პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პოეტური გამოცდილების სიმწარე XXI საუკუნის დასაწყისში

შოთა იათაშვილი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის ქართველ ავანგარდისტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია. მაშინ პოეზიაში, ფორმის თვალსაზრისით, ნავსი უკვე გატეხილი იყო და თავისუფალი ლექსი მყარად იკავებდა თავის დამსახურებულ ადგილს ზოგად პოეტურ ლანდშაპტზე, მაგრამ შოთა ნამდვილად იყო ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც დაუპირისპირდა პოეზიაში ჯერ კიდევ გაბატონებულ თემატურ სეგრეგაციას და ისეთ თემებზე თუ საგნებზე დაიწყო წერა, მანამდე რომ ვერავინ მოიზრებდა ლექსის ინსპირაციის წყაროდ.  მე წაკითხული მაქვს ოცი-ოცდაორი წლის ასაკში დაწერილი მისი ლექსები და გაოგნებულიც კი დავრჩი. ამ ასაკში, როგორც წესი, პოეტები საკუთარ თავს ეძებენ, ჩემს წინაშე კი ჩამოყალიბებული პოეტი იყო. მისი თაობის პოეტებიდან ზოგი გარდაცვლილია და ზოგი აღარ წერს, შოთა კი დღემდე აქტიურად განაგრძობს წერას.

მას შემდეგ, დღემდე, შოთა იათაშვილს არ გადაუხვევია არჩეული კურსისთვის, მისი ბოლო კრებულიც, „XXI საუკუნის დასაწყისი პოეტი“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ შარშან გამოსცა შოთასვე ალტერ ეგოს, დიანა ვაჩნაძის, რედაქტორობით, ამ გზის ლოგიკური გაგრძელებაა. აქაც ბლომად შეხვდებით ლექსებს ისეთი უცნაური სათაურებით, როგორებიცაა: „პოეზია ნაგავში“, „მწვანე თხები“, „სანტექნიკოსების სევდა“, „მოკლე ოდა ცოცხს“ და ა. შ. შოთა იათაშვილის შემოქმედების ლაპიდარულად დასახასიათებლად ზედგამოჭრილია ერთი მრავალპერსონაჟიანი ნარატიული ლექსის ერთ-ერთი პერსონაჟის ნათქვამი სიტყვები ლირიკული სუბიექტისადმი (ავტორისადმი):

„ის შენი ძველი ლექსები კი ვიცი,

მწვანე კალბასებზე რომ წერდი,

ახლა რას წერ, ის მაინტერესებსო.“

ამ სიტყვებს ავტორი, თავის მხრივ, დასძენს:

„არასდროს დამიწერია თითქოს ლექსი მწვანე კალბასებზე,

მაგრამ უცებ მივხვდი,

იცოდა სოსომ ჩემი ლექსები

და ძალიან ზუსტადაც ხვდებოდა,

რაზე იყო“.

თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ის თვითირონიაა, რომელიც წიგნის პირველ ორ ლექსში – „რამ დაგაბერა პოეტოში“  და „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტში“ ჩანს. ორმოცდაათს გადაბიჯებული პოეტები, როგორც წესი, თავს კლასიკოსებად მიიჩნევენ და ასეთი გამანადგურებელი თვითირონია არ ახასიათებთ ხოლმე. სხვა რომელი ქართველი პოეტი მიმართავს ასე საკუთარ თავს:

„რამ დაგაბერა პოეტო,

სიტყვა რათ გაგიფარჩაკდა,

მის ცეხლს ნავთს რატომ ვერ ასხამ

და ეგ ხანძარი რათ ჩაქრა…“

„… რამ დაგაბერა პოეტო,

რათ დაგიბლაგვდა ვერლიბრიც,

რათ მოგეჩვენა უცებ რო

მაგ ხანჯლით უკვე ვერ იბრძვი.“ („რამ დაგაბერა პოეტო“)

ან ასე ვინ იტყვის:

„ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა.

წამოწვებიან დივანზე, ამთქნარებენ,

მუცელს იფხანენ,

არ იციან, რა აკეთონ და

ზუსტად ამ დროს თავპირისმტვრევით მოფრინავს მუზა.

ცერათითზე ჩამოჯდება ან მუხლისთავზე,

მოუღიტინებს ზარმაცს და ისიც გახალისდება.

ლექსის წერა უქნარასთვის ხომ ის საქმეა,

არასდროს რომ არ დაეზარება…“

„… რაღაც გრძელი ლექსი გამომდის.

დავიღალე მგონი უკვე და მომბეზრდა კიდეც

ამ ლექსის წერა.

კიდევ თუ გავაგრძელე,

თქვენ წაკითხვა დაგეზარებათ,

ამიტომ ჯობს

აქ დავამთავრო ეს ჩემი მორიგი ზარმაცი ლექსი,

გადავბრუნდე და დავიძინო.“ („XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“)

ფორმის თვალსაზრისით, კრებულს ერთფეროვანი ნამდვილად არ ეთქმის, აქ შეხვდებით როგორც რიტმულ, ისე ურიტმო ვერლიბრებს, ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით თუ დაბალი შაირით დაწერილ ლექსებს, მეორე პეონურ-დაქტილური ბიმეტრით დაწერილ, სპორადულად გარითმულ ვერბლანს და ორბელიანის მუხამბაზური, მეორე პეონურ-დაქტილური ტრიმეტრით დაწერილ ტრიოლეტსაც კი. ყველა ეს ტექსტი დიდი პროფესიონალისთვის დამახასიათებელი სიმარტივით გამოირჩევა.

ცალკე უნდა გამოვყო პოემა „სან-მიქელე“, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული პოემა, სასაფლაოს მომვლელის პერსპექტივიდან დანახული, მოდერნისტულ-ეპიტაფიური პოეზიის ძალიან ორიგინალური ნიმუში. მე ვფიქრობ, ეს ტექსტი კრიტიკოსების მხრიდან მეტ ყურადღებას იმსახურებს. წიგნში ასევე შესულია ეპიტაფიური პოეზიის სამი ბრწყინვალე ნიმუში, რომელთაგან ორი ყველასთვის ძვირფასი ადამიანების, ომარ თურმანაულის და ტრისტან მახაურის, ხსოვნას ეძღვნება, მესამე კი ბათუმში, 1916 წელს, ხმის მიცემის შემდეგ გარდაცვლილი 85 წლის კაცის სიკვდილამდელ განცდებზე გვიყვება…

ამას წინათ შოთამ ფეისბუქზე დაპოსტა, რომ შესაძლოა, ეს მისი ბოლო კრებული იყოს, რადგან აქტიურად გადაბარგდა პროზაში და წელს სქელტანიანი რომანიც გამოსცა. მე მისი ადრინდელი მოთხრობები წაკითხული მაქვს და ეჭვი არ მეპარება, ეს რომანიც ძალზე საინტერესო იქნება, მაგრამ განაცხადი, რომ შეიძლება პოეზიას თავი დაანებოს, ზედმეტად რადიკალური მგონია, რადგან არაერთი, პროზაში გადასული, პოეტისგან მსმენია იგივე, თუმცა, ლექსების წერა მაინც გაუგრძელებიათ და შოთას შემთხვევაშიც ვისურვებდი, ორივე ფლანგზე – პროზაშიც და პოეზიაშიც – ერთნაირი მონდომებით იმუშაოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი