ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025
22 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

„სასწავლო დუელის“, რეპროდუქციისა და ცოდნის ტრანსფერის ურთიერთმიმართება

თამაშის ტექნოლოგია, რეპროდუქცია და ცოდნის ტრანსფერი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები და ერთი მთლიანი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილებია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში თამაში და   რეპროდუქცირება ცოდნის ტრანსფერის  აუცილებელი წინაპირობაა:

  • თამაშისას იქმნება აქტიური, ემოციური, მამოტივირებელი გარემო, სადაც მოსწავლეების   სააზროვნო უნარები აქტიურდება;
  • რეპროდუცირებისას (უკვე მიღებული ცოდნისა და ქმედებების განმეორებითი რეპროდუქცია შედეგის მისაღებად) მოსწავლე ზუსტად აღადგენს ნასწავლ ფაქტებს და პასუხობს კითხვებზე: ვინ? სად? როდის? როგორ? და ა.შ.
  • კარგად დამახსოვრებული და სტრუქტურირებული ინფორმაცია კი ადვილად ტრანსფორმირდება ახალ ცოდნად.

პრაქტიკული მაგალითი VII კლასის  ისტორიის საგნობრივი კურსიდან:

თემა –  „ბრინჯაოს ხანა და ძველი აღმოსავლეთი“.  მასწავლებელი ირჩევს სათამაშო ტექნოლოგიას „სასწავლო დუელი“ და თემასთან დაკავშირებით ადგენს შეკითხვებს, მოსწავლეებმა კი სწრაფად  (განსაზღვრულ დროში) და სწორად უნდა უპასუხონ:

  1. რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?
  2. როგორ შეცვალა ლითონის დამუშავებამ ადამიანთა შრომა და წარმოება?
  3. რატომ გაჩნდა ქონებრივი უთანასწორობა პირველყოფილ თემებში?
  4. რა ფუნქცია ჰქონდა ყორღანებს და რას გამოხატავდნენ ისინი?
  5. რატომ წარმოიშვა პირველი სახელმწიფოები მდინარეთა ხეობებში?
  6. რა ნიშნით იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?
  7. რა კავშირები ჰქონდა დიაოხს მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან?
  8. რა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა კოლხას სხვა რეგიონებთან?
  9. რატომ მოიხსენიებენ აქემენიანთა სპარსეთს როგორც პირველ სახმელეთო იმპერიას?
  10. რა გზით აღმოჩნდნენ ქართველური ტომები აქემენიანთა სპარსეთის შემადგენლობაში?
  11. რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვე ისტორიული ცნობიერებისთვის?
  12. და ა.შ.

მოცემული შეკითხვებით მასწავლებელი ქმნის ცოდნის რეპროდუქცირებისა და ტრანსფერის პირობას. კერძოდ, კითხვაზე:

  • „რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?“ – მოსწავლე პირდაპირ იხსენებს და იყენებს  ნასწავლ ფაქტს (ლითონის დამუშავება);
  • „რა ნიშნით იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?“ (პასუხი საჭიროებს ზუსტი განმარტების გახსენებას და ესეც რეპროდუცირებაა) და ა.შ.,
  • „რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვეობისათვის, თანამედროვე ისტორიკოსებისათვის ან თუნდაც ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ?“  (კითხვაზე პასუხის ძიებისას  მოსწავლე ნასწავლ მასალას გამოიყენებს ახალ სიტუაციაში: ფაქტებს დააკავშირებს თანამედროვეობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან, რაც ტრანსფერული ცოდნა და უნარებია);
  • „რატომ მოიხსენიებენ აქემენიანთა სპარსეთს როგორც პირველ სახმელეთო იმპერიას?“ (მსგავსი კითხვის პასუხი  მოითხოვს ცოდნის გადატანას უფრო ფართო ისტორიულ კონტექსტში და მიზეზ–შედეგობრივი ანალიზის გამოყენებას, რაც ხელს უწყობს ტრანსფერული ცოდნის ფორმირებას);

დავალების შესრულების პროცესში სწრაფი პასუხის საჭიროება აიძულებს მოსწავლეს იმუშაოს არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ ოპერატიულ ანალიზზე,  რაც  არის ტრანსფერის რეალური აქტივაცია.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კითხვებზე პასუხების გაცემის პროცესში, ცოდნის ტრანსფერი გამოვლინდა  რამდენიმე დონეზე:

  • ფაქტობრივი ცოდნის ადატანა: მოსწავლემ არა მხოლოდ გაიხსენა ლითონის დამუშავების ტექნოლოგია, არამედ ეს ცოდნა დააკავშირა სხვა ეპოქების ტექნოლოგიურ რევოლუციებთან (მაგ., ნეოლითური რევოლუცია);
  • მიზეზშედეგობრივი კავშირების მოძიება: ბრინჯაოს ხანაში რესურსების არათანაბარი განაწილების გააზრებით მოსწავლემ აღამოაჩინა, როგორ იბადება სოციალური დიფერენციაცია ადამიანებს შორის;
  • ღირებულებითი ტრანსფერი: თრიალეთის ყორღანების შესწავლის მაგალითზე მოსწავლემ გაიაზრა, როგორ იყენებს საზოგადოება  სიმბოლოებს  სოციალური იერარქიის გამოსახატავად, და ამ იდეას ადარებს თანამედროვე  პრაქტიკებს (მაგალითად,  მემორიალები, ეროვნული სიმბოლიკები).
  • პრაქტიკული ტრანსფერი: ბრინჯაოს ხანის სახელმწიფოებრივი მართვის პრინციპები (სარწყავი სისტემების მართვა, სამართლის შექმნა და ა.შ.) დაეხმარა მოსწავლეს   თანამედროვე სახელმწიფო მმართველობასთან პარალელების გავლებაში და   ცნება “სახელმწიფოს“ უკეთესად გააზრებაში.

 

სქემა- ტრანსფერის სხვადასხვა საფეხური თემაზე „ბრინჯაოს ხანა და ძველი აღმოსავლეთი“

 

კითხვა პროცესი ტრანსფერის მაგალითი
„რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?“ რეპროდუცირება ტექნოლოგიური ინოვაციის გამოყენება სხვა ეპოქების გაანალიზებისას (მაგალითად,  თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუციები).
„რატომ გაჩნდა ქონებრივი უთანასწორობა პირველყოფილ თემებში?“ რეპროდუცირება + მიზეზ–შედეგობრივი ანალიზი სოციალური უთანასწორობის მოდელის შექმნა სხვა საზოგადოებებზე (თანამედროვე სოციალური სტრუქტურების გააზრება).
„რატომ იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?“ რეპროდუცირება პარალელები თანამედროვე სამართლებრივ სისტემებთან, კანონის სოციალური ფუნქციის გაცნობიერება.
„რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვე ისტორიული საზოგადოებისათვის?“ მაღალი დონის ტრანსფერი ისტორიული გამოცდილების გადატანა პირად და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ რეპოდუცირება და ტრანსფერი  თავად სათამაშო ტექნოლოგიის  დინამიკასთან არის მჭიდრო კავშირში:

  • თამაშის პროცესში (რომელიც კითხვა-პასუხის სხვადასხვა რეჟიმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, როგორიცაა – ვიქტორინა, კროსვორდი და სხვ.), მოსწავლეები ჯერ იხსენებენ ფაქტობრივ ცოდნას (რეპროდუქცია), შემდეგ ამ ცოდნას გადაიტანენ ფართო კონტექსტში, ისეთ სიტუაციაში, რომელიც უშუალოდ არ ემთხვევა სწავლების საწყის პირობებს, იაზრებენ  მნიშვნელობას, ადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და ქმნიან ახალ ინტერპრეტაციებს (ცოდნის  ტრანსფერი);
  • მოსწავლეს, ფაქტობრივად,   სწრაფი პასუხის საჭიროება აიძულებს   იმუშაოს არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ  ანალიზზე და ტრანსფერული ცოდნის ჩამოყალიბებაზე.

თამაშის ტექნოლოგია „სასწავლო დუელი“  ერთგვარი დამაკავშირებელი  მექანიზმი აღმოჩნდა, რომელმაც გააერთიანა   რეპროდუქცირება და ტრანსფერი (კითხვებზე სწრაფი პასუხის მეშვეობით მოსწავლემ ჯერ გაიხსენა ფაქტები, გამოიყენა ცოდნა,  შემდეგ კი  ამ ცოდნის საფუძველზე  ახალ კავშირები დაამყარა). თამაშის ტექნოლოგიის სტრუქტურამ გააძლიერა მათი ურთიერთკავშირი და სასწავლო პროცესი ხარისხობრივად ახალ  ეტაპზე აიყვანა.

„სასწავლო დუელის“, როგორც   რეპროდუქციული ხასიათის ინტერაქტიული დავალების  გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ახალი მასალის გამყარების ეტაპზე, თემის შემაჯამებელ გაკვეთილზე და სასწავლო პროცესის სწრაფი შეფასებისას. მასწავლებელს შეუძლია მასზე დაყრდნობით შექმნას ინოვაციური სასწავლო გარემო და მიაღწიოს მაღალ აკადემიურ შედეგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“