პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო კამპანია სკოლაში

საქართველო მყარად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს მსოფლიოს ყველაზე საშიშ სტატისტიკაში. ასი ათას მოსახლეზე covid 19-ის ვირუსით ინფიცირების შემთხვევებითა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე არაკეთილსაიმედო მდგომარეობა გვაქვს. ამის მიუხედავად, ორჯერ ვაქცინირებული მოსახლეობის მხოლოდ 31%-ია. ვაქცინაციაზე არც ფიქრობს მასწავლებლების თითქმის მესამედი და მშობელთა მილიონიანი საზოგადოების უდიდესი ნაწილი.

დაგაკვირდებით აცრილებს 1-2 წელი და მერე გადავწყეტ, ავიცრა თუ არა!;

ვინ მომცემს გარანტიას, რომ ავიცრები და არაფერი მომივა?;

მე რომ აცრის მერე რამე დამემართოს, შენ აგებ პასუხს? ეს ყველასთვის ნაცნობი ფრაზებია, რომლებსაც მოსახლეობისგან ხშირად მოისმენთ. მათ შორის, ბევრი პედაგოგი და უფრო მეტი მშობელია, ვინც ვერ იაზრებს საკუთარ როლს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ელოდება მესამე პირს, რომელიც მის ნაცვლად აიღებს პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე და „მისცემს გარანტიას“, რომ ვაქცინაციის შემდეგ არასდროს აღარაფერი დაემართება. ვაქცინაციის პროცესმა დაგვანახა, რომ საქართველოში იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომლებიც ბავშვს ზრდის და ასწავლის, გააზრების, გადაწყვეტილების მიღების და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების პრობლემა აქვს. არადა, ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ლოდინის დრო არ არის. შესაძლოა, ბევრი მერყევი თუ მომლოდინე ადამიანისთვის ეს ყბადაღებული 1-2 წელი საერთოდ ვეღარ დადგეს. მით უმეტეს ვერ დაველოდებით რამდენიმე წლის წინ დაწყებული განათლების რეფორმის შედეგებს, რომლებიც უფრო მეტად გააზრებაზეა ორიენტირებული, ვიდრე დაზეპირებაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში სასიამოვნო შედეგებს გვპირდება.

დღეს კორონავირუსი გვიტევს. დღევანდელი ჩვენი მიზანია, დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ტემპს, რომელიც აღარც კი გვახსოვს, როგორი იყო.

მანამდე კი ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სკოლები ღია მდგომარეობაში, რათა ამ ჯოჯოხეთური წლებიდან ნაკლები დანაკარგით გავიყვანოთ ბაშვები. ამისთვის საჭიროა, მკაცრად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა. ვაქცინირებული პედაგოგები და მშობლები არიან იმის გარანტი, რომ სკოლაში ვირუსული ინფექცია ვერ შევა. თუ ბავშვს სახლშიც და სკოლაშიც უსაფრთხო გარემო ექნება, ჩვენ დავიცავთ მას ვერაგი დაავადებისგან.

მეცნიერებამ მიაღწია იმას, რომ

  • აცრილი ადამიანი 10-ჯერ უფრო ნაკლებად ინფიცირდება;
  • დაინფიცირების შემთხვევაში დაავადება ბევრად ადვილად გადააქვს;
  • ნაკლებად გადამდებია ვიდრე აუცრელი პირი;
  • გარდაცვალება უიშვიათეს შემთხვევაში დგება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა (მშობლებმა, მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორებმა) იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენს სკოლაში ვაქცინირებული მასწავლებლებისა და მშობლების რაოდენობა? რაკი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმუნიზაცია სავალდებულო არ არის, ვერც ჩვენ მოვთხოვთ ვერავის იძულებით აცრას, ამის ერთადერთი საშუალება სანდო, სარწმუნო ინფორმაციის ჩვენივე საზოგადოებაში ფართოდ გავრცელება, დისკუსიების, საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, სანდო და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შექმნილი ვიდეო თუ სხვა მულტიმედია მასალების გაზიარებაა.

რა საშუალებები გვაქვს აქტივობების დასაგეგმად? ვაქცინაცია მეტად მგრძნობიარე თემაა. საზოგადოება არაერთგვაროვნად რეაგირებს აცრებზე. ამიტომ:

ა) პირველ რიგში მოვიძიოთ ჩვენს სასკოლო თემში მცხოვრები კომპეტენტური ადამიანები და მათთან ერთად დავგეგმოთ ის აქტივობები, რომლებიც სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებაში დაგვეხმარება. ყველაზე მეტად საჭირო ასეთი აქტივობები იმ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშია, რომლებშიც დაავადების გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია, ხოლო ვაქცინაციისა და პირბადის მოხმარების – დაბალი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ადამიანი ჩვენ სიახლოვეს არ გვეგულება, თავად მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია სანდო წყაროებიდან. ერთ-ერთი ასეთი წყარო არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრაა, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების დაცვის საკითხებს ეხმიანება და მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საინტერესო, აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს – https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis/videos/1912877058891846 . საჭირო და სანდო რესურსები ქვეყნდება გაეროს ბავშვთა ფონდის facebook-გვერდზე, მაგალითისთვის იხილეთ ბმული, სადაც პედიატრი საუბრობს ბავშვებში პირბადის ტარების წესსა და აუცილებლობაზე. https://www.facebook.com/unicefgeorgia/videos/331208688764978. შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო რესურსები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზეც ნახოთ https://www.facebook.com/ncdcgeorgia;

გ) დღეისათვის ჩვენ უკვე ათასობით პედაგოგი გვყავს, რომლებიც ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ და თავადაც შეუძლიათ რესურსების შექმნა სკოლებში კოვიდრეგულაციების დაცვისა თუ ვაქცინაციის თემაზე. სკოლის ვებგვერდზე თუ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულმა საავტორო რესურსებმა შესაძლოა, უფრო დიდი ყურადღება და პოზიტიური უკუკავშირი დაიმსახუროს;

დ) შესაძლებელია, სასკოლო საზოგადოებასთან ისაუბრონ უკვე ვაქცინირებულმა მშობელმა თუ მასწავლებელმა. გაუზიარონ სხვებს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რამდენად კმაყოფილი არიან ახლა.

ვინ შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციო კამპანიის მოთავე? სასკოლო საზოგადოებასთან და თემთან საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა შეუძლია სკოლის დირექტორს, თითოეულ პედაგოგს, სკოლის ექიმს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვის სამსახურს ან მოსწავლის მშობელს, თუკი მას სკოლის მხარდაჭერა ექნება.

რა უნდა იყოს ჩვენი მოტივაცია, რომ ჩავებათ ან ორგანიზება გავუკეთოთ ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანიას? სკოლა, ერთი მხრივ, ბავშვის, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი თემის განვითარების ხერხემალია. ბევრ რეგიონში სკოლა ერთადერთი ავტორიტეტული დაწესებულებაა, სადაც მას და მის თანამშრომლებს ენდობიან, პატივს სცემენ და უყვართ. სკოლის თანამშრომელი და მოსწავლის მშობელი, რომელიც იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება როგორც ბავშვის, ისე მთელი საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, არ შეუშინდება დროებით კრიტიკას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იზრუნოს ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ეს შრომა შეიძლება გადამწყვეტი იყო ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

რა შეიძლება იყოს სასკოლო თემში საკომუნიკაციო კამპანიის მიზანი? მთავარი მიზანია სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება, რაც სასკოლო საზოგადოების წევრებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

რა სპეციფიკა უნდა ჰქონდეს ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო კამპანიას სასკოლო საზოგადოებაში? სასწავლო პროცესის ხშირი ცვალებადობისა და არასტაბილური გარემოს გამო, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ემოციურად დატვირთული სასწავლო წელი მიმდინარეობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დროში სწორად გადანაწილდეს. მათში მონაწილეობა არ მოითხოვდეს დიდ დროსა და ენერგიას. სანაცვლოდ კი კამპანია მოკლედ და პოპულარულ ენაზე აწვდიდეს მათ საჭირო ინფორმაციას. კამპანიის შინაარსი უმჯობესია, მორგებული იყოს სასკოლო საკითხებს და პასუხობდეს მარტივ შეკითხვებს – როგორიცაა: რატომ არის თანაბრად საჭირო სასკოლო საზოგადოების ორი მთავარი აქტორის მასწავლებლისა და მშობლის ვაქცინაცია? როგორია აცრილი და აუცრელი მშობლებისა და მათი შვილების დაინფიცირების, დაავადების სიმძიმის, ვირუსის გავრცელების სტატისტიკა? რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რომ სკოლები გახსნილ და უსაფრთხო მდგომარეობაში შევუნარჩუნოთ ბავშვებს? რატომ არის მნიშვნელოვანი აცრილი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რომ სხვა პედაგოგები და მშობლებიც აიცრან? რამდენად უსაფრთოა პირბადის ტარება ბავშვებისთვის? რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა 16+ ბავშვებისთვის და ა.შ.

რა რისკებს უკავშირდება ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა-ჩატარება? ნებისმიერ კამპანიას შეიძლება ჰყავდეს მოწინააღმდეგე. მით უმეტეს, როცა საქმე ვაქცინაციას ეხება. ამ გამოწვევისთვის საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ და ამაში უტყუარი კომპეტენციის ადამიანი უნდა დავიხმაროთ. იმისთვის, რომ ჩვენი მცდელობა მასწავლებლებს ან პედაგოგებსა და მშობლებს შორის უსაგნო ბრძოლაში და სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

  1. აცრის მოწინააღმდეგეთა მიმართ არსებულ ბრაზს მიმართულება შევუცვალოთ. შევეცადოთ მათი თვალით შევხედოთ საკითხს და ჩავუღრმავდეთ არა იმას, რას ამბობს თანამოსაუბრე, არამედ რეალურ მიზეზებს, რაც ხელს უშლის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში. ურთიერთობის დროს გვახსოვდეს, რომ გაბრაზება სარგებელს ვერ მოგვიტანს. ბრაზის გარეგნული ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, მრისხანე სახე, საუბრის ხმამაღალი ან მენტორული ტონი თანამოსაუბრეს ჩვენ მიმართ უარყოფითად განაწყობს და ჩვენ მიერ გაზიარებული ნებისმიერი მეცნიერული ჭეშმარიტება, მისთვის მაინც მიუღებელი დარჩება;
  2. ზღვა ინფორმაცია, რომლებიც ჩვენ ვაქცინაციის ჩატარებამდე მოვიძიეთ, მაქსიმალურად დავწუროთ და ორ-სამ საკვანძო ფრაზამდე დავიყვანოთ;
  3. მოვემზადოთ იმისთვის, რომ აცრის მოწინააღმდეგე პირი არაერთი „არგუმენტით“ იქნება შეიარაღებული, რასაც რუსული მედია აქტიურად ტირაჟირებს. ამიტომ წინასწარ მოვიძიოთ ინფორმაცია ძირითად მითებზე, რომლებისაც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს სჯერათ.

რა შედეგი ექნება ჩვენს მცდელობებს? ჩვენი მცდელობები სულ მცირე რამდენიმე ადამიანს მიაღებინებს ვაქცინაციის გადაწყვეტილებას, რაც მისი და მის გარშემო მყოფი ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და ჯანმრთელობას დაიცავს. ნუ დავისახავთ უტოპიურ ამოცანას, რომლის ვერშესრულებაც მოტივაციას დაგვიქვეითებს. ჩვენ გარშემო 4-5 კვ.მ.-ის რადიუსშიც თუ დავარწმუნებთ ადამიანებს ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და აუცილებლობაში, ვირწმუნოთ, რომ ეს უკვე კარგი შედეგია და ჩვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია.

***

მეცნიერებმა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაადგინეს, რომ რაც მეტი ვაქცინირებულია, მით უფრო რთულდება დაავადების გავრცელება. ასე დასრულდა „ყვავილი“, „ჭირი“. ასე დასრულდება კოვიდიც, თუ ჩვენ მოვინდომებთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი