პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლა და განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების თავისებურებებით, მათი პრობლემებითა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებით დაინტერესებულმა მკითხველმა, სავარაუდოდ, უკვე წაიკითხა პირველი წერილი, რომლის სათაურია: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ყოფით გარემოში“. სტატია დაიწერა ფრანგი ავტორის Siaud-Facchin Jeanne-ის (დაბ. 26 მარტი, 1957წ. საფრანგეთი) წიგნის: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი. როგორ დავეხმაროთ მას წარმატების მიღწევაში“ მიხედვით. ფრანგი პრაქტიკოსი კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი Siaud-Facchin Jeanne, არის ასოციაცია Zebra-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე და ასევე ასოციაცია Cogito-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ასოციაცია მუშაობს მოზარდი მოსწავლეების ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკასა და მათ მოგვარებაზე. Siaud-Facchin Jeanne არის რამდენიმე ფსიქოლოგიური ბესტსელერის ავტორი.

მკითხველმა ასევე, უკვე იცის, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების – „ზებრების“ – (ეს ტერმინი ფსიქოლოგმა თავად შეარჩია ნიჭიერი ბავშვებისთვის) პრობლემებით დაინტერესება მას გადააწყვეტინა ერთი შვიდი წლის ბიჭუნას თხოვნამ: „ქალბატონო, გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ აღარ ვიყო ასეთი ნიჭიერი, რადგან ძალიან მომბეზრდა სხვებისგან განსხვავებულობა, უბრალოდ დავიღალე“. ეს სტატია კი „ზებრა“ ბავშვებსა და სკოლის პრობლემებს ეძღვნება, რადგან, როგორც ავტორი მიიჩნევს, განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს სწორედ სკოლაში  უჭირთ ყველაზე მეტად იმის გამო, რომ სკოლაში თვალსაჩინო ხდება მათი განსხვავებულობა, გამორჩეულობა.

ფრანგი ავტორის თანახმად: „ერთი მხრივ, სკოლა არის ის ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, ყველაზე აშკარად და ნათლად უნდა გამოვლინდეს ბავშვის განსაკუთრებული ნიჭიერება. მეორე მხრივ, სწორედ სკოლაში განიცდის ასეთი ბავშვი ტანჯვას, რაც ძირითადად იმის ბრალია, რომ განსხვავებულის იარლიყის მიკერება უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიურად აღიქმება. „ზებრა“ ბავშვებს უჭირთ, დაექვემდებარონ მასწავლებლების მოთხოვნებს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მათ არ ესმით მოთხოვნების არსი. თავის მხრივ, პედაგოგებს უძნელდებათ, გაუგონ ბავშვებს, რომლებიც უდავოდ ნიჭიერები ჩანან, მაგრამ ამავე დროს რატომღაც უჭირთ სწავლა. სკოლებს – განაგრძობს ფრანგი ფსიქოლოგი – ძალიან უჭირთ, დაეხმარონ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. უნდა ითქვას, რომ სკოლები სერიოზულ „ფსიქოლოგიურ შეცდომებს“ უშვებენ იმ მოსწავლეებთან მიმართებით, რომლებიც ვერაფრით ეწერებიან საყოველთაოდ მიღებულ ჩარჩოებში. ხშირად „ზებრა“ ბავშვები განიცდიან, რომ ისინი ვერ ახერხებენ პედაგოგების მოთხოვნების შესრულებას და იმასაც, რომ მათ ზოგჯერ შეუწყნარებლად ექცევიან. შედეგად, ბავშვების ნაწილი საერთოდ უარს ამბობს საკუთარი პოტენციალის განვითარებაზე, რათა არ გამოიყურებოდეს მასისგან გამორჩეულად და მარტოსულად. კითხვა: არის თუ არა სკოლა დამნაშავე ამ ყველაფერში? პასუხი: „დიახ“ და „არა“.

„დიახ“ – იმიტომ, რომ:

  • სახელმწიფო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, სკოლა და პედაგოგები ვალდებული არიან ნებისმიერ მოსწავლესთან ადეკვატური მიდგომა გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება;
  • პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვი ნამდვილად განსაკუთრებულად ნიჭიერია, მას ზედმეტი დახმარება აღარ უნდა სჭირდებოდეს და ის თავად მოახერხებს, კარგად ისწავლოს, თან ისე, რომ კლასში ყველაზე წარმატებული იყოს;
  • „ზებრები“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან, მათგან საოცარ შედეგებს ელიან და ამუნათებენ, თუ რამე შეეშალათ: „შენ ასეთი ჭკვიანი ხარ და ეს როგორ არ იცი?“;
  • ხშირად, მასწავლებლები მშობლებს აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ყველა დედას შვილი გენიოსი ჰგონია და, რა თქმა უნდა, ეს ასე სულაც არ არის;
  • პედაგოგები ფიქრობენ, რომ, თუ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს რამე პრობლემა აქვს, ეს მისი სიზარმაცის ბრალია. „მეტი რომ ემუშავა, ყველაფერი გამოუვიდოდა“.

 

„არა“ – იმიტომ, რომ:

  • უმეტეს შემთხვევაში მასწავლებლებს არ ასწავლიან, როგორ დაეხმარონ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს. პედაგოგებმა არ იციან, სწავლისა და სხვა პრობლემების მქონე ბავშვებთან მიდგომის სპეციფიკა;
  • მართლაც, „ზებრა“ ბავშვების გაგება რთულია. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში კვლევები და პედაგოგებისთვის სპეციალური პროგრამები მწირია;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების მშობლები გადაჭარბებულად დიდ მოლოდინს ამჟღავნებენ შვილების მიმართ და ზოგჯერ ზეწოლას ახდენენ მასწავლებლებზე.

სკოლაში სწავლის დაწყებამდე განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები, როგორც წესი, ბევრ რამეს თავად სწავლობენ. თავდაპირველად, სკოლა ამ ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოლოდინის, ახალი და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების ადგილად აღიქმება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის შემდეგ პატარა „ზებრა“ ხვდება, რომ რეალობა შედარებით განსხვავებულია. პატარა ნიჭიერი სწორედ ამ დროს  განიცდის სერიოზულ იმედგაცრუებას, რადგან მისი განსაკუთრებული, უკიდეგანო ცნობისწადილი ვერ კმაყოფილდება, ბავშვისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ მართლდება მისი მოლოდინი.

იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ სტატიას კითხულობენ, უთუოდ ეცნობათ ფრაზები, რომლებსაც ისინი ხშირად წარმოთქვამენ: „გიორგი, შენ სხვა მეგობრებსაც უნდა მისცე საშუალება მიპასუხონ!“;  „ნინო, თუ შეიძლება შეწყვიტე სხვების ნაცვლად პასუხები!“; „დავით, საკმარისია ამდენი შეკითხვების დასმა!“; „ლუკა, დამაცადე ავუხსნა კლასს ახალი საკითხი“….

განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები ხვდებიან, რომ:

  • მათთვის უმჯობესია, არ გამოამჟღავნონ ცოდნა იმ თემაზე, რომელიც მასწავლებელს ჯერ არ აუხსნია;
  • მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა კითხვის პასუხი იციან, „ზებრებმა“ უმჯობესია, მაინც თავი შეიკავონ პასუხებისგან, და თუ მაინც წამოსცდებათ რამე, მასწავლებლისგან აუცილებლად საყვედურს დაიმსახურებენ;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ხვდებიან, რომ არაპროგრამული კითხვები არ უნდა დასვან, რათა გაკვეთილის ბუნებრივი მსვლელობა არ ჩაიშალოს, მით უფრო, რომ მსგავს კითხვებზე პასუხები თანაკლასელებისთვის სულაც არ არის საინტერესო.

Siaud-Facchin Jeanne-ს მიაჩნია, რომ მასწავლებლებს არ მოსწონთ განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეების ის უნარები, რომლებიც მას თავის ტვინის სპეციფიკური მოწყობის გამო აქვს. მართლაც „ზებრა“ მოსწავლეებს უძნელდებათ სკოლის მოთხოვნების შესაბამისად მომართონ საკუთარი აზროვნება. სწორედ ეს განაპირობებს სკოლის თვალში მათთვის ზარმაცის იარლიყის მიკერებას. სინამდვილეში, ასეთ ბავშვებს სიახლეების ათვისების სისწრაფე ჰიპერმგრძნობელობის ხარჯზე საოცრად გაზრდილი აქვთ. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით „ისრუტავენ“ ინფორმაციას, რომელიც მათ ფოტოგრაფიულ მეხსიერებაში იბეჭდება, რასაც დიდი სიბეჯითე და მძიმე შრომა სულაც არ სჭირდება. განსაკუთრებულად ნიჭიერმა მოსწავლემ მოისმინა, შეისრუტა, გაიგო, ესე იგი, მან უკვე იცის ეს მასალა. პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როცა საჭირო ხდება მასალის, ე.წ., „სასკოლო ფორმატში“ გადმოცემა. „ზებრა“ მოსწავლე ცუდ ნიშანს იღებს. აი როგორ აღწერს 12 წლის მოსწავლე ფსიქოლოგთან საკუთარ განცდებს: „მე, ყოველთვის ვემზადები, შესანიშნავად ვიცი გაკვეთილი, მაგრამ ცუდ ნიშნებს ვიღებ. მეტი აღარ შემიძლია, მშობლები გამუდმებით მიბრაზდებიან, ისინი ფიქრობენ, რომ არ ვმუშაობ, გაკვეთილებს არ ვსწავლობ, რადგან, რომ ვმეცადინეობდე, აუცილებლად კარგ ნიშნებს მივიღებდი. მე მართლა კარგად ვსწავლობ, უკვე არაფერი მესმის, რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ნამდვილად ძალიან დავიღალე!“.

უკვე ზრდასრული „ზებრას“ მაგალითიც  გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს განსხვავებული ხედვა აქვთ: „ტექსტის ინტერპრეტაციის მაგალითი მახსენდება, როდესაც მასწავლებელი კითხულობდა, როგორ იქცეოდა ესა თუ ის პერსონაჟი. მე სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასეთ ნათელ, მარტივ მოცემულობაზე შეკითხვის დასმა? წაიკითხავ ტექსტს და ისედაც გაიგებ. მაგრამ, რადგან კითხვა დაისვა, ეტყობა რაღაც პრობლემაა. მაინც რა? ვფიქრობდი მე და საბოლოოდ მაინც ვერ ვხვდებოდი, რისი გაკეთება მევალებოდა და ამიტომ საერთოდ არაფერს ვაკეთებდი. მერწმუნეთ, სულაც არ ვიყავი ჯიუტი, მავნე ან მიუხვედრელი, უბრალოდ თავში აზრადაც კი არ მომდიოდა, რომ ჩემგან მხოლოდ ტექსტის პერიფრაზსს ითხოვდნენ და მეტს არაფერს“. ფრანგი ფსიქოლოგი ასკვნის, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები სასკოლო წარმოდგენების, ფორმულირებების „დეკოდირებას“ ახდენენ, თითქოს უცხო ენიდან თარგმნის პროცესია, რა დროსაც ხშირია შეცდომების დაშვება და გაუგებრობები.

დამატებით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს უჭირთ კონკრეტული დავალების ჩარჩოებში მოქცევა, რადგან მათი ტვინი ერთდროულად სხვადასხვა ფიქრითაა დაკავებული, რაც საშუალებას აძლევს პატარებს, ჩამოაყალიბოს ასოციაციური კავშირები ნებისმიერ თემაზე. მათი თავის ტვინის ფუნქციონირების მექანიზმი ძალიან შორს და ძალიან სწრაფად მართავს ფიქრებს, რის შედეგადაც ხშირად ვერ ხერხდება სწორედ იმ ინფორმაციის ამორჩევა, რომელიც კონკრეტულ საკითხთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: განსაკუთრებულად ნიჭიერ მოსწავლეს სტანდარტული პროგრამით სწავლაში ხელს უშლის:

  • მათემატიკური ინტუიცია, რომელიც „ზებრა“ მოსწავლეს პასუხებს „კარნახობს“, ისე, რომ თანამიმდევრული, მწყობრად აწყობილი გამოთვლები საერთოდ „არ არსებობს“;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები უცნაურ გამოთვლებს აწარმოებენ;
  • ამ ბავშვებს არ შესწევთ უნარი, დაასაბუთონ და დაამტკიცონ საკუთარი პასუხების მართებულობა, რაც თავის ტვინის სპეციფიკური ფუნქციონირებით აიხსნება;
  • ამიტომ, განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ვერ სწავლობენ ისეთივე წარმატებით არა სიჯიუტის ან სიზარმაცის გამო, არამედ იმის გამო, რომ მათი თავის ტვინი განსხვავებულად მუშაობს, განსხვავებულად ითვისებს და იგებს ინფორმაციას.

 

სტატია თარგმნა ქეთევან კობალაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი