პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პროექტი შემაჯამებელ დავალებად

კეთებით სწავლება თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელია. საგნობრივ თუ ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს მყისიერად ეძლევათ ახლად შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობა, რაც სიღრმისეული სწავლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ამას გარდა, პროექტი შემაჯამებელი დავალების ერთ-ერთ ფორმასაც წარმოადგენს. დღეს მინდა გაგიზიაროთ დისტანციური სწავლების პროცესში განხორციელებული ერთ-ერთი ვრცელი პროექტი, რომელიც მე და ჩემს კოლეგებს სასწავლო საფეხურის შესაბამისი არაერთი უნარის განმტკიცებასა და მოსწავლეთა შეფასებაში დაგვეხმარა.

წიგნიერების უნარების ამაღლება დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ამას გარდა, ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორც სასწავლო დისციპლინას, მიზნად აქვს დასახული ტექსტის გააზრების, რედაქტირების, გაშინაარსების და ტექსტზე მუშაობასთან დაკავშირებული სხვა მსგავსი უნარების სათანადოდ განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ენობრივ-გრამატიკული ცოდნის მიზნობრივად გამოყენება და ა.შ.

წინა სასწავლო წელი დისტანციურ სასწავლო რეჟიმში დავასრულეთ. იქიდან გამომდინარე, რომ შემაჯამებელი დავალება არსებული სიტუაციისთვის უნდა მოგვერგო და თან მიღწეული შედეგების რაც შეიძლება ცხადად დანახვა შეგვძლებოდა, ჩვეული სასწავლო აქტივობებისგან განსხვავებული ფორმის მოფიქრება დაგვჭირდა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას საგნობრივი კათედრის არაერთი შეხვედრა დავუთმეთ და საბოლოოდ დისტანციური შემაჯამებელი პროექტის იდეაც დაიბადა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დავალება კარგად აჩვენებს მოსწავლეთა სასწავლო უნარების ფლობის დონეს, თუმცა არ მოიცავს ფაქტობრივი ცოდნის შემოწმების ფაზას.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ჩემმა კოლეგამ აღმოაჩინა ელექტრონული ბიბლიოთეკა (https://www.storyjumper.com/), სადაც მზა წიგნების წაკითხვის გარდა, ახალი „გამოცემის“ შექმნაც შეიძლებოდა. გადავწყვიტეთ, წლის შემაჯამებელი პროექტის ფარგლებში კლასის ელექტრონული ბიბლიოთეკა შეგვექმნა. მოსწავლეს, ტექსტის წიგნის ფურცლებზე გადანაწილების გარდა, შეეძლო ნაშრომის დიზაინზეც ეზრუნა (შრიფტის ზომის და ფერის შერჩევა, ყდის და წიგნის გვერდების გაფორმება სასურველი ფონით, თემატური ფოტოებით ან ბაზაში არსებული/მის მიერ შექმნილი პერსონაჟებით და სხვ.). საიტზე მასწავლებლებიც და კლასებიც თავისუფლად დავარეგისტრირეთ. მასწავლებელს შეეძლო თავისი მოსწავლეების მიერ შექმნილი კრებულების წაკითხვა და კომენტარის დატოვება. რადგან საქმე ტექნიკასთან გვქონდა, პროექტში კომპიუტერული აზროვნების მასწავლებელიც ჩავრთეთ, რათა მოსწავლეებს პროგრამული საკითხები (ტექსტის აკრეფა, წიგნის დიზაინზე მუშაობა) აღნიშნული საგნის კონტექსტში შეესწავლათ. ზემოაღნიშნული დავალება დაწყებით საფეხურზე გამოვიყენეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი განხორციელება საბაზო საფეხურზეც შესაძლებელია.

საბოლოო პროდუქტის დახმარებით უნდა შეგვეფასებინა, რა დონეზე აქვს თითოეულ მოსწავლეს განვითარებული წაკითხულის გააზრების, ტექსტის დამუშავების (მოკლე შინაარსის თანმიმდევრულად, ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვით ჩაწერა, ტექსტის ლექსიკური თვალსაზრისით გამართვა და სხვ.), შემოქმედებითი წერის, საკუთარი ნამუშევრის რედაქტირების/ტექნიკურად გამართვის, პრეზენტაციისა და რეფლექსიის უნარ-ჩვევები.

პროექტული სწავლების მიმართულება დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს უნდა ითვალისწინებდეს და არჩევანის საშუალებასაც იძლეოდეს. ამიტომ შევქმენით დავალების სამი ვარიანტი – „მწერალი“ (მოსწავლე თავად ქმნის ტექსტს და აქცევს წიგნად), „რედაქტორი“ (მოსწავლე მოცულობით ტექსტს არედაქტირებს/აშინაარსებს და თემატურად აფორმებს) და „ტექსტის ამწყობი“ (მოსწავლე დარედაქტირებულ ტექსტს გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით ანაწილებს წიგნის ფურცლებზე და თემატურად აფორმებს). თითოეული მიმართულებას შეფასების რუბრიკები მივუსადაგეთ და კლასებში განვიხილეთ. მოსწავლეებმა ,,Google Forms”-ის დახმარებით სასურველი ვარიანტი შეარჩიეს. შემდეგ კათედრაზე შევაჯამეთ, რა ტიპის/რაოდენობის რესურსის მომზადება იყო საჭირო და ერთობლივი ძალებით საჭირო მასალები შევაგროვეთ. მოსწავლეებს არჩევანის საშუალება სასწავლო რესურსების (ტექსტები, თემები) დარიგების დროსაც მიეცათ. მოსამზადებელი პერიოდის დასასრულ შევადგინეთ პროექტზე მუშაობის კალენდარი, სადაც ჩანიშნული იყო შუალედური შეხვედრები მასწავლებლებთან პირველადი ნამუშევრების გაცნობისა და უკუკავშირის მიწოდების მიზნით.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტული დავალების ერთ-ერთ ვარიანტთან დაკავშირებულ „რჩევების ბუკლეტს“ (ვრცელი, ნაბიჯებად გაწერილი დეტალური ინსტრუქცია), რომელიც  „მწერლების“ ჯგუფისთვის შევადგინე.

 


არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული დავალებაზე მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს, თუმცა მისი ჯგუფში შესრულებაც შესაძლებელია. პროექტის მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა მიზნობრივად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და უნარები, შეძლონ მასწავლებლის მიერ მიწოდებული რესურსის სწორად დამუშავება/გამოყენება და ხარისხიანი სასწავლო პროდუქტის შექმნა. მოსწავლეთა მეტად მოტივირების მიზნით, შესაძლებელია მათი ნამუშევრების სასკოლო რესურსად ქცევაც. დავალების შეფასების შემდეგ, შეგვიძლია წიგნები საჭიროებისამებრ დავარედაქტიროთ და შევქმნათ ან ახალი „გამოცემებით“ შევავსოთ სკოლის ონლაინბიბლიოთეკა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი