ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბოილივით სკეპტიკოსი…

ნებისმიერ აფთიაქში უამრავ ვიტამინს და, ე.წ., ბადს ნახავთ. ბად-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და მის საფასურს სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ. არადა, გვარიანად ძვირი კი ღირს. კომპანიები იმიზეზებენ, დანახარჯს ვერ დაგიფარავთ, რადგან ეგ წამალი კი არა აქტიური დანამატიაო. ჰოდა, სულ მაინტერესებს, თუ წამალი არაა, რატომ იყიდება აფთიაქში და არა სუპერმარკეტში?

 

ვიტამინები დაბალმოლეკულური ორგანული ნივთიერებებია და ჩვენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენენ. მათი უმეტესობა მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების დანამატები, ანუ კოფერმენტებია. სხვა ნაწილი კი, ამა თუ იმ რეაქციებში დამოუკიდებლად ერთვება და მათი ერთ-ერთი საქმე მეტაბოლიზმში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფა გახლავთ.

 

ჩნდება შეკითხვა: რომელი ვიტამინია კარგი – ბუნებრივი წარმოშობის თუ ქიმიკოსების მიერ სინთეზურად შექმნილი. პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სახით სჯობს, ხილის და ბოსტნეულის სახით მიღებული. არადა, ფარმაცევტული საწარმოები უამრავ ვიტამინს და ბადს ხელოვნურად ასინთეზირებენ და ჩვენც მორჩილად ვყიდულობთ და ვსვამთ.

 

ყველაფერი კი ლაინუს პოლინგის ერთი წიგნიდან დაიწყო… თუმცა, ამ წიგნამდე სხვა ამბები მოხდა.

 

1931 წელს ლაინუს პოლინგმა, ამერიკული ქიმიური საზოგადოების ჟურნალში, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – „ქიმიური ბმის ბუნება“. იმ დროისათვის ქიმიკოსებს ორი ბმა – კოვალენტური და იონური – უკვე შესწავლილი ჰქონდათ. პოლინგის აზრით, ამ ორ ბმას შორის გარდამავალი მდგომარეობაც არსებობდა. იმ პერიოდისთვის ეს საკმაოდ სკანდალური განაცხადი გახლდათ. ასევე კვანტური ფიზიკის ქიმიასთან გაერთიანების პირველი მცდელობაც იყო. პოლინგის კვლევების სიახლისა და დაუჯერებლობის გამო, ჟურნალის რედაქტორმა ძლივს იპოვა მეცნიერი, რომელიც რეცენზიას დაწერდა. ეს სტატია ჩემთვის რთულიაო, თქვა ალბერტ აინშტაინმა, რომელიც, დიახ, სტატიის რეცენზენტი გახლდათ.

 

პოლინგმა ნაშრომისთვის ლენგმიუერის პრემია მიიღო. ის ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს და კალიფორნიის ტექნიკურ უნივერსიტეტში შტატიან პროფესორად მიიწვიეს. სულ 30 წლის იყო, მეტის კი არა.

 

1949 წელს გამოდის პოლინგის სტატია – „ნამგლისებრი ანემია – მოლეკულური დაავადება“. დაავადებისას ერითროციტები მრგვალი ფორმიდან ნამგლისებრ ფორმას იღებენ და ბუნებრივია, ჰემოგლობინი ვეღარ გადააქვთ. ვითარდება მწვავე ანემია. პოლინგმა აჩვენა, რომ ასეთი ადამიანების ჰემოგლობინს ოდნავ განსხვავებული ელექტრული მუხტი აქვს. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც მეცნიერმა დაავადების მოლეკულური ბუნება აღწერა და მოლეკულურ ბიოლოგიას ჩაუყარა საფუძვლები. 1951 წელს წერს სტატიას – „ცილის სტრუქტურა“. სწორედ აქ საუბრობს ალფა სპირალსა და ბეტა დაკეცილ (დაგოფრილ) სტრუქტურებზე. მანამდე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ცილა ამინომჟავებისგან შედგებოდა და პირველადი სტრუქტურის თავისებურებებსაც ფლობდნენ. აი, შემდეგ რა ფორმით ხდებოდა ცილის მოლეკულის ჩაკეცვა, ეს პოლინგის კვლებით გახდა ცნობილი. ამ აღმოჩენამ ვოტსონს და კრიკს საშუალება მისცა, გამოეკვლიათ დნმ-ის სტრუქტურა. 1954 წელს პოლინგმა ქიმიაში ნობელის პრემია მიიღო.

 

პოლინგი მშვიდობისთვის მებრძოლიც გახლდათ, ატომური ბომბის წინააღმდეგი იყო და თავის გამოსვლებში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ რადიაცია ადამიანის დნმ-ს ანგრევს. ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის პირველი შეთანხმების ხელმოწერა სწორედ პოლინგის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ მეცნიერმა მეორე ნობელის პრემია მიიღო. 1961 წელს მისი, როგორც უდიდესი მეცნიერის პორტრეტი, ჟურნალ „თაიმსის“ გარეკანზე დაიბეჭდა.

 

მანამდე კი ერთი შეცდომა დაუშვა…

 

1953 წელს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ დნმ-ს სამმაგი სპირალი აქვს. ერთი წლის შემდეგ კი ვოტსონმა და კრიკმა გამოთქვეს მოსაზრება ორმაგი სპირალის შესახებ და ეს სიმართლე აღმოჩნდა. პოლინგი გამტყუნდა.

 

1966 წელს, როცა პოლინგი 65 წლის იყო, ნიუ-იორკში, კარლ ნეიბერგის მედლის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა – კიდევ 25 წელი მინდა ვიცხოვრო, რომ უფრო მეტად განვითარებულ ქიმიას მოვესწროო. ცოტა ხანში ბიოქიმიკოს ირვინ სტოუნის წერილი მიიღო. წერილში ეწერა, რომ თუ ყოველდღე 3000მგ. ასკორბინის მჟავას მიიღებდა, 25 წელზე მეტს იცოცხლებდა. ლაინუს პოლინგს კლასიკური ტექნიკური განათლება ჰქონდა. სტოუნს კი მხოლოდ ორი წელი ჰქონდა კოლეჯში ქიმია ნასწავლი. შემდეგ ქიროპრაქტიკაში საპატიო ხარისხი და დონსბერის უნივერსიტეტში ფალსიფიკატორული სამეცნიერო ხარისხი მიიღო. სტოუნს არასდროს მიუღია ნამდვილი სამეცნიერო განათლება. არ გამოქვეყნებულა სამედიცინო ან სამეცნიერო ჟურნალებში. ლოს-ანჯელესში სწავლობდა კურსებზე, სადაც სწამდათ, რომ ნებისმიერი დაავადების ფესვები გამრუდებულ ხერხემალში იმალებოდა. პოლინგმა კი დაუჯერა და ჯერ ყოველდღე 10 მგ. C ვიტამინის მიღება დაიწყო, შემდეგ 20 და ბოლოს 300 მგ.-ის. სულ ბოლოს კი დღიური დოზა 18000 მგ.-მდე გაზარდა. პოლინგი დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდობის წყაროს მიაგნო. ენერგიაზე მოვიდა, აღარ ავადმყოფობდა, ხალისი დაუბრუნდა. ერთი სიტყვით, კარგად იყო.

 

თავისი მაგალითის საფუძველზე ხალხს ვიტამინების მიღებას ურჩევდა. ხალხსაც სჯეროდა, რადგან აბა ლაინუს პოლინგს, როგორ არ უნდა დაუჯერო? პოლინგი კი ირწმუნებოდა, რომ ნებისმიერ დაავადებას ვიტამინების ჭარბი დოზა კურნავდა. თანაც, ეს ვიტამინები ბუნებრივი გზით იკარგებოდა, სინთეზურად მიღებული კი არა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ამერიკასა და ევროპაში ვიტამინებისა და საკვები დანამატების მასობრივი წარმოება.

 

1970 წელს გამოაქვეყნდა წიგნი – „ვიტამინი C და გაციება“. წიგნში ამერიკელებს მოუწოდებდა დღეში 3000მგ. ასკორბინის მჟავა მიეღოთ. მაშინ, როდესაც დღიური ნორმა 50მგ. გახლავთ. წიგნში იმასაც წერდა, რომ სინთეზურად მიღებული ვიტამინი გაცილებით მეტ ეფექტს მოიტანდა. წიგნი ბესტსელერად იქცა. ამავე დროს, არ არსებობდა კვლევა, რომელიც პოლინგის სიტყვებს დაადასტურებდა, თუმცა წიგნის გამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, ყოველი მეოთხე ამერიკელი C ვიტამინს პოლინგისეული დოზებით სვამდა.

 

პარალელურად კი, მერილენდისა და ტორონტოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები მოხალისეთა მონაწილეობით, სადაც ადამიანებს გაციების წინააღმდეგ C ვიტამინის სხვადასხვა დოზას აძლევდნენ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ასკორბინის მჟავას ზედმეტი დოზები საერთოდ არ იყო აუცილებელი. ხალხი მაინც პოლინგს უჯერებდა. მოგვიანებით, პოლინგმა ისიც განაცხადა, რომ ვიტამინი C კიბოს კურნავდა. ბევრი ონკოავადმყოფი კისევ პოლინგს ენდო.

 

1979 წელს ერთ-ერთ კლინიკაში 150 ონკოავადმყოფი გამოიკვლიეს. ნახევარს 10000მგ.-ს აძლევდნენ დღეში, მეორე ნაწილს კი საერთოდ არაფერს. კვლევის შედეგები შემდეგი სახელით გამოქვეყნდა – „C ვიტამინის მაღალი დოზების მცდარი გამოყენების შესახებ“. პოლინგი სტატიამ საოცრად გააბრაზა. ის აღნიშნავდა, რომ C ვიტამინს პაციენტებს ქიმიოთერაპიის შემდეგ ასმევდნენ და ამიტომაც ვერ იმუშავა. ამის პასუხად, მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს ისეთ ავადმყოფებზე, რომელთაც ქიმიოთერაპია ჩატარებული არ ჰქონიათ. ამ კვლევამაც იგივე აჩვენა.

 

პოლინგს მხარს უჭერდა უდიდესი ფარმაცევტული კომპანია – „ჰოფმან ლა როშე“ (Hoffman La Roche). სწორედ ეს კომპანია იყო ვიტამინების მსხვილი მწარმოებელი. 1973 წელს პოლინგმა ორთომოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი დააარსა, რომელიც მოგვიანებით ლაინუს პოლინგის სამეცნიერო მედიცინის კვლევით ცენტრად გადაიქცა. აქ მან თავისი კერძო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და ამისთვის არტურ რობინსონი მიიწვია. მას სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. არტური ცდებს თაგვებზე ატარებდა, ერთ ჯგუფს C ვიტამინის დიდ დოზებს აძლევდა, მეორეს კი – არაფერს. შედეგები საოცარი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ვიტამინის ზედმეტი დოზა, კიბოს წარმოქმნის ალბათობას პირიქით ზრდიდა. ასეთი შედეგი პოლინგს ბუნებრივია არ მოეწონა და რობინსონს კარიერის განადგურებით, თაგვებს კი სიკვდილით დაემუქრა. არტურმა სასამართლოში უჩივლა და რაღაც დროის შემდეგ 500 000 დოლარიც მოუგო.

 

პოლინგი, რა თქმა უნდა, არ იყო მართალი და ორი პრინციპული შეცდომა დაუშვა:

 

  1. დაიჯერა, რომ თუ რამეს სიკეთე მოაქვს, მის ზედმეტ დოზებს დაზიანება არ შეუძლიათ. არადა, ჯერ კიდევ ავიცენა გვაფრთხილებდა, ცოტა წამალია, ბევრი კიდევ შხამიო და ეს ნებისმიერ რამეს შეეხება.

1994 წელს გამოქვეყნდა კვლევა, სადაც 30 000 მწეველზე ჩატარდა ექსპერიმენტი. ნაწილი სვამდა ბეტა კაროტინს, მეორე ნაწილი კი არა. აი, ვინც კაროტინს ზედმეტი დოზით იღებდა, მათში კიბო უფრო ხშირი იყო.

1996 წელს გამოქვეყნდა მონაცემები 18 000 ადამიანზე, რომლებსაც რეგულარულად ჰქონდათ კონტაქტი აზბესტთან. ეს პირველი კატეგორიის კარცეროგენია. ფაქტობრივად გარანტირებულად იწვევს კიბოს. ვინც ვიტამინებს ნორმალური დოზებით იღებდა, უფრო იშვიათად ავადობდა.

 

  1. პოლინგი ასევე ფიქრობდა, რომ სინთეზური და ბუნებრივი ვიტამინები იდენტურია. ეს მართლაც ასეა, შემადგენლობა იგივეა, თუმცა საკვებში ვიტამინები უამრავი სხვა ნივთიერებების გარემოცვაშია – ტანინები, პოლიფენოლები, ფლავონიდები, კაროტინოიდები და ა.შ. სინთეზურში კი მათ სხვადასხვა დანამატები, ე.წ., დამხმარე საშუალებები აქვთ, რაც დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ორგანიზმში უბრალოდ იშლაკება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს მძიმე ეკოლოგიური პირობებია და ის ბუნებრივი პროდუქტებიც სიფრთხილითაა მისაღები. ერთი რამ კი სახეზეა – ჰიპერვიტამინოზი ვნებს!

 

ლაინუს პოლინგი 1994 წლის 19 აგვისტოს, თავის რანჩოში, კალიფორნიაში სიმსივნით გარდაიცვალა… ორი წლით ადრე კი მისი მეუღლე, ავა პოლინგი წავიდა ამავე დაავადებით.

 

მე კიდევ იცით, რის თქმას ვცდილობ?

 

იყავით რობერტ ბოილივით ქიმიკოს-სკეპტიკოსი და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. ბრმად ნურავის დაუჯერებთ, თუნდაც ლაინუს პოლინგს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი