ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მშობლები პანდემიის დროს

მშობლებს ხშირად გვაღელვებს ის შეგრძნება, რომ ყველაფერს ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც უნდა ვაკეთებდეთ, რომ რაღაცას ვაკლებთ ჩვენს შვილებს. ვაკლებთ ყურადღებას, ვაკლებთ და ჩვენც ვიკლებთ ერთობლივი თამაშით მიღებულ სიამოვნებას. ვაკლებთ მეტ ჩართულობას სასწავლო პროცესში. ვშფოთავთ, რომ უფრო მეტი წიგნის წაკითხვა შეიძლებოდა ერთად. შეგვეძლო ცოტა ხანი კიდევ გვეხატა და გვეძერწა, ან რამე მხიარული აქტივობა მოგვეფიქრებინა – ერთად გვეყურებინა მულტფილმისთვის, შემდეგ აუცილებლად გვესაუბრა  მასზე და ა.შ

 

პანდემიის პირობებში, როდესაც სახლებში გამოვიკეტეთ, ეს შეგრძნება არ გამქრალა. მეტიც, კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან მშობლები მრავალი პასუხისმგებლობის პირისპირ აღმოვჩნდით მარტონი შვილებთან ერთად. რთული აღმოჩნდა დროის გადანაწილება სამსახურეობრივ მოვალეობებსა და საოჯახო საქმეებს შორის. ასევე რთული აღმოჩნდა ბავშვების მზარდ საჭიროებებთან ტემპის აყოლა, არსებულ სიტუაციასთან შეგუება და იმის გააზრება, რომ შეუძლებელია ყველაფერი შეძლო დღის განმავლობაში, როდესაც არაერთი პასუხისმგებლობის შესრულება გიწევს.

 

გაგიზიარებთ, რამდენიმე რჩევას, რომელმაც შედარებით გააადვილა პანდემიის ურთულესი პერიოდი, რომ ცხოვრების ახალ რეალობაში მშობლებსა და შვილებს ერთად გვესწავლა, როგორ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთის საქმეს და მხარი დავუჭიროთ ყველაფერში. ამისათვის, კი ზოგჯერ აუცილებელია მშობლები ცოტათი მოვდუნდეთ და მივენდოთ ჩვენს შვილებს, რომ თავადაც იპოვონ თავიანთი საყვარელი გასართობი მუდმივი მაკონტროლებელისა და დამგეგმავის გარეშე.

 

  • იმისათვის, რომ დღის განმავლობაში მშობელს დარჩეს თავისუფალი დრო და შედარებით, უკეთესად გაუწიოს ორგანიზება შვილებისა და საოჯახო საქმეებს, აუცილებელია, გვქონდეს წესები – ე.წ დღის განრიგი, რომელსაც ჩვენი შვილებისა და ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე შევადგენთ. განრიგში გამოვყოფთ სწავლის, განტვირთვის, ეკრანისა და სახალისო ღონისძიებების დროს.

 

  • ამ პერიოდში მშობელს ყველაზე ნაკლები დრო საკუთარი თავისთვის რჩება. საოჯახო განრიგში, აუცილებლად მოინიშნეთ დრო თქვენთვის და თქვენი საქმიანობის შესასრულებლად. სასურველია, ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ იმას, რომ მშობლებსაც სჭირდებათ მცირეოდენი დრო და პირადი სივრცე. ასეთ დროს რთულად, მაგრამ მაინც მიაღწევთ, დაანახოთ მათ, როგორ მუშაობთ, რატომ გჭირდებათ სიწყნარე კონცენტრაციისთვის და შეიძლება სულ მალე ისინი თქვენი მხარდამჭერები გახდნენ სამუშაო პროცესში.

 

  • მიუხედავად, მკაცრი გადაწყვეტილებისა, რომ ბავშვებმა ეკრანებთან დრო არ გაატარონ, ეკრანის ბოლომდე შეზღუდვას ვერ გავექცევით. მთელი დღე სახლში გამოკეტილი ბავშვებისთვის შეიძლება ეკრანთან გასატარებლად დრო გამოვყოთ. შეგვიძლია ერთად შევარჩიოთ ისეთი ვიდეოპროდუქტი, რომლის ნახვაც ღირებული იქნება. სიმშვიდის წუთები შეგვიძლია ჩვენი სამუშაოს დასასრულებლად გამოვიყენოთ და ვკონცენტრიდეთ. მულტფილმის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად გამოვკითხოთ შინაარსი: მთავარი რა გაიგეს ამბიდან, რა იყო მათთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდი და რა გაიგეს ახალი.

 

  • შექმენით სასიამოვნო აქტივობების მენიუ. ჩვენს შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ერთად ცხობა, სახლში პლასტელინის მომზადება, საყვარელი პერსონაჟების დახატვა და გამოჭრა, წიგნების კითხვა, საოჯახო საქმეებში ბავშვების თანამონაწილეობა, ასევე მეგობრებთან და ნათესავებთან ვიდეოზარის განხორციელება და პანდემიის პირობებში სხვადასხვა შემოქმედებითი თუ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

 

  • ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი რჩევა მშობლებისთვის, რომლითაც რჩევები უნდა დამეწყო, ეს იქნება: ვიზრუნოთ საკუთარ ემოციურ ჯანმრთელობაზე და დავუჭიროთ მხარი საკუთარ თავს ყველა წამოწყებაში, პანდემიური თუ არაპანდემიური ცხოვრების დროსაც. ემოციურად დაბალანსებული, კმაყოფილი და ბედნიერი მშობელი შვილებისთვისაც მაგალითია. მათზეც დადებითად აისახება მშობლის განწყობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი