ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები (რეკომენდაციები)

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების პრობლემებს კიდევ ერთ სტატიას ვუძღვნი და კვლავ სწავლის პროცესში წარმოშობილ შესაძლო სირთულეებზე გავამახვილებ ყურადღებას.

წერა – შეიძლება ითქვას, ეს „ზებრა“ ბავშვების (ეს ტერმინი ფრანგმა ავტორმა – Siaud-Facchin Jeanne – თავად შეარჩია განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვებისათვის) უმთავრესი სირთულეა, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს, როგორც ცუდი კალიგრაფიით, სწრაფად წერის ჩვევის გამომუშავების სირთულით, რომელმაც თავის მხრივ, განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი შესაძლოა იმ ზომამდეც კი მიიყვანოს, რომ მან საერთოდ უარი განაცხადოს წერაზე. მსგავსი პრობლემის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს:

  • შეუსაბამობა ზეპირ მეტყველებასა და ფსიქომოტორულ განვითარებას შორის. განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს უმეტეს შემთხვევაში მეტყველების თავისუფალი მანერა აქვთ და მათი ლექსიკა საკმაოდ მდიდარია. „ზებრები“ ადვილად სწავლობენ კითხვას, მაგრამ ხანდახან მოტორიკა ჩამორჩება განვითარებაში. ბავშვს უჭირს გრაფიკული უნარების გამომუშავება და ზოგჯერ ეს სწორედ წერის უნარებზე აისახება;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები სწრაფად ფიქრობენ და აზროვნებენ. იდეები უსწრაფესად გენერირდება მათ გონებაში სულ მცირე ასაკიდანვე. სამაგიეროდ, გრაფიკული, წერითი უნარები ჩამორჩება, რაც ხელს უშლის საკუთარი აზრების „ჩაწერას“. უფრო გასაგები რომ იყოს, „ზებრა“ ბავშვის გონიერება გაცილებით სწრაფი ტემპებით ვითარდება და მას ხშირად უწევს, ასე ვთქვათ, უკან დაბრუნდეს, რომ წერაში ჩამორჩენა აღმოფხვრას. ეს ყველაფერი ძალიან ღლის და თავგზას ურევს ნიჭიერ პატარას. თანდათან შესაძლოა, საერთოდ შეიჯავროს წერა და ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან პირდაპირ ყოველგვარი გრამატიკული წესების დაცვის გარეშე წეროს ან მისი კალიგრაფია სრულებით გაუგებარი გახდეს.
  • ძალიან ხშირად, როდესაც განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი პრაქტიკულად უარს ამბობს წერაზე, ამის მიზეზი არის სკოლა, სადაც მისგან წერითი უნარების ისეთივე სისწრაფით განვითარებას ელიან, როგორსაც ის ავლენს ზეპირი მეტყველების შემთხვევაში. ასეთ სიტუაციაში „ზებრა“ ბავშვი იძაბება და დანაშაულის განცდა უჩნდება, რადგან ვერ გაამართლა მასწავლებლის მოლოდინი.

მკითხველს, კარგად მოეხსენება, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წერის სწავლებას – განაგრძობს ფრანგი ფსიქოლოგი. სწავლის საწყის ეტაპზე მასწავლებლებისა და მშობლების კონფლიქტის ძირითად მიზეზად სწორედ „ზებრა“ პატარას ძალიან ულამაზო და ნელი წერა ხდება. მომდევნო კლასებში კალიგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მძაფრდება, რაც შეიძლება მასწავლებლების მხრიდან უსამართლო შენიშვნების, ზოგჯერ დასჯის მიზეზადაც კი იქცეს. ყველაზე ცუდი არის ის, რომ საბოლოოდ, კოლეჯშიც კი, სხვადასხვა გამოცდებზე წერასთან დაკავშირებული გაუგებრობა დაბალი აკადემიური შეფასების გამომწვევი ხდება.

მშობლებმა და პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს არ აქვს წერის პრობლემა. ზოგიერთი მათგანი პირიქით, დიდი სიამოვნებით წერს და ეს პროცესი სიხარულსა და სიამოვნებასაც კი ანიჭებს. ასეთი ბავშვების ნაწილი ლექსებს, მოთხრობებს, ესეებს წერს – ასე განსაჯეთ მათთვის ლიტერატურული ზეიმია მსგავსი გასართობები და საკუთარი მოსაზრებების გაზიარება გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

მინდა, გაგიზიაროთ მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გამოცდილება – ამბობს  Siaud-Facchin Jeanne: „ახლა კარგად მივხვდი განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების პრობლემებს. თავდაპირველად, როდესაც მთელ კლასს დაფაზე დაწერილი დავალების გადაწერას ვავალებდი, აღმოვაჩინე, რომ ნიჭიერები გაცილებით დიდ დროს ანდომებდნენ ამ რუტინულ საქმიანობას. მე უკვე ვიწყებდი ახალი მასალის ახსნას, ისინი ისევ გადაწერას აგრძელებდნენ. შემდეგ შევიმუშავე რამდენიმე მეთოდი. კერძოდ: გაკვეთილის დაწყებამდე თავად ვამზადებ ყველა მოსწავლისათვის დავალების ქსეროასლს; ან ვირჩევ ერთ „დამხმარეს“, რომელიც სწრაფ წერაშია გაწაფული. ის თანაკლასელებისთვის ქსეროქსებს აკეთებს. მიმაჩნია, რომ ურთიერთდახმარების ამგვარი პრინციპი ბავშვებს აჩვენებს, რომ მათი „ზებრა“ კლასელი სულაც არ არის „ზეადამიანი“ და მასაც სჭირდება ხოლმე თანადგომა. კიდევ ერთი რჩევა ჩემი კოლეგებისთვის: განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლის ცოდნის შემოწმებისთვის ზოგჯერ წერილობითის ნაცვლად ზეპირ გამოკითხვას ვიყენებ – ამ დაშვებას ძირითადად სასწავლო წლის დასაწყისში ვიყენებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავრწმუნდე, რომ მოსწავლე მართლაც სრულყოფილად ითვისებს ჩემს საგანს. „წერა ცოტას მოიცდის“, მიმაჩნია მე. თან დავაკვირდი, რომ თუ მასწავლებელი ითვალისწინებს ნიჭიერი მოსწავლის სირთულეებს, ბავშვი ძალიან დიდი გულისხმიერებით ეკიდება ამ მიდგომას და თავადაც ცდილობს, გააუმჯობესოს წერის სისწრაფე და კალიგრაფიის ხარისხი. სასწავლო წლის დასრულებისათვის კი, მათ გაცილებით უფრო ხელშესახები შედეგები აქვთ“.

მასწავლებლები ყურადღებით უნდა მოეკიდონ წერის პრობლემებს ბავშვებში, როცა პატარა ნამდვილად ცდილობს წერის უნარების გამოსწორებას, მაგრამ მაინც არ ჩანს რაიმე საგრძნობი შედეგი. როცა ბავშვი განიცდის, რომ მას არაფერი გამოსდის, მის მიერ შესრულებული წერითი დავალება სულ გადაჯღაბნილია და გამოიყურება ისე, როგორც, ე.წ. „შავი ნაწერი“, მაშინ შესაძლოა რაიმე ტიპის მნიშვნელოვან მიზეზთან გვქონდეს საქმე და აუცილებელია სპეციალური დიაგნოსტიკა, რომ სკოლამ და პედაგოგებმა, მისი კორექტირება ადრეულ ეტაპზევე შეძლონ. ამ პრობლემის შეუმჩნევლად გატარებას, სავარაუდოდ, მომავალში უფრო სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია.

Siaud-Facchin Jeanne განმარტავს, რომ ნიჭიერ ბავშვებში ყველაზე მეტადაა გავრცელებული დისლექსია, (დისლექსია -ბერძ. δυσ „დის“ — დასუსტებული; λέξις „ლექსის“ — სიტყვა — კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო გაგებით — სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება), რომელიც დისგრაფიასთან (დისგრაფია – ბერძ. δυσ „დის“ — დასუსტებული + γραφος „გრაფოს“ — წერა), წერის უნარის დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან. ადამიანებს დისგრაფიით შეუძლიათ თავისუფლად კითხვა, თუმცა კოორდინაციის ნაკლებობის გამო, წერენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე) და ეს უფრო მეტად ნიჭიერ ბიჭებს ეხებათ. დისლექსიასა და დისგრაფიას, ძირითადად აკავშირებენ ინფორმაციის შემდგომი გადამუშავების უნართან. მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ როდესაც „ზებრა“ ბავშვი კითხულობს, ის ტექსტს ერთგვარად „ზემოდან უყურებს“ და ნაწერის შინაარსს აღიქვამს მთლიანობაში, ხოლო თითოეული ასო-ნიშნის დეკოდირება მისთვის შედარებით რთულია. მაგალითად, თუ მასწავლებელი კარნახობს მოსწავლეს სიტყვას „გემი“, მის გონებაში ეს სიტყვა არა კონკრეტული სიტყვის შემადგენელი ბგერების თანამიმდევრობად აქტივირდება, არამედ წარმოდგება, როგორც ტალღებზე მოცურავე გემი. ეს ხატი უსწრაფესად იცვლება დამატებითი ასოციაციებით, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ზღვასთან, ცურვასთან, თოლიებთან, უკანასკნელ არდადეგებთან… ამიტომ სიტყვის ჩაწერისთვის განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს უწევს, ასე ვთქვათ, „უკან დაბრუნება“, რათა წარმოსახვითი ხატი კონკრეტულ სიტყვად იქცეს. გარდა ამისა, მასწავლებელი აგრძელებს კარნახს და ნიჭიერი უკვე ჩამორჩება მის ტემპს.

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვისთვის შინაარსი ყოველთვის ფორმაზე მეტად მნიშვნელოვანია. ნებისმიერ სიტუაციაში პატარა „ზებრა“ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რისი ჩაწერა უწევს, ფორმა კი მისთვის უმეტესად ზედმეტ უსარგებლო შეზღუდვად აღიქმება. შეგვიძლია, დავეხმაროთ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს და გავაცნოთ მას კალიგრაფია, იეროგლიფები და მხატვრული წერის ნიუანსები, ანუ სხვა სიტყვებით წერა შემოქმედებად, ხელოვნებად ვაქციოთ. მაშინ წერის პროცესი აზრს შეიძენს და აღარ იქნება აღქმული როგორც მხოლოდ, რაღაც უფრო სერიოზული რამის მიღწევის საშუალება.

სტატიის დასასრულ, – დასძენს ფრანგი ფსიქოლოგი – გვინდა, მკითხველს გავუზიაროთ ადრეულ ეტაპზე  ნიჭიერი ბავშვების „ამოსაცნობი“ რამდენიმე ნიშანი. ჩამონათვალს არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია, მაგრამ თუ მაინც მოახერხებთ და შეამჩნევთ მსგავს შტრიხებს, კარგი იქნება ბავშვის შემდეგი დიაგნოსტირებისათვის მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. მაშ ასე, გულდასმით გაეცანით ამ ჩამონათვალს.

„ზებრა“ ბავშვთან გვაქვს საქმე, როცა:

  • ბავშვი სწავლობს არათანმიმდევრულად, ანუ გასულ წელს ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა რომელიღაც საგანში და ახლა საერთოდ ხელი აიღო მასზე, ან შესაძლებელია პირიქით ხდებოდეს. კონკრეტული საგნის სწავლა დამოკიდებულია „ზებრას“ ემოციურ დამოკიდებულებაზე კონკრეტული საგნის მასწავლებელთან. განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლე ცდილობს, შეამოწმოს პედაგოგის ზოგადი ერუდიცია. მისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლისადმი ნდობითა და პატივისცემით იყოს განწყობილი;
  • ბავშვი მასწავლებლისგან მუდმივად ითხოვს მისი მოსაზრების მართებულობის დადასტურებას. ის ნებისმიერ ქმედებაში საზრისს ეძებს და სანამ საზრისი მისთვის ბუნდოვანია, ვერ ახერხებს ვერანაირი დავალების შესრულებას;
  • მოსწავლე გაკვეთილზე ან მუდმივად აქტიურობს ან სრულიად უმოქმედოდაა და საკუთარ თავში იკეტება. ეს დამოკიდებულია ცოდნის მიღების სურვილზე, რომელიც ან ისევ შენარჩუნებული აქვს ან სრულიად ამოეწურა;
  • ზოგჯერ მოსწავლე გაკვეთილზე შეუსვენებლად ლაქლაქებს, ზოგჯერ ზედმეტად აგზნებულია, ზოგჯერ ოცნებებში გადავარდება, მაგრამ მაინც ისმენს გაკვეთილს. შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს ყურადღება უცნაურად აქვს მოწყობილი: იმისათვის, რომ გულდასმით მოსმენა შეძლოს, პარალელურად სხვა რამეც უნდა აკეთოს;
  • ბავშვს არ შეუძლია განმარტოს, როგორ ამოხსნა ამოცანა და როგორ მიიღო სწორი პასუხი. ის დასკვნებს ინტუიციურად, ანალოგიებით აკეთებს;
  • დიდი უფსკრულია ბავშვის ზეპირ და წერილობით მეტყველებას შორის;
  • მოსწავლე დასვენებებზე მუდამ მარტოა, მას უჭირს თავისი ინტერესების შესაბამისი მეგობრის მოძებნა;
  • მოსწავლე უცაბედად უარს აცხადებს პასუხების გაცემაზე ან თემიდან გადახვევით პასუხობს, მაგრამ აშკარაა, რომ საკითხი სრულყოფილად აქვს ათვისებული.

თქვენ გაეცანით ნაწყვეტს Siaud-Facchin Jeanne (დაბ. 26 მარტი, 1957წ. საფრანგეთი) წიგნიდან: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი. როგორ დავეხმაროთ მას წარმატების მიღწევაში“ . ფრანგი პრაქტიკოსი კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი – Siaud-Facchin Jeanne – არის ასოციაცია Zebra-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე და ასევე ასოციაცია Cogito-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ასოციაცია მუშაობს მოზარდი მოსწავლეების ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკასა და მოგვარებაზე. Siaud-Facchin Jeanne არის რამდენიმე ფსიქოლოგიური ბესტსელერის ავტორი.

 

თარგმანი მოამზადა

ქეთევან კობალაძემ

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი