ინტერდისციპლინური სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია უცხო ენის სწავლების პროცესში, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ გამოცდილებას და ქმნის რეალურ კონტექსტს ლექსიკისა და გრამატიკის გამოყენებისთვის. გაკვეთილი „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“ აერთიანებს ინგლისურ ენას და გეოგრაფიას — მოსწავლეები სწავლობენ კონტინენტების, მხარეებისა და სეზონების სახელწოდებებს ინგლისურად, პარალელურად აძლიერებენ აღწერის, კვლევის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარებს.
სტატია აღწერს VII კლასის ინგლისური ენის გაკვეთილს თემაზე „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“. გაკვეთილი აერთიანებს გეოგრაფიას, ენის სწავლას და იყენებს გაჩერებებზე დაფუძნებულ აქტიურ მეთოდს, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა:
- აითვისონ კონტინენტების, მხარეებისა და სეზონების თემაზე ლექსიკა – ინგლისური სახელწოდებები;
- განივითარონ აღწერითი, საუბრისა და წერითი უნარები;
- შეძლონ კვლევა და პრეზენტაციის მომზადება ციფრული რესურსების გამოყენებით;
- გამოხატონ საკუთარი აზრი და პირადი დამოკიდებულება წერილობითი ფორმით.
გაჩერება 1 – ვიზუალური მასალაზე და ლექსიკაზე მუშაობა
პირველ გაჩერებაზე მოსწავლეები მუშაობენ ვიზუალურ მასალასთან. მასწავლებელი უჩვენებს ფოტოებს, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა კონტინენტები სხვადასხვა სეზონზე. მოსწავლეები არჩევენ ფოტოებს, ასახელებენ კონტინენტის, მხარისა და სეზონის სახელს ინგლისურად და აღწერენ ნანახს.
მაგალითად, მოსწავლეები ამბობენ: “The first photo shows Asia in winter.”, “The second photo shows Africa in summer.”
ამ ეტაპზე მოსწავლეები ავლენენ როგორც გეოგრაფიულ ცოდნას, ისე ენობრივ უნარებს. ისინი სწავლობენ ბუნებრივად გამოხატონ გარემოს აღწერა და გაიაზრონ ახალი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტში.
გაჩერება 2 – წინარე ცოდნის გააქტიურება
მეორე გაჩერებაზე მასწავლებელი სვამს კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება უკვე არსებული ცოდნის გააქტიურებაში. მაგალითად:
“What do you know about South America?”
“What do you know about Asia?”
მოსწავლეები აზიარებენ იმ ინფორმაციას, რაც მათ უკვე იციან კონტინენტების შესახებ — საუბრობენ ბუნებაზე, ცხოველებზე, ტრადიციებზე ან კლიმატზე. ამ აქტივობით ხდება წინარე ცოდნის გააზრება და მის საფუძველზე ახალი ინფორმაციის ასიმილაცია.
გაჩერება 3 – კვლევა და პრეზენტაცია
მესამე გაჩერებაზე მოსწავლეები იღებენ ინიციატივას დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად. თითოეული მათგანი ირჩევს ერთ კონტინენტს და ინტერნეტში ეძებს დამატებით ინფორმაციას: მდებარეობა, კლიმატი, ბუნებრივი სიმდიდრეები ან საინტერესო ფაქტები. შემდგომ ისინი ამზადებენ მცირე პრეზენტაციას ინგლისურად და უზიარებენ თანაკლასელებს.
მაგალითად: “I chose Asia. It is the biggest continent. It has many countries and different climates.”
ამ აქტივობით მოსწავლეები ავითარებენ ციფრულ, კვლევით და პრეზენტაციის უნარებს. ისინი სწავლობენ ინფორმაციის შერჩევას, დამუშავებას და გადმოცემას ინგლისურ ენაზე.
გაჩერება 4 – წერითი რეფლექსია
მეოთხე გაჩერება არის შემაჯამებელი ეტაპი, სადაც მოსწავლეები წერენ მოკლე ტექსტს თემაზე: “Which continent would you live on and why?”
მათ უნდა განსაზღვრონ, რომელ კონტინენტზე ისურვებდნენ ცხოვრებას და ხსნიან ამის მიზეზს.
მაგალითად: “I would like to live in Europe because it has four seasons and beautiful nature.”
ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გამოიყენონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და გამოხატონ პირადი აზრი წერილობითად. რეფლექსია ხელს უწყობს მეტაკოგნიტურ აზროვნებას — მოსწავლეები იაზრებენ, რას ისწავლეს და როგორ შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.
გაკვეთილი ეფუძნება აქტიური სწავლების და CLIL (Content and Language Integrated Learning) მიდგომებს. მოსწავლეები ერთდროულად იძენენ საგნობრივ და ენობრივ ცოდნას. მასწავლებელი ასრულებს დამკვირვებლისა და მხარდამჭერის როლს — იგი აძლევს მიმართულებას, აძლიერებს კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უკუკავშირს.
გაკვეთილი აგებულია თანმიმდევრულად ისე, რომ თითოეულ გაჩერებას აქვს საკუთარი მიზანი: პირველი — ინფორმაციის გააქტიურება, მეორე — ცოდნის გაღრმავება, მესამე — დამოუკიდებელი კვლევა, მეოთხე — პირადი აზრის ჩამოყალიბება. ეს სტრუქტურა ქმნის შემოქმედებით და კვლევით გარემოს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებასა და თვითგამოხატვას.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:
- ინგლისურად დაასახელონ კონტინენტები, მხარეები და სეზონები;
- აღწერონ ფოტოები და გამოხატონ აზრი ინგლისურად;
- მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტით და წარმოადგინონ მოკლე პრეზენტაცია;
- წერილობით გამოხატონ საკუთარი აზრი და დასკვნა.
გაკვეთილი „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“ აერთიანებს ცოდნასა და შემოქმედებითობას. მოსწავლეები არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციას ივითარებენ, არამედ სწავლობენ გლობალურ თემებზე ფიქრს, აზრის ფორმულირებას და გუნდურ მუშაობას. გაჩერებებზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა ამდიდრებს გაკვეთილს და ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.


