სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

მამუკა ხამხაძე – შრომისმოყვარეობისა და ერთმანეთის თანადგომის წყალობით

მამუკა ხამხაძე რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორია, სკოლისა, რომელმაც წელს საატესტატო გამოცდებში მიღებული შედეგებით ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მამუკა ხამხაძემ სწავლა გააგრძელა ამავე ფაკულტეტის ასპირანტურაში პოლიტოლოგიის სპეციალობით (იგი ავტორია დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოსი “პოლიტოლოგია” X-XI კლასებისთვის). ამის შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის სხვადასხვა სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ქვემო ქართლის ტელევიზიაში და ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი, მუშაობდა ეროვნული გამოცდების ცენტრში რამდენიმე პოზიციაზე.

2007 წელს დირექტორთა კონკურსის შედეგების მიხედვით სამეურვეო საბჭომ რუსთავის №4 საჯარო სკოლის დირექტორად აირჩია. დღემდე მუშაობს ამავე სკოლაში ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.

2010-2011 სასწავლო წელს რუსთავის №4 სკოლა საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით ქვეყნის საუკეთესო სკოლების ოცეულში მოხვდა, რისთვისაც საქართველოს მთავრობისგან ჯილდო მიიღო.
2011 წელს მამუკა ხამხაძემ ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში და უმაღლესი ქულებით მოხვდა მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში, რისთვისაც იგი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა, 2012 წელს კი საქართველოს მთავრობამ იგი დაასახელა საქართველოში ყველაზე წარმატებული სკოლის დირექტორად საატესტატო გამოცდებზე მიღწეული წარმატებების გამო.

– ბატონო მამუკა, რუსთავის №4 საჯარო სკოლა წელს საატესტატო გამოცდების შედეგებით ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აღმოჩნდა. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– რუსთავის №4 საჯარო სკოლა არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელ ქვემო ქართლში ყველაზე დიდია. როდესაც დირექტორის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, აქ 1380 მოსწავლე იყო. სადღეისოდ მათი რიცხვი 1550-მდე გაიზარდა. შარშან გავხსენით შვიდი პირველი კლასი, სადაც 200 ბავშვი სწავლობდა, წელს კი ექვსი და როცა მიღება გამოვაცხადეთ, ყველა ადგილი ერთ დღეში შეივსო. ეს, რა თქმა უნდა, სკოლის პრესტიჟულობაზე მეტყველებს.

სკოლა რომ წარმატებულია, ამას მრავალი მიზეზი აქვს. ჯერ კიდევ ძველი დირექტორის, ლია ჯღარკავას დროს ის ძალიან სერიოზულ და კომპეტენტურ საგანმანათლებო დაწესებულებად ითვლებოდა. მას შემდეგ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმა მოხდა და ჩვენც ბევრი სიახლე დავნერგეთ. კერძოდ, შემოვიღეთ სასკოლო ტესტირებებისა და წლიური გამოცდების განსხვავებული სისტემა, შევიმუშავეთ დებულება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სემესტრული და წლიური ტესტირებები და გამოცდები მერვედან მეთორმეტე კლასამდე, დავნერგეთ კოდირების სისტემა – გამსწორებელმა არ იცის, ვის ნამუშევარს ასწორებს, საგნის მასწავლებელს კი, რომელიც ასწავლის საგამოცდო კლასს, არავითარი შეხება არ აქვს არც ნამუშევრებთან და არც, საზოგადოდ, გამოცდასთან. პედაგოგების საგამოცდო ჯგუფი იქმნება მასწავლებლებისგან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, გავლილი აქვთ თანამედროვე ტრეინინგები. გარდა ამისა, მე-10 კლასში დავნერგეთ გადასასვლელი ბარიერი – სასწავლო გეგმა ამის უფლებას გვაძლევდა. მოსწავლე მე-11 კლასში გადადის იმ ნიშნების შეჯამებით, რაც სწავლის პერიოდში და გამოცდებზე მიიღო. ბევრმა მეათეკლასელმა ამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ვინაიდან მეათე კლასის შემდეგ სწავლა სავალდებულო არ არის, სკოლის დატოვება მოუხდათ. პირველ ხანებში უფრო მეტი მოსწავლე დაემშვიდობა სკოლას; მერე და მერე გააქტიურდნენ და ბოლო ხანს სულ უფრო ნაკლები მოსწავლე რჩება ბარიერს მიღმა.

სიახლეა ისიც, რომ დეტალურად გვაქვს გაწერილი შეფასების სისტემა, ანუ შეფასება ფარდობით კი არ ხდება, არამედ მკაცრად არის დადგენილი, რა შემთხვევაში რა ნიშანი დაიწეროს. ეს არის ობიექტური და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა. ამასთან, შეფასება ხდება დირექციის მაქსიმალური კონტროლის ქვეშ. ეს სისტემა ცნობილია არა მხოლოდ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც, ამიტომ გაუგებრობას არ წავწყდომივართ.

ძალიან კოორდინირებულად ვმუშაობთ მეთორმეტეკლასელებთან. წინასწარ ვადგენთ გეგმას, რა უნდა გაკეთდეს თითოეულ კლასში, თვეში ერთხელ ვმართავთ კომპლექსურ თათბირს, სადაც განვიხილავთ ცალკეულ მოსწავლეთა მოსწრებას – რაში ჩამორჩებიან, რა უჭირთ და რატომ, შესაძლებელია თუ არა პრობლემის დაძლევა და რამდენ დროს მოითხოვს ეს. თვეში ერთხელ ვატარებთ მშობელთა კრებას და მშობლებს სათითაოდ ვაცნობთ შვილების მიღწევებს.

სიახლეა ისიც, რომ მეთორმეტე კლასისთვის შედგენილ ტესტებში არ გვაქვს შემოსახაზი პასუხები; ტესტში დასმულ ყველა კითხვას მოსწავლემ წერილობით უნდა უპასუხოს. ამ გზით ნიშნის მიღების ალბათობა გამოვრიცხეთ; სამაგიეროდ, მოსწავლე რთავს აზროვნებას, მეხსიერებას…

– თქვენს სკოლას საატესტატო გამოცდებში წარმატებები მხოლოდ წელს არ ჰქონია. სახელდობრ, რა შედეგებით გახდა სკოლა სანიმუშო?

– შარშან ჩვენი სკოლა ორმოცდარვა მოსწავლემ დაამთავრა, ექვსმა მათგანმა – ექსტერნად. მაშინდელი შედეგებით, რუსთავის №4 საჯარო სკოლა ქვეყნის საუკეთესო სკოლების ოცეულში მოხვდა. შარშან პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული 150 საუკეთესო მოსწავლიდან 12 ჩვენი იყო. 48 კურსდამთავრებულიდან ეროვნულ გამოცდებს აბარებდა 41 და მხოლოდ ორმა ვერ ჩააბარა. 12 აბიტურიენტმა 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, ძალიან ბევრმა კი – 70-პროცენტიანი.

წელს სკოლა დაამთავრა გაცილებით მეტმა მოსწავლემ – 70 ჩვეულებრივი კურსდამთვრებული იყო, 2 – ექსტერნი. სწორედ მათი მაღალი საგამოცდო მაჩვენებლით გავიდა ჩვენი სკოლა პირველ ადგილზე. სამოცდათორმეტი მოსწავლიდან ოთხმა ყველა, ანუ რვავე საგანში ათი ქულა დაიმსახურა, ხუთმა კი მხოლოდ ერთ საგანში მიიღო ცხრიანი. კიდევ ხუთს მხოლოდ ორ საგანში აქვს ცხრა ქულა. 44 ათიანი დაიწერა ისტორიაში, 39 – გეოგრაფიაში, 38 – ბიოლოგიაში, 26 – ფიზიკაში, 19 – მათემატიკაში. საბოლოო დათვლით, თითოეული საგნის საშუალო ქულა 9-ზე მეტი გამოვიდა. ფაქტობრივად, ეს წარჩინების უმაღლესი ხარისხია.

გვყავს ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვებიც. წელს, მაგალითად, ოთხმა მოსწავლემ გაიმარჯვა ქიმიაში, ქართულში, ბიოლოგიაში…

ერთი სიტყვით, შარშანდელი და წლევანდელი შედეგებით ჩვენს სკოლას შეფასების ძალიან მაღალი კრიტერიუმი აქვს. ამიტომაც არის, რომ ჩვენთან ჩარიცხვაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.

– ამგვარი შედეგი მხოლოდ მოსწავლეთა მონდომებით ვერ აიხსნება…

– შედეგის მიღწევა შეუძლებელია ორი ფაქტორის გარეშე: ერთი – თავად მოსწავლე უნდა იყოს შრომისმოყვარე და მოწადინებული, და მეორე – ბევრი რამ არის დამოკიდებული მასწავლებელზეც. რა თქმა უნდა, სკოლის წარმატებაში პედაგოგებს მიუძღვით ლომის წვლილი.

ამჟამად რუსთავის №4 საჯარო სკოლაში 100 მასწავლებელი მუშაობს. 34 მათგანი სერტიფიცირებულია. ესეც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 13 მასწავლებელი იღებს 1000-ლარიან დაფინანსებას, ანუ აქვს საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი. ის, რომ 38-მა მოსწავლემ ისეთ დისციპლინაში, როგორიც არის თუნდაც ბიოლოგია, 10 ქულა მიიღო, – მით უმეტეს, რომ ეს საგანი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად არ სჭირდებათ, – მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მასწავლებლების კვალიფიკაციაა საკმაოდ მაღალი.

სკოლის წარმატების საწინდარია მაღალი დისციპლინა როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს შორის. მანდატურის სამსახურის ამოქმედებამ უფრო მეტად გააადვილა სკოლაში წესრიგის დაცვა, რაც განსაკუთრებით დაეხმარა დირექციას, რადგან მანამდე ეს ტვირთი სწორედ ჩვენ გვაწვა მხრებზე.

– შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს თუ მართავთ?

– სამი წლის განმავლობაში ჩვენს სკოლაში მოქმედებდა კითხვითი წიგნიერების პროგრამა – სწავლების არაპროგრამური ნაწილი. ამისთვის მასწავლებლებმა გავიარეთ ალან კროუფორდის ტრეინინგი. ამგვარად ფასდება, რამდენ ხანში რა მოცულობის ტექსტს კითხულობს მოსწავლე, რამდენ შეცდომას უშვებს და ასე შემდეგ. ამის შემდეგ პედაგოგები მონაცემებს ვაჯამებდით და მეორე, მესამე და მეოთხეკლასელ პრობლემურ მოსწავლეებს კითხვითი წიგნიერების პროგრამაში ვრთავდით. თავდაპირველად არცთუ დიდი ხალისით დადიოდნენ, მაგრამ თანდათან მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. სხვათა შორის, კითხვითი წიგნიერების პროგრამა თავის დროზე საქართველოს მხოლოდ რამდენიმე სკოლაში იყო დანერგილი, მომავალი წლიდან კი იგი ქვეყნის 1500-მდე სკოლაში დაინერგება ქართულსა და მათემატიკაში. ეს განათლების სამინისტროსა და ამერიკელების ერთობლივი პროექტია.

რა თქმა უნდა, ვმართავთ შემოქმედებით ღონისძიებებსაც – თეატრალურ წარმოდგენებს, ინტელექტუალურ და სპორტულ შეჯიბრებებს. მაგალითად, ახლახან ჩვენმა სკოლამ ქვემო ქართლის მასშტაბით გაიმარჯვა ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის” და რამდენიმე დღეში რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

– ბატონო მამუკა, რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს, რათა მათაც ასეთივე წარმატებული შედეგი მიიღონ?

– საატესტატო გამოცდების სისტემის დანერგვა ჩვენი განათლების რეფორმისა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ბრენდია. მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების პროფესიული ნიშნით წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი, რევოლუციური ცვლილებაა. მინდა, ამის გამო დიდი მადლიერება გამოვხატო განათლების სისტემის მესვეურების მიმართ არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი კოლექტივისა და მოსწავლეების სახელით. ბოლო ხანს გაჩნდა შეგრძნება, რომ მასწავლებელი მნიშვნელოვანი პერსონაა, რისი აღიარებაც სხვადასხვა ფორმით ხდება. ჩვენ კონსერვატიული საზოგადოება ვართ და სიახლეების მიღება გვიჭირს, მაგრამ ჩვენი სკოლის მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, დიდი შრომისმოყვარეობისა და ერთმანეთის თანადგომის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და, დარწმუნებული ვარ, ამას სხვებიც შეძლებენ, ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, სტიმული არ დაკარგონ. მადლიერება, რა თქმა უნდა, აუცილებელია და მისი გამოხატვა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრივ უკვე დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი