შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წიგნები საბავშვო ბიბლიოთეკიდან

ტერი პრეტჩეტი: „სატვირთოს გამტაცებლები“

 

მორიგ წიგნს საბავშვო ბიბლიოთეკიდან, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ „სატვირთოს გამტაცებლები“ ჰქვია. ეს წიგნი ტერი პრეტჩეტის ცნობილი სათავგადასავლო სერიის პირველ ნაწილს წარმოადგენს. ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა და მისი თარგმანი ბექა არაბულს ეკუთვნის. წიგნი „მოსწავლის არჩევანის“ სერიითა გამოცემული და სარეკომენდაციო ასაკად მე-4, მე-5 კლასები აქვს მითითებული. ნაწარმოებს უკან დართული აქვს კითხვარი და კროსვორდი, რომელიც პატარა მკითხველს შესაძლებლობას მისცემს წიგნის წაკითხვის შემდეგ საკუთარი ცოდნა შეამოწმოს.

ნაწარმოები ისეთია, რომ მიუხედავად აქ მითითებული სარეკომენდაციო ასაკისა, მას უფროსი კლასის მოსწავლეებიც და ზრდასრული მკითხველებიც ინტერესით წაიკითხავენ.

ტერი პრეტჩეტი განსხვავებული სამყაროს პაწაწინა პერსონაჟების ცხოვრებასა და თავგადასავალს წარმოგვიდგენს. მათ ნომები ჰქვიათ და ადამიანების გვერდით არსებობენ, მაგრამ რადგანაც ტლანქ ადამიანებთან შედარებით ძალიან პაწაწინები და სწრაფები არიან, მათი არსებობა შეუმჩნეველი გვრჩება. ასეთი დამაინტრიგებელი დასაწყისის შემდეგ ძნელია ცნობისმოყვარე მკითხველს მათზე მეტი ინფორმაციის გაგების სურვილი არ გაუჩნდეს. შთამბეჭდავი სიუჟეტი და ამბავი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გზაზე დამდგარს დროის საინტერესოდ გატარების გარანტიას გვპირდება. გზადაგზა მკითხველი ძალიან ბევრს შეიტყობს ნომი პერსონაჟების, მათი ყოფითი სირთულეების შესახებ. შეხვდება და დაუმეგობრდება სხვადასხვა ნომს: მასკლინს, გრიმას, ტორიტს, ანგალოს… ტერი პრეტჩეტის მიერ წარმოდგენილ ამ გმირებს ერთმანეთისგან იმდენად მკვეთრი ინდივიდუალური ქცევა გამოარჩევთ, რომ თავისუფლად შეიძლება საგანგებო სასკოლო ინიციატივის ინსპირაცია გახდეს, რომელიც, მაგალითად, პერსონალური ნიშან-თვისებების გამორჩევისა და ერთმანეთისგან გამიჯვნის აქტივობებს მიეძღვნება.

ნაწარმოებს ფაბულაც ორიგინალური აქვს. რამდენიმე ლტოლვილი ნომი ცხოვრების გაუსაძლის პირობებს გაურბის და იმედგადაწურული შემთხვევით ერთ ძველ ჰიპერმარკეტს მიადგება, სადაც, როგორც აღმოჩნდება, მათი მსგავსი ნომების მთელი არმია ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში ნამდვილი სახელმწიფო აქვთ მოწყობილი, მათი თვალსაწიერი ამ უზარმაზარ კედლებს არ სცდება. მაღაზიის მკვიდრი ნომების წელთაღრიცხვა 1905 წლიდან იწყება, იმ დღიდან, როდესაც ამ ადგილას „ძმები არნოლდების“ მაღაზია დაარსდა. მაღაზიის მკვიდრთ გარე სამყაროს არსებობაზე არანაირი წარმოდგენა არ აქვთ. როგორც ნაწარმოების ანოტაციაში წერია, ამ მოცემულობის პირობებში ტერი პრეტჩეტი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას წამოწევს, როგორიცაა – ტრადიციებზე მიჯაჭვულობა და სიახლეების შიში. ნომებს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟისა და ფარული ლიდერის, მასკლინის დახმარებით, შესაძლებლობა ეძლევათ, ბევრი შეიტყონ გარე სამყაროს შესახებ, მაგრამ რადგან მათი წარმოდგენები სამყაროს შექმნის განსხვავებულ, ტრადიციულ იდეას ეფუძნება, მასკლინს მათი გადარწმუნება უჭირს. მთელი სიუჟეტი ამ კონფლიქტს და სიახლის შიშის დაძლევის უნარის გამომუშავებას ეძღვნება. მაღაზიაში მცხოვრებთა შორის არსებობს რამდენიმე პროგრესული ნომი, რომლებსაც ჩაკეტილი ცნობიერების გარღვევის პერსპექტივა აქვთ. საქმე იქამდე მიდის, რომ მალე ეს გარღვევა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბავი აღმოჩნდება, რადგან გაირკვევა, რომ ადამიანებს ჰიპერმარკეტის დანგრევა აქვთ გადაწყვეტილი. ნომებს ხიფათისგან თავდასაღწევად დაჩქარებულ ტემპში მოქმედება უწევთ, თუმცა, საბოლოოდ, ნანატრ მიზანსა და თავისუფლებას მაინც აღწევენ.

ტერი პრეტჩეტის ეს ნაწარმოები გამორჩეულია თავისი ორიგინალური ფოკუსით. ის მკითხველებს გვაძლევს შესაძლებლობას, სხვა არსებების თვალით, გვერდიდან დავინახოთ საკუთარი არსებობა. „სატვირთოს გამტაცებლები“ ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რომელსაც უნდა, საკუთარ მოსწავლეებს თვალსაჩინო მაგალითებზე დაყრდნობით აუხსნას სტერეოტიპების მნიშვნელობა, რადგან იმ რაკურსიდან, საიდანაც გვითვალთვალებენ და გვაფასებენ, ნომებს ძალიან ბევრი სახალისო სტერეოტიპი ეპარებათ. მაგალითად, ისინი დარწმუნებული არიან ადამიანების ჭკუასუსტობაში. ფიქრობენ, რომ მაღაზიის კონსულტანტებს საკუთარი სახელები იმიტომ აწერიათ, რომ მათი დამახსოვრება უჭირთ. ეს თავისთავად ხდება ადამიანების შესაძლებლობების მიმართ ზერელე დამოკიდებულების შედეგი. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი მხრიდან შესაძლოა ხიფათი შეექმნათ.

„სატვირთოს გამტაცებლებში“ აღწერილი სამყარო ანიმაციურ სურათს წააგავს. ეს ორმაგ მომხიბვლელობას სძენს ისედაც საინტერესო და ზღაპრული სიუჟეტის ნაწარმოებს. ეს არის შესაძლებლობა პატარა მკითხველებისთვის, რომ საკუთარი, წარმოსახვითი ანიმაციის „რეჟისორები“ გახდნენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი