პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბლუზი და სევდა

მუსიკალურ სკოლაში სიარული რომ დავიწყე, მგონი, 6 თუ 7 წლის ვიყავი. ფორტეპიანოზე დაკვრის ბავშვური სურვილი ალბათ მქონდა, მაგრამ მთავარი როლი ამ გადაწყვეტილებაში მაინც ოჯახმა შეასრულა. მახსოვს, მისაღებ გამოცდაზე საკმაოდ კარგად ვიმღერე, მარტივ დავალებებსაც გავართვი თავი და თვალი თვით სკოლის დირექტორმა დამადგა – უნდოდა, პირადად მისი მოსწავლე ვყოფილიყავი. თუმცა ჩვენი ოსტატ-შეგირდობა არ შედგა – მასთან სწავლის საფასური დაახლოებით ორჯერ მეტი გახლდათ, 1996-1997 წლებში კი თითოეულ თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაც სხვა მასწავლებელი ავირჩიეთ.

ჩემი მუსიკალური სკოლა ერთ-ერთი საშუალო (ახლა უკვე საჯარო) სკოლის ქვეშ, ნახევარსარდაფში იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი პირობებით, ნესტის სუნით და გათბობის გარეშე. კარგად მახსოვს, როგორ ვიჯექი ზამთარში ფორტეპიანოსთან დიდი ლურჯი ქურთუკით და გვერდით დაახლოებით ასევე გამოწყობილი მასწავლებელი მეჯდა.

პირველივე წლის დასასრულს მივხვდი, რომ ყველაფერი არც ისეთი იდეალური იყო, როგორიც წარმომედგინა… შვიდწლედში თითქმის ექვსი წელი ვიარე, გარკვეული ცოდნა მივიღე, მაგრამ ბოლო ხანს გამიჭირდა… მუსიკალური სკოლა მეექვსე წელს მივატოვე. ჩემისთანა ალბათ ბევრია და ბევრიც ნანობს თავის საქციელს, მე კი მგონია, ის ერთი წელიც რომ დავრჩენილიყავი, მუსიკისკენ გახედვის სურვილიც კი სამუდამოდ გამიქრებოდა. საქმე ისაა, რომ შვიდწლედში მუსიკა მოსაწყენ რუტინად მექცა. მთელი სემესტრის განმავლობაში სამ-ოთხ ნაწარმოებს ვუკირკიტებდი, რომ გამოცდაზე კარგად დამეკრა და ნიშანი მიმეღო. შემოქმედებითობასა და ინდივიდუალიზმზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. თანდათანობით იმასაც მივხვდი, რომ არც სოლფეჯიოსა და ტერცკვარტაკორდებისთვის ვიყავი დაბადებული.

შვიდწლედიდან გამოსულმა, ერთხანს საერთოდ დავკარგე მუსიკისადმი ინტერესი და რამდენიმე წლის მერეღა ნელ-ნელა დავუბრუნდი მას. მერე კი ბლუზი აღმოვაჩინე – მუსიკა, რომელმაც ამავსო. სიმართლე გითხრათ, გიტარაზე დაკვრაც სწორედ იმისთვის ვისწავლე, რომ ერთხელაც ბლუზი დამეკრა… სხვათა შორის, ბლუზის მიმართ სიმპათია 1986 წელს გადაღებული ფილმის, “Crossroads”-ის (“გზაჯვარედინი”), ნახვის შემდეგ გამიჩნდა. ფილმის მთავარი გმირი 17 წლის ბიჭია, რომელიც მუსიკაზეა შეყვარებული, სწავლობს კლასიკურ სკოლაში, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ კლასიკური მუსიკა მისთვის სულაც არ არის პრიორიტეტი, ლაქწასმულ, კრიალა კლასიკურ გიტარას ძველ, ოდნავ გაქექილ, რკინისსიმებიან ინსტრუმენტს ამჯობინებს და ბლუზის სამყაროში თავით გადაეშვება.

 

ამ ფილმში ერთი ფრაზაა, რომელიც ალბათ სიკვდილამდე მემახსოვრება: “Blues ain’t nothin’ but a good man feelin’ bad, thinkin’ ‘bout the woman he once was with” (“ბლუზი სხვა არაფერია, თუ არა კარგი კაცი, რომელიც თავს ცუდად გრძნობს და ფიქრობს ქალზე, რომელთანაც ერთ დროს იყო”). ჰოდა, მეც, ახალგაზრდული ემოციებისა თუ იმ არეულობის ფონზე, თავში რომ მქონდა, ვცდილობდი, ბლუზის ამ მთავარ პრინციპს ჩავწვდომოდი და დამეკრა… სიმართლე გითხრათ, დღემდე არ გამომსვლია, ნორმალურად ბლუზი ჯერაც არ დამიკრავს.

ტერმინ Blues-ის ერთ-ერთი განმარტება ასეთია: დასავლეთ აფრიკაში ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფლები ლურჯ ტანსაცმელს იცვამდნენ ხოლმე. Blue ინგლისურად სწორედ ლურჯს ნიშნავს. თუმცა ფრაზა “Being Blue” (სიტყვასიტყვით – “ლურჯად ყოფნა”) სევდიანობას გამოხატავს. როგორც ჩანს, ამერიკელმა ბლუზმენებმაც სწორედ ამ უძველესი აფრიკული ტრადიციის გავლენით შექმნეს მუსიკა, რომელიც ხშირად სევდიანია.

ბლუზი მრავალნაირია: კლასიკური, დელტა, ბლუზ-როკი… 2010 წლის თბილისის ჯაზფესტივალზე ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მუსიკოსმა, ჯო სემპლმა, ბლუზის სახეობების ძალიან საინტერესო და, შეიძლება ითქვას, პროვოკაციული განმარტება შესთავაზა მსმენელებს: კლასიკური ბლუზი იმითაა გამორჩეული, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ინსტრუმენტზე დაუკრავ, გიტარაზე, პიანოზე, საქსოფონსა თუ ფლეიტაზე – ის ყველგან ერთნაირად ჟღერსო; აი Rural, ანუ ეგრეთ წოდებული “სოფლის” ბლუზი კი ისეთია, პირველივე ბგერებიდან ტანსაცმლის გახდას მოგანდომებსო. განმარტებამ ყველას ღიმილი მოგვგვარა, მაგრამ, ვფიქრობ, იმ საღამოს საკონცერტო დარბაზში მსხდომთა უმრავლესობას ნამდვილად გაუჩნდა ასეთი სურვილი 🙂

ბლუზმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა ერთი საუკუნის განმავლობაში, რობერტ ჯონსონიდან ერიკ კლეპტონამდე. მუსიკის ამ ჟანრის რამდენიმე ლეგენდა დღესაც ცოცხალია, მაგალითად, ბადი გაი, ან ბი ბი კინგი… ეს უკანასკნელი უკვე 87 წლისაა, ახალგაზრდული მეამბოხე სულიც დაკარგა, თუმცა არ დაუკარგავს ის უნიკალური ჟღერადობა, რომელიც მხოლოდ მეფეს ახასიათებს… მას კულისებში ეტლით დაატარებენ, მაგრამ სცენაზე გასვლისას კინგი სულ სხვა ადამიანად იქცევა: უბრუნდება ენერგია და მისთვის დამახასიათებელი, მაჟორულ-მინორული გამების დინჯი ცვლით მსმენელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ვიდეო არასდროს მტოვებს გულგრილს. მოსმენისას ისეთი ჟრუანტელი დამივლის ხოლმე მთელ ტანში, რომ მგონია, 2010 წელს მეც ვიყავი ფესტივალზე, სადაც ერთად დაუკრეს კლეპტონმა, ჯიმი ვოანმა, ბი ბი კინგმა, ჰიუბერტ სამლინმა (რომელიც, სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა), რობერტ ქრეიმ და სხვა ჩემთვის ძალიან, ძალიან პატივსაცემმა მუსიკოსებმა.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ბლუზი მხოლოდ ასაკში შესულმა ადამიანებმა უნდა დაუკრან, თუმცა ძველი თაობის ვარსკვლავებს არც ახალგაზრდები ჩამოუვარდებიან ტექნიკითა თუ მონდომებით. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ბლუზმენები არიან გერი კლარკ ჯუნიორი (Gary Clarc Jr.), ჯო ბონამასა (Joe Bonamassa), რობერტ რენდოლფი (თავისი განუმეორებელი Slide გიტარით) და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძლიერესი თანამედროვე ახალგაზრდა მუსიკოსი ჯონ მეიერი. ამ უკანასკნელზე უკვე დიდი ხანია გემრიელი პოსტის გამოცხობას ვაპირებ, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი…

აი, ასეთია ბლუზი – სევდიანი, მაგრამ სასიამოვნო, ბებერი, მაგრამ ახალგაზრდული… მუსიკა, რომელმაც იმ დროს შემოაღწია ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ და რომლის გამოც საერთოდ გადავწყვიტე, მუსიკაში ბედი მეცადა.

P.S. ცოტა ხნის წინ ელექტროგიტარა შევიძინე, ბლუზის თეორიის შესწავლაც დავიწყე, გარკვეულ დონემდე მივედი, იმპროვიზაციის პრინციპებსაც ვეზიარე, მაგრამ კარგი ბლუზგიტარისტი ჩემგან მაინც ვერ დადგა. საბოლოოდ ისევ დასარტყამ ინსტრუმენტებს დავუბრუნდი… ჩემი ცხოვრების ბოლო 5 წლის განმავლობაში მუსიკის რამდენიმე ჟანრში ვცადე ბედი: ფოლკი, ბოსა ნოვა… ახლა მეგობრებთან ერთად კიდევ ერთ აკუსტიკურ პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მენდომება იმ გამების დაკვრა, ბი ბი, ერიკი და ბადი რომ უკრავენ ხოლმე. არ ვიცი, გაუცნობიერებელი სევდა ბუდობს ჩემში თუ სხვა მიზეზია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სურვილი არასოდეს დამანებებს თავს და სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები მონდომებულ, მაგრამ არშემდგარ ბლუზმენად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი