ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

გლობალურ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობა და განიარაღებაა, თუმცა არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმი. გლობალური გეოგრაფიის გაკვეთილისთვის გთავაზობთ მასალას და სადისკუსიო კითხვებს, რომლებიც შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

კითხვები გაკვეთილის დასაწყისისთვის:

  • როგორ ფიქრობთ, რა არის ტერორიზმი? რამ წარმოშვა ის?
  • რა აიძულებს ადამიანს, თავი გაწიროს ტერაქტის მოსაწყობად?
  • ვინ უფრო გეცოდებათ – ტერორისტი თუ მისი მსხვერპლი?
  • როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
  • სწორად ებრძვიან თუ არა დღეს ტერორიზმს ზესახელმწიფოები?
  • ერთი და იგივეა თუ არა ტერორიზმთან ბრძოლა და ტერორისტებთან ბრძოლა?

2011 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა. პრაქტიკულად, არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მოვლენის განსაზღვრის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის, 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, სადაც ის ტერორიზმის განმარტებას ცდილობს: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე გლობალური ეფექტებით… თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებზე“.

ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე უკანონო გზით გავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ტერორიზმი არის ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო განსაზღვრავს ტერორიზმის ოთხ ძირითად ნიშანს:

◦ ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი;

◦ ქმედება, რომელიც გამიზნულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

◦ ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ;

◦ დაბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ (იხ. სოციალური და რელიგიური ტერორიზმი).

ფართოდ არის გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს ტერორიზმი იყოს ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავს ასეთად მიიჩნევს) თავისი დამცირებისთვის საჯარო ყურადღების მისაპყრობად. მათთვის, ვინც ებრძვის შეუდარებლად ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია, მეტ-ნაკლებად გააწონასწოროს მხარეთა საბრძოლო საშუალებები. ტერორიზმის მიღმა უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრები იმალება. შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებასთან.

ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პირებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოოდ მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, ხელი შეუწყო 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებას.

თანამედროვე ტერორიზმი შეიძლება დაიყოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ორ მიმართულებად. პირველი, ლოკალური ტერორიზმი, ხშირად სათავეს იღებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისგან და წარმოადგენს ამ მოძრაობის არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს. საყურადღებოა, რომ ასეთი მოძრაობები ხშირად შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით არის ლეგალიზებული. ტერორიზმის მეორე სახესხვაობას დღეს საერთაშორისო (ზოგჯერ – გლობალურ) ტერორიზმად მოიხსენიებენ და, საზოგადოდ, გლობალური საფრთხის შემცველ ქმედებად მიიჩნევენ. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით გვხვდება პრაქტიკულად ყველგან, მთელ მსოფლიოში. 1960-1970-იან წლებში ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) უმთავრესად მარქსისტული ექსტრემიზმის სახით და ლატენტურად დღესაც არსებობს ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილოეთ ირლანდიაში), სადაც ეროვნულ უმცირესობათა (ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ტერორიზმის გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

ხშირად ტერორისტებს უწოდებენ მათ, ვის იდეებსა და მოქმედების მეთოდებსაც არ იზიარებენ. ბრაიან ჯენკინსი (Brian Jenkins) ამბობს: „ის, თუ რა შეფასდება ტერორიზმად, დამოკიდებულია შემფასებლის მსოფლმხედველობაზე. ამ ტერმინის გამოყენება გულისხმობს მორალურ განსჯას. თუ ვინმემ მოახერხა და ოპონენტს ტერორისტის იარლიყი მიაკერა, ეს მის იდეურ გამარჯვებას ნიშნავს და იმის მაუწყებელია, რომ მან მოახერხა სხვების დარწმუნება საკუთარი პოზიციის მართებულობაში“. შესაბამისად, ტერორისტად „მონათვლა“ სუბიექტური საკითხია. თუ ვინმე თავს მსხვერპლად მიიჩნევს, ძალადობის აქტი ტერორიზმად ფასდება, თუ დამნაშავედ – ძალადობის აქტი შესაძლოა უფრო რბილად, პოზიტიურადაც კი შეფასდეს (უარეს შემთხვევაში – პროვოკაციულად). მიდგომას, რომლის მიხედვითაც ძალადობის ტერაქტად შეფასებას მსხვერპლად იდენტიფიცირება განსაზღვრავს, შეიძლება მივაკვლიოთ NATO-ს (რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დასავლური სახელმწიფოების მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვარ სტატუს-კვოს) კომისიების დასკვნებში. 1989 წლის ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის სუბკომიტეტის საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: „მკვლელობა, გატაცება, ცეცხლის გახსნა და სხვა არაკანონიერი ქმედებები წარმოადგენს კრიმინალურ აქტებს, მაგრამ ბევრი არადასავლური სახელმწიფო ტერაქტებს სინამდვილეში თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს“. ამ შემთხვევაში ტერორიზმის მთავარი შემფასებელი ძალადობაა და არა მოტიცავია ან მიზნები.

NATO–ს კომიტეტის განმარტება არ გამოგვადგება, რადგან ის სახელმწიფოსა და ცალკეული ჯგუფების მიერ ჩადენილ ძალადობას ერთსა და იმავე კონტექსტში განიხილავს – ცხადია, უდიდესი განსხვავებაა პლასტიკატის ყუთში მოთავსებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიუგნებელ ადგილას დამალულ კუსტარულ ბომბსა და და ბოლო თაობის ასაფეთქებელ საშუალებებს შორის, რომელსაც სუპერთანამედროვე თვითმფრინავი 7 000 მეტრი სიმაღლიდან აგდებს. მაგალითად გამოდგება Luftwaffe-ს (გერმანიის საჰაერო ძალების სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის დროს; ითარგმნება როგორც „საჰაერო ძალები“) რეიდები ვარშავასა და კოვენტრიში, აშშ-ის მიერ ჩამოყრილი ბომბები ხიროსიმასა და ნაგასაკიში, აგრეთვე ცივი ომის დროინდელი დაპირისპირება სუპერსახელმწიფოებს შორის, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ბირთვული ომით ორივე ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას და არამარტო მას. შეიძლება, ისინი ტერაქტებად მივიჩნიოთ? ტერორისტული ორგანიზაციებია: ალ-ქაიდა, ეტა, „თამილის ვეფხვები“, „პირდაპირი მოქმედება“, რევოლუციური ორგანიზაცია „17 ნოემბერი“, წითელი არმიის ფრაქცია.

 

გლობალური ტერორიზმის ინდექსი

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

ჯგუფებმა უნდა გამოყონ ტერორიზმის ინდექსის მაღალი მაჩვენებლების არეალები და შეადარონ ყველაზე მასშტაბური ტერაქტების რუკას; დაადგინონ, ემთხვევა თუ არა მაღალი მაჩვენებლების არეალები და მასშტაბური ტერაქტების გავრცლება.

 

კითხვები დისკუსიისთვის:

  1. ნიშნავს თუ არა ომის არარსებობა სხვებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას?
  2. არის თუ არა მშვიდობა თანაბრად მნიშვნელოვანი ყველა კულტურისთვის?
  3. არსებობს თუ არა საფუძველი, იმედი გვქონდეს, რომ მომავალში მსოფლიო მშვიდობიანი გახდება?
  4. რატომ არსებობს სხვადასხვა აზრი მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
  5. ადამიანის შინაგან მშვიდობას ხალხი ხშირად უკავშირებს რელიგიას. რატომ ხდება ასე?
  6. აუცილებელია, ადამიანი რელიგიური იყოს, რათა შინაგანი მშვიდობისთვის საჭირო ფასეულობები ჰქონდეს?
  7. მომავალში რამდენად მეტი ომი გაიმართება ძირითადი ბუნებრივი რესურსებისთვის (მაგალითად, წყლისთვის) სხვა მიზეზით წარმოებულ ომებთან (მაგალითად, ეთნიკურ, კულტურულ ან რელიგიურ დაპირისპირებასთან) შედარებით?
  8. როგორ ფიქრობთ, ბუნებასთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელოვნება აქტუალურია თუ არა საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად?

 

მოსწავლეები კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ და მოემზადონ დისკუსიის შედეგების მოსახსენებლად.

აქტივობის ბოლოს იკრიბებიან პლენარულ სხდომაზე და ყველა ჯგუფი აკეთებს მოხსენებას.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები და ლიტერატურა:

  1. https://www.ipress.ge/new/18152-XXI-saukunis-10-yvelaze-masshtaburi-teraqti

2. ვ. მელიქიძე, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის, თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი