შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდი“ – კლასის საკითხავი წიგნი

აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა რვა წლის ბიჭმა მკითხა, შენი აზრით, ყვითელ პეპელას თუ დაინახავ, როგორი ზაფხული გექნებაო. გაბრიელმა „ჯადოქრის ქუდი“ ჩემს წიგნებში აღმოაჩინა, ილუსტრაციებს გადახედა და კითხვა დაიწყო. პასუხად ვარაუდები გამოვთქვი, მაგრამ ჩემი ბიჭი მრავლისმეტყველად იღიმოდა და დუმდა. წაიკითხე და გაიგებო, მიპასუხა. უკვე მესამე თავს ეჭიდავებოდა, კითხვა რომ დავიწყე. ვიფიქრე, გაბრიელისთვისაც სტიმული იქნებოდა, დედა რომ ამავე წიგნს წაიკითხავდა, თან შეკითხვა ყვითელი პეპლის შესახებ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის. ასე დავიწყე „ჯადოქრის ქუდის“ კითხვა და ვეღარ მოვწყდი. ყვითელი პეპლის სიმბოლოსაც მალე მივაგენი და მასწავლებლური ალღოთი მივხვდი, რომ „ჯადოქრის ქუდი“ ბავშვებისთვის საინტერესო საკითხავი იქნებოდა. წიგნის კითხვისას ბევრი იდეა დამებადა, შემდეგ ჩემს მესამეკლასელებსაც საკითხავ წიგნად შევთავაზე და ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიმიღია.

მასწავლებლები ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ეს წიგნი, ვფიქრობ, თქვენც აღგიძრავთ კითხვის სურვილს და გიბიძგებთ, რომ „ჯადოქრის ქუდთან“ ერთად სასკოლო ცხოვრება გაიხალისოთ.

ტუვე იანსონი ფინელი მწერალია. დაიბადა ფინეთის იმ ნაწილში, რომელიც შვედეთს ესაზღვრება. ადრე აქ შვედები დასახლებულან და ახლა ფინეთის მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. მწერალს გვარიც შვედური აქვს. ტუვე იანსონი შვედურად წერდა. მან გამოიგონა მუმინების საოცარი, გამორჩეული სამყარო და ილუსტრაციებსაც თავად ხატავდა.

მუმინების ხეობაში დგას სახლი, რომელშიც დედა და მამა მუმინები შვილთან, მუმინტროლთან,  ერთად ცხოვრობენ. მათი კარი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა. სწორედ გულღია მასპინძლობის გამო მიდიან და მათთან საცხოვრებლად რჩებიან ჰემული, ფრეკენ სნორკი და მისი ძმა – სნორკი, სნიფი, ონდატრა, სნუსმუმრიკი, ტოფსლა და ვიფსლა…

მუმინები ზამთრობით იძინებენ, გაზაფხულის დადგომისთანავე იღვიძებენ და ზამთრისპირამდე მღელვარე თავგადასავლებში ეხვევიან. მუმინები ხასიათითა და ქცევით ადამიანებს ჰგვანან და თითოეულ მათგანში ადვილად გააიგივებთ საკუთარ თავს, კარის მეზობელს, შვილსა თუ დედას. მათი ღირებულებები იმდენად დასაფასებელია, რომ მიბაძვის სურვილი გიჩნდება. პერსონაჟების სიმრავლე თავბრუდამხვევია, მაგრამ სიუჟეტის დინამიკურობის ფონზე მკითხველი სირთულეს ადვილად უმკლავდება. მე და ჩემი ბიჭი დიდხანს ვიკვლევდით, ვინ იყო მუმინტროლისთვის სნიფი ან ჰემული. სწორი პასუხების ძიება წიგნთან  გვაბრუნებს.

 

მშობლებს წიგნი სემესტრის დასაწყისში გავაცანი. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ახალშობილი და-ძმა ჰყავთ სახლში და მათ მშობლებს სახლიდან გასვლა უჭირთ, წიგნები მოვიმარაგე. მთელი კლასისთვის შევარჩიე განსხვავებული დღიური. პირველი ნაბიჯი ყდის გაფორმება იყო, სახელიც მოვიფიქრეთ – „მე და მუმინები“, შემდეგ იმის შესახებ დაწერეს, რასაც წიგნიდან ელოდებოდნენ. კითხვას რომ დავასრულებთ, გამოთქმულ მოსაზრებებს მივუბრუნდებით.

რჩევის სახით აღვნიშნავ:

  1. ჩემ მიერ ჩამოთვლილ აქტივობებ მხოლოდ და მხოლოდ საკლასო გარემოში ვასრულებთ, რადგან ბავშვების ნამუშევრებს დამოუკიდებლობა და ინდივიდუალიზმი ეტყობოდეთ. თუკი რამეს ვერ იგებენ, იქვე მეკითხებიან, აზუსტებენ და ისე აგრძელებენ მუშაობას;
  2. ყოველი ინსტრუქცია რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება და მარტივი შესასრულებელია, სანაცვლოდ კი თავისუფალ აზროვნებას, აზრის ჩამოყალიბებას, ფიქრს, წინადადების შედგენას სწავლობენ, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, უვითარდებათ ფანტაზია;
  3. „ჯადოქრის ქუდის“ თითოეული თავი საკმაოდ ვრცელია. ამიტომ სასურველია მშობლის ჩართულობა. სთხოვეთ მათ, კვირის განმავლობაში ხმამაღლა იკითხონ ბავშვებთან ერთად.

 

წიგნის შესავალში ავტორი გვაცნობს, რომ მუმინებს ზამთარში სძინავთ და ამ დროს დაკარგულად სულაც არ მიიჩნევენ, რადგან სიზმრებს ხედავენ. ინსტრუქციაც ამ ეპიზოდს მოვარგე:

  • გაიხსენე შენი ყველაზე უცნაური სიზმარი, აღწერე და დახატე სათანადო ილუსტრაცია.

 

ან ეს:

 

  • წარმოიდგინე, რომ მწერალი ხარ და მთავარ პერსონაჟს სიზმარი უნდა დაასიზმრო. მოიფიქრე უცნაური, საინტერესო ან საშიში ამბავი და დაწერე. დახატე სათანადო ილუსტრაცია.

 

გაზაფხულზე მუმინებთან ერთად ხის სულებს ვეცნობით – „აქა-იქ ტოტებზე ჩამომსხდარიყვნენ და ჩამოშლილ თმას ივარცხნიდნენ…“.  ხის სულების გავლენით, მოსწავლეებს წყარიშდიდა გავაცანი ქართული მითიური გმირებიდან (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომელსაც ვარლამ ჯმუხაძის ულამაზესი ილუსტრაცია ამშვენებს. „წყარიშდიდა – წყლის დედოფალია მეგრულ მითოლოგიაში. იგი მდინარეში ცხოვრობს, თეთრი ტანი და კოჭებამდე თმა აქვს, წელს ქვემოთ კი – ფარფლები“. წყარიშდიდა თევზებს იცავს.

  • მოიფიქრე პერსონაჟი, რომელსაც ექნება გამორჩეული ძალა. დაარქვი სახელი და დახატე. – ასეთი იყო დავალების ინსტრუქცია, რომელიც ხის სულებიდან წყარიშდიდას გაცნობისას დაიბადა.

პერსონაჟთა სიმრავლის გამო, მუმინების სერიის ერთ-ერთმა მთარგმნელმა,  ლიკა ჩაფიძემ, მირჩია ბმული, რომელიც მუმინების ხასიათის გზამკვლევად გამოვიყენე და პერსონაჟებიც სათითაოდ გადმოვიხატე, ამოვჭერი და ბავშვებს გავაცანი.

წიგნის კითხვისთვის კვირაში ერთი დღე და წყვილი გაკვეთილი გამოვყავი. კვირის განმავლობაში ბავშვებს უნდა წაეკითხათ ერთი თავი. აქტივობებიც წაკითხულის მიხედვით შევარჩიე.

უცხო სიტყვებზე დაკვირვება პირველი ეტაპია. კითხვისას მარკირების მეთოდს იყენებენ და მათთვის უცნობ სიტყვებს ხაზავენ.

სიტყვის ლოტო ერთ-ერთი სახალისო და საყვარელი აქტივობაა. წინასწარ ვარჩევ 9 სიტყვას და ცხრილში ვათავსებ. ბარათები რამდენიმე სიტყვით განსხვავდება. თითოეულ მოსწავლეს სიტყვის ბარათს ვურიგებ. ქისიდან, რომელშიც შერჩეული სიტყვებია მოთავსებული, სათითაოდ ვიღებ ერთ სიტყვას და ხმამაღლა ვუკითხავ. გამარჯვებულია ის, ვინც ბარათზე განთავსებული სიტყვებიდან ყველას გადახაზავს.

წიგნის დასაწყისშივე ჩნდება სათაურში გაჟღერებული მთავარი დეტალი – ჯადოქრის ქუდი, რომელსაც ჯადოსნური ძალა აქვს – მასში მოთავსებული ნივთები ფორმას იცვლიან, მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭები ღრუბლებად გადაიქცევა, მდინარე – კომპოტად; ერთხელაც მუმინტროლი დაიმალება მის ქვეშ და ყველაფერი, რაც პატარა აქვს – გაუდიდდება. პირვანდელი სახის დაბრუნებას მხოლოდ დედა შეძლებს. დედა მუმინი სახეზე მოავლებს ხელებს, თვალებში ჩახედავს და იტყვის: „ჩემს პატარა შვილიკოს მაინც ყოველთვის ვიცნობ!“.

  • წარმოიდგინე, რომ ჯადოქრის ქუდი იპოვე, შიგნით ჩაგივარდა რომელიმე ნივთი. მოიფიქრე, ნივთის სახელი და ისიც, რად გადაიქცეოდა იგი. დახატე ილუსტრაცია.

 

  • როგორ გიცნობდა დედა, მუმინტროლივით რომ შეცვლილიყავი?

 

  • წარმოიდგინე, რომ შენც მუმინებთან ერთად შემოსკუპდი ღრუბლებზე. სად წახვიდოდი და ვის ნახავდი?

 

ერთხელ კი მუმინტროლმა მეგობრებთან ერთად ჯადოქრის ქუდში ჭიანჭველალომი გამოამწყვდია, თავზე  „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ დააფარა. ჭიანჭველალომი ზღარბად გადაიქცა, ქუდიდან უცხო სიტყვები წყლის ნაკადს გადმოჰყვა და მთელ ოთახში მიმოეფინა. ამ ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე სიტყვების ამოწერა საბავშვო ატლასიდან და სიტყვებიანი ბარათები დაფასთან მიმოვაბნიეთ, თითქოს ჩვენი საკლასო ოთახი მუმინების სახლი იყო და თითქოს ჩვენთანაც დაცურავდნენ უცხო სიტყვები.

სიტყვათწარმოებაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, მაგალითად, ჭიანჭველალომმა მხიარული აქტივობა მომაფიქრებინა. ჯერ დავაკვირდით ორი სიტყვისგან შედგენილ სიტყვას, შემდეგ დაფაზე დავხატეთ დიდი, ლომისებრი ჭიანჭველა და ინსტრუქციაც გავაცანი:

  • მოიფიქრე სიტყვა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ფრინველისა და ცხოველის, ან მწერისა და ფრინველის, ან თევზისა და ცხოველის სახელები. მიანიჭე განსაკუთრებული ძალა და დახატე სათანადო ილუსტრაცია.

დავალება პატარა ბარათებზე უნდა დაეწერათ. ერთ გაკვეთილზე ყველამ მოასწრო რამდენიმენაბიჯიანი ინსტრუქციისთვის თავის გართმევა, საკუთარი ნაშრომის კლასის წინაშე წარდგენა, უკუკავშირის მიღება და რჩევების გათვალისწინება.

ასე გამოიგონეს ახალი არსებები: ძროხალომი, ცხენირემა, ზღარბირემა, ლომჩიტა, ფუტკარლომი, ვეშაპფუტკარა, ლომმარტორქა, მგელირემა, არწივვეფხვა, ღორპეპელა, დელფინშაშვა, ზღარბჭიანჭველა, დელფინპინგვინა, ლომვეფხვა, ჭიანჭველადათვი.

(ბავშვების ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის ბლოგზე).

ცხადია, თითოეული აქტივობის შეთავაზებისას თავად ვაჩვენებ, რა როგორ უნდა გააკეთონ, ვფიქრობ, ვიგონებ და ვხატავ. რამდენიმეწამიანი ბიძგი საკმარისია მათი გონებრივი შესაძლებლობების ფეიერვერკად ამოსაფრქვევად.

 

„ჯადოქრის ქუდში“ ერთი პერსონაჟია – ჰემული, რომელიც შემგროვებლობით არის გატაცებული. წიგნის დასაწყისში მარკების კოლექციას ავსებს. მეგობრები მას ახალი ნივთების შეგროვებისკენ უბიძგებენ. ჰემული ბოლოს გადაწყვეტს, რომ ჰერბარიუმისთვის მცენარეები მოაგროვოს. ჰემული ჰერბარიუმში პირველ ნიმუშად Gagea Lutea-ს შეიტანს. რა იცის ჰემულმა, როგორ მიყვარს მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, მწერებისა და ქვების ლათინური სახელწოდებების ძებნა. Google-ში მოვიძიე Gagea Lutea, რომელიც ხახვი აღმოჩნდა. ერთგან ჰემული ჯადვარს დაიგულებს ჰერბარიუმისთვის. ამ ერთმა სიტყვამ მე საიათნოვას ლექსი „შუაღამის ვარსკვლავივით“ გამახსენა. ამ ძიების შესახებ ბავშვებსაც ვუამბობ.

ჰემულმა ნივთების შეგროვებაზე დაგვაფიქრა:

  • რა არის შენი ჰობი? რას შეაგროვებდი? დაწერე ნივთის სახელი და პასუხი დაასაბუთე.

ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს კოლექციებს ერთმანეთს გავაცნობთ. მარკების შექმნაც გადავწყვიტეთ.

  • გამოჭერი საფოსტო მარკა, დახატე შენი საყვარელი პერსონაჟი, მულტფილმის გმირი, ქალაქი, მწერი, ცხოველი…

მარკებმა ხელნაკეთი ღია საფოსტო მარკების შექმნისკენ გვიბიძგა. საჩვენებლად მოსწავლეებს ვთავაზობ ღია საფოსტო ბარათის ნიმუშს. ბარათს ვუგზავნით რომელიმე პერსონაჟს, მაგალითად, მუმინტროლს. ერთ მხარეს ვხატავთ მას, მეორე მხარეს ვწერთ ადრესატისა და ადრესანტის მისამართებს და ვფიქრობთ მოკლე, სხარტ გზავნილზე –  „ჰეი, გულკეთილო მუმინტროლ, გვესტუმრები სკოლაში?“. შემდეგ სათითაოდ ფიქრობენ ღია საფოსტო ბარათის ყველა ნიუანსზე:

  • მოიფიქრე, ვის გაუგზავნი ღია საფოსტო ბარათს. რომელ პერსონაჟს დახატავ? რას მისწერ?

(გაეცანით ბავშვების ნამუშევრებს).

ერთხელაც მუმინები პიკნიკის მოსაწყობად გამოქვაბულში წავლენ. შუაღამისას ქარიშხალი ამოვარდება და დილას ნაპირზე გამორიყულ ნივთებს იპოვიან.

  • წარმოიდგინე, რომ ზღვის ნაპირზე გამორიყული ნივთი იპოვე. მოიფიქრე ერთი განსაკუთრებული ნივთის სახელი და შეუსაბამე ზედსართავი სახელი, მაგალითად, ასე: ბორბალი  – ცისფერი ბორბალი.

ნავის პოვნა და მისთვის სახელის შერჩევაც შესანიშნავი ეპიზოდია სახალისო დავალებისთვის:

  • წარმოიდგინე, რომ ნავი იპოვე. რას დაარქმევდი?

 

იდუმალი გარიელი – ჩემი ვერსიაა. გარიელების შესახებ სტატია წავიკითხე National Geographic-ის ბოლო ნომერში, რომელიც ტაბაწყურის ტბაზე ბინადარ, გადაშენების პირას მყოფ, იხვებს – გარიელებს – ეძღვნებოდა. ცისფერთვალება შავი იხვების შესახებ ინფორმაცია ბავშვების ცნობისმოყვარეობაზე ძლიერად მოქმედებს.

წიგნის ბოლოსკენ ორი პატარა არსება – ტოფსლა და ვიფსლა – ჩნდება. ისინი უცნაურად ლაპარაკობენ – სიტყვებს  სამ ასოს „სლა“-ს ამატებენ. ბავშვებს მთელი გულით უყვარდებათ მოხერხებული ტოფსლა და ვიფსლა, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ კულმინაციასა და კვანძის გახსნაში. ზაფხულზე გაბრიელმა მათი ენა შეისწავლა და „ჯადოქრის ქუდი“ რომ არა, სლა-თი ლაპარაკიც ვერ გაალამაზებდა ჩვენს ყოველდღიურობას. მაშინვე დავიწყეთ ოცნება იმაზე, როგორ ავიყოლიებდით ბავშვებს და განსხვავებულ „ენაზე“ დავიწყებდით საუბარს.

  • დაამატე ყოველ სიტყვას დაბოლოება „სლა“ და ისე ისაუბრე. ჯერ წერილობით სცადე.

კიდევ ბევრი აქტივობის მოფიქრება შეიძლება. „ჯადოქრის ქუდი“ იდეებისთვის ნამდვილი საბადოა. წიგნის ბოლოს მუმინები ხეობაში წვეულებას მართავენ. მამა მუმინი პუნშს ამზადებს, დედა მუმინი ჩვეული მზრუნველობით ფუსფუსებს – მაჭკატებისთვის ცომს აბაზანაში ზელს და სარდაფიდან მურაბების ქილებს ეზიდება. როცა წიგნის კითხვას დავასრულებთ ჩვენც ვიდღესასწაულებთ – ლიტერატურულ კაფეს გავმართავთ, გვექნება ბევრი ტკბილეული, საბავშვო პუნში, ფეიერვერკად კი ჩვენი ემოციები გამოდგება. ლიტერატურულ კაფეში რამდენიმე თვის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაშლილ აქტივობებს კომპლექსურ დავალებებად გადავაქცევთ და  არაფორმალურ გარემოში წარვადგენთ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი