როცა კლასში გაბრაზებული მშობელია
სტატიების ამ ციკლის პირველ ორ ნაწილში მიმოვიხილეთ დამრიგებლის შინაარსიანი ურთიერთობა კლასის მშობლებთან და განვიხილეთ ჯგუფისგან გუნდის შეკვრის მეთოდოლოგია. ამ წერილში კი ისეთ მგრძნობიარე საკითხს შევეხებით, როგორიცაა – გაბრაზებული მშობელი კლასში.
თითოეულ მასწავლებელს ათობით ან ასობით მშობელთან უწევს ურთიერთობა, რომელთა შორის სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლებისა და ქცევის მქონე ადამიანები არიან. იშვიათად, თუმცა პედაგოგი მაინც შეიძლება შეხვდეს ისეთ მშობელს, რომლის მოქმედებები კულტურულ ნორმებში ვერ ჯდება. ასეთ ადამიანთან ურთიერთობას კონფლიქტი ახლავს. დაპირისპირებას კი დიდი ემოციური დანახარჯები, სტრესი, დემოტივაცია და პროფესიული გადაწვა.
კონფლიქტი ცხოვრების თანმხლები პროცესია, რომელიც სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ამ შემთხვევაში განვიხილოთ აგრესიული მშობლის კონტექსტში წარმოქმნილი დავა, მისი პრევენცია და გადაწყვეტის გზები.
ზოგჯერ ხდება, რომ მიუხედავად დამრიგებლის მცდელობისა, რომელიმე მშობელთან ურთიერთობის აწყობა ვერ ხერხდება. ობიექტურ მიზეზებთან ერთად ამას შეიძლება პიროვნებასთან დაკავშირებული არაერთი გარემოება განაპირობებდეს, როგორიც არის ხასიათის თავისებურება, საპირისპირო შეხედულებები და სხვ. ცხადია, დაუშვებელია პედაგოგის იძულება, რომ ყველა მშობელს იდეალურად შეეწყოს. ისევე, როგორც მშობელს ვერ ვაიძულებთ მოსწონდეს ყველა მასწავლებელი. თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ზრდილობის ნორმების დაცვა, ორივე მხარის ვალდებულებაა. ზოგიერთ ადამიანს ეს შინაგანად აქვს გააზრებული და არ სჭირდება კანონმდებლობის შეხსენება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატივისცემით მოპყრობა არა მხოლოდ მორალური ვალდებულებაა, არამედ ამას კანონიც გვავალდებულებს. რადგან სკოლა მრავალრიცხოვანი ორგანიზაციაა და მრავალფეროვანი წევრებისგან შედგება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არსებობდეს სისტემა, რომელიც სასკოლო საზოგადოების, მათ შორის, მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს, სკოლაში ქცევის და ურთიერთობის წესების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას. ცხადია, რომ ამ წესების შესრულება ყველა წევრისთვის ერთნაირად საჭირო უნდა იყოს, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს თანასწორობის, პატივისცემისა და თავაზიანობის ნორმების დაცვის მაგალითს უნდა აძლევდნენ.
საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონში, პედაგოგის პროფესიული ეთიკის კოდექსში, შიდა სასკოლო დოკუმენტებში (წესდება, შინაგანაწესი, სკოლისა და მშობლის ხელშეკრულება), ყველგან შევხვდებით ჩანაწერს, რომ სკოლასა და მშობლებს ერთმანეთთან თავაზიანი მოპყრობის ვალდებულება აქვთ. ეს დოკუმენტები მასწავლებლის მთავარი ინსტრუმენტებია, რომლითაც გაბრაზებულ მშობელთან ურთიერთობას უნდა გაუმკლავდეს. ამ კანონმდებლობას მშობლებიც უნდა იცნობდნენ. ამის ვალდებულება სკოლას აქვს. თუ მოსწავლეთა ოჯახებს ეცოდინებათ საკანონმდებლო ნორმები, ეს მოსალოდნელი უთანხმოების მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობაა, თუმცა არა საკმარისი.
რა შეიძლება იყოს მშობლის ბრაზის საფუძველი? – ამის გააზრება ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლის დაბალი შეფასება, ქცევა ან მასწავლებლის მიდგომებით უკმაყოფილება, სასკოლო განათლების ხარვეზები, დანარჩენი მშობლებისგან განსხვავებული პოზიციები, თვითგამოხატვის სურვილი და ა.შ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, განიცდიდეს უარყოფით ემოციებს, თუმცა სკოლა აგრესიული რისხვისა და ემოციათა აფეთქებისთვის შესაფერისი ადგილი არ არის. მშობელსა და მასწავლებელს შორის არსებული გაუგებრობები ჩხუბითა და დაპირისპირებით არ წყდება. საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, საჭიროა პრობლემის განხილვა; რამდენადაც ეს შესაძლებელია, ბრაზის ობიექტური მიზეზების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა; პრობლემაზე ღიად საუბარი; მოგვარების გზების ერთობლივი ძიება; პასუხისმგებლობების განაწილება; დახმარების თხოვნა სკოლის ადმინისტრაციისა და სხვა სპეციალისტებისთვის.
ხშირად ბრაზის რეალური მიზეზი სკოლასა და მშობელს შორის დისკომუნიკაციაა. სადავო საკითხების გადასაწყვეტად სკოლამ შესაფერისი გარემო უნდა შექმნას. მასწავლებელსა და მშობელს მშვიდად საუბრისთვის, სულ მცირე ფსიქოლოგიური მზაობა, უსაფრთხო, საქმიანი სივრცე და საკმარისი დრო სჭირდებათ. ტელეფონით და მით უფრო, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით სადავო საკითხების განხილვას უმეტეს შემთხვევაში ორმხრივი უკმაყოფილება და კონფლიქტის გამწვავება მოსდევს. საჭიროა, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო სადავო საკითხს.
თუ სკოლამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი ზედმიწევნით დაიცვა, მაგრამ სადავო საკითხი მაინც ვერ მოგვარდა, ამისთვის სკოლაში არსებობს კოლეგიალური ორგანოები, დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც არსებული დავის განხილვა წინასწარ დადგენილი სტანდარტით უნდა მოხდეს. ხშირად, მშობლის გადაწყვეტილება, მიმართოს საჩივრების განხილვის კანონიერ ორგანოებს, მასწავლებელზე თავდასხმად აღიქმება და მათ შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს. დიდი ალბათობით, კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა სასიამოვნო არ იქნება და ემოციური რესურსების დახარჯვასაც მოითხოვს, თუმცა თუ მშობლებს ისეთ პირობებს შევუქმნით, რომ კანონით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის სურვილი გაუქრეთ, ისინი ბრაზის გამოხატვას სხვა უფრო არასასურველი ფორმებით დაიწყებენ, რის მაგალითიც მრავლად გვაქვს. ამასთანავე, სკოლის კოლეგიალური ორგანოებისთვის მიმართვა მასწავლებელსა და დირექტორსაც შეუძლიათ, რაც მათ მშობლებთან თანაბარ პირობებში ამყოფებს.
როდესაც კლასში აგრესიული მშობელია, რომელსაც მასწავლებელთან ურთიერთობაში ხშირად აქვს პრობლემები, ზოგჯერ დანარჩენი მშობლები მასთან ურთიერთობას ერიდებიან და ავტომატურად მასწავლებლის მხარეს იკავებენ. ისინი დამრიგებლის დაცვას იწყებენ, რადგან შიშობენ, რომ ერთი მშობლის გამო, შესაძლოა მათ პედაგოგს დირექტორისგან საფრთხე შეექმნას. ასეთი ტიპის გამოქომაგებას ხშირად მშობლებში შეუქცევადი კონფლიქტი მოსდევს. ვითარების ასეთი დაძაბვისთვის დამრიგებლის მიერ სხვა მშობლებთან ამ კონფლიქტზე ნათქვამი ორიოდე სიტყვაც კი კმარა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორი პოზიცია უჭირავს დამრიგებელს. ასეთი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, დამრიგებელმა აუცილებლად უნდა აუხსნას კლასის მშობლებს, რომ მომჩივანს თავად უპასუხებს, საჭიროების შემთხვევაში კი დახმარებისთვის სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს. მშობლებს შორის დაპირისპირება ბავშვებზეც აისახება, რაც კლასში სიტუაციას არევს და დამატებით დაძაბულობას შემოიტანს. სხვების ჩარევას მისთვის მხოლოდ დამატებითი პრობლემების შექმნა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში კი ადმინისტრაცია მათი აზრითაც დაინტერესდება.
ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები მასწავლებლებს ურჩევენ ბოლომდე დაიცვან და არ უღალატონ პროფესიულ ეთიკას. ხოლო მოუგვარებელი კონფლიქტების გადაჭრაში სკოლის ადმინისტრაცია და გარე ორგანიზაციები ჩართონ, მაგალითად, როგორიც არის მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი.
სტატიების სერიის – „სადამრიგებლო კლასის მშობლები“ – ბოლო, მეოთხე ნაწილში განვიხილავთ დამრიგებლის კრიტიკოს მშობლებთან ურთიერთობასა და ვიპოვით გზა, როგორ შეიძლება ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა მშობელი კრიტიკულად არის განწყობილი.