ბავშვებისთვის ყველაზე სასურველ საჩუქარს, პირველ „სმარტფონს“, უმეტეს შემთხვევაში მშობლები ყიდულობენ, თუმცა ციფრული ტექნოლოგია და სოციალური მედია ბავშვიანი ოჯახებისთვის დამატებით გამოწვევადაც იქცა.
თანამედროვე მსოფლიოს მიღწევებმა კიდევ უფრო გაზარდა მშობლის როლი და პოზიტიური აღზრდის მნიშვნელობა, რადგან მცირეწლოვანთა მოქმედებებმა ფიზიკური სამყაროდან online სივრცეშიც გადაინაცვლა. ინტერნეტს კი უზღვავ შესაძლებლობასთან ერთად ბავშვებისთვის უამრავი ხიფათიც ახლავს.
ბავშვთა უფლებების დამცველმა და ონლაინუსაფრთხოების კონსულტანტმა, სამართლის დოქტორმა ელიზაბეთ მილოვიდოვმა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვის აღზრდის შესახებ ნაშრომი შექმნა, რომელიც ევროსაბჭოს დახმარებით ქართულ ენაზეც გამოიცა. აღნიშნული სახელმძღვანელო მშობლებს სხვადასხვა სიტუაციისთვის ამზადებს და პოზიტიური აღზრდის მრავალფეროვან სტრატეგიებს სთავაზობს.
სახელმძღვანელო მხარს უჭერს ციფრულ გარემოში პოზიტიური მშობლობის სტილის შენარჩუნებას, ჯანსაღ კომუნიკაციასა და ნდობის გაძლიერებას მშობლებსა და შვილებს შორის, რათა მშობლებმა შეძლონ შვილთან ღია საუბარი ინტერნეტის გამოყენებაზე, რისკებსა და სარგებლიანობაზე. ამისთვის კი პირველ რიგში აუცილებელია რეგულარული ინტერესის გამოხატვა შვილის ონლაინაქტივობებისადმი.
ციფრული უსაფრთხოების საკითხზე საუბრის წამოწყებისთვის სპეციალისტი მშობლებს შემდეგი შეკითხვების დასმას სთავაზობს:
- „ვის ესაუბრები ხოლმე ინტერნეტით (კლასელებს, მეგობრებს თქვენს ქალაქში/საზღვარგარეთ, უცნობებს)?“
- „რას აკეთებ ხოლმე ინტერნეტში?“
- „რომელ საიტებს, პლატფორმებს იყენებენ ხოლმე?“
- „როდის შედიხარ ხოლმე ინტერნეტში (რა დროს და რამდენი ხნით)?“
- „რა ხდებოდა დღეს ინტერნეტში?“
ბავშვთან მსგავს თემებზე საუბრების დაწყებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ საკითხებზე კომუნიკაციის გაგრძელება, მაშინაც კი, როდესაც საუბრის თემა არასასიამოვნოა. იმისთვის, რომ მასთან უფრო სიღრმისეული საუბარი გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია მშობლებსა და შვილებს შორის ნდობის არსებობა. ნდობის ჩამოყალიბებას კი ხელს უშლის ძალადობრივი ან ზედმეტად მკაცრი სასჯელის გამოყენება. ნაცვლად ამისა, სპეციალისტები პოზიტიური მიდგომის პრაქტიკაში დანერგვას ურჩევენ მშობლებს, რაც გულისხმობს დიალოგს, ბავშვის ქმედების კრიტიკულად გააზრებას, ერთობლივ მსჯელობას, საფრთხეებისა და სარგებლის გაანალიზებას და ბავშვის ცნობიერების ამაღლებას ციფრულ სამყაროში მისაღები ქცევის წესების შესახებ. ამავე დროს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია, მშობლის იმედი ჰქონდეს, როცა საქმე ეხება მის დაცვას, მხარდაჭერას, მოსმენასა და შეხედულებებისა თუ მოსაზრებების გაზიარებას.
ციფრულ სამყაროში პოზიტიური აღზრდის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კრიტიკული აზროვნებაა, რომელიც მშობლებს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, უყიდონ თუ არა შვილს ესა თუ ის ელექტრონული მოწყობილობა; ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახონ მისი უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობიანად გამოყენების გზები; განსაზღვრონ დრო და ხანგრძლივობა, როცა ბავშვი შეძლებს მოწყობილობით სარგებლობას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი უნარი მშობლებმა შვილებს პირველ რიგში საკუთარი მაგალითით უნდა გადასცენ. მათ ბავშვის ჩართულობით უნდა შეიმუშაონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების წესები და რაც მთავარია, არ დაარღვიონ შეთანხმებები.
მესამე კომპონენტია ციფრული მოქალაქეობის შესახებ შვილის ცნობიერების ამაღლება, რაც გულისხმობს ბავშვის წიგნიერ, ინფორმირებულ და აქტიურ მოქალაქედ აღზრდას, რომელსაც ეცოდინება, როგორი ქცევაა ინტერნეტში მისაღები, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ციფრულ ნაკვალევს; ბავშვის ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მისთვის საინტერესო რესურსების გაზიარებას და ერთობლივ მსჯელობებს ცალკეული საკითხის მიმართ ოჯახის დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შესახებ.
იმისთვის, რომ მშობლებისთვის უფრო ნათელი გახდეს, როგორ იზრუნონ შვილებზე ციფრულ სამყაროში, სახელმძღვანელოში არაერთი კონკრეტული სცენარია განხილული. მაგალითისთვის, გადავიკითხოთ ერთ-ერთი სიტუაცია:
„სიტუაციური ანალიზი: თქვენს თინეიჯერ ქალიშვილს 500-ზე მეტი მეგობარი ჰყავს სოციალური მედიის ანგარიშზე და გეჩვენებათ, რომ ის მეტისმეტად გიმალავთ თავის აქტივობას სოციალურ მედიაში.
მშობლის ფიქრები: პირადად იცნობს თითოეულ მათგანს? ხომ არ ჯობია, უცნობი პირები მეგობრებიდან წაშალოს? ეს უცნობები იმ მეგობრების მეგობრები არიან, რომელთა გადამოწმებაც შეიძლება? ამ „მეგობრებთან“ მხოლოდ თამაშები აკავშირებს, თუ ჩატითაც საუბრობს? რამე სამარცხვინოს აკეთებს, თუ არაფერს აშავებს და, უბრალოდ, საჩუქარს გიმზადებთ? რამე ისეთს აკეთებს, რაც არ უნდა გააკეთოს? უხამს კონტენტს ხომ არ უყურებს ან აქვეყნებს? როგორ შეგიძლიათ მასთან საუბრის დაწყება, პირად სივრცეში შეჭრის გარეშე.
ციფრულ გარემოში პოზიტიური აღზრდის რჩევები:
- სოციალური მედიის საიტებზე ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებისას კონფიდენციალურობის პარამეტრები მაქსიმალურ ნიშნულზე დააყენეთ და მხოლოდ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან გაზიარების ფუნქცია გააქტიურეთ, როგორც თქვენს, ასევე შვილის შემთხვევაში.
- განუმარტეთ ბავშვს, რას ნიშნავს როგორც მისი, ისე ოჯახის სხვა წევრების პირადი ინფორმაცია.
- გაეცანით სოციალური მედიისა და სათამაშო პლატფორმებზე არსებულ ინფორმაციას მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ.
- განიხილეთ თქვენი ოჯახის მოლოდინები და ღირებულებები ონლაინგაზიარებასთან მიმართებით.
- რეგულარულად მოძებნეთ ოჯახის წევრთა სახელები ინტერნეტში, რათა გადაამოწმოთ ონლაინსივრცეში მათზე არსებული ინფორმაცია.
ციფრულ გარემოში პოზიტიური აღზრდის ქმედებები – მშობლებს/აღმზრდელებს შეუძლიათ, შვილებს ასწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ თავიანთი ონლაინრეპუტაცია და ციფრული იდენტობა კრიტიკული აზროვნების უნართა გამოყენებით. რეგულარული საუბრებით მშობლებს შეუძლიათ, შვილებს ასწავლონ პასუხისმგებლობიანი ციფრული მოქალაქეებივით მოქცევა, სხვების პატივისცემა სოციალურ მედიაში და ონლაინმეგობრების განსხვავება რეალური მეგობრებისგან.
ციფრულ გარემოში პოზიტიური აღზრდის რჩევები
► განსაზღვრეთ, შეეფერება თუ არა კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმა
თქვენი ბავშვის ასაკს.
► აკრძალვის ნაცვლად, დაფიქრდით, ხომ არ აჯობებს, შვილს აუხსნათ ტექნოლოგიის სწორად გამოყენების წესები, რათა მან ეს თქვენგან ისწავლოს.
► შეამოწმეთ კონფიდენციალურობის, ასევე, ადგილმდებარეობის ჩვენების პარამეტრები და დარწმუნდით, რომ ისინი არ იძლევა წვდომას პირად ინფორმაციაზე, სურათებსა და ვიდეოებზე.
► აუხსენით შვილს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ონლაინსივრცეში ხვდებიან, ყოველთვის არ უნდა ენდონ ისე, როგორც რეალურ მეგობრებს.
► ხაზი გაუსვით, რომ დაუშვებელია პერსონალური, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაზიარება.
► განიხილეთ ანგარიშის გახსნა იმავე სოციალური მედიის პლატფორმაზე და შვილის „დამატება მეგობრებში“.
► დარწმუნდით, რომ თქვენს მოზარდს ჰყავს სხვა სანდო, ზრდასრული ადამიანები, რომლებთანაც შეძლებს საუბარს (მაგ. ნათესავი ან მასწავლებელი), თუკი თქვენთან არ მოუნდება ლაპარაკი“.
——-
როგორც ვხედავთ, ციფრულ სამყაროში პოზიტიური მშობლობა ისევე მოითხოვს შვილზე მუდმივ და უპირობო ზრუნვას, ისევე, როგორც ფიზიკურ გარემოში. სპეციალისტების დასკვნებით, ამ მეთოდით აღზრდილი ბავშვები ციფრულ გარემოში უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მოქმედებენ, არ უშინდებიან სირთულეებს და მარტივად ახერხებენ ბალანსის დაცვას ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებას შორის.
წყარო: ბავშვის აღზრდა ციფრულ ეპოქაში, ევროსაბჭო https://rm.coe.int/parenting-in-the-digital-age/1680b27f27


