სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

ენისა და მეტყველების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობანი

განათლებაში ჩართულ არაერთ ადამიანს ჰგონია, რომ ენისა და მეტყველების სპეციალისტი ლოგოპედია, რომელსაც საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო სივრცეში კორექციული პედაგოგიკის ფუნქცია-მოვალეობანიც ეკისრება. თუმცა, საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ ენა და კომუნიკაცია არ შედის ლოგოპედის კომპეტენციაში. ლოგოპედია არის დარგი, რომელიც მხოლოდ მეტყველების სირთულეების  გამოვლენისა და კორექციისთვის იყენებს სპეციალურ მეთოდებს.

მიჩნეულია, რომ ენისა და მეტყველების თერაპევტის მოვალეობაში შედის ისეთი სფეროების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა: კომუნიკაცია, ენა და მეტყველება.

კომუნიკაცია არის ორ ან მეტ ადამიანს შორის ინფორმაციის, იდეების, ფიქრების, ემოციების გაცვლა. ადრეული კომუნიკაციის უნარი  ბავშვის მომავალი ენობრივი და ინტელექტუალური განვითარების წინაპირობაა. სპეციალისტები მიუთითებენ[1], რომ წარმატებული  კომუნიკაციის პროცესის მისაღწევად აუცილებელია, ბავშვი  ჩაერთოს სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. მან უნდა მისცეს გარკვეული ფუნქცია კომუნიკაციის პროცესს, მიესალმოს, მოითხოვოს სასურველი, შეესიტყვოს,გამოხატოს ემოცია, უარი თქვას არასასურველზე ან, უბრალოდ, დაასახელოს ობიექტი. ამის მიღწევა ბავშვს სხვადასხვა ხერხით და ფორმით შეუძლია, მაგალითად, თვალით დიდხანს უყუროს ნივთს, რითიც გამოხატოს ამ ობიექტით დაინტერესებისა და მისი მიღების სურვილი; მიგვანიშნოს თითით  ან ჟესტით, დაწეროს, დახატოს და ა.შ. აუცილებელია, ყურადღებით დავაკვირდეთ ბავშვის ქცევას და ამოვიცნოთ, რა სახის კომუნიკაციის მიმანიშნებლებს იყენებს. თითოეულ მათგანს მივანიჭოთ გარკვეული მიზანი და შესაბამისი ქცევით ვუპასუხოთ ჩვენც.

 

მეორე ასევე მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც ენისა და მეტყველების თერაპევტის სამუშაოს ნაწილია, არის ენა. ენა არის შეთანხმებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც კომუნიკაციისა და აზრის გადმოსაცემად გამოიყენება. სანამ ბავშვი სიტყვების, სიტყვათშეთანხმებებისა და წინადადებების ფუნქციურად გამოყენებას შეძლებს, მანამდე ენისა და მეტყველების თერაპავტმა, ასევე მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, ბავშვს ბუნებრივ სიტუაციაში უნდა ასწავლონ მათი მნიშვნელობები. მაგალითად, ჩანგლის ფუნქცია და დანიშნულება გააცნოს საკვების მიღების დროს. გარდა ამის, მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ უკვე ათვისებული სიტყვების  გარემოსა და  სიტუაციის შესაბამისად გამოყენება.

 

ენისა და მეტყველების თერაპევტის კომპეტენციის კიდევ ერთი სფერო მეტყველებაა. მეტყველების დარღვევის დროს საქმე გვაქვს მშობლიური ენისთვის დამახასიათებელი ბგერების წარმოთქმის თავისებურებებთან. მეტყველება თითოეული ბგერისა და ბგერათკომპლექსების  სწორად გამოთქმას გულისხმობს.  თუმცა სანამ მეტყველებაზე უშუალო მუშაობამდე მნიშვნელოვანია, ბავშვის სმენის აუდიოლოგიური შეფასება, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის სმენის დაქვეითება.  აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ მეტყველებაზე მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ნახსენები სფეროები, კომუნიკაცია და ენა, მეტ-ნაკლებად კარგად არის განვითარებული. მეტყველების დარღვევის ერთ-ერთი ტიპია ენაბორძიკიც.

 

ენისა და მეტყველების თერაპევტის სამუშაო მოიცავს კვებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებზე მუშაობასაც, როგორიც არის ღეჭვა, ყლაპვა და დამოუკიდებლად ჭამა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველებისთვის.

 

მაშასადამე, ენისა და მეტყველების თერაპევტი მუშაობს 0-დან 18 წლამდე ბავშვებთან და მოზარდებთან, რომელთაც აქვთ სირთულეები შემდეგ სფეროებში:

  • კომუნიკაციის – როდესაც ბავშვს ან მოზარდს უჭირს საკუთარი აზრების და ფიქრების გამოხატვა, თანატოლებთან ურთიერთობა და თამაში, პირადი სივრცის და ემოციების გაზიარება.
  • რეცეფტული ენის – რაც გულისხმობს მოსმენასა და მოსმენილის გაგებას;
  • ექსპრესული ენის – რაც მოიცავს ცალკეული სიტყვებისა და წინადადებების წარმოებას, რამდენად შეუძლია უკვე აღქმულის გადმოცემა.
  • მეტყველების – როცა არის ბგერების წარმოთქმის სირთულე, მეტყველება რთულად გასაგებია, არის საარტიკულაციო აპარატის მოტორული სირთულეები, ჰიპერსალივაცია, ანუ ჭარბი ნერწყვდენა[2].
  • კვების – კვებასთან (ღეჭვა-ყლაპვასთან) დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები.

მეტყველების სპეციალისტი აფასებს, გეგმავს და წარმართავს სასწავლო პროცესს. თუკი ამათუ იმ მოსწავლის ენისა და მეტყველების შესახებ სკოლაში უკვე დასკვნა მომზადებულია და დიაგნოსტირებულია ბავშვის უნარები, რომლებიც მოიცავს ბავშვის მეტყველების, ენის, ხმის, სმენის, ყლაპვისა და კომუნიკაციის უნარების შეფასებას, სპეციალური ტესტებისა და დაკვირვების გამოყენებას, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, მდგომარეობის განსაზღვრას, ამის შემდეგ აუცილებელია ჩარევის დაგეგმვა, რაც შემდეგ პროცესებს მოიცავს:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის გეგმის შედგენა,
    • მიზნების განსაზღვრა ასაკისა და საჭიროებების მიხედვით,
    • გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიების შემუშავება.

აგაკვეთილო სესია უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ განვითარდეს ბგერა, სუნთქვა, არტიკულაცია, ლექსიკა, გრამატიკა, კომუნიკაცია და პრაგმატული უნარები. ამავდროულად. მხარდაჭერილი უნდა იყოს დისლექსიის, დისგრაფიისა და სხვა სწავლის სირთულეები. თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა გამოვიყენოთ ალტერნატიული და დამატებითი კომუნიკაციის საშუალებები (მაგ.: სურათები, ჟესტები, ტექნოლოგია).

პროფილაქტიკისა და პრევენციისთვის აუცილებელია:

  • მეტყველების დარღვევების დროული აღმოჩენა.
  • მშობლებისა და პედაგოგებისთვის რეკომენდაციების გაცემა.
  • სკოლაში, ბაღსა ან სტაციონარში პრევენციული აქტივობების დაგეგმვა.

კონსულტაცია და თანამშრომლობა

  • მშობლებთან, მასწავლებლებთან, ფსიქოლოგებსა და ექიმებთან ერთობლივად მუშაობა.
  • რეკომენდაციები სასწავლო გარემოს ადაპტაციისთვის.
  • ოჯახის წევრთა ინფორმირება სახლში აქტივობების გაგრძელების გზებზე.

დოკუმენტაციის წარმოება

  • შეფასების შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ჩანაწერები.
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმის განახლება.
  • ანგარიშგება

ენისა და მეტყველების სპეციალისტი მუდმივად უნდა აახლებდეს საკუთარ ცოდნას,  ეცნობოდეს თანამედროვე მეთოდებსა და კვლევებს, მონაწილეობდეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სემინარებსა და ტრენინგებში.

[1] https://mhc.ge/post/223; https://cisi.tsu.ge/Files/electronic_textbooks/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf

[2] https://mhc.ge/post/131

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“