შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გია მამულაშვილი – თანამშრომლობის კულტურის დასამკვიდრებლად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას განაგრძობს. მათი დახმარებით, მასწავლებლებს შეუძლიათ, გაეცნონ სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდებს, მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენონ სასწავლო პროცესში, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და მიიღონ სპეციალისტთა ღირებული რეკომენდაციები. 2012 წელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა რამდენიმე ექსკლუზიური კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ ზოგადი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ პედაგოგთა უმრავლესობა – 71.4% დადებითად არის განწყობილი. მასწავლებელთა პოზიტიურ შეფასება, სხვა საკითხებთან ერთად, მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ტრენინგებმაც დაიმსახურა (81,2%). უახლოეს მომავალში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის სასარგებლო სიახლეების დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ უფრო დეტალურად ცენტრის დირექტორი, გია მამულაშვილი გვიამბობს.   
გასულ წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო კვლევები ჩაატარა. რას ეხებოდა ისინი? რა ცვლილებებს გეგმავთ კვლევების შედეგებიდან გამომდინარე? 
კვლევები მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობის დაგეგმვისათვის. სამწუხაროდ, აქამდე არსებული პოლიტიკის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლევებზე ნაკლებ აქცენტს აკეთებდა. ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პრობლემა მათ საფუძველზე განვიხილოთ. 
2012 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, მასწავლებელთა არსებულ და საჭირო რაოდენობებს შორის ბალანსის კვლევა, მასწავლებელთა მოსალოდნელი და არსებული ნაკადის კვლევა. შედეგად, გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ჩვენი სამუშაოს დაგეგმვისას აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. 
მაგალითად, ცენტრისთვის საინტერესო იყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებული შედეგები. სქემა მასწავლებელს კრედიტების დაგროვების საშუალებას აძლევს. გარკვეული რაოდენობით დაგროვებული კრედიტებით კი მას შეუძლია, სასერტიფიკაციო გამოცდები აღარ ჩააბაროს. სქემა მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეხებოდა. მომავალში ის ყველა პედაგოგს მოიცავს. სქემა ორი წლის წინ გაკეთდა, მაგრამ მასში გარკვეული ხარვეზები იყო, რაც უკვე სამუშაო პროცესშიც გამოჩნდა. გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა არსებული სქემისთვის. ამაში ძალიან დაგვეხმარა კვლევა. კვლევის შემდეგ ის დაიხვეწება და სრულყოფილ სახეს მიიღებს.  
ასევე, საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა მასწავლებელთა არსებული ნაკადის კვლევისას საჯარო სკოლებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სად გვაქვს მასწავლებლების დეფიციტი და რას უნდა ველოდოთ მომავალში. ამ კუთხითაც აუცილებლად ვიმუშავებთ. 
მასწავლებლები ხშირად უჩივიან 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემებს. ეს აჩვენა კვლევამაც, სადაც პედაგოგთა 81.4% უარყოფითად აფასებს მინიმალური სასკოლო ასაკის დაწევას. ასევე, არცთუ დადებითად შეფასდა თორმეტწლიანი სწავლების სისტემა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?  
ამ საკითხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის უარყოფითი იყო. კვლევამაც დაადასტურა, რომ საქართველოს სკოლები არ არის მზად ხუთი წლის ბავშვების სწავლებისათვის. პრობლემაა, როდესაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ კლასში სხედან. მათ აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის აკადემიური და ფსიქიკური უნარ-ჩვევები, მოტორიკის განვითარების დონე და სხვ. ასეთი მაჩვენებლებით 5 წლის ბავშვების უმეტესობა 6 წლის ბავშვებს ჩამორჩება. ამიტომ ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისათვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, 4-5 წლის ბავშვს ვასწავლოთ შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. ბავშვის სკოლისათვის მზაობა მნიშვნელოვანი მექანიზმია სკოლაში სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის. თუ ხუთი წლის ბავშვების მიღების წესი არ შეიცვლება, კვლევამ გვაჩვენა, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. 
რაც შეეხება თორმეტწლიან განათლებას, ეს საერთშორისო მოთხოვნაა. იმ მოსწავლის ატესტატს, რომელსაც თორმეტწლიანი კურსი არ აქვს გავლილი, უცხოეთში არ აღიარებენ.  
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არაერთი  მნიშვნელოვანი პროგრამა მუშაობს. გავიგეთ, რომ ბევრი სიახლეც გაქვთ დაგეგმილი.     
დღეს ცენტრს იმის საშუალება მიეცა, რომ უფრო თავისუფალი იყოს და თავის საქმიანობას შემოქმედებითად მიუდგეს. დავიწყეთ მუშაობა ორი ახალი მიმართულებით. პირველი: ჩვენი ცენტრის საქმიანობა მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება იყო; გვქონდა ხუთდღიანი ტრენინგ-პროგრამები და ის მასწავლებლები, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდებს აბარებდნენ, ჩვენთან ემზადებოდნენ. ეს, სინამდვილეში, ცენტრის ფუნქცია არ იყო, თუმცა განათლების მაშინდელმა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მასწავლებელთა ტრენინგების ცენტრალიზება მოეხდინა და ის პროვაიდერი კომპანიები, რომლებიც მანამდე ვაუჩერული სისტემით მუშაობდნენ, მთლიანად ჩვენს ცენტრში გადმოეტანა. ამ მიზეზით ცენტრის დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი მასწავლებელთა საგამოცდო მომზადებაში მიდიოდა. 
ამჟამად ეს მიდგომა შევცვალეთ. წელს პირველად გავაკეთეთ გძელვადიანი კურსები მასწავლებლებისათვის – ტრენინგ-მოდულები, რომლებიც უშუალოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისკენ არის მიმართული. ისინი ბევრი ქვემოდულისგან შედგება. მასწავლებელი მისთვის სასურველს ირჩევს. მთლიანი კურსი 90-საათიანია. მასწავლებელს შეუძლია დაყოს კურსი და უფასოდ გაიროს ტრენინგი. ერთი სიტყვით, ხუთდღიან საგამოცდო მოსამზადებელ ტრენინგებს ჩავანაცვლეთ გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლის განვითარებას ემსახურება და რომლის შედეგადაც ხარისხიან გაკვეთილს ვიღებთ.  
მეორე ცვლილება: შეიქმნა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საპილოტე პროგრამა, რომელმაც საქართველოს ის 210 სკოლა მოიცვა, სადაც ყველა ძირითადი საგნობრივი კათედრაა. თითოეული საპილოტე სკოლიდან ტრენინგს 7 წარმომადგენელი გადის. ისინი იზრუნებენ არა მხოლოდ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, არამედ ხელს შეუწყობენ კოლეგების პროფესიულ განვითარებასაც: მუდმივად გააცნობენ სიახლეებს, დაეხმარებიან გაკვეთილის დაგეგმვაში და თვითშეფასების გაკეთებაში, გამოავლენენ მათ საჭიროებებს. სკოლებში თანამშრომლობის კულტურა მკვიდრდება, მასწავლებელთა საქმიანობის ხარისხის ეფექტიანობა კი ურთიერთსწავლების გზით იზრდება.
ასეთი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, გერმანულ სკოლებში მას „კრიტიკული მეგობრების ჯგუფი” ჰქვია, ფინეთში – „მეგობართა ჯგუფი”. ჩვენთან „პროფესიული განვითარების ჯგუფს” ვუწოდებთ. სასკოლო ცხოვრებაში ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მომავალი წლიდან ამ პროგრამაში ყველა სკოლა ჩაერთვება. 
„პროფესიული განვითარების ჯგუფის” საშუალებით გაადვილდება სკოლებთან კომუნიკაცია. საქართველოში 70 ათასამდე მასწავლებელია და რთულია, ყველას საჭიროება შევნიშნოთ. ჯგუფის საშუალებით ჩვენ სხვა მასწავლებლებთან კავშირს არ დავკარგავთ და უფრო მარტივად განვსაზღვრავთ, თუ რა მიმართულებით სჭირდება სკოლას თანადგომა. ცენტრს ყველა მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტი ჰყავს და მზად არის, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს ან სკოლას ადგილზევე გაუწოს დახმარება.  
 
იგეგმება თუ არა მასწავლებლის არსებული სტანდარტის გადახედვა და მიიღებს თუ არა ცენტრი ამაში მონაწილეობას?
   
მასწავლებლის სტანდარტის შემუშავება ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომელსაც შემდგომში მინისტრი ამტკიცებს. მასწავლებლის სტანდარტი მუდმივად საჭიროებს გადახედვას. ექსპერტების ჯგუფი უკვე მუშაობს როგორც მასწავლებლის, ისე სკოლის დირექტორის სტანდარტის გადახედვაზე. ვგეგმავთ ამ თემაზე საჯარო განხილვების მოწყობასაც. 
სამწუხარო რეალობა ასეთია: პროფესიების ჩამონათვალში მასწავლებლობა არ იკავებს საპატიო ადგილს… მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ახალი ადამიანების მოზიდვაა მასწავლებლის პროფესიაში. ამ კუთხით რა იგეგემება? 
კვლევამ დაადგინა, რომ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების არსებულ ნაკადში მასწავლებლად დასაქმებისთვის ყველაზე რეალური რაოდენობა სტუდენტებს შორის თითქმის 17%-ა, კურსდამთავრებულებს შორის კი – 13.2%. ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ ურთიერთობასა და თანამშრომლობას უნივერსიტეტებთან. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ პოტენციური პედაგოგები, პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ პროფესიას. 
ცნობილია, რომ ახლახან მასწავლებლის ხელფასი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ ესეც შუწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიის წინ წამოწევას. იმავე კვლევით დადგინდა: 710-ლარიანი მინიმალური ანაზღაურება საკმარისია, რომ დღეს მომუშავე იმ მასწავლებელთა 65%3-მა, ვინც, არ გამორიცხავს, რომ, შეთავაზების შემთხვევაში, სხვა სამსახურში გადავა, საკუთარი შრომის ანაზღაურება ადეკვატურად ჩათვალოს. შესაბამისად, მას მოტივაციაც გაუჩნდება სკოლაში დარჩენისათვის. 
მასწავლებლის ხელფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. 
როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? 
უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს განათლებული, უნდა იცოდეს თავისი საგანი, და უნდა იყოს ძალიან თანამედროვე, რაშიც არ ვგულისხმობ მასწავლებლის ასაკს. მე ვიცნობ უფროსი ასაკის  ადამიანებს, რომლებიც დროსთან ფეხშეწყობილნი არიან. თანამედროვე მასწავლებლისთვის ახალგაზრდა თაობის ინტერესები და შეხედულებები უცხო არ უნდა იყოს. კარგ მასწავლებელს ბუნებრივად უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა იყოს თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, თითოეული მოსწავლის გულშემატკივარი და რაც მთავარია, ობიექტური. მასწავლებელი, რომელსაც მენტორული დამოკიდებულება აქვს ბავშვისადმი და მას ზემოდან უყურებს, ვერასოდეს გახდება კარგი მასწავლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი