პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს

„დედა, გთხოვ, ღამით გამაღვიძე, რომ ვილაპარაკოთ“, – თითქმის ყოველ საღამოს, ძილის წინ, მთხოვს ჩემი რვა წლის შვილი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცხრა თვეა, ყოველ დღეს სახლში, ერთად ვატარებთ, ხშირად გვჭირდება ერთმანეთისთვის იმის შეხსენება, რომ საუბრისთვის და მოსასმენად მაინც საჭიროა „სხვა“ დროის გამოყოფა.

მშობლობის რვაწლიანი გამოცდილების შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისე არაფერი აბედნიერებთ ბავშვებს, როგორც ის, რომ მათთვის იცლიან და უსმენენ. მშობლებთან პოზიტიური ურთიერთკავშირი მათ იმაში ეხმარება, უკეთ გამოხატონ თავიანთი სურვილები და უფრო მეტი ისაუბრონ საკუთარი თავის შესახებ, მშობლებს კი – იმაში, რომ გაიგონ შვილების ემოციები, გამოხატონ თანადგომა და პატივი სცენ მათ მდგომარეობას.

ახლა უფროსებიც არ ვართ კარგ დღეში… ახალმა რეალობამ ბევრს მძიმე დანაკარგი მოუტანა. თუმცა ამ სიტუაციაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვები არიან, რომლებსაც ჩვენთან საუბარი და მეგობრობა სჭირდებათ.

ბავშვებსაც უწევთ სირთულეების გადალახვა, ისინიც, ჩვენსავით, ბევრ უჩვეულო ამბავს უმკლავდებიან – პანდემიის მიერ ნაკარნახევ დღის რეჟიმს, დისტანციურ სწავლებას, იზოლაციას, ერთფეროვნებას, ცუდ ამბებს და ყველაზე დიდ განსაცდელს – მეგობრების მონატრებას.

ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიქრი ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმაზე, როგორ დავეხმაროთ მათ, როგორ განვაწყოთ სასაუბროდ, როგორ წავახალისოთ ნაფიქრალის გამოთქმისკენ, რომ თავი უკეთ იგრძნონ. ამ დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მშობლებისა და გარემოს დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მშობლების მზრუნველობა, ვფიქრობ, დაეხმარება ბავშვებს, მომავალში უკეთ გაუმკლავდნენ პრობლემებს და საამისო მექანიზმები საკუთარ თავში იპოვონ.

ადამიანებს, რომლებიც კოვიდ-19-ით გამოწვეულ სტრესს ვებრძვით, მეგობარმა ფსიქოლოგმა ცოტა ხნის წინ ასეთი რამ გვირჩია: თუ ამის შესახებ ვერავის ვუყვებით, შეგვიძლია, დავწეროთ ამ ყველაფერზე, ანუ წერილობით ვისაუბროთ იმაზე, რასთან გამკლავებაც გვიწევს. ეს მეთოდი ბავშვებთანაც შეიძლება გამოვიყენოთ – შევთავაზოთ, წერილობით აღწერონ საკუთარი ემოციები. მით უმეტეს, ამ ფორმით სათქმელის გამოხატვა შესაძლოა მათთვის სულაც არ იყოს უცხო: ბევრი ბავშვი აწარმოებს დღიურს, სადაც ის სრულიად თავისუფალია და არც მისი ხმა იკარგება.

ახლა კი იმ წიგნის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მშობლებმა და მასწავლებლებმა შეიძლება ურჩიოთ ბავშვებს საკუთარი ემოციებისა და აზრების ჩასაწერად. ეს არის „წიგნი-დღიური“ მოზარდებისთვის, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციამ მოამზადა. მისი სათაურია „ფანჯარა საკუთარ თავთან“. ის ონლაინ ფორმითაც ხელმისაწვდომია.

დღიური ილუსტრირებულია და ერთი შეხედვით ჰგავს წიგნს, რომელსაც ავტორი არ ჰყავს. ყველა, ვინც მასზე მუშაობას დაიწყებს, თავად იქცევა მწერლად და შექმნის თავის ისტორიას, თავის წიგნს.

წიგნ-დღიურს ჰყავს მთავარი პერსონაჟი, მეგზური, რომელიც მთელ ამ თავგადასავალში თან დაჰყვება პოტენციურ მწერალს. მისი მიზანია, მოზარდებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის, მათი მართვის სტრატეგიებისა და ტექნიკების შესახებ. აქ იპოვით ემოციური რეგულაციის სავარჯიშოებს, სუნთქვის ტექნიკებს, საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიებს, პრობლემაში რესურსის დანახვის სავარჯიშოებს… დამტკიცებულია, რომ სწორედ მოზარდობაა ის პერიოდი, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი, ამ ტექნიკების ცოდნა, მათი პრაქტიკაში დანერგვა კი არაერთი პრობლემის პრევენციის საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს უკვე თავჩენილი სირთულეების დამძიმების რისკს.

წიგნი-დღიურის მეშვეობით ბავშვები საკუთარ ემოციებზე დაკვირვებას, მათზე საუბარს შეძლებენ. გარდა ამისა, თავს გადახდებათ ბევრი საინტერესო ამბავი, რომლებმაც ისინი შესაძლოა იმაზე დააფიქროს, რა მნიშვნელობა აქვს განწყობას სირთულეთა დაძლევის პროცესში. თითქოსდა უბრალო კითხვები: რას გრძნობდი? რა აზრები მოგდიოდა თავში? როგორ გამოხატე ისინი? რა განიჭებს ყველაზე დიდ სიხარულს? როდესაც ბედნიერი ხარ, რას გრძნობ სხეულში? როგორი იყო შენი დღე? – ბავშვებს უბიძგებს, დააკვირდნენ საკუთარ ემოციებს, მათი ამოცნობა, მათზე საუბარი ისწავლონ და მათი გაზიარების მნიშვნელობა დაინახონ.

 

ჩამოტვირთეთ წიგნი-დღიური

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი