, ფრედი იეისტსის და მისი ორი მეგობრის მოგზაურობა მთავარი გმირის ბიოლოგიური მამის საპოვნელად. მოქმედება დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, უელსში ვითარდება.

წიგნის ავტორის ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ ის საკმაოდ წარმატებული კინომსახიობია და ძირითადად კომედიური ჟანრის ფილმებში მონაწილეობს. პროფესიულ ასპარეზზე მიღებული გამოცდილება წიგნსაც ეტყობა. მთხრობელი მთავარი გმირი ძალიან ჰგავს ჰოლივუდური ნარატივიდან ლიტერატურაში გადმოსულ პერსონაჟს. თხრობისთვის დამახასიათებელი მსუბუქი იუმორი, ან სიუჟეტური კომიზმი, რომელშიც რომანის გმირები ხშირად ეხვევიან, აჩენს შეგრძნებას, თითქოს მსუბუქი ამერიკული კომედიის ჟანრის ფილმს უყურებთ. რადგან კინოსა და ლიტერატურას შორის კავშირი ბავშვებს ყველაზე მეტად იზიდავთ, ეს ნამდვილად ჩაითვლება ამ ნაწარმოების ღირსებად და თავისუფლად მოგვცემს მე-6, მე-7 კლასელი მოსწავლეების ცნობისმოყვარეობაზე მანიპულაციის შანსს. დანარჩენი კი თავისით მოხდება. ამ ფათერაკიანი მოგზაურობის საფუძველი ტრაგიკული შემთხვევა ხდება – 11 წლის უდედოდ გაზრდილ მთავარ გმირს ბებია გარდაეცვლება. მიუხედავად ნაწარმოების პირველსავე გვერდზე აღწერილი ტრაგიკული შემთხვევისა, ჯენი პირსონი განწყობას გლოვის ხელოვნური სურათით არ აუფერულებს, პირიქით, ამ უჩვეულო სევდაშივე მსუბუქი იუმორი შემოაქვს, რითაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რომანის მთხრობელი პერსონაჟი 11 წლის, გამოუცდელი ბავშვია. ობიექტური დასკვნებისა თუ ფასეულობათა სწორი სისტემის ჩამოყალიბებისთვის მას გზის გავლა სჭირდება, თუნდაც ისეთი სახიფათოსი და უჩვეულოსი, რომელსაც მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დაადგეს. დედის გარეშე გაზრდილ ფრედის ბიოლოგიური მამა არასდროს უნახავს, ამიტომაც ბებიას გარდაცვალების შემდეგ დილემის წინაშე დგება: დარჩეს კაცთან, რომელიც მამობას წლებია უწევს და ძალიან უყვარს, თუ დაკარგული მამის კვალს გაჰყვეს და იპოვოს ერთადერთი სისხლით ნათესავი, რომელიც ცოცხალი დარჩა. ფრედი მეორე ვარიანტს აირჩევს და თავის ორ მეგობართან, ჩარლისთან და ბენთან ერთად გრძელ და თავგადასავლებით სავსე გზას დაადგება. ეს არ არის შინაარსისგან და მნიშვნელობისგან დაცლილი გზა. მკითხველი პერსონაჟის მეტამორფოზის მოწმე ხდება. 11 წლის ფრედი თავის მეგობრებთან თავს გადამხდარი სასაცილო და სახიფათო ისტორიის ბოლოს მიდის დასკვნამდე, რომ სიტყვა „ოჯახის“ მნიშვნელობა არასწორად ესმოდა. ეს ბიჭისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასკვნაა, რომ თავის მამობილთან ცხოვრება ბედნიერმა განაგრძოს.

ჯენი პირსონის მიერ შექმნილი ნაწარმოების გმირები თანამედროვე ეპოქის ბავშვები არიან, თანმდევი საფიქრალითა და ინტერესებით. ეს მახასიათებელი კიდევ უფრო ზრდის შანსს, დავაინტერესოთ ჩვენი მოსწავლეები. თითოეულ ეპიზოდში იგრძნობა ის ჩასაფრება, რაც ასე გამოარჩევს კამერებით, სოციალური ქსელებით, მასმედიის სხვადასხვა ინსტრუმენტით აღჭურვილ, სანახაობაზე ორიენტირებულ თანამედროვე სამყაროს. და თავგადასავლის მასშტაბიც უმალვე იზრდება, როცა ის სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ეს ინსტაგრამის, ფეისბუკისა და ტვიტერის ეპოქაა, დაჩქარებული რიტმის საუკუნე. მის გადმოცემას წინა ეპოქებისგან განსხვავებული ტემპის თხრობა სჭირდება, რასაც ავტორი თავს ოსტატურად ართმევს. მოვლენები სწრაფად, უწყვეტად ენაცვლება ერთმანეთს და უმეტეს შემთხვევაში, მოტანილი ისტორიები წარმოდგენილია, როგორც სტერეოტიპებისგან გასათავისუფლებელი რეცეპტი. ფრედისა და მისი მეგობრების მიამიტი და იუმორით სავსე თავგადასავალში კი, ვაწყდებით მეტაკოგნიტურ პაუზებსაც, რომლებიც სხვა კუთხით წარმოგვიჩენენ ერთი შეხედვით ამ პატარა, 11 წლის გამოუცდელ ბიჭებს. ზოგიერთი მათგანი იმდენად ღიმილისმომგვრელი და დამაფიქრებელია, რომ ზედმეტი არ იქნება, თუ აქ დასკვნის სახით წარმოვადგენთ:

„…მერე ბენმა მითხრა:

– იცოდი, რომ ღორებს არ შეუძლიათ ცაში ახედვა?

– რა?!

– ერთხელ იოგურტის კოლოფზე წავიკითხე, – მიპასუხა და ფანჯარას გახედა, – წარმოიდგინე, რომ ცხოვრებაში არასოდეს გინახავს ვარსკვლავები და მერე აგიღებენ და ორ ნაჭერ პურს შორის პამიდორთან და სალათის ფოთლებთან ერთად ჩაგტენიან.

ბენისგან ეს ძალიან მოულოდნელი იყო.

– რა?! – გავიმეორე.

– როგორ ცუდადაც არ უნდა წაგვივიდეს საქმე, მაინც კარგია, ღორები რომ არ ვართ, ჩვენ ხომ ცაში ახედვა და ვარსკვლავების დანახვა მაინც შეგვიძლია“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი