პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

 „ვიმეგობროთ ჩვენი ბავშვობის ხეებთან ვიმეგობროთ“

 გელა ჩქვანავას სამყარო

გელა ჩქვანავა „პენ-მარათონზე“ გავიცანი, გემზე „კაპიტანი თავართქილაძე“. ხაზგასმით მარტოსულის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, იმის მიუხედავად, რომ იქ, იმ ექსტრემალურ და მხიარულ 24-საათიან თავგადასავალში ბევრი სიცილიც მოასწრო და ნაცნობ კოლეგებთან ერთად ღვინით მოლხენაც. მანამდე მისი არაფერი მქონდა წაკითხული და მგონი ჩემსავით სულაც ბევრმა სწორედ „პენ-მარათონის“ შემდეგ აღმოაჩინა ეს მწერალი.

მწერალი გელა ჩქვანავა – გამორჩეული, თვითმყოფადი, უცხო და მომნუსხველი ხმა ჩვენს ლიტერატურაში. ის სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, ომის შემდეგ დევნილის სტატუსით განაგრძო ცხოვრება, ლიტერატურა კი იქცა არამხოლოდ მის თავშესაფრად, არამედ ახალ შუქურად, საიდანაც მკაფიოდ მოჩანს ნაცნობი და აკრძალული ტერიტორია, თავისი საზღვრებითა და უსაზღვროებით…

ვინც მის შემოქმედებას გულდასმით წაიკითხავს, შეიძლება გაეფიქროს, რომ ომი გელა ჩქვანავას მთავარი ინსპირაციაა, რომ ყველა პრობლემა და იდეა საბოლოოდ ამ მოვლენაში იყრის თავს და მასში გარდატყდება უამრავ ოპტიკურ ილუზიად, ერთგვარ აბსურდად, ომის აბსურდად, და სწორედ ეს მგონია ავტორის პოზიციაც – წეროს ომზე, როგორც ყველაზე დიდ აბსურდზე, დაძაბულობის ისეთ ხარისხზე, რომელიც ყველა შინაარსს ხრავს და ფიტავს, არ ტოვებს არც იმედს, არც ნუგეშს და არც სიყვარულს. ამ უზარმაზარი მხატვრული ამოცანის დასაძლევად მას მუდმივად ეხმარება იუმორი (გნებავთ გროტესკი, სევდიანი სარკაზმი), არასდროს დაგავიწყდებათ მის მიერ დახატული არცერთი შემზარავი სცენა – იმდენად ნამდვილია ტკივილისა და იუმორის ეს სასტიკი ნაზავი, იმდენად შთამბეჭდავი და ცინცხალი.

გელა ჩქვანავამ ბოლო დროს ლექსებიც გამოაქვეყნა ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი პოეზიაც ტკივილის თავისებური გრადაციაა, სინამდვილის იმ ხარისხის ნიშანია, რომელიც თავიდანვე აირჩია და სხვა ავტორში არასდროს შეგეშლება. გელა ჩქვანავამ თავისი იგავური სამყარო შექმნა, მასში საომარი ეკიპირებით უნდა შეხვიდეთ – ადამიანობის კომუფლაჟით და იუმორის იარაღით, წინ მრავალფეროვანი სცენები და სურათები გელოდებათ, ერთმანეთზე უფრო მძაფრი და სიღრმისეული შეგრძნებები, ცოცხალი ხმები – მებრძოლების და ლაჩრების, მძევლების და მოძალადეების, შეყვარებულების და უნუგეშოების, მოკლედ – ადამიანური ხმები, რომლებიც ამ გამაყრუებლად ხმაურიან სამყაროში უზუსტესი გუმანითაა დაჭერილი და მხატვრულ სიხშირეზე „არანჟირებული“. ეს გელა ჩქვანავას სამყაროა – ნაღდი მკითხველისთვის მასში ხეტიალი სავალდებულოც კია!

გელას რამდენიმე კითხვით შევეხმიანე. გთავაზობთ ამ დიალოგს.

 

 

  • წერა როდის დაიწყე, რას უკავშირდება შენი პირველი ლიტერატურული შთაბეჭდილება?

გ.ჩ.: ჩემი გათვლებით მაშინ შვიდი წლის ვიქნებოდი. მამაჩემმა ახალი საფოსტო ყუთი იყიდა და სამსახურიდან დაბრუნებულმა, სახლში შესვლამდე, ჭიშკარზე დაკიდა. მე იქვე ფეხბურთს ვთამაშობდი თანატოლებთან. ჩვენი ჭიშკარი საფეხბურთო კარის მაგივრობას წევდა და მეკარეც მე ვიყავი. ყუთი ისე მომეწონა, რომ მეტი არ შეიძლება, „მკერდით გადავეფარე“, რომ ბურთი არ მოხვედროდა და არ დასვრილიყო. მალე ჩამოღამდა. დილით ადრე ავდექი ყუთის სანახავად და მაშინ „გამეხსნა“ კიდეც დაწერის სურვილი. მახსოვს, დიდი, ბავშვური ასოებით ვწერდი და რატომღაც სახატავ ფურცელზე. ეგ იყო ჩემი პირველი მოთხრობა ბიჭზე, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს კარებზე უფრო საფოსტო ყუთს იცავს და ამავე ყუთის ხათრით გაზეთების კითხვასაც იწყებს. მერე კი შიგ სამალავსაც მოაწყობს – სათევზაო მოწყობილობის. მართლა ასე იყო – სახლთან ახლოს პატარა, უსახელო მდინარე ჩადიოდა თავისი თევზებით და კიბორჩხალებით. თან კიდევ, ჩვენს ფოსტალიონს ერთი უცნაური წესი ჰქონდა – მუდამ ჩქარობდა და დრო რომ არ დაეკარგა, დასარიგებელ პრესას ხშირად ყუთში კი არ ჩაუშვებდა (თუ გაზეთების შეკვრა სქელი იყო და ყუთის ჭრილში გაჭირვებით ეტეოდა, არადა, ჰქონდა ჩვენს ახალ ყუთს ეს „ნაკლი“) ჭიშკრის ცხაურში გააკვეხებდა სახელდახელოდ. მერე მეორე მოთხრობაც დაიბადა ამ ფოსტალიონზე – ზოგჯერ მანქანით დადიოდა ხოლმე ჟურნალ-გაზეთების დასარიგებლად, ყოველ ას მეტრში აჩერებდა ჩვენს შედარებით ვიწრო ქუჩაზე უადგილო ადგილას დაუდევრად, მოძრაობას კეტავდა. ერთხელ დაავიწყდა, რომ მანქანით იყო, შუა ქუჩაში მიატოვა და ქუჩის ბოლომდე ფეხით გავიდა. მერე ვიღაცამ შეახსენა, რომ კარგა ერთი კილომეტრის იქით თავისი რკინის რაში ელოდებოდა. გამვლელი ტაქსი გააჩერა და იმას გაყვა უკან. ტაქსისტმა კიდევ, ეს რა უშნოდ გაუჩერებია ამის პატრონს მანქანაო და ერთი კარგად შეუკურთხა – არ იცოდა რომ გინების ადრესატი გვერდით ეჯდა.

ომის დაწყებამდე ორი-სამი წლით ადრე პიესებს ვწერდი. მგონი, საკმაოდ კარგი გამომდიოდა. ცოტათი მშურს კიდეც იმდროინდელი ჩემი თავის. ახლა ვცდილობ, აღვიდგინო ის მოთხრობებიც და პიესებიც. ალბათ, შევძლებ. პირველ პიესაშიც ის საფოსტო ყუთი და ფოსტალიონი „მონაწილეობდნენ“.

 

  • ვის კითხულობდი (და ახლა ვის კითხულობ), ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა შენს მწერლურ თავგადასავალში?

გ.ჩ.: პირველყოვლისა მაინც ჩეხოვი და ფოლკნერი. ყოველთვის ჩემთან არიან, მამხნევებენ, გულს მითბობენ, ჩემში მათ ჯერ ვერავინ აჯობა. მოგვიანებით იყო პლატონოვიც, ბულგაკოვიც, ო ჰენრიც, ბაბელიც, დოსტოევსკიც. მაგრამ, ჩეხოვი და ფოლკნერი, ფოლკნერი და ჩეხოვი ჩემი პირველი ნამდვილი დიდი სიყვარულია. ბედნიერებაა, რომ ისინი არსებობენ, კეთილი ბუმბერაზები. როცა იმდენს ვიშოვი, რომ აქტიური კითხვის ფუფუნებას ვეღირსები, სათითაოდ გადავიკითხავ ყველას დიდი მონატრებით და დაკვირვებით.

  • ზღვა შენს შემოქმედებაში ძალიან მეტყველია, შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ არათუ ფონი, არამედ მთავარი გმირიცაა. ახლა როგორ ხარ ზღვის გარეშე (აფხაზეთის ზღვის, თორემ ალბათ „საზღვარგამოღმა“ ზღვასთან ახლაც გაქვს შეხება)?

გ.ჩ.: ხო, ზღვაც ჩემი დიდი კეთილი გენიაა. ის ჩემია, მე მისი ვარ. ვგრძნობთ ერთმანეთს შორიდანაც. მოვა დრო და ჩვენც ჩავიკრავთ გულში ერთმანეთს. სოხუმშიც კი სხვადასხვანაირი იყო. იქაური ყველანაირი მიყვარს, ხან როგორი მენატრება და ხან როგორი. ზოგიერთ პლაჟზე იქ შეკრებილი ადამიანების ხათრით დავდიოდი, ზოგზე მხოლოდ ზღვის.

  • აფხაზი მეგობრები გყავდა? ახლა თუ გაქვს ვინმესთან ურთიერთობა?

გ.ჩ.: კი, მყავდა აფხაზი მეგობრები. ბევრი იმქვეყნად გადასახლდა. ვინც დარჩა, ვიცი სად არის, როგორაა, რას საქმიანობს. იმათაც აინტერესებთ ჩემი ამბები, ალბათ, გულწრფელად. ამ წლინახევრის წინათ შევეხმიანეთ კიდეც ერთმანეთს. ბევრი არც გვილაპარაკია. უფრო სწორად, სათქმელი შორიდან ბევრი არც არაფერი გვქონდა. ალბათ, მოვა დრო და პირისპირ შევხვდებით ერთმანეთს, დავსხდებით, გულწრფელად დავილაპარაკებთ. უკვე იმდენი რამ გამოვიარეთ ყველამ, რომ დასამალი არც არაფერი გვექნება. ასეთია ცხოვრება. რაც დრო გადის, მით ნაკლებს ლაპარაკობ. სათქმელს სხვა ფორმით გამოთქვამ, შენი ცხოვრების წესით თუ იმით, რასაც ქმნი, ან კიდევ იმით, თუ როგორ ზრდი შვილებს და ა. შ.

  • 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ამ 27 სექტემბრის დილას, პოსტში დაწერე, რომ სოხუმი კი არ დაეცა, ჩვენ დავეცით… დღეს რა მოჩანს ამ 27-წლიანი გადმოსახედიდან? გამოიკვეთა თუ პირიქით, უფრო გაბუნდოვანდა სიმართლე?

გ.ჩ.: სიმართლე ის არის, რომ ახლა სოხუმი არც ჩვენია და არც იმათი, ვისაც ჩვენი იქ ყოფნა არ უნდოდა. კი, ჯერ ჩვენ დავეცით და მერე დაეცა სოხუმი. სეპარატისტულად განწყობილი აფხაზები ფულს აგროვებდნენ იარაღისთვის ჩვენ გასაყრელად. ჩვენ ამისი არც ისე გვჯეროდა, ასე ვამბობდით, რა დიდი ამბავი უნდა იმათ დაშოშმინებას, ბოლო- ბოლო „დინამოს“ სტადიონზე დაეტევიან ყველანი ერთადო. იყო აფხაზური „აიდგილარა“, სომხური „კრუნკიც“ (აიდგილარაზე უფრო რადიკალურიც კი ქათველთმოძულეობაში), ბლომად იყვნენ ჩვენი პოლიტიკოსებიც, დიდის რიხით რომ აცხადებდნენ, აფსუები მთებიდან ჩამოსული ტომის ნარჩენები არიან და თუ არ მოვწონვართ, შეუძლიათ უკანვე მიბრძანდნენო. ყველას ავიწყდებოდა, რომ სოხუმიც საერთო იყო და მისი უდიდებულესობა სოხუმის ჯადოქარი ზღვაც. იმათი, ვისაც ისინი უყვარდა თავისი ყველა ქუჩით, ყველა პლაჟით, ყველა კაფეთი და ქალაქში ყველა ცნობილი ყავის მომზადების ოსტატით ამ კაფეებში. მერე იყო ომი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ ორივე მხარეს გვაწყობდა. ერთმანეთს იმას ვეცილებოდით, რაც ორივესი იყო.

  • „სოხუმი ისეთი ქალაქი იყო, რომ…“ როგორი ქალაქი იყო სოხუმი? დღეს როგორ გახსენდება ის, რომელი სიტყვები და შეგრძნებები გამძაფრდა ყველაზე მეტად, სოხუმთან მიმართებით?

გ.ჩ.: სოხუმი ჩემთვის ყველაზე მაგიური სიტყვაა, რაც კი მსმენია და წარმომითქვამს. სოხუმი და ჩემი ქუჩა – ძიძარია. ახლა, ვიდეოში, როცა მათ ვუყურებ, პირველ რიგში ისინი მეცოდებიან, ვისაც მათ ნატვრაში ამოხდათ სული, ის კი არადა, ის ბოლოდროინდელი ვიდეოც არ უნახავთ, სადაც ქუჩები და სახლები უკეთ ჩანს. მერე, დაძინების წინ ვიხსენებ ძველ ამბებს, ცოცხლები და მკვდრები ერთმანეთში მერევა უკვე, მაგრამ, ის დანამდვილებით ვიცი, რომ მათზე უნდა დავწერო. ვაკეთებ რაღაცებს კალმის მოსასინჯად, მაგრამ, მინდა კიდევ უფრო დავდინჯდე და დავოსტატდე. რა ვიცი, იქნებ, ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ, მართლა ასე მგონია. ბევრი მონახაზი მაქვს, მაგრამ, ფორმა არ მომწონს, ხოდა, აქედან ვასკვნი, რომ საამისოდ ჯერ არ მოვმწიფებულვარ. ძიძარიაზე ერთმანეთში არეული იყო კერძო სახლები და კორპუსები. ხან ჩვენ ვაბირჟავებდით კორპუსებში და ხან კორპუსელები ჩვენთან, კერძოსახლელებთან. კორპუსების ეზოში საქორწილო ან საქელეხო სუფრებისთვის სეფა რომ იშლებოდა, თავკაცად თუ არა მის თანაშემწედ რომელიმე კერძოსახლელს მოიწვევდნენ ხოლმე, როგორც უფრო გამობრძმედილს ამ საქმეებში. კიდევ ეგ იყო, რომ ჩვენს უბანში არავინ დაკრძალულა დაქირავებული მესაფლავეების ხელით. მეზობლები ვაცილებდით უკანასკნელ გზაზე. არ ვიცი ახლა, შენი კითხვის წაკითხვისას მაინცდამაინც ეს რატომ მომაგონდა. ალბათ, იმიტომ, რომ მეზობლობაც განსაკუთრებული გრძნობა იყო სოხუმში, ძიძარიაზეც და ყველა სხვა დანარჩენ ქუჩაზე. მთელი, საკმაოდ დიდი ქალაქი ერთმანეთს ვიცნობდით, ახალგაზრდები – უფრო კაფეებიდან და პლაჟებიდან. კაფეები კიდევ უამრავი იყო სოხუმში, ალბათ, საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნიკალური ქალაქი გახლდათ ამ მხრივ.

  • მოთხრობები, რომანები, ლექსები, პიესები… – თავად ირჩევ ჟანრს და ფორმას თუ თვითონ „გირჩევენ“? ახლა თუ მუშაობ რამეზე?

გ.ჩ.: კი, გეთანხმები – ტექსტები თავად ირჩევენ ჟანრს და ფორმას. მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა რომანმა (სიმართლე გითხრა, არ ველოდი. დიდი მადლობა ჟიურის, რომ მენდნენ). რომანი დავასრულე, ახლა ვასწორებ, რომ გამომცემელს ჩავაბარო. მინდა მალე მოვრჩე, რადგან უამრავი ახალი თემა მიტრიალებს თავში. ეს, ალბათ, უფრო ვრცელი მოთხრობები და მცირე რომანები იქნება. ოთხი თუ ხუთი უკვე დავიწყე, ყველა გმირი სხვადასხვანაირია და ეს მახარებს. ახლა მოთმინებით ელოდებიან როდის მოვიცლი მათთვის. სულ სხვანაირად მეწერება და ვნახოთ, რა გამოვა. იმედი მაქვს, საამისო დროც გამომიჩნდება და მათაც არ გავუწბილებ მოლოდინს.

 

კულტურის სამინისტროს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ავტორებს მკითხველებთან შეხვედრა ტყიბულში გვქონდა. შეხვედრამდე ბიბლიოთეკის შენობის წინ ჩამოვსხედით და ვმასლაათობდით. გელა ჩქვანავა მოშორებით იდგა, ცალკე, პაწია ბორცვზე ამოზრდილ პალმებს ათვალიერებდა. მახსოვს, რატომღაც ასეთი კითხვა გაჩნდა ჩვენს საუბარში – სადაა სამყაროს ცენტრი? ამ კითხვამ კომპასის ისარივით ყველას ჩამოგვიარა და ვიდრე რომელიმეზე შეჩერდებოდა, უცებ გელას პასუხი გვესმის:

– სამყაროს ცენტრი სოხუმშია!

შორიახლოს კი იდგა, მაგრამ თურმე ჩვენი სჯა-ბაასი ესმოდა. თან ეღიმებოდა, როცა მისთვის უტყუარ ჭეშმარიტებაზე ამდენს და ასე გაცხარებით ვმსჯელობდით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი