ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რამდენიმე გზა წერის სწავლებისთვის

კალმის ხელში დაჭერიდან წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებამდე საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი. სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს წვრილი მოტორიკის განვითარებას (წერტილების შეერთებით სხვადასხვა ფიგურების შექმნა, ხატვა, გაფერადება, ძერწვა, გამოჭრა და ა.შ.). ყურადღება ექცევა ფანქრის სწორად დაჭერის ჩვევის გამომუშავებას, სახატავ სივრცეში ორიენტირებას, დავალების გათვალისწინებით სივრცის ადეკვატურად გადანაწილებას და სხვ. ზემოაღნიშნული გამოცდილება ბავშვებს წერის საწყის ეტაპზე გადასვლას და გრაფიკული გამოსახულებების სპეციფიკურ საგნობრივ (ბადიანი, უჯრებიანი) ბადეებში გადატანას გაუადვილებს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასოების/ციფრების მათთვის განკუთვნილ ჩარჩოში სწორი მიმართულებით მოხაზვას.

წერის სწავლების ადრეულ ეტაპზე გარკვეული ყურადღება ნაწერის ვიზუალურ მხარესაც ეთმობა. მართალია, ელექტრონული „საბეჭდი მანქანების“ საუკუნეში კალიგრაფია ისეთივე აქტუალური ვერ იქნება, როგორც – წიგნების გადამწერთა ეპოქაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ხელით წერის საჭიროება ბოლომდე არასდროს გაქრება. მაგალითისთვის, ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებათ სხვადასხვა მიზნობრივი ჩანაწერების გაკეთება (დღის გეგმა, საყიდლების სია და სხვ.).  ამას გარდა, წარმოგიდგენიათ სწავლა-სწავლების პროცესი ფურცლისა და კალმის გარეშე?! აღარაფერს ვიტყვი გრაფოლოგიაზე, რომლის თანახმადაც კალიგრაფია შესანიშნავად გვიხატავს ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს.

რა თქმა უნდა, ტექნიკის დახვეწა მნიშვნელოვანია, თუმცა წერის პროცესი მხოლოდ ასოების ფურცელზე წესების დაცვით მოხაზვას არ ნიშნავს. მოსწავლეები საბაზისო უნარებთან ერთად თანდათანობით ივითარებენ საკუთარი ნააზრევის გადმოცემის, ნამუშევრის აზრობრივად და სტილისტურ-გრამატიკულად გამართვის, მიზნობრივი თუ შემოქმედებითი ტექსტების შეთხზვის, ნამუშევრის კორექტირება-რედაქტირების უნარებს. მიუხედავად იმისა, რომ წერის კომპლექსური უნარების სათანადოდ ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, საკუთარი ნააზრევის ნათლად და თანმიმდევრულად გადმოცემაზე (მნიშვნელობის კონსტრუირება) „საძირკველიდანვე“ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რადგან სხვაგვარად წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება შეუძლებელია.

წერას წინ უსწრებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ზეპირი ინტერაქცია და კითხვა. წიგნებთან ურთიერთობა ბავშვებს მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს წერილობით სათქმელის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მათ მექანიკურად ექმნებათ წარმოდგენა ტექსტის სტრუქტურირების (სასვენი ნიშნები, აბზაცები, წინადადებების წყობა და ა.შ.) შესახებ. ბავშვები გარკვეულ წერით გამოცდილებას დაკვირვების გზითაც იძენენ (ასო-ნიშნების კოპირება, მინაწერები ნახატებზე, საკუთარი სახელის ჩაწერა და სხვ.).

წერის სწავლება მოითხოვს ბევრ დროს, სისტემატურ ვარჯიშს და მრავალფეროვან აქტივობებს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ წერის ყველა ასპექტის (თემა, იდეა, შინაარსი, სტრუქტურა, სტილი, ორთოგრაფია, პუნქტუაცია) გააზრება და ეფექტურად გამოყენება. დამოუკიდებლად ამდენ მიმართულებაზე ერთდროულად კონცენტრირება რთულია. ამიტომ მასწავლებლები ხშირად ვიყენებთ  ე.წ. „მე-ჩვენ-შენ“ მოდელს, ანუ  პასუხისმგებლობის ეტაპობრივად გაზრდის მეთოდს. მოსწავლემ მოდელირებიდან დამოუკიდებელი წერის ეტაპამდე გაკვალული ბილიკი იმდენჯერ უნდა გაიაროს, სანამ დამოუკიდებლად არ შეძლებს კომპლექსური წერითი დავალებების შესრულებას.

საგანმანათლებლო სივრცეში წერის სწავლებასთან დაკავშირებით საკმაო გამოცდილება დაგროვდა. წერითი აზროვნების განვითარების არაერთი ეფექტური გზა გვასწავლეს და გამოვცადეთ. მათგან გამოვყოფდი ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებით მეთოდს, რომელსაც ხშირად ვიყენებ სწავლების პროცესში.

„წერა ილუსტრაციების მიხედვით“

მეთოდის თანახმად, მოსწავლეებმა უნდა შეთხზან ამბავი რომელიმე უცნობი მოთხრობის/ზღაპრის ილუსტრაციების მიხედვით. წარმოსახვასთან ერთად, ზემოაღნიშნული აქტივობა ავითარებს ნააზრევის წერილობით გადმოცემასა და სიუჟეტის აგებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობის დროს.

აუცილებელია ილუსტრაციების ყურადღებით შერჩევა, რადგან ისინი უნდა იძლეოდნენ „ფრთების გაშლის“ შესაძლებლობას. გამოიყენეთ ფერადი ან კონტურული ილუსტრაციები. შავ-თეთრი ნახატების გამოყენების შემთხვევაში მოსწავლეებს მათი გაფერადება შეეძლებათ. თუ შთაგონებისთვის ერთი ამბის რამდენიმე ილუსტრაციას მიაწვდით, მოსწავლეებმა ჯერ მათი თანმიმდევრობა უნდა აღადგინონ ან მოვლენათა განვითარების განსხვავებული, თუმცა ლოგიკური ჯაჭვი შექმნან.

დავალების ერთ-ერთ ვარიაციას წარმოადგენს ჯგუფებისთვის  საერთო მოთხრობის ან ზღაპრის ილუსტრაციების (ყველა ჯგუფს სხვადასხვა) დარიგება. საინტერესოა, მოერგებიან თუ არა ერთმანეთს მათ მიერ შეთხზული ეპიზოდები და თხზულების ახალი ვერსია რამდენად დაშორდება დედანს.

მოსწავლეებს დეტალური ინსტრუქციის, ქარგების გარეშე უჭირთ მსგავს კომპლექსურ აქტივობებთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის ორგანიზება, ამიტომ, სჯობს, მკაფიო ნაბიჯებად გაწერილი სამოქმედო გეგმა შესთავაზოთ, მაგალითად:

  • ჩამოწერე, რას ხედავ ილუსტრაციაზე;
  • დაწერე შეკითხვები, რომლებიც ილუსტრაციასთან დაკავშირებით გაგიჩნდა;
  • შეეცადე, შენივე შეკითხვებს პასუხი გასცე ვარაუდით ან ილუსტრაციაზე დაყრდნობით;
  • ახლა დააჯგუფე შენი პასუხები აღწერითი და სიუჟეტური შინაარსის წინადადებებად და ისეთი თანმიმდევრობით გადააბი, რომ ამბავი გამოგივიდეს (შესაძლოა, დაგჭირდეს რამდენიმე წინადადების ჩამატება და ნამუშევრის სტილისტურად დახვეწა);
  • წერის დასრულების შემდეგ აუცილებლად წაიკითხე შენი ნამუშევარი. ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს, სიტყვების მართლწერას და ა.შ.

აქვე ერთგვარ ექსპერიმენტს შემოგთავაზებთ:

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციას და გეგმის მიხედვით შეთხზეთ რაიმე ამბავი. შემდეგ კი შეგიძლიათ ჩემს ვერსიას და ილუსტრაციის პირველწყაროს (ტექსტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ილუსტრაცია) გაეცნოთ.

გეგმის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერები:

  • ილუსტრაციაზე ვხედავ:
  1. ტყეს, დათოვლილ ნაძვებს, ბილიკს და ხის ტოტს, რომელზეც ციყვი შემოსკუპებულა. მას პომპონიანი ქუდი უჭირავს და ქვემოთ იყურება.
  2. პატარა ბიჭს, რომელიც ხის კუნძზე დგას და ხელები წინ აქვს გაშვერილი (სავარაუდოდ, ციყვისკენ). მას სვიტერი, ბოტები და რამდენიმე ადგილას დაკემსილი შარვალი აცვია.
  • შეკითხვები:
  1. ეს ქუდი, ციყვს რომ უჭირავს, ამ ბიჭისაა?
  2. რატომ არ აცვია ბიჭს ქურთუკი? არ სცივა?
  3. როგორ მოხვდა ბიჭი ტყეში? დაიკარგა თუ სახლიდან გამოიპარა?
  4. საით მიდის ბილიკი? ეს გზა ბიჭს სახლში დააბრუნებს?
  5. ციყვი ბიჭს ქუდს დაუბრუნებს?
  • პასუხები:
  1. ქუდი, რომელიც ციყვს უჭირავს, სავარაუდოდ, ბიჭუნას ეკუთვნის.
  2. ტყეში ეციება, რადგან ხეები თოვლითაა დაფარული და მოღრუბლულია. ალბათ ბიჭსაც სცივა, მაგრამ, ქუდის მსგავსად, მგონი ქურთუკიც დაკარგა.
  3. ბიჭი ალბათ ტყესთან ახლოს ცხოვრობს. რადგან პატარაა, სასეირნოდ მარტოს არავინ გამოუშვებდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გამოიპარა და სახლისკენ მიმავალ გზას ვეღარ აგნებს.
  4. ბილიკზე ნაფეხურების კვალია. ალბათ ბიჭი ამ ბილიკით მოვიდა. შეუძლია, თავის ნაფეხურებს გაყვეს და სახლში დაბრუნდეს, ან მშობლები მოაგნებენ ბილიკზე დატოვებული კვალის დახმარებით.
  5. ვფიქრობ, ციყვი ქუდს ფუღუროში წაიღებს და თბილად გამოიზამთრებს.

წინადადებების თანმიმდევრულად დალაგების შემდეგ ამბის კონტური გამოიკვეთა და მისი „გამხატვრულება“, ანუ თხზულებად ქცევა აღარ გამჭირვებია:

ნისლიანი დღე იყო. მზე არსად ჩანდა, ციოდა. ნაძვებს თოვლის სქელი საბნის ქვეშ მშვიდად ეძინათ. მიწაზე რბილი, ფაფუკი თოვლი ეფინა. ტყიდან ბილიკი გამოდიოდა. აქ აშკარად ვიღაცას გაევლო და თოვლში პატარა ოვალური ხვრელები დაეტოვებინა. ნაკვალევს თუ გაყვებოდი, ტყის სიღრმეში შეყუჟულ პატარა მინდორზე გაგიყვანდა. კვალი ხის კუნძთან წყდებოდა. მასზე აბობღებული პატარა ბიჭუნა ხელებგაშვერილი იდგა და რაღაცას ბუტბუტებდა. მოპირდაპირე ხის ტოტზე არხეინად შემოსკუპებულ ციყვი კი ბიჭს გაკვირვებული ჩაჰყურებდა. თათებით პომპონიანი ქუდი ჩაებღუჯა და, როგორც ჩანს, „ნადავლის“ ძველი პატრონისთვის დაბრუნებას სულაც არ აპირებდა.

ბიჭუნა ტყისპირა სახლში ცხოვრობდა. ათას საქმეში გართულ მშობლებს ხანდახან სახლიდან ეპარებოდა და იქვე, შორიახლოს დასეირნობდა. დღეს დილით კი იმხელა თოვლი დახვდა გარეთ!.. თან ახალი წელი ახლოვდებოდა და იფიქრა, იქნებ თოვლის ბაბუს სახლს მივაგნო და ჩემი სურვილი პირადად გავუმხილოო (წერა ჯერ არ იცოდა). ბევრი აღარ უფიქრია, თბილად ჩაიცვა და ტყის სიღრმისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.

სიარულის დროს ბიჭუნას დასცხა. ქურთუკი გაიხადა და ნაძვის პატარა ნერგს „ჩააბარა“, თან დაუბარა, არ დამიკარგოო! უცებ იგრძნო, რომ ვიღაცამ ქუდი მოხადა. ჯერ შიშისგან გული ლამის გაუსკდა, იფიქრა, საშიში ცხოველი მესხმის თავსო, მაგრამ მალევე მოჰკრა თვალი ტოტიდან ტოტზე მოხტუნავე პომპონს და აედევნა… უკვე საღამოვდებოდა, ბიჭუნა კი ისევ იმ ხესთან იდგა, რომელზეც, სავარაუდოდ, ციყვს დაედო ბინა და „ქურდს“ ჩურჩულით ემუდარებოდა:

  • დამიბრუნე რა ჩემი ქუდი! დამიბრუნე რაა!..

ციყვმა ერთ ხანს უყურა ბიჭს, უყურა და ახალ „საბანთან“ ერთად ფუღუროში შეიმალა.

საბედნიეროდ, მალე ბიჭუნას მშობლები გამოჩნდნენ. სიცივისგან და შიშისგან ერთიანად აცახცახებული პატარა  გულში ჩაიკრეს, თანატოლი ნერგისთვის ჩაბარებული ქურთუკი მოახურეს და ისევ იმ გათელილ ბილიკს გაუყვნენ  სახლისაკენ.

ციყვი კი საძილე ტომრად ქცეულ ქუდში შემძვრალიყო და ფიქრობდა:

  • ეს რა კარგი საწოლი ვიშოვე! ნეტა იმ ბიჭს რად უნდოდა?! აბა ეგ ამაში როგორ ჩაეტეოდა?!..

 

ილუსტრაცია ამოღებულია ანე-კატერინე ვესტლის ყველასათვის საყვარელი წიგნიდან „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ და ასახავს წრიპა მორტენის ერთ-ერთ თავგადასავალს („იყო ერთი პატარა ციყვი“). ეს თავი ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნებულ პატარებს თავიანთი თავგადასავლების გახსენების შემდეგ წავუკითხე, მანამდე კი, ილუსტრაციაზე დაყრდნობით, ამბის ახალი ვერსიები დავაწერინე. მგონი ქ-ნ ვესტლს მოეწონებოდა… და თქვენ?!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი