ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინა არჩუაშვილი – ვინც სკოლაში მუშაობს, გმირია

წერილი დედამიწას
როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. მე ახლა მთვარეზე ვზივარ. ხეების საქმე როგორაა, ბევრს ხომ არ ჭრიან? ადამიანები ტყეებს უვლიან? ცუდი ამბებია მანდ თუ კარგი? ზევიდან რომ გიყურებ, ძალიან ლამაზი ხარ. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და გნახავ. ხალხს ბევრ და კარგ მოსავალს აძლევ? გამონაბოლქვი ხომ არ გაწუხებს? მათხოვრები მრავლდებიან თუ გაკლდება? იმედი მაქვს, კარგად ხარ. თვითმფრინავები კიდევ ხშირად ვარდება თუ საერთოდ აღარ? ცხოველები კიდევ ბევრი არიან? მოსწავლეები კარგად სწავლობენ? ბევრ ჩიტებს ხომ არ ხოცავენ? ხალხს ხელფასს აძლევენ? კარგად გივლიან? მანდ ცუდი ამინდია თუ კარგი? წყალს ხომ არ გიჭუჭყიანებენ? ბევრ ნაგავს ხომ არ გაყრიან თავზე? მე კარგად ვარ, იმედია, მალე ჩამოვალ. 
ნიკო ბერიაშვილი

გზა
(ნ. შატაიძის მიხედვით)
მე ავირჩევ სიკეთის გზას.
ჩემი მეზობელი სიკეთის გზაზე წავიდა და ეხლა ჭკვიანი ბიჭია. თუ ბოროტების გზაზე წახვალ, ღმერთი დაგსჯის. დედაჩემი სიკეთის გზაზე წავიდა, მამაჩემიც და ბებიაჩემიც. ვინც ჩაიდენს ბოროტებას ან ვინმეს მოკლავს, ღმერთი ციხეში ჩასვამს.
ლაშა ჯვარიძე
 

გზა
(ნ. შატაიძის მიხედვით)
სიკეთე მთელს მსოფლიოში ძალიან კარგი საქციელია. მე ერთხელ ერთ ადამიანს დავეხმარე, მან დამლოცა. ახლა მოგიყვებით იმ ლოცვას: „ღმერთმა დაგლოცოს, შვილოო”, – მითხრა მოხუცმა ქალმა.
მეც ყველას დავლოცავდი: „ღმერთმა კარგად გამყოფოთ!” დავლოცავდი და ჩემს გზას დავადგებოდი. 
ტატა ფრანგიშვილი

***
IIIა კლასის მოსწავლეთა ეს ჩანაწერები მწერალმა ინა არჩუაშვილმა პატარა წიგნად („ღია გაკვეთილები”) იმ დროს გამოსცა, როდესაც მე-6 გიმნაზიაში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა. მას შემდეგ თითქმის თორმეტი წელი გავიდა, ჩანაწერების ავტორთა უმრავლესობა სტუდენტია, მაგრამ, როგორც მწერალი ამბობს, დღემდე მეგობრობს თავის ყოფილ მოწაფეებთან.

„ბავშვი არ არის ცალკე, განყენებული არსება. იგი მასწავლებელთან თანაბარუფლებიანი პიროვნებაა. ეს იყო მოსწავლეებთან ურთიერთობის ჩემი მთავარი პრინციპი. როგორც ზრდასრულ ადამიანს, ისევე სჭირდება ბავშვს წახალისება, იმის დანახვა, რომ მისი შრომა ფასდება. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი მოსწავლეების ჩანაწერების ერთად შეკრება. ეს იყო ერთ-ერთი გზა მათთვის სტიმულის მისაცემად”, – ამბობს ინა არჩუაშვილი, რომელმაც სკოლაში მხოლოდ სამი წელი იმუშავა და ეს წლები თავისი ცხოვრების ყველაზე ფასეულ პერიოდად მიაჩნია.
დღეს ინა (ირმა) არჩუაშვილი mastsavelebli.ge-ს სტუმარია.

მასწავლებლობის პრაქტიკა ინა არჩუაშვილმა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თხილისწყაროში გაიარა. ლეკებით დასახლებულ სოფელში ქართველ მოსწავლეებს ორ მეგობართან ერთად საკუთრი ენთუზიაზმის ხარჯზე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. რამდენიმე თვეში სკოლა დაიხურა და ინამ მუშაობა გაზეთ „კავკასიონში” განაგრძო.

– პედაგოგობაზე ბავშვობიდან ნამდვილად არ მიოცნებია, მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც მასწავლებლობას გადაწყვეტს ვინმე, პირველად საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: რა გინდოდა, სკოლას მოეცა შენთვის? ეს კითხვა ყველა პედაგოგმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს და ბავშვებს მისცეს ყველაფერი, რაც თავად ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაინც ბევრი რამ დამაკლდა. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი სხვა დრო იყო. საბჭოთა მეთოდიკა ყველაგან ერთნაირ სასწავლო პროგრამას ითვალისწინებდა, ამიტომ ძალიან მაკლდა თავისუფალი გარემო, ლიტერატურა, რომელიც კლასგარეშე უნდა მეკითხა. მიუხედავად იმისა, რომ შინაც კარგი ბიბლიოთეკა მქონდა და სოფლის ბიბლიოთეკაშიც დავდიოდი, ქვეცნობიერად ვგრძნობდი დეფიციტს. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, ზუსტად რომელი იყო ჩემი წიგნი, ვინ იყო ჩემი ავტორი. მჭირდებოდა მასწავლებელი სხვა გაგებით – სკოლის მასწავლებელი პლუს მასწავლებელი, თუნდაც ცხოვრების, წიგნის. იმ წიგნის, რომელიც ჯერ არ მოსულა შენთან, მაგრამ იცი, რომ სადღაც არის. იცი, რომ არის მწერალი, რომელიც წერს იმას, რაც შენ გაინტერესებს. ალბათ ამან განაპირობა, რომ სკოლაში წავედი მასწავლებლად. 

სხვა სკოლაში დავიწყებდი თუ არა მუშაობას, არ ვიცი. გერმანული გიმნაზია მომწონდა იმიტომ, რომ ბავშვებს დაწყებითი კლასიდან ბოლომდე მივყვებოდი. ეს მხიბლავდა, რადგან შემეძლო ჩემი შრომის საბოლოო შედეგის დანახვა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გამო სკოლის მიტოვება მომიწია, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებაში ფუჭად დაკარგული არ არის, ეს წლებია.

მასწავლებლობა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ხუმრობით ვამბობ, თუმცა არც არის ხუმრობა. მასწავლებლებმა სკოლაში 5-დან 10 წლამდე უნდა იმუშაოს. შემდეგ უნდა დაენიშნოს დიდი პენსია და თავი დაანებოს პედაგოგობას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაიღალა – იმიტომაც, რომ ადამიანი იწურება. სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, ყველა ორგანო მტკიოდა, თუმცა მეორე დღეს ისევ მივფრინავდი. 
– იყავით ისეთი მასწავლებელი, როგორიც გინდოდათ ყოფილიყავით? სურვილი ერთია, მაგრამ მისი რეალიზება ისე, როგორც წარმოგვიდგენია, ხშირად ვერ ხერხდება.

– საკუთარ თავზე საუბარი ძნელია. მე შევეცადე გამეკეთებინა ის, რაც მსურდა. გიმნაზიაში საუკეთესო მასწავლებლები მუშაობდნენ, არ მინდა, ვინმე შეურაცხვყო, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მე მოსწავლეებისადმი განსხვავებული მიდგომა მქონდა. თავისუფალ აზროვნებაში ხელი შემიწყო იმან, რომ სკოლაში მას შემდეგ მივედი, რაც ვიმუშავე გაზეთ „კავკასიონში”, სადაც ძალიან ნიჭიერი ადამიანები იკრიბებოდნენ. წარმოდგენისთვის მხოლოდ რეზო სირაძე და ვახტანგ როდონაიაა საკმარისი. მომდევნო თაობა იყო ვასიკო მაღლაფერიძე, გიორგი ალიბეგაშვილი, თემურ მაღლაფერიძე – ჩემი ლექტორი და მასწავლებელი – და სხვები. მოგვიანებით „კავკასიონში” გამოვიდა ჟურნალი „არილი”. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკოლაში მივედი სხვა გარემოდან, ცოტა უკვე დიდი. სხვაა, როდესაც მასწავლებლად პირდაპირ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიდიხარ და სხვა, როდესაც ამხელა გამოცდილება გაქვს. ანუ მიდიხარ არა როგორც მხოლოდ ცალკე აღებული ქართულის მასწავლებელი, არამედ როგორც მასწავლებელი ლიტერატურის, ცხოვრების. მე საკმაოდ დიდი ვიყავი და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა დაგროვილი, რომლიც გამომადგა ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობისას. სკოლაში მუშაობისას თითქმის მთელ დროს ვატარებდი მოსწავლეებთან, ვდებდი ამაში მთელ ჩემს ენერგიას. ჩემი მთავარი მეთოდი იყო, მემუშავა ბავშვების აზროვნების განვითარებაზე.

არ იყო მნიშვნელოვანი, მოსწავლე ლექსს დაიზეპირებდა თუ არა. მას ვუდგებოდი, როგორც პიროვნებას – ეს ის იყო, რაც მე მაკლდა. დღეს უკვე სწავლებისადმი, საზოგადოდ,  ასეთი მიდგომაა, მაგრამ ჩემი მასწავლებლობის პერიოდში დამოკიდებულება სხვაგვარი გახლდათ. მართალია, ჩემი სწავლების მეთოდი არავითარ გამოცდილებას არ ეფუძნებოდა და, შესაძლოა, ეს არც იყო მართებული, მაგრამ მე მაინც გავრისკე. ამაში სკოლის დირექტორი ლალი გულისაშვილი დამეხმარა, რომელიც თავადაც პოეტია, შემოქმედია და ეს მიდგომა მისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. 

ვცდილობდი, მე და მოსწავლეები თანატოლები ვყოფილიყავით. ეს ხშირად არ არის ადვილი, როდესაც ოცდაათ მცირეწლოვანთან გაქვს ურთიერთობა, მაგრამ ყოველ დილით ვამზადებდი საკუთარ თავს. ყოველდღე ისეთი პასუხისმგებლობით მივდიოდი სკოლაში, თითქოს იმ დღეს ვიწყებდი მუშაობას. ამით ჩემს ღირსებებს კი არ ვუსვამ ხაზს – ვფიქრობ, ეს მიდგომა უმთავრესია ყველა მასწავლებლისთვის. ვცადე და, ვფიქრობ, მივიღე შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ადრე წამოვედი სკოლიდან და ჩემი მაშინდელი მოსწავლეები დღეს სტუდენტები არიან, არასოდეს გამიწყვეტია მათთან ურთიერთობა. ჩვენ დღესაც მეგობრები ვართ. არ არსებობს პედაგოგისთვის უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე ის არის, რომ ბავშვი გახსნა და შიგნიდან ამოიღო მთავარი. ეს იყო ჩემი ძირითადი პრინციპი.

უკვე გითხარით, რომ ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავით მეგობრები, მაგრამ, რასაკვირველია, სწავლების დროს გარკვეული დისტანცია მეკავა. ერთმა მშობელმა მითხრა, თქვენ გერმანული ტიპის მასწავლებელი ხართო. შესაძლოა, ასეც იყო. ქართველებს გვახასიათებს ბავშვისადმი ასე მიმართვა: „დედა”, „შვილო”, მასწავლებლებიც იყენებენ ამ გამოთქმებს, მაგრამ მე არ გავმხდარვარ დედა, ძიძა, დეიდა. ამ ზღვარს მკაცრად ვიცავდი. ვიყავი მხოლოდ მეგობარი და მასწავლებელი, ორივე – საუკეთესო გაგებით. კიდევ, ჩემი მეთოდი იყო დამატებითი გაკვეთილები, სადაც ვაკითხებდი ბავშვებს კლასგარეშე ლიტერატურას, ვიგონებდი თამაშებს, ვაწყობდით დღესასწაულებს, საღამოებს, რომლებიც დაკავშირებული იყო წიგნებთან და არა მულტფილმების ან ფილმების პერსონაჟებთან. ამით კითხვის სურვილს ვუჩენდი მოსწავლეებს. ვასწავლიდი სიტყვებს სულხან-საბადან, რათა გამემდიდრებინა მათი ლექსიკა. „ვეფხისტყაოსანს” არ ვაზეპირებინებდი, მხოლოდ ვაკითხებდი, რომ შინაარსი და რიტმი ეგრძნოთ და პოეზიის მუსიკალური გემოვნება ჩამოყალიბებოდათ. მახსოვს, ბარბარობისთვის, ღამით, ლობიანები დავაცხვე და მეორე დღეს მივუტანე… ეს ძალიან ადვილია, ამ გზით ურთიერთობას ვაყალიბებდი, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახებოდა. გაკვეთილი უნდა იყოს მაქსიმალურად შემოქმედებითი, რომ ბავშვმა დავალება ტვირთად არ წაიღოს შინ. შესაძლოა, იდეალურ გარემოს ვხატავდე, მაგრამ მართლა ასე იყო.

ახლაც გამუდმებით ვფიქრობ სკოლაში დაბრუნებაზე. ისეთი გულწრფელობა, როგორიც ბავშვებშია, სხვაგან არსად არის. ისინი იმდენად გახსნილები და გულახდილები არიან, შენც გასწავლიან სხვანაირად ცხოვრებას.

– რატომ მოგინდათ თქვენი მოსწავლეების ჩანაწერების წიგნად გამოცემა?

– „ღია გაკვეთილი” დამატებითი სტიმული იყო ბავშვებისთვის. როგორც დიდ ადამიანს უნდა დაუფასდეს შრომა, ასევეა ბავშვიც. მოსწავლეებს ვუყურებდი როგორც პიროვნებებს, ამიტომ მინდოდა ეგრძნოთ, რომ მათაც შეუძლიათ რაღაცის კეთება, შექმნა. სწავლაშიც არის რაღაც დამღლელი. არ მინდოდა, მეცადინეობა რუტინულ შრომად ჰქცეოდათ, მინდოდა ეგრძნოთ, რომ მათი შრომა ფასდება და ამიტომ შევადგინეთ პატარა წიგნი, რომლის ავტორები თავად იყვნენ, მე მხოლოდ რედაქტორის ფუნქცია მეკისრა.

მგონია, რომ ვინც სკოლაში მუშაობს, გმირია. თუ იხარჯები სკოლაში, ამაზე დიდი შრომა და, შესაბამისად, სიამოვნება არ არსებობს. მასწავლებლის მიერ მოსწავლეში ჩაგდებულმა მარცვალმა არ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს. რა თქმა უნდა, მშობლის როლიც უმნიშვნელოვანესია. ბავშვი, მასწავლებელი, მშობელი – ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამკუთხედია. 

– ბავშვობაში სასურველი წიგნების დეფიციტი ახსენეთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მიაწოდოს მასწავლებელმა მოსწავლეს სასურველი წიგნი?

– ბავშვს წიგნი უნდა მიაწოდო, როგორც ჰიგიენისთვის აუცილებელი ატრიბუტი. როგორც ხელის გამუდმებით საპნით ბანაა საჭირო, ასევე საჭიროა წიგნი გონების გასაწმენდად, განსავითარებლად და აღსაზრდელად. წიგნს ჰიგიენური, სანიტარიული მნიშვნელობა აქვს გონებისთვის. რა ნაგავიც შედის, თუნდაც კომპიუტერიდან, ტელევიზორიდან, მასში, წიგნს რომ მიუჯდება ბავშვი, გარეთ გამოდის, სანაცვლოდ კი შედის სიკეთე, სიმშვიდე. ბავშვები ვერ იტანენ დიდაქტიკას. ბავშვს ისეთი რამე არ უნდა სთხოვო, რაც არ არის მასთან ახლოს, თუნდაც მისი ასაკიდან ან პიროვნებიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, მალე გაიზარდონ, ბევრი წაიკითხონ, მაგრამ ეს ხშირად უარყოფითად მოქმედებს. საკითხავი მასალა დოზირებულად უნდა მიეწოდოს მოზარდს, რომ არ მობეზრდეს და საერთოდ არ მიატოვოს კითხვა. მასწავლებელმა შეიძლება მიუთითოს მოსწავლეს, რა წაიკითხოს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; წიგნით უნდა დააინტერესო ბავშვი, უნდა ესაუბრო მასზე. კითხვა არ უნდა იყოს ვალდებულება. ბავშვმა წიგნი თუ არ წაიკითხა, ქვეყანა არ დაიქცევა. შესაძლოა, ამ ასაკში – არა, მაგრამ მომავალში წაიკითხოს. ყველა მიდგომა ინდივიდუალურია. მასწავლებელი მაშინ არის ძლიერი, თუ იპოვა ხერხი, ბავშვს ორი წიგნი მაინც წააკითხოს. წლების შემდეგ იგი აუცილებლად გაიხსენებს წაკითხულს და კითხვა მოუნდება. მარცვალი თუ ჩათესე, ის უსათუოდ აპოვნინებს ბავშვს წიგნისკენ მიმავალ გზას.
– დღეს ხშირად ვახსენებთ კითხვის პრობლემას,  მაგრამ ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ არსებობს წერის პრობლემა.

– კულტურის სამინისტრო მართავს კონკურსს „მომავლის მწერალი”, რომელშიც ჩართულია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების თითქმის ყველა სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მაქსიმუმ 5 მოსწავლე, ვისაც წერის ნიჭი აქვს. საოცარი სურათი გამოიკვეთა: ბავშვები წერენ სიუჟეტებს სერიალებიდან. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მთის ბავშვებში დიდი პოტენციალი იყო. მართალია, ისინი წერენ თქმულებებზე, მაგრამ ძალიან ბანალურად, რძალდედამთილიანურად ოჯახურ დრამებს, რაც ისევ და ისევ საპნის ოპერების გავლენაა. წერისა და აზროვნების კულტურა ძალიან დაბალია. რა თქმა უნდა, კარგი ბავშვებიც შეგვხვდნენ, მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია.

ჩემი აზრით, ეს ისევ მასწავლებლების შემოქმედებითი მიდგომის დეფიციტის ბრალია. სხვათა შორის, ყაზბეგში ვნახეთ სიცოცხლით სავსე, ანთებული ინგლისურის მასწავლებელი, მაგრამ ისიც თბილისიდან არის ჩასული. არ მინდა, ამას ხაზი გავუსვა, მაგრამ ფაქტია. ის იყო სხვა ტიპის პიროვნება და ეს გავლენას ახდენდა მოსწავლეებზეც. არ არის საუბარი მხოლოდ წერისა და აზროვნების პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ურთიერთობა 21-ე საუკუნის მოსწავლეებთან, რომლებსაც ვთავაზობდით გახსნილ, თავისუფალ გარემოს, ისინი მაინც ძალიან ჩაკეტილები და მორცხვები იყვნენ, სულ შეშინებულები გვიყურებდნენ, თითქოს რაღაცას ვითხოვდით, ან უნდა გაგვეკიცხა. ამის მიზეზი ისევ და ისევ დამოკიდებულების პრობლემაა. ბავშვთან ურთიერთობა წიგნით, რვეულით და კალმით არ უნდა დაიწყო, უნდა დაიწყო მასში ადამიანის, პიროვნების აღმოჩენით, ამის დაფასებით და თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებით. მე შენი მასწავლებელი კი ვარ, მაგრამ არ ვარ მონსტრი, რომელიც მოვიდა შენს დასასჯელად. შესაძლოა, ამას დღეს არც ერთი მასწავლებელი არ აკეთებდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, უჟმური არ უნდა შეხვიდე გაკვეთილზე. ეს ისევე თრგუნავს მოსწავლეს, როგორც დასჯა. თუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პიროვნული და მეგობრული ურთიერთობა შედგა, მერე დაიწყება სასწავლო პროცესი.
– თქვენს შემოქმედებაში თუა ასახული სკოლის თემა?

– სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს, თავს მწერალი ვუწოდო. ჯერჯერობით მოთხრობების მხოლოდ ერთი პატარა კრებული მაქვს გამოცემული. ჩემი მოთხრობები მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიულია, თუმცა ნამდვილი და გამოგონილი ამბები ერთმანეთში გადადის. ცოტა სევდიანი ნაწარმოებები გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში კარგი იუმორის გრძნობა მაქვს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სკოლის თემაზე, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე არაფერი დამიწერია. უფრო ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები მაინტერესებს. წერა საკმაოდ გვიან დავიწყე. ძირითადად ისეთ სამსახურებში, ისეთი ადამიანების გვერდით მომიწია მუშაობა, რომ წერაზე არც მიფიქრია. თანამედროვე და ძველი თაობის თითქმის ყველა მწერალს შევხვედრივარ. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. თემურ მაღლაფერიძე იყო პირველი, ვისაც ჩემი ნაწერი ვაჩვენე. მაშინ 17-18 წლის ვიყავი. არ ვიცი, რა მარცვალი დაინახა და მითხრა – თუ მზად ხარ იმ ჯოჯოხეთისთვის, რასაც მწერლობა ჰქვია, მაშინ გზას დაგილოცავო. ეს სიტყვები მაშინ მსუბუქად მივიღე და დიდხანს აღარც გამხსენებია, რადგან იმ პერიოდში აღარც ვწერდი. წერა დავიწყე საკმაოდ გვიან და მაშინ გამახსენდა მისი სიტყვები. თავის დროზე წერა იოლი საქმე მეგონა. დღეს უკვე მიმაჩნია, რომ მწერლობა არაფრით ჩამოუვარდება ფიზიკურ შრომას, თუ მეტი არ არის. ეს ძალიან რთული და თან სასიამოვნო პროცესია. ყოველთვის არა, მაგრამ რამდენიმე მოთხრობის პერსონაჟის შექმნისას მართლაც ჯოჯოხეთური შრომა გამოვიარე. მაშინ მივხვდი, რატომ უწოდა ამ პროცესს გამოცდილმა მწერალმა ჯოჯოხეთი. ეს სასიამოვნო ჯოჯოხეთია.

დღეს ყველა წერს. შესაძლოა, მეც ამ „ყველაში” გავდივარ, მაგრამ მიზანი, წერას წარმატება მოეტანა, არ მქონია. ეს ყველაფერი განაპირობა ცხოვრებამ, დაგროვილმა გამოცდილებამ, ტკივილმა, სიხარულმა, ადმიანებთან ურთიერთობამ. 

ჯანმრთელობის გამო ცოტა ნაადრევად გავიზარდე, თითქოს ცხოვრებამ გამილაწუნა და ფასეულობები სხვებთან შედარებით ადრე გადავაფასე, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ადამიანი, ყოველი ცოცხალი არსება, სიცოცხლე, რომელიც უბრალოდ კი არ გეძლევა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებ. პირველი, რითაც მგონია, რომ ადამიანად შევდექი, ბავშვებთან ურთიერთობაა, მეორე კი ჩემი წიგნი – „ინო”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი