პარასკევი, სექტემბერი 26, 2025
26 სექტემბერი, პარასკევი, 2025

ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია

ზაფხულის არდადეგების, მზიანი დღეებისა და თავისუფლების შემდეგ არცთუ ისე მარტივია საკლასო ოთახში დაბრუნება და სასწავლო ფერხულში ჩაბმა. ჩემს ბავშვურ შეგრძნებებს რომ ვიხსენებ, მაგონდება, როგორ მიხაროდა წინასასკოლო სამზადისი, თუმცა მერე ვღელავდი, ვიდრე დავალებების შესრულებისა და მეცადინეობის რეჟიმს შევეგუებოდი. ეს შეგრძნება არც მასწავლებლობის მეთექვსმეტე წელს არ მავიწყდება. ზემოაღნიშნული და კიდევ სხვა მიზეზების გამო ვცდილობ, ჩემი მოსწავლეების პირველი სასწავლო კვირა ისე დავგეგმო, რომ  ბავშვებს ადაპტაციის პროცესში დავეხმარო.

წლის პირველი წერითი დავალების იდეა შთამაგონა ბოლო ხანს ქართულად ნათარგმნი წიგნის გარეკანმა და სათაურმა – ,,ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“.

თანაც სწორედ ამ წიგნის წაკითხვა ვურჩიე ჩემს მოსწავლეებს გასულ ზაფხულს და თამამად დავიმგზავრე სკოლისკენ, ასევე ამოვბეჭდე სამუშაო ფურცლები (კინოფირი თეთრ ფონზე 12 უჯრით). არის ხოლმე დღეები, როცა ვერ ვასწრებ გაკვეთილის წინასწარ დაგეგმვას და ეს არ მიყვარს. როცა დაგეგმილი მაქვს გაკვეთილის შინაარსიც და ფორმაც, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.

ახლა თქვენც გაგაცნობთ ჩემი გაკვეთილის არასტანდარტულ გეგმას.

  • გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით და ბავშვებს ვკითხე, რას ნიშნავდა მათთვის ზაფხული, ვთხოვე, გაეზიარებინათ, რა ემოციები უჩნდებოდათ ზაფხულზე ფიქრის დროს. პასუხების მოსმენის შემდეგ ვუთხარი მათ, რომ ზაფხული ბევრი მწერლის, მხატვრის, კომპოზიტორისა თუ რეჟისორისთვის შთამაგონებელი გამხდარა, მერე გაიხსენეს წიგნები, რომლებიც წაუკითხავთ და საზაფხულო თავგადასავლებზეა: იბენ აკერლის ,,ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“, რეი ბრედბერის ,,მთელი ზაფხული ერთ დღეში“, ასტრიდ ლინდგრენის ,,ჩვენ სალტკროკელები ვართ“, ენიდ ბლაიტონის ,,ცნობილი ხუთეული“…

კარგი იქნებოდა, რამდენიმე ნახატიც რომ იქვე მეჩვენებინა, აი, ამ ბმულზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.

აზრების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე სამუშაო ფურცლები, შემდეგ კი ვთხოვე, გაეხსენებინათ ის მომენტები, ამბები გასული ზაფხულიდან, როცა განიცადეს სიხარული, ბედნიერება, აღფრთოვანება, თითოეული გადმოეცათ 1-2 წინადადებით. წერის დროს ერთი სიამოვნება იყო მოსწავლეებზე დაკვირვება, ხან ეღიმებოდათ, ზოგჯერ დასერიოზულდებოდნენ, მზის შუქჩრდილებივით ეცვლებოდათ ჩაფიქრებული სახეები.

  • წერა რომ დაიწყეს, მოვასმენინე ბითლზების Here Comes The Sun, შემდეგ რამდენიმე ქართული და უცხოური სიმღერა, რომლებიც ზაფხულზეა. ბავშვებსაც ვთხოვე, თანაკლასელებისთვის ჩაერთოთ ის სიმღერები, რომლებსაც ზაფხულში უსმენდნენ. ოთხი კლასის დაახლოებით 80 მოსწავლიდან მხოლოდ ორმა მოგვასმენინა თავისი საზაფხულო მუსიკა. ერთმა მერვეკლასელმა მითხრა, ჯიმი ჰენდრიქსი ამ ზაფხულს აღმოვაჩინე და მისი მოსმენა 2025 წლის ზაფხულს მახსენებსო, მეორემ კი, აი, ეს გაგვიზიარა და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობამ, მათ შორის, მეც, პირველად მოისმინა – Sandman – The Chordettes. ყოველთვის ვამბობ, მასწავლებლობა არის უწყვეტი განვითარება, თუ, ცხადია, მასწავლებელი ამას აცნობიერებს და უნდა. მაგალითისთვის, სწორედ ჩემი მოსწავლის წყალობით გავიგე იმ დღეს ამ მუსიკალური ჯგუფის შესახებ და რამდენიმე ჩემთვის ახალი სიმღერაც გავიცანი.
  • მას შემდეგ, რაც სამუშაო ფურცლები შეავსეს და ზაფხულის 12 ბედნიერ მომენტზე დაწერეს, მოსწავლეებს ვთხოვე, მოეხატათ, გაეფერადებინათ სურვილისამებრ. ესეც ძალიან ინფორმაციულია მასწავლებლისთვის, საინტერესოა, როგორ ხედავს და გადმოსცემს საკუთარი ზაფხულის ფერებს და განწყობას ბავშვი.
  • ბოლოს მოსწავლეებს დავავალე ასეთი რამ: წარმოედგინათ თავი რეჟისორებად, თითქოს აპირებდნენ 12-13 წლის მოზარდის ზაფხულზე ფილმის გადაღებას, საკუთარი ჩანაწერები მიეჩნიათ სცენარად და გადაეწყვიტათ, რას დაარქმევდნენ საკუთარ ზაფხულზე გადაღებულ ფილმს. თავიდან ცოტა ერთულათ, თუმცა საბოლოოდ ასე დაასათაურეს თავიანთი ნაწერები: ,,მეცამეტე ზაფხული“, ,,მდინარე“ (მდინარეს ჰგავდა ეს ზაფხული, სწრაფად გავიდაო, ასე ახსნა), ,,ჩემი საყვარელი ზაფხული“, ,,უკეთესიც შეიძლებოდა“, ,,ზაფხული, როცა გავლამაზდი“, ,,ზაფხულის ქრონიკები“ და სხვა…
  • ოთხი გაკვეთილი რომ დამთავრდა, ასე გავშალე ბავშვების ნაწერები და ფოტო გადავუღე: აქ კარგად ჩანს ზაფხულის მშვენიერებაც და ბავშვური ფერადი თავგადასავლებიც.

***

სახლისკენ მიმავალი ბევრ რამეზე ვფიქრობდი: ერთი მხრივ, მახარებდა მოლოდინი,  ჩემი მოსწავლეების საზაფხულო თავგადასავლებს რომ გავეცნობოდი, გავიგებდი, რამ გააბედნიერა ისინი. ილუზია არ მაქვს იმისა, რომ რომელიმეს სევდიანი დღეები არ ჰქონდა, თუმცა ცხოვრებაც ხომ ასეა, მთავარია, სევდამ ისე არ გადაფაროს სიხარული, რომ გადაგვავიწყოს. ეს წერითი დავალება სწორედ ამის გააზრებაში დაგვეხმარა.

მეორე –  ხშირად მოსულა ჩემთან ახალგაზრდა, უფროსკლასელი მოსწავლე თუ სტუდენტი და უთქვამს, რომ წერა არ შეუძლია, მე კი მგონია, რომ წერა ყველას შეუძლია, მთავარია, სწორად შევარჩიოთ სტრატეგიები, მოსწავლეების მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ აქტივობები და დავანახოთ ბავშვებს, რომ წერა თვითგამოხატვის საუკეთესო გზაა, ეს არის ძალა, რომელსაც ვერავინ წაართმევს მათ. თავიდან წერას ერთი წინადადებით ვიწყებთ  და ხანდახან ეს ერთი წინადადება მთელ ზაფხულს უდრის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

გზას თავმდაბალი გაივლის…

„კანონგარეშე იავნანა“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“